კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ აპირებენ კრემლის იდეოლოგები ახალი რუსული იმპერიის აღდგენას ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე და რით უწყობენ შანტაჟს ყოფილი მოკავშირე რესპუბლიკების მთავრობებს

ერთ-ერთ რუსულ საიტზე პერიოდულად იბეჭდება რუსი ანალიტიკოსის, ვინმე სერგეი ჩერნიახოვსკის, წერილების სერია, რომელთა ძირითადი ლაიტმოტივი შემდეგნაირია: „ყოფილი საბჭოთა კავშირის საზღვრები გადაიხედება, რადგან პოსტსაბჭოთა რესპუბლიკებს ელით რეინტეგრაცია და გაერთიანება“ და ავტორი დარწმუნებულია, რომ „არჩევანი გარდაუვალია“. მომყავს ციტატა: „თვითაღიარებული სახელმწიფოების („თვითაღიარებულებში“, არც მეტი, არც ნაკლები, პოსტსაბჭოთა რესპუბლიკები იგულისხმება) საზღვრები, რომლებიც საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე აღმოცენდნენ, 20 წელია, არსებობს. ზუსტად იმდენ ხანს, რამდენ ხანსაც იარსება იმ საზღვრებმა, რომლებიც ვერსალის 1919 წლის შეთანხმების შედეგად გაივლო, და რუსეთი მას ყოველთვის მტაცებლურს უწოდებდა. ლენინი წინასწარმეტყველებდა, რომ ეს საზღვრები იარსებებდა მხოლოდ მანამ, სანამ არ გამოჩნდებოდა მტკიცე ნებისყოფის ადამიანი, რომელიც დაარღვევდა ვერსალის შეთანხმებას.“
ჩერნიახოვსკის აზრით, ისტორიული შემთხვევითობის წყალობით, ასეთ ადამიანად ჰიტლერი იქცა, რაც უდიდეს ტრაგედიად შეუტრიალდა მსოფლიოს. შესაბამისად, ვარაუდობს, რომ ჰიტლერი, როგორც პოლიტიკური ფიგურა, არ გაჩნდებოდა, რომ არა ვერსალის 1919 წლის შეთანხმება.
ავტორი, ასევე, არ ეთანხმება საბჭოთა კავშირის დაშლის პრინციპს: „ხალხებს ყოფდნენ და აკუთვნებდნენ ამა თუ იმ რესპუბლიკას თავად იმ ხალხების სურვილების გათვალისწინების გარეშე.“ ამიტომაც აღნიშნავს, რომ „საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, 1992 წელს, აღმოჩნდა, რომ ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების მხოლოდ ორ წყვილს: ლიტვა-ლატვიასა და რუსეთ-ბელორუსიას, არ ჰქონდათ ერთმანეთთან ტერიტორიული პრეტენზიები.“ შესაბამისად, ასკვნის, რომ საბჭოთა რესპუბლიკებს შორის საბჭოთა დროსვე არსებული საზღვრები მხოლოდ საბჭოთა კავშირის არსებობის პირობებში იყო გამართლებული და, თუკი „ეს რესპუბლიკები არ აპირებენ რეინტეგრაციას, მაშინ მათი საზღვრები უნდა გადაიხედოს, ან უნდა დაველოდოთ დროს, როდესაც გამოჩნდება მტკიცე ნებისყოფის ადამიანი, რომელიც დაარღვევს ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების აღიარებულ საზღვრებს.“ არჩევანს კი ასეთს გვთავაზობს: „ან ბალტიისპირეთი ახალი მოკავშირე სახელმწიფოს შემადგენლობაში, ან ნარვა და რიგა – რუსეთის, ვილნიუსი კი – ბელორუსის შემადგენლობაში; ან უკრაინა და რუსეთი ერთი ქვეყანაა, ან ხარკოვიდან კარპატებამდე ყირიმის ჩათვლით ტერიტორია რუსეთის შემადგენლობაშია; ან საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის მთელი ტერიტორია ხდება ახალი სამოკავშირეო სახელმწიფოს წევრი, ან საქართველოს ნებისმიერ ტერიტორიას აქვს უფლება, თავად განსაზღვროს საკუთარი მომავალი და სახელმწიფოებრივი სტატუსი.“ რაც ყველაზე საინტერესოა, ავტორი აღნიშნავს, რომ ეს პრინციპი არ მოქმედებს რუსეთის ფედერაციაზე, რადგან „რუსეთის საბჭოთა კავშირიდან გასვლის დოკუმენტი კონსტიტუციური თანმიმდევრობით არ არის რატიფიცირებული“.
უფრო მეტიც, წერილში ვკითხულობთ: „ევროპის ახალი რუკის განსაზღვრისას, ფაშიზმზე გამარჯვების შემდეგ, სტალინმა თავის პარტნიორებს წაუყენა პრეტენზია, რომ საბჭოთა კავშირს თავისი გავლენის ქვეშ უნდა მოექცია დასავლელი მეზობლებიც, რადგან საბჭოთა კავშირისთვის (რუსეთისთვის) არ არის სულერთი, რა ძალები არიან მეზობელი ქვეყნების სათავეებში და როგორ პოლიტიკას ატარებენ ისინი რუსეთის მიმართ“. ამ ნორმას ავტორი „მეგობრულად განწყობილი მეზობლის უფლების პრინციპს უწოდებს.“
რამდენად აქვს ამ ერთი შეხედვით აბსურდულ გეგმას განხორციელების მინიმალური შანსიც კი და აქვს თუ არა დღევანდელ რუსეთს იმპერიის, ამჯერად ახალი სამოკავშირეო სახელმწიფოს სახით, შექმნის პოტენციალი, – თემაზე პოლიტოლოგი ვაჟა ბერიძე გვესაუბრება.
– როგორც მე გავიგე, აქ ჩანს არათუ საბჭოთა კავშირის აღდგენის, არამედ პოსტსოციალისტური სივრცის აღდგენის სურვილი და პირდაპირი მუქარაც: ვინც არ დაემორჩილება, დაკარგავს ტერიტორიებს. რეალურია ასეთი პერსპექტივა?
– თქვენი შეშფოთება ბუნებრივია, პირობითად, მე ამას დავარქმევდი კრემლის იდეოლოგების ხედვას რუსეთის მომავალზე. მოდესტ კოლეროვი, ანდრონიკ მიგრანიანი და ბევრი სხვა ანალიტიკოსი სხვადასხვაგვარად წარმოაჩენს რუსეთის მომავალს და, ფაქტობრივად, ისინი ვერ ამჩნევენ იმ საფრთხეს, რაც მათ მიერ ჩამოყალიბებულ შეხედულებებს ახლავს თან. მათ შორის შეიძლება, მოვიაზროთ ბატონი ჩერნიახოვსკიც. ის ამბობს, რომ საზღვრები უეჭველად უნდა შეიცვალოს: ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები ან უნდა დათანხმდნენ ახალ კავშირში შესვლას, ან შეეგუონ თავიანთი ტერიტორიების მნიშვნელოვანი ნაწილის დაკარგვას. მეცნიერისა და მკვლევრისთვის არადამახასიათებელი შანტაჟის ენაზე გველაპარაკება ბატონი ჩერნიახოვსკი და, ვინც კაცობრიობის ისტორიას თვალს გადაავლებს, თავისით მოვა მასთან ჰერაკლიტეს სიტყვები: „მარადიული არაფერია“. ანუ ყველაფერი იცვლება: ადამიანები, დრო, სახელმწიფოები, ცივილიზაციები და, ბუნებრივია, ქვეყანათა საზღვრებიც. მაგრამ ავტორი კონკრეტულად ბრძანებს, თუ პრეტენზიული ტონით დაელაპარაკებიან რუსეთს ბალტიის ქვეყნები, მაშინ ვილნიუსი უნდა გადავიდეს ბელორუსის შემადგენლობაში, ხოლო უკრაინა უნდა შეეგუოს, რომ ხარკოვიდან კარპატებამდე ტერიტორია რუსეთს გადაეცემა ყირიმთან ერთად. ვიდრე ამ აბსურდული სქემის სრულ უნიადაგობაზე მოგახსენებდეთ, მინდა გითხრათ, რომ ასეთი მიდგომის მაგალითი თვითონ რუსეთმა უნდა გვიჩვენოს: სახელდობრ, ივანე მრისხანის მიერ დაპყრობილი ყაზანის სახანო აღადგინოს და თათრების მრავალმილიონიან თემს რუსეთში შეუქმნას დამოუკიდებელი სახელმწიფოებრიობა რეალური ისტორიული სინამდვილის გათვალისწინებით და კონკრეტული საზღვრებით. აღარაფერს ვამბობ ჩრდილოკავკასიელი ხალხების ბრძოლაზე დამოუკიდებლობისთვის და შუა აზიისა და შორეული აღმოსავლეთის ხალხების სწრაფვაზე არ დაიჩაგრონ რუსეთის ექსპანსიონისტური პოლიტიკის შედეგად. იქნებ მათთვის მიეცათ სამართლიანი საზღვრები და შემდეგ მოეთხოვათ უმცროსი ძმებისგან იმავეს გაკეთება სხვა ხალხების მიმართ?! საკითხი, რომელიც ბატონმა ჩერნიახოვსკიმ დააყენა, აქტუალურია და ამ საკითხზე უნდა დაფიქრდეს არა მესამე რომად წოდებული რუსეთის იმპერია, არამედ გაერთიანებული ერების ორგანიზაცია, რომელმაც უნდა გადაწყვიტოს ნებისმიერი ქვეყნის სადავო ტერიტორიების კუთვნილების საკითხი და თუ ის ამას გააკეთებს გარკვეული პრინციპების საფუძველზე, გაეროს წევრთა სახელმწიფოების შეთანხმების შედეგად და არა უშიშროების საბჭოს წევრი შემავალი ვეტოს უფლების მქონე სახელმწიფოების მიერ. ვინაიდან რუსთაველმა თქვა: „ვარდთა და ნეხვთა ვინათგან მზე სწორად მოეფინების“.
– ისიც თქვა: „რა ყვავი ვარდსა იშოვნის: თავი ბულბული ჰგონია“.
– ყვავები შორს ჩვენგან. ჩერნიახოვსკი ისტორიული რემინისცენციების მოყვარულია, მაგრამ მას ავიწყდება ერთი რამ: ტერიტორიულ-ადმინისტრაციული მოწყობა საბჭოთა კავშირში, ძირითადად, განხორციელდა იოსებ სტალინის ხელმძღვანელობით. იოსებ სტალინს თავისი უამრავი ცოდვა ეყოფა, მაგრამ მოცემულ შემთხვევაში უსამშობლო, უმიწაწყლო და სახელმწიფოებრიობის ტრადიციის არმქონე ერებს სტალინმა მოუზომა სამოსახლოები და დაალაგა დედამიწის ერთი მეექვსედი, რომელიც მომთაბარეთა სახეტიალო არეალად იყო გადაქცეული უხსოვარი დროიდან. როდესაც ეს ბატონი ლაპარაკობს, რომ ჩვენ უნდა გადავხედოთ საზღვრებს და ერთად უნდა ვიყოთ, ხშირად აკეთებს ვლადიმირ ულიანოვ-ლენინის ციტირებას. მეც კარგად ვიცნობ, სამწუხაროდ, ლენინს და შემიძლია, მას ლენინის ერთი საყვარელი ფრაზით ვუპასუხო: რომ გავერთიანდეთ, ამისთვის საჭიროა, გავიმიჯნოთ. ამიტომ ჯერ გავიმიჯნოთ, გავიგოთ ჩვენი რაობა, ჩვენი ტერიტორიული სივრცე და შემდეგ, რა თქმა უნდა, შევალთ ყველა ცივილიზებულ გაერთიანებაში. ერთ-ერთი საკითხი, რომელშიც მე პრეზიდენტ სააკაშვილს ვეთანხმები, ეს არის ერთიანი კავკასიის იდეა. თუ ევრაზიის კავშირი და სწორედ ევრაზიის კავშირი წარმოუდგენიათ რუსეთში ახალ სამოკავშირეო სახელმწიფოდ, იქნება ცივილიზებული, პროგრესული და ზოგადსაკაცობრიო პრინციპებით შეკრული სივრცე, ჩვენ ვერ გამოვრიცხავთ, რომ ან ცალკე საქართველო, ან ერთიანი კავკასია არ შევა ამ კავშირში, ოღონდ პუტინის ავტორიტარულ რუსეთთან ჩვენ ვერანაირ კავშირში ვერ შევალთ. ჩვენთვის გაცილებით იოლია ევროკავშირთან გაერთიანება და მიახლოება, იმიტომ რომ მათი პრინციპები მისაღები და გასაგებია, მაგრამ, სამწუხაროდ, აქ ჩვენი მთავრობაა წინააღმდეგი. ის არ აწერს ხელს თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებას ევროკავშირთან და არ ასრულებს ოთხ ძირითად მოთხოვნას, რომლებსაც დიდი ხანია, აყენებს ევროკავშირი. მათ შორისაა ანტიმონოპოლიური სამსახურის შექმნაც.
– რუსეთს არ აქვს თავი, აღადგინოს იმპერიად ყოფილი საბჭოთა კავშირის საზღვრებში?
– რუსეთი ცდილობს, დაამკვიდროს მრავალპოლუსიანი სისტემა. მაგრამ ერთ-ერთ პოლუსად გახდომას ვერც ენერგეტიკული შანტაჟით მოახერხებ, ვერც სამხედრო შანტაჟით და ვერც გადატრიალებების მოწყობით მომიჯნავე ქვეყნებში. ეს უნდა მოახერხო შენი ცივილიზებულობით, შენთან ურთიერთობის სარფიანობით, სასარგებლოობით და მიმზიდველი ხასიათით. თუ ლიდერობაზეა ლაპარაკი, ამერიკის შეერთებული შტატების ლიდერობას მსოფლიოში სერიოზული საფრთხე ემუქრება როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური თვალსაზრისით და მსოფლიო საფინანსო კრიზისიც ამის გამოძახილი იყო. კინაღამ ბანკროტად გამოცხადდა შტატები და დოლარის კურსი კინაღამ დაეცა. რა თქმა უნდა, ყველა ელოდა, რომ ბოლო მომენტში ვაჭრობა ობამას ადმინისტრაციასა და „რესპუბლიკელებს“ შორის გარიგებით დამთავრდებოდა, მაგრამ ამან მაინც შეაშფოთა მსოფლიო. ამავე დროს, მსოფლიო რეალურად დაფიქრდა, შესაძლოა, ერთ მშვენიერ დღეს ამერიკამ ვეღარ შეძლოს ლიდერის ფუნქციის შესრულება, რადგან, სადაც კი მოინდომა სიტუაციის დალაგება, ვერსად მოახერხა. ამერიკული საგარეო პოლიტიკის ერთადერთი წარმატებული ნაბიჯი მსოფლიო არენაზე ამ ბოლო დროს ეს არის არაბული ტირანიების დამხობა და ისიც არავინ იცის, იქ პროდასავლურად მოაზროვნე დემოკრატები მოვლენ თუ რელიგიური ფუნდამენტალისტები. ამიტომ ამერიკა მიმართავს სხვებსაც და ეუბნება, დამეხმარეთო. ლიბიაში და, ალბათ, სირიაშიც სერიოზულ როლს შეასრულებენ საფრანგეთი, გერმანია, იტალიაც. იმიტომ რომ ამერიკას არც ფინანსურად, არც პოლიტიკურად და არც იდეოლოგიურად აღარ შეუძლია ამდენი პრობლემის ატანა, ამიტომაცაა რუსეთთან გადატვირთვის პოლიტიკას რომ მიადგნენ. რუსეთიც მათი მოკავშირე უნდა გახდეს და არა მარტო ნოსტრადამუსის წინასწარმეტყველების გამო: დაიწყება ომი არაბებსა და თეთრებს შორის და დაეცემა ახალი ქალაქი დასავლეთში და ბოლოს რუსთ ხელმწიფის დახმარებით გაიმარჯვებენ დასავლეთელები. ამერიკას სჭირდება მოკავშირე და ხდება საოცარი რამ – ისეთი უცნაური სიმბიოზი, როგორიცაა ჩინეთი, უცბად გახდა, ფაქტობრივად, პირველი ეკონომიკა მსოფლიოში. ამრიგად მრავალპოლუსიანი სამყარო ისე, რომ რუსეთმა ვერც კი მოასწრო თავისი ახალი გაერთიანების შექმნა, უკვე არსებობს. ლიდერის პოზიციაზე გამოდის განვითარებადი და პერსპექტიული ჩინეთი. ჩინეთი ეს არის მილიარდ სამასმილიონიანი მუშახელი, რომელთაგანაც 700 მილიონი ჭამს, 600 მილიონი შიმშილობს და, ჩვენი პრეზიდენტის არ იყოს, იმ 600 მილიონმაც თუ დაიწყო ჭამა, მაშინ ნახეთ შიმშილობა მსოფლიოში.
– როგორც ამბობენ, ჩინელების რეალური რაოდენობა ამაზე მეტია, რადგან მესამე შვილს არ ატარებენ რეგისტრაციაში მშობლები.
– ამასთან, როგორც ჩვენ გვგონია, ჩინეთი არ არის მონოეთნიკური ქვეყანა, მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობის უმეტესობას შეადგენენ ჩინელები, დაახლოებით, 950 მილიონამდე. ეს არის უზარმაზარი კონგლომერატი. ამდენად, რუსეთს ამერიკის გარდა, სხვა კონკურენტიც ჰყავს. თქვენ თავიდან მაცდუნეთ და გაერთიანების ანალიზისკენ მიბიძგეთ, სინამდვილეში კი, ასეთი მომენტია: რუსეთი ცდილობს იმპერიის შექმნას. ბატონი ჩერნიახოვსკის მიერ წარმოდგენილი გეგმა არ არის მოაზრებული ევროკავშირის ტიპის გაერთიანების შესაქმნელად. ეს არის ახალი რუსული იმპერიის შექმნის გეგმა. მესამე რომის რეანიმირების მორიგი მცდელობა; მორიგი და, გარწმუნებთ, წარუმატებელი. თურმე ჩინელებს ერთი ცენტრი უკვე ჰქონიათ, შტატები თავისთავად ცენტრია, ევროპაც. რა გამოდის? უკვე მივიღეთ მრავალპოლუსიანი მსოფლიო?! სხვა გამოსავალი აღარ დარჩა ამერიკას? ეს ის კითხვაა, რომელზეც მე პასუხი არ მაქვს. ამას გარდა, ცენტრად ჩამოყალიბების რეალური პერსპექტივა აქვს ინდოეთს: მილიარდზე მეტი მოსახლეობით და, როგორც დასავლეთში აღიარებენ, ფუნქციონირებადი დემოკრატიით და საბაზრო ეკონომიკით. არ ვიცი, ისევ ერთი ან ორი პოლუსი ხომ არ ჯობდა, მაგრამ ამისთვის ბრძოლა იქნება საჭირო. ოღონდ ჩვენ, მცირერიცხოვანი ერების შვილებმა, არ უნდა დავუშვათ, რომ ამ საკითხებს მხოლოდ და მხოლოდ ამერიკელები, გერმანელები, ფრანგები, რუსები, ჩინელები წყვეტდნენ. ჩვენც უნდა შევიტანოთ ჩვენი კავკასიური სიბრძნე ჩვენს ძმებ სომხებთან და აზერბაიჯანელებთან ერთად.
– თორემ მექანიკურ გადანაწილებაში მოვყვებით?
– არის კიდევ ერთი ცენტრი და ჩვენ დღეს რეალურად ამ ერთ-ერთ თურქულ ცენტრზე ვართ მიბმული. ეს არის თურქული მოდგმის ხალხები: ჩრდილოეთ აზერბაიჯანი, ცენტრალური აზია, ჩრდოლოეთ კავკასია, მცირე აზია. პერსპექტივაში დიდი თურანის შემქმნელი სივრცე, როგორც თავად ისინი მიიჩნევენ. ჩვენ, რადგან მიხეილ სააკაშვილის ინიციატივით და, ალბათ, ამერიკელებთან შეთანხმებით, რუსეთთან ჩავჭერით ყოველგვარი ეკონომიკური კავშირები და ეს რამდენად სწორი იყო, მომავალი აჩვენებს, მივედით თურქეთის ეკონომიკასთან, თურქულ სინამდვილესთან. სამწუხაროდ, მხოლოდ, როგორც გასაღების ბაზარი და არა, როგორც ეკონომიკის ნაწილი.
ჩენიახოვსკი წერს, რომ საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრებ ხალხებს აქვთ უფლება, თავად აირჩიონ, სად სურთ ცხოვრება. ვის უნდა ვკითხოთ: კახელებს თუ იმერლებს?! აზერბაიჯანელებს კი ისე სჭირდებათ ეს სტრატეგიული დერეფანი, რომ აქეთ მოგვეხმარებიან ტერიტორიული მთლიანობის დაცვაში. ერთადერთი, დარჩა სომხეთი, რომელსაც ვითომ ჩვენი დაშლა უნდა? მცდარია ეს წარმოდგენა. მინდა, ჩვენს სომეხ ძმებს ვუთხრა, რომ ისინი პირველები უნდა დადგნენ ერთიანი საქართველოს აღდგენის გზაზე.

скачать dle 11.3