რის საფუძველზე ამტკიცებს თენგიზ კიტოვანი, რომ ალექსანდრე ანქვაბი ედუარდ შევარდნაძეს აწვდიდა ინფორმაციას და რატომ არის დარწმუნებული, რომ ბაღაფში დაახრჩვეს
რუსული გამოცემისთვის მიცემულ ინტერვიუში საქართველოს ექსთავდაცვის მინისტრმა, რომელიც უკვე არაერთი წელია, რუსეთში ცხოვრობს, აფხაზეთის „საპრეზიდენტო არჩევნების“ ერთ-ერთი კანდიდატის, ალექსანდრე ანქვაბისა და ქართული სპეცსამსახურების თბილ ურთიერთობაზე ისაუბრა. საპასუხოდ, ასევე, ექსთავდაცვის მინისტრმა გია ყარყარაშვილმა ქართველი კოლეგის განცხადებას აბსურდული უწოდა. მეორე მხრივ, თუკი ალექსანდრე ანქვაბს მართლაც ჰქონდა თბილი ურთიერთობები ქართულ სპეცსამსახურებთან, ლოგიკური იქნებოდა, ეს ფაქტი დაგვემალა. თუმცა ისიცაა, რომ შესაძლოა, მოვლენების ამგვარი განვითარება არარეალურია და, პირიქით, გალის ქართული მოსახლეობისთვის ალექსანდრე ანქვაბის მომხიბვლელ ჭრილში წარმოჩენას ისახავდეს მიზნად. თუმცა, რაკი ჩვენი საქმე პოლიტიკური სამზარეულოს ჩახვეული ინტრიგების ჩხრეკა არ გახლავთ, თენგიზ კიტოვანს თავის მიერვე გაკეთებული კომენტარის კომენტარისთვის დავუკავშირდით.
– თავად რუსულმა გამოცემამ მოგმართათ კითხვით ალექსანდრე ანქვაბის შესახებ თუ თქვენი ინიციატივით ისაუბრეთ ამ თემაზე? რატომ გახდა აქტუალური ანქვაბის წარსული?
– მე რომ მკითხეს, ვუპასუხე. შევარდნაძე მართალია, ამბობს, არ ვიცი, ომი ვინ დაიწყოო, მაგრამ 18 აგვისტოს დაიწერა შევარდნაძის ბრძანება, რომ ანქვაბი დაინიშნოს აფხაზეთის სახელმწიფოს მეთაურადო. მე მაქვს ამ ბრძანების ასლი, სახლში მიდევს. ნომერიც აქვს ამ ბრძანებულებას და შინაარსიც ისეთია, როგორიც გითხარით. პირადად ანქვაბის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს. შევარდნაძეზე რომ მუშაობდა, იმაშიც ჩანს, რომ, როდესაც ჯერ კიდევ კომუნისტების დროს ანქვაბი და მიცვალებული ბაღაფში თბილისში მუშაობდნენ: ერთი – უშიშროებაში, მეორე – მილიციაში და ორივე ექვემდებარებოდა შევარდნაძეს. ამიტომ არის გასაკვირი, რომ შევარდნაძემ, როგორც ძველ თანამშრომლებს, რეკომენდაცია გაუწია. ზუსტად არ ვიცი, რა ხდებოდა მათ შორის, მაგრამ ფაქტია, რომ თანამშრომლობდნენ.
– როდესაც ამბობთ, გაუწია რეკომენდაციაო. ვისთან გაუწია, რუსებთან?
– ვისთან უნდა გაეწია?! პირდაპირ დანიშნა თავისი რეკომენდაციით. მაშინ აფხაზეთი საქართველოს ექვემდებარებოდა.
– თავად ანქვაბს გადაეცა ის ბრძანებულება, რომლის ასლიც თქვენ გქონიათ? ომი უკვე დაწყებული იყო.
– რასაკვირველია, გადაეცა.
– დათანხმდა?
– ამდენი არ ვიცი. მაგრამ ბრძანებულებიდან ვატყობ, რომ შევარდნაძეს შეთანხმებული ჰქონდა ანქვაბთან მისი დანიშვნა. აბა, ანქვაბის თანხმობის გარეშე ხომ არ დანიშნავდნენ?!
– და ეს დანიშვნა ადასტურებს, რომ ანქვაბი თანამშრომლობდა ჩვენს სპეცსამსახურებთან? თუ რის საფუძველზე ამბობთ, თანამშრომლობდაო?
– ანქვაბი სპეცსამსახურების მუშაკი იყო, ძალოვან სტრუქტურაში მუშაობდა და რად უნდა გაშიფვრა იმას, რომ კაცი, რომელიც ძალოვან სტრუქტურაში მუშაობდა, ჰქონდა ჩინი და ექვემდებარებოდა უშიშროებას, მას ვერავინ ახლებდა ხელს?! მე კონკრეტულად ვთქვი ის, რაც იყო. აძლევდა თუ არა ანქვაბი ინფორმაციას შევარდნაძეს?! თუ აფხაზეთი საქართველოს ექვემდებარებოდა, რა თქმა უნდა, მაშინ ანქვაბი შევარდნაძეს აწვდიდა ინფორმაციას, იმიტომ რომ შევარდნაძის დანიშნული იყო და მას ექვემდებარებოდა.
– ომის მიმდინარეობისას, ინფორმაციას?
– რასაკვირველია. მაშინ აფხაზეთი საქართველოს დაქვემდებარებაში შედიოდა.
– თქვენი ნათქვამიდან გამოდის, რომ ანქვაბი ჩანერგილი ყოფილა აფხაზეთის სეპარატისტულ ხელისუფლებაში. მაგრამ გია ყარყარაშვილი საპირისპიროს ამბობს და გამორიცხავს ანქვაბის და ქართული სპეცსამსახურების თანამშრომლობას?
– გიამ რა იცის. გია იყო შევარდნაძის კაპიტანი და რომ მობეზრდა, მოიშორა. თუ ყარყარაშვილი კარგად იყო ანქვაბთან, ეს არ ნიშნავს, რომ რამე იცის. რა იცის გიამ, გაფიცებთ ყველაფერს?!
– ხომ არ იცით რა ხდებოდა შემდგომ წლებში? ისევ აწვდიდა ინფორმაციას ანქვაბი ქართულ სპეცსამსახურებს?
– შემდგომ წლებში რა ხდებოდა, არ ვიცი. მე ანქვაბის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს. ვიცი, რომ კარგი ბიჭია და ღმერთმა კარგად ამყოფოს. მკითხეს და ვუპასუხე. დავუდე ყველას ცხვირწინ შევარდნაძის ბრძანება. თბილისში არავინ იცის შევარდნაძის ამ ბრძანების არსებობა. როდესაც 1992 წლის 18 აგვისტოს შევარდნაძე წერს ბრძანებას ანქვაბზე, ეს ნიშნავს, რომ ანქვაბი თანამშრომლობდა შევარდნაძესთან.
– როდესაც სახელმწიფო საბჭომ 1992 წელს აფხაზეთში ჯარის შეყვანის გადაწყვეტილება მიიღო, ჩაიწერა, ეცნობოს არძინბასო და ეცნობა კიდეც. ამ ლოგიკით, არძინბაც თანამშრომლობდა ქართულ სპეცსამსახურებთან?
– არძინბა თანამშრომლობდა შევარდნაძესთან და შევარდნაძე უთანხმებდა, რომ ჯარები უნდა შეეყვანა, მაგრამ საქმე მაშინ გართულდა, როდესაც არძინბამ სოხუმი კონფედერატების დედაქალაქად გამოაცხადა და ჩვენს მოქალაქეებს ქართული პასპორტებით არ უშვებდა აფხაზეთში. ჯარის შეყვანის მთავარი მიზეზი იყო ის, რომ ვალად დაგვედო სომხეთისა და აზერბაიჯანის ტვირთები, რომლებიც იძარცვებოდა აფხაზეთის რკინიგზაზე. ზვიადისტებიც ძარცვავდნენ და არც აფხაზეთის მოსახლეობა აკლებდა ხელს. ჩვენ იძულებული გავხდით, შეგვეყვანა ჯარი, რომ დაგვეცვა რკინიგზა. თავდაპირველად, ჯარი არც შეგვიყვანია, მილიციის ნაწილები შევიდნენ, რომლებსაც ცეცხლი გაუხსნეს და რვა მილიციელი დაიღუპა, იმიტომ შევიყვანეთ შემდეგ გვარდია თავისი მძიმე ტექნიკით.
– დღევანდელი გადასახედიდან, არ ჯობდა, ვალები დაგვდებოდა აფხაზეთის დაკარგვას?
– აი, რა გათვლები ჰქონდა მაშინ შევარდნაძეს: შევარდნაძეს უნდოდა აფხაზეთში შესვლა და აფხაზეთის ომის წაგება, რომ შემდეგ ამერიკის შეერთებული შტატების, ნატოს ჯარები შემოეყვანა. ამერიკას ფეხი მოეკიდებინა საქართველოს ტერიტორიაზე. 1992 წლის 3 სექტემბერს ჩვენ დავდეთ სამმხრივი ხელშეკრულება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, მაგრამ 20 რიცხვში ბატონი შევარდნაძე ამერიკაში გაფრინდა, ქლინთონსა და ამერიკის სპეცსამსახურებს მოელაპარაკა, რომ შემოსულიყვნენ. შემდეგ მე გამათავისუფლეს, შევარდნაძემ განაიარაღა ქართული ჯარი, მძიმე ტექნიკა ჩამოართვა, მოხსნა სამხედრო ტექნიკას საკეტები და ამით ქართული ჯარი დაასუსტა.
– რა მიზეზით უნდა შემოსულიყო ნატოს ჯარი?
– იმიტომ რომ, ვითომ რუსეთი გვეომებოდა.
– ვითომ რატომ, ხომ გვეომებოდა?
– გვეომებოდა. 620 კაცი ჰყავთ დაკარგული. რუსებმავე შეაიარაღეს აფხაზი სეპარატისტები. ამასთან, ჩვენ ორ ფრონტზე გვიწევდა ბრძოლა: სამეგრელოდან ვერ ვატარებდით მძიმე ტექნიკას.
– რატომ ვერ შემოიყვანეს ნატოს ჯარი, თუ შეთანხმებული იყო?
– ელცინმა დაარტყა მუშტი მაგიდას და თქვა: არანაირი ამერიკელები იქ არ იქნებიანო! გახსოვთ, ალბათ, ელცინმა გაყარა ამერიკელები ერაყიდან პირველი ომის დროს. მაშინ ძალა ჰქონდა რუსეთს და ყველა ერიდებოდა მასთან უთანხმოებასა და კონფლიქტს.
– თუკი თქვენ ამბობთ, რომ ანქვაბი თანამშრომლობდა ქართულ სპეცსამსახურებთან და აქ მუშაობდა…
– ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ.
– მესმის, დავასრულებ: ანქვაბი მოიაზრება პროაფხაზ კანდიდატად და თითქოს რუსეთს ხელს არ აძლევს მისი გამარჯვება, ესე იგი, გამოდის, რომ ამ განცხადებით რუსეთი იხეირებს. თუ ანქვაბს კავშირი ჰქონდა ქართველებთან, რატომ ვუშლით ხელს? ხელსაყრელია ჩვენთვის მისთვის ხელის შეშლა? არ ჯობდა, საიდუმლოდ შეგვენახა ეს ამბავი?
– ჩემთვის მთავარია, საქართველოს არ გაუფუჭდეს საქმე. უკვე დაიწყეს აქ ლაპარაკი, რომ აფხაზეთში შევარდნაძის აგენტურა მუშაობს.
– საქართველოს საქმეს რატომ გაუფუჭებს, თუკი ანქვაბი ქართულ სპეცსამსახურებთან თანამშრომლობდა?
– ანქვაბის მოსვლა შეცვლიდა სიტუაციას აფხაზეთში?!
– ასეთი პრინციპით, არავის მოსვლა არ შეცვლის, მაგრამ, თუ მას აქვს ან ჰქონდა კავშირი ქართველებთან, რატომ ვუშლით ხელს?
– თვითონ აფხაზებმა, როდესაც გაიგეს, რომ ის თანამშრომლობდა ქართულ სპეცსამსახურებთან, სხვანაირად დაიწყეს ფიქრი. რა, ჩემი ეს განცხადება გამოიწვევს მის დამარცხებას?! მე ინტერვიუ მთხოვეს და რაც ვიცოდი, ის ვთქვი, არც არავინ გამილანძღავს.
– ხაჯიმბაც მუშაობდა სპეცსამსახურებთან საბჭოთა დროს.
– ის უფრო რუსეთისკენ მუშაობდა, ანქვაბი – აქეთ. შამბას ისტორია არ ვიცი, თუმცა შეხვედრილიც ვარ და მილაპარაკია კიდეც, მაგრამ, რაც არ ვიცი, იმას ვერ ვიტყვი. აფხაზი ხალხის გადასაწყვეტია, აირჩევენ თუ არა ანქვაბს.
– ანქვაბმა უფრო ადრე თქვა, რომ საახალწლოდ გალელ ქართველებს საზღვარს გაუხსნიდა, გასულ კვირას იმავეს დაჰპირდა მათ ხაჯიმბაც. თქვენ ხომ არ იცით რამე?
– დაახლოებით 40 000 ქართველია დღეს გალში, მაგრამ რატომ არავინ აპირებს იქიდან გამოყრილი 250 000 ქართველის დაბრუნებას?! ამაზე არც ის ცხონებული პრეზიდენტი ლაპარაკობდა, რომელიც მოკლეს.
– თქვენც ფიქრობთ, რომ მოკლეს?
– რა თქმა უნდა. დაახრჩვეს, იმიტომ რომ 12-კილომეტრიანი ზოლი არ მისცა რუსეთს ლესელიძე-გაგრის მიმართულებით. ბოლო უბიხი 30 წლის წინათ მოკვდა. შაფსუგის მთა დღესაც არსებობს, მაგრამ შაფსუგები აღარ არიან. ასევეა, „იმერიტინსკაია დოლინა“, თუმცა იქ იმერლები აღარ არიან. სწორედ იმ ადგილას მოხდა ბოლო დიდი შეტაკება ჩერქეზებსა და რუსებს შორის.
– ამას რატომ ამბობთ, აფხაზებიც გაქრებიან?
– მე ვკითხე შამბას თავის დროზე, რამდენი ხართ-მეთქი აფხაზები. ხმა არ ამოუღია. ეგენიც გაქრებიან, სომხები შეჭამენ. აგვისტოს ომიდან მეორე დღესვე, როდესაც რუსები შევიდნენ, სომხებმა პრეტენზია გამოთქვეს, შავი ზღვისპირეთის ეს ნაწილი ჩვენი იყოო.
– მოსკოვში რა გამოხმაურება მოჰყვა თქვენს განცხადებას?
– მე აქ არავის ვხვდები.
– არ აპირებთ ჩამოსვლას საქართველოში?
– როგორ არა, მაგრამ ვინ მიშვებს?! პასპორტს არ მაძლევენ.
– რუსეთის მოქალაქეობა არ გაქვთ?
– არა, მე რომ მოქალაქეობა მდომოდა, დიდი ხანია, გავხდებოდი რუსეთის მოქალაქე, მაგრამ არ მაქვს ეს მოქალაქეობა და რა ვქნა?!
– იმიტომ გკითხეთ, რომ რუსეთის მოქალაქეებისთვის გამარტივებულია საქართველოში შემოსვლა. თქვენს ოპონენტებში ეჭვს იწვევს ის, რომ თქვენ კვლავ მოსკოვში ცხოვრობთ მას შემდეგაც, რაც რუსეთ-საქართველოს შორის მოხდა?
– როდის ვცხოვრობ მოსკოვში?! ვცხოვრობ სოფელში, მოსკოვიდან 60 კილომეტრში.
– ამას რა მნიშვნელობა აქვს, რუსეთში ხომ ცხოვრობთ?
– ხომ ხედავთ, არ ვეკარები არც ერთ საზოგადოებას: არც ოპოზიციას, არც პოზიციას. ეს არ არის ჩემი საქმე. ქართული ოპოზიცია ძალიან სუსტია, არანაირი ძალა არ აქვს, რომ სააკაშვილის წინააღმდეგ გამოვიდეს. გამოფუტურებული ხალხია. ყველაზე არ ვამბობ. ზოგიერთი ძლიერია, მაგრამ საერთო ენას რომ ვერ პოულობს ოპოზიცია, ამაზე მწყდება გული.
– პუტინს ჰყავს ძლიერი ოპოზიცია?
– ოპოზიციონერის მეტი რა არის პეტერბურგსა და მოსკოვში, მაგრამ მათთან არანაირი კავშირი არ მაქვს. ქაქანის მეტი არაფერი იციან.
– ვისთან ურთიერთობთ?
– ჩემთვის ვმუშაობ. ვხატავ და თავს ვირჩენ.
– როგორც ადრე მითხარით, ნახატებით ვირჩენ თავსო. ისევ ეს არის თქვენი შემოსავლის წყარო?
– კი, ეს არის. ჩემი ნამუშევრები გამოვგზავნე და ნახეთ.
– ძირითადად, რას ხატავთ?
– ახლა უფრო კოსმოსური თემა მაინტერესებს. სვანეთზე მაქვს გაკეთებული ნახატები.
– რაც სვანეთისგან გახსოვთ, იმაზე?
– კი, კი.
– გარდა კოსმოსური თემისა და სვანეთისა, კიდევ რას ხატავთ?
– ყველაფერს ხომ ვერ ჩამოვთვლი?! პორტრეტებსაც ვხატავ.
– შეკვეთებს აკეთებთ თუ რასაც დახატავთ, იმას ყიდით?
– ვხატავ და მერე იყიდება.
– გამოფენის მოწყობას ხომ არ ფიქრობთ?
– არა, მაგისთვის არ მცალია.
– რუს მხატვრებთან გაქვთ ურთიერთობა?
– ზურა წერეთელთან მაქვს ურთიერთობა.
– მართლაც შეირყა ზურაბ წერეთლის პოზიცია?
– ებრაელები უტევენ, მაგისი ადგილი უნდათ, თორემ ისევ თავის ადგილზეა და თავისი ძეგლებიც იქაა. თითი არავის დაუკარებია.
– თბილისი არ დაგიხატავთ, რაც წახვედით?
– ერთხელ დამაბრალეს, თბილისი დახატეო და (იცინის)…
– მე პირდაპირი მნიშვნელობით დახატვა ვიგულისხმე?
– არა. მარტო სვანეთს ვხატავ.