კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ მოუწევს საქართველოს გლობალური ფინანსური კრიზისის მეორე ტალღის საკუთარი ძალებით დაძლევა

 მართალია, ექსპერტები ვერ თანხმდებიან, რიგით მეორე მსოფლიო კრიზისია მოსალოდნელი თუ ის პირველის მეორე ტალღა აღმოჩნდება, მაგრამ, სამაგიეროდ, წინასწარმეტყველებენ, რომ სიძლიერით უკვე დაწყებულზე არანაკლები ძალის იქნება. ცნობილია, რომ პირველ ტალღას (თუ სულაც პირველ კრიზისს) საკუთრივ ჩვენმა ქვეყანამ თავი იმ ოთხ-ნახევარი მილიარდის წყალობით დააღწია, რომელიც დახმარების სახით გვერგო მეგობარ-პარტნიორებისგან. შესაბამისად, ჩნდება კითხვა: რისი ან ვისი იმედი უნდა გვქონდეს კრიზისის მეორედ შემოტევისას? – ამ თემაზე პასუხის გაცემას დემურ გიორხელიძესთან ერთად შევეცდებით.

– მე ვფიქრობ, საკითხი ძალიან რთულია და მარტივ ახსნას არ ექვემდებარება, რადგან მსოფლიოში მიმდინარე პროცესები არ იძლევა ცალსახა განმარტების საშუალებას. თვითონ ურთულეს პროფესიულ საკითხებზე რომ არ ვისაუბრო, უნდა გითხრათ, რომ დღეს ჩვენი ქვეყნის პარტნიორები თავიანთ ქვეყნებზე ფიქრობენ და იმ პრობლემებზე, რომლებიც მათი სახელმწიფოებრივი უსაფრთხოების საკითხებს ეხება და საქართველო არც დომინირებს და არც შეიძლება დომინირებდეს მათ შორის. საქართველოს უსაფრთხოებასა და მომავალზე, უპირველესად, საქართველოს ხელისუფლება უნდა ფიქრობდეს. დიახ, პირველ უძლიერეს კრიზისს ჯერ ფინანსურს, შემდეგ – ეკონომიკურს, საკმაოდ რბილად გადავურჩით იმ უზარმაზარი დახმარების გამო, რომელიც ჩვენმა პარტნიორმა ქვეყნებმა მოგვცეს. მაგრამ წარმოდგენა იმისა, რომ ეს სირთულე შეიძლებოდა შემოსულიყო ქვეყანაში, უკვე სხვა სცენარის წინაშე გვაყენებდა. მაშინ ჩვენ თავად უნდა მოგვეპოვებინა თანხა და შეიძლება, კარგიც ყოფილიყო, რომ საკუთარი რესურსები აგვემოქმედებინა. ასეა, გაჭირვება ადამიანს თავისი შესაძლებლობების გახსნის საშუალებას აძლევს. ეიფორიამ, რომლითაც ჩვენ პირველი კრიზისი გადავლახეთ, ილუზიები გააჩინა, რასაც აშკარად ვხედავ. ჩვენ კარგად ვიცით, რომ დღევანდელ სიტუაციაში ანალოგიური ვერ განმეორდება. არავინ აღარ მისცემს საქართველოს ოთხ-ნახევარ მილიარდს. მაშინ რა უნდა ქნას იმ სახელმწიფომ, რომლის ყოველდღიურობა, ფაქტობრივად, იმპორტზეა დამოკიდებული?! ავიღოთ პროპორციები: 80 პროცენტი იმპორტია, 20 პროცენტი – საკუთარი წარმოება.
– ექსპორტში მესამე ადგილზეა მეორადი ავტომანქანების გადაყიდვა.
– ეს ისეთი საკითხია, რომელიც აჩვენებს ჩვენი დღევანდელი საექსპორტო პოტენციალის, ფაქტობრივად, ნულოვან მდგომარეობაში ყოფნას. რას ნიშნავს ეს? იმისთვის რომ ხვალ, ზეგ, ქვეყნის მოხმარების ნორმალური, თუმცა ჯერ რა ნორმალური მოხმარებაა საქართველოში, მაგრამ ის დონე, რაც არის, შენარჩუნდეს, ქვეყანას სჭირდება ვალუტა. ვალუტის სამი წყარო არსებობს: პირველი და მთავარია, ექსპორტი, როდესაც ყიდი შენს რაღაცას, იღებ ვალუტას და ამ ვალუტით ყიდულობ, რაც გჭირდება; მეორე, ეს არის ღია ბაზარზე მოსესხება, რაც ახლახან გააკეთეს: ხუთასი მილიონის ობლიგაციები გაყიდეს, ეს სწორი გზაა. თუ ფული არ გაქვს, უნდა ისესხო, თუმცა რამდენად სწორად ისესხე და რამდენად სწორი მიზნებისთვის მიმართე ეს ფული, როდესაც მხოლოდ 86 მილიონი გქონდა დარჩენილი წინა ვალის გასასტუმრებლად, ცალკე საუბრის თემაა; მესამე გზაა გრანტები, ის სახელმწიფო დახმარებები, რომლებსაც ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი და მეგობარი ქვეყნები გვაძლევენ. მოდი, ვთქვათ, ექსპორტისგან ჩვენ ვერაფერს მივიღებთ, რადგან არ გვაქვს ეს ექსპორტი. სესხებას თავისი პრობლემები აქვს, ვალი იზრდება, საჭირო ხდება მისი მომსახურება და რჩება მესამე გზა: ჩვენი მეგობარი ქვეყნების დახმარება, რაც იქნება, მაგრამ საკმაოდ შეზღუდული რაოდენობით. რადგან ის კრიზისი, რასაც მოელიან კრიზისის მეორე ტალღაზე, იმდენად ძლიერი შეიძლება, იყოს, რომ ბევრი ქვეყანაც კი დააყენოს მნიშვნელოვანი კრახის წინაშე. ფაქტობრივად, დეფოლტი მოხდა საბერძნეთში. სახელმწიფო, ფაქტობრივად, გაკოტრდა და სწორედ იმიტომ, რომ პოლიტიკური სისტემა გახდა პრობლემური: კლანურობა, ჩაკეტილობა, შვილებისა და შვილიშვილების დანიშვნა თანამდებობებზე. პრობლემებია ესპანეთში, პორტუგალიაში, ბელგიაში, იტალიაში და არავინ იცის, როდის აფეთქდება. ბუნებრივია, ასეთ დროს სიტუაცია არაპროგნოზირებადი ხდება. ამას ემატება სპეკულანტების უმძლავრესი ჯგუფები, რომლებმაც ისიც კი მოახერხეს, რომ სპეკულაციური მიზნით, ტექნოლოგიის გამოყენებით, შეერთებულ შტატებს დაუწიეს რეიტინგი. ამას საოცარი რაღაცეები მოჰყვა და მოჰყვება ფულად და სასაქონლო ბირჟებზე: ვიღაცეებმა ტონობით ფული მოხსნეს, რაც იმას მიანიშნებს, რომ ბევრი რამ უკონტროლოა მსოფლიოში.
– ამერიკას ისედაც საგარეო ვალის რეკორდული მაჩვენებელი ჰქონდა. ამ ვალის ზედა ზღვრის აწევა ნიშნავს, რომ პრობლემები გაცილებით მძაფრია?
– შეუძლებელია ამ ინტერვიუში იმის ახსნა, თუ რა ხდება რეალურად, მაგრამ, რაკი შეერთებული შტატების დღევანდელი სიტუაცია ისეთი იყო, რომ ოფიციალურად, აუცილებელი გახდა ვალის გაზრდა, ამას შესაბამისი კანონმდებლობა სჭირდებოდა. აი, ეს მოხდა, თორემ სინამდვილეში შეერთებულ შტატებს ვალის გადახდის არანაირი პრობლემა არ აქვს. ამერიკის შეერთებულ შტატებში დეფოლტი გამორიცხულია. ჯერ ერთი 14 ტრილიონ დოლარში მხოლოდ 5 ტრილიონია საგარეო ვალი, დანარჩენი არის ფედერალური რეზერვის ვალი. ეს ცალკე სტრუქტურაა და სრულიად უნიკალური, სხვანაირი ტექსტებითა და ქვეტექსტებით.
– ჩვენ, ალბათ, ნაკლებად უნდა ვიდარდოთ ამაზე. მოუვლიან საკუთარ თავს.
– რა თქმა უნდა. მაგრამ, ვინაიდან ეს საკმაოდ რთული სტრუქტურაა, ის სადღაც აღარ იმუშავებს და, როგორც რუსები იტყვიან, მისცემს „სბოის“.
– რას შეიძლება, ველოდეთ პარტნიორებისა და მეგობრებისგან, რით შეიძლება, რომ ვევაჭროთ?
– არ მგონია, დღევანდელ სიტუაციაში შეგვეძლოს რამის მოთხოვნა.
– რუსეთის ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანების სანაცვლოდ არ შეიძლება თანხის მოთხოვნა, კულუარულად, რა თქმა უნდა?
– WTO სუფთა პოლიტიკური საკითხია.
– პოლიტიკური საკითხები არ იყიდება?
– რა თქმა უნდა და ამ საკითხით საქართველომ სარგებელი უნდა მიიღოს. მთავარია, ხელისუფლებამ სწორად იმოქმედოს, მოძებნოს ის შუალედი, როდესაც ზედმეტი სიჯიუტე წამგებიანი იქნება, რადგან რუსეთის WTO-ში გაწევრიანება თვითონ საქართველოსთვის იქნება ხელსაყრელი. აუცილებლად უნდა აღდგეს ეკონომიკური ურთიერთობა. ის განცხადებები, რომლებიც ჩვენ გვესმის ოფიციალური პირებისგან, რომ საქართველო არ არის დაინტერესებული რუსული ბაზრით, კომენტარს არ ექვემდებარება იმდენად არასერიოზულია. შეუძლებელია, მსოფლიოს ერთ-ერთი მოცულობითი ბაზარი მომზიდველი არ იყოს: თუკი მთელ მსოფლიოსთვისაა მიმზიდველი, საქართველოსთვისაც უნდა იყოს. თუ რომელიმე მეწარმე მილიონ ბოთლს სადმე გაიტანს, ამით აშენებული სახელმწიფო არავის უნახავს. აქ საუბარია მოცულობითი ბაზრების ათვისებაზე კონკურენტუნარიანი საქონლით. ასეთი საქონელი კი ჩვენ არ გაგვაჩნია, ამიტომ პერსპექტივაში ეს პრობლემა გვექნება. მართალია, გვაქვს სავალუტო რეზერვები, იმაზე დიდი, ვიდრე ადრე გვქონდა, მაგრამ მხოლოდ ამის ხარჯზე ვერ იცხოვრებს ქვეყანა.
– დღემდე ხომ ცხოვრობს?
– გააჩნია, რას ვუწოდებთ ამ ცხოვრებას: მილიონ რვაასიათასი შრომისუნარიანი ადამიანიდან მხოლოდ 605 000 იღებს ხელფასს.
– მილიონი რიცხავს წელიწადში მილიარდ დოლარამდე თანხას.
– მაგრამ ეს უკვე ის ადამიანები არიან, რომლებმაც ქვეყნის გარეთ მოახერხეს თავიანთი უნარების მობილიზაცია. არადა მათ შეეძლოთ, თავიანთ ქვეყანაში ეპოვათ ადგილი, მაგრამ დღევანდელი პირობები ასეთი აქტიური ქართველი მოქალაქეების ქვეყანაში დაბრუნებასა და დასაქმებას, ფაქტობრივად, გამორიცხავს. თქვენ წარმოიდგინეთ, მილიონი ადამიანი, შეიძლება, ცოტა მეტიც, საკუთარ ქვეყანაში ვერ ნახულობს ადგილს, მიდის უცხო ქვეყანაში და იქ რაღაც ნიშებს პოულობს: ზოგი – პატარა ნიშას, ზოგი – საშუალოს, ზოგიც ძალიან წარმატებულია. ჩვენ უკვე ჩამოგვიყალიბდა ახალი თაობა, საქართველოსთვის უცნობი ახალი თაობა წარმატებული ქართველი ადამიანებისა, რომელთა შესახებაც საქართველოში არაფერი იციან, გარდა იმ თითო-ოროლა გახმაურებული ადამიანისა.
– ნებსით თუ უნებლიეთ, საქართველო არის პოსტსაბჭოთა სივრცისგან დემოკრატიის შენების ნიმუში, გნებავთ, ექსპერიმენტი. მარტივად და უხეშად ვიტყვი: დაუშვებენ ჩვენი პარტნიორები ამ ნიმუშის თუ ექსპერიმენტის გაფუჭებას, სულ რაღაც, ერთი ან რამდენიმე მილიარდისთვის?
– თუ ეს ექსპერიმენტია, მაშინ საქართველო მიკროამერიკული მოდელი უნდა იყოს. თუ დღეს ვინმე მეტყვის, რომ საქართველოში რაღაც მაინც არის ისე მოწყობილი როგორც შეერთებულ შტატებში, მაშინ მე დიდი ბოდიშის მოხდით ვიტყვი, რომ რაღაც ვერ გავიგე. ნატავ, კი ისე ხდებოდეს, როგორც იქ არის დაცული ბიზნესები; როგორც იქ არის ბიზნესისადმი ხელისუფლების დამოკიდებულება; როგორც იქ არის ბიზნესის კანონისადმი და პირიქით, დამოკიდებულება. ამას რომ ვაკეთებდეთ, ჩვენზე ბედნიერი ხალხი არ იქნებოდა, მაგრამ არანაირი კავშირი არ აქვს ჩვენს სისტემას ამერიკულთან. ასე რომ, თუკი მსოფლიო მასშტაბით მნიშვნელოვანი ეკონომიკური კრიზისი იქნება, მას ისე იოლად ვეღარ გადავიტანთ.
– რას ნიშნავს, იოლად ვერ გადავიტანთ? რა მოგვივა?
– საქართველოში იმდენად დაბალია ცხოვრების სტანდარტები, რომ სიტუაციის კიდევ უფრო გაუარესება შეიძლება, გარეგნულად დიდად არც დაეტყოს. რაღა უნდა იყოს იმაზე მეტი, როდესაც ოფიციალური სტატისტიკა გაძლევს მონაცემს, რომ ხელფასი მხოლოდ 605 000 ადამიანს აქვს?! თანაც საშუალო ხელფასი – 442 ლარი, თბილისშია ყველაზე მაღალი – 663 ლარი. ახლა მითხარით, რაში შეიძლება, ეყოს თბილისში ოჯახს 663 ლარი ასეთი მზარდი ინფლაციის, ფასების სტაბილურად ზრდის, მომსახურების სფეროსა და კომუნალური გადასახდელების გაძვირების ფონზე?! თუ კიდევ ახალი კრიზისი გაჩნდა და იგივე ხელფასი შენარჩუნდა, კიდევ უფრო მოიკლებს ამ თანხის რეალური შესაძლებლობები. ამას ვგულისხმობ, თორემ ღარიბები და ამ ქვეყანაში ღარიბი 55 პროცენტია, ცოტათი უფრო ღარიბები გახდებიან. ანუ ჩვენ ქვეყანაში გვაქვს გრადაცია სიღარიბის სპექტრში და არა საშუალო კლასის სპექტრში, იმიტომ რომ არ გვყავს ეს საშუალო კლასი. არის შეძლებული ადამიანების ძალიან მცირე ჯგუფი, რომ შეკრიბო, სულ, დაახლოებით, 14-15 პროცენტი გამოვა და მათ გარდა, დანარჩენი ცუდად ცხოვრობს. ბუნებრივია, ის 15 პროცენტი ისევ კარგად იქნება და ისეთ პატარა ქალაქში, როგორიც თბილისია, 15 პროცენტი შეავსებს ბუტიკებს, რესტორნებს, კაფეებს. ამას გარდა, იმ 85 პროცენტიდანაც, ჭირია თუ ლხინია, ადამიანები მაინც მიდიან რესტორანსა თუ ბარში. აი, ეს ქმნის თბილისის კეთილდღეობის ილუზიას. რამდენი მაგისტრალური ქუჩაა თბილისში? მაქსიმუმ ექვსი და ამ მაგისტრალებს ავსებს მთელი ქალაქის ავტომანქანები. კეთილდღეობა რომ მასობრივი მოვლენა იყოს, მაშინ ეს სასტუმროები, რესტორნები თუ ბარები საკმარისი არ იქნებოდა. ჩვენ არ ვითვალისწინებთ, რომ თბილისი ტერიტორიულად ძალიან პატარა ქალაქია, კონცენტრაცია ძალიან მაღალია და ეს ქმნის ილუზიას. ოფიციალური სტატისტიკით, თბილისში უმუშევარი 30 პროცენტია. ხომ წარმოგიდგენიათ, ზუგდიდსა და ქუთაისში რა იქნება?!
– მე ჩემი თვალით მინახავს ღამით ადამიანები, რომლებიც ნაგვის კონტეინერებში იქექებიან, მაგრამ არ მინახავს მასობრივად შიმშილით გულშეწუხებული ადამიანები. წესით, თუ სტატისტიკას ვერწმუნებით, ესეც უნდა მენახა.
– ეს მარტივად ასახსნელია და აქვს ორი მიზეზი: უპირველესად, ეს არის ქალაქის სიახლოვე სოფელთან: ჯერ კიდევ ჩაუჭრელი ურთიერთობები. წარმოიდგინეთ, მუშახელის უდიდესი ნაწილი, 55 პროცენტი, სოფლადაა და იქ მოიპოვებს სარჩო-საბადებელს და, თუ ვინმე ჰყავს ქალაქში, უგზავნის. მეორე, ეს არის ჯერ კიდევ შემორჩენილი სოლიდარობა, მაგრამ ცხოვრების ისეთი სტილი მკვიდრდება საქართველოში, რომ 10-15 წლის შემდეგ ეს სოლიდარობა მოისპობა. აი, ეს ორი მიზეზია იმის საფუძველი, რასაც თქვენ ამბობთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ასეთი მასშტაბის უმუშევრობის პირობებში, როგორ უნდა არსებობდნენ ადამიანები?! შემწეობა? სასაცილოა! პენსიები? მიზერულია, ესე იგი, არსებობს წყაროები, რომლებიც ადამიანებს მეტ-ნაკლებად აძლევს არსებობის შენარჩუნების საშუალებას, მაგრამ რა ხდება პარალელურად? ადამიანების ინტელექტუალური და ფიზიკური გამოფიტვა. ამ დაუსაქმებელი ორი ათწლეულის განმავლობაში ვერ ხდება მათი ინტელექტუალური ზრდა და ყველაფერი უკან მიდის.
– თქვით, რომ პირველი კრიზისის დროს იმ ოთხ-ნახევარმა მილიარდმა დათვური სამსახური გაგვიწია…
– ჩემი ეს სიტყვები ფართოდ გავრცელდა უცხოეთში. მე ვთქვი, რომ ჯობდა, არ მოეცათ ეს ფული.
– მეც ამას ვამბობ: ისე ჩანს, რომ კრიზისის მეორე ტალღის შემთხვევაში, მოგვეცემა საკუთარი თავის გამოცდის შანსი-მეთქი?
– უნდა მოგვეცეს, მაგრამ საქმეც ის არის, რომ ტურიზმზე ასეთი მასშტაბის აქცენტირებაც მცდარია. ის, რომ ტურიზმი ძალიან კარგად განვითარებული სფერო უნდა იყოს, დავას არ იწვევს, მაგრამ მსოფლიო კრიზისებმა აჩვენა, რომ ისეთი უზარმაზარი ტურისტული პოტენციალის მქონე ქვეყნები, როგორებიც საბერძნეთი და ესპანეთია, კრიზისის პირობებში ტურისტების გარეშე დარჩნენ და ეს ბუნებრივია. იმხელა პოტენციალი საქართველოს ჯერ არ აქვს. საქართველო, როგორც ტურისტული ბრენდი, ჯერ კიდევ ჩამოსაყალიბებელია. მერწმუნეთ, საჭიროა ასობით მილიონი და დრო, რომ ნელ-ნელა ეს ნიშა მოიტკეპნოს, მაგრამ კრიზისი ამას ხელს ვერ შეუწყობს.
– აბა, რა შეუწყობს?
– გამოსავალია ის, რასაც ყველა ქვეყანა აკეთებს კრიზისულ სიტუაციაში: როდესაც აშკარად ჩანს კრიზისის ნიშნები და შენ ხარ იმპორტზე დამოკიდებული, ხელისუფლებამ ხელი უნდა შეუწყოს იმპორტჩამნაცვლებელი ადგილობრივი წარმოების განვითარებას იმ ნედლეულისა და ბაზის საფუძველზე, რაც საქართველოშია. სოფლის მეურნეობა, ფაქტობრივად, სოლიდური სახელმწიფო მიდგომის გარეშეა, ფიარაქციები კი რეალურ შედეგს არ იძლევა. ჩვენ ისეთ რამეებს ვყიდულობთ, რომლებსაც ქართული მიწა შეუდარებლად უკეთესს იძლევა და საექსპორტოც შეიძლება, იყოს. ეს არის ჩვენი აქამდელი პოლიტიკის დეფექტები და ამ კრიზისულ სიტუაციაში ეს რეზერვები უნდა ამოქმედდეს, თორემ აი, მოვა მომავალი წელიც და გაცილებით რთული ეკონომიკური ვითარება იქნება, ვიდრე წელს არის, აქ ვარ მე, აქ ხართ თქვენ, და ღმერთმა ქნას, მე აღმოვჩნდე მტყუანი, სიამოვნებით გავცუდდები ამ საქმეში, ოღონდ კი ყველაფერი უკეთესად იყოს.

скачать dle 11.3