პოლიტიკური კალეიდოსკოპი
შვედეთის სამეფო
ოჯახში მატებას ელიან
შვედეთის კრონპრინცესა ვიქტორია და მისი მეუღლე, დანიელ ვესტლინგი, პირველ შვილს ელოდებიან. ამის შესახებ ოფიციალური განცხადება გააკეთა შვედეთის სამეფო კარმა. ახალგაზრდა ცოლ-ქმარს უკვე მიულოცეს შვედმა პოლიტიკოსებმა და ჩინოვნიკებმა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შვილს კრონპრინცესა 2012 წლის მარტში ელოდება. ბავშვის სქესი ჯერჯერობით უცნობია. კრონპრინცესა ვიქტორია, რომელიც შვედეთის სამეფო ტახტის მემკვიდრეებს შორის რიგით პირველია, 2010 წლის 17 ივნისს გაჰყვა ცოლად ყოფილ ფიტნეს-ინსტრუქტორს, დანიელ ვესტლინგს, რომელმაც ქორწილის შემდეგ ვესტერლიანდიის პრინცისა და ჰერცოგის ტიტული მიიღო.
ნეონები დევიდ კემერონისთვის
ბრიტანელმა ფერმწერმა ტრეისი ემინმა ნეონისგან შექმნილ ინსტალაციაზე მუშაობა დაასრულა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, დევიდ კემერონის რეზიდენციაში. პრემიერის სახლს ამიერიდან ნეონის წარწერა – „მეტი ვნება” დაამშვენებს. ნეონის ინსტალაცია რეზიდენციის პირველ სართულზე, ტერაკოტის ოთახთან გაკეთდა, სადაც პრემიერი მაღალი რანგის სტუმრებს იღებს. ტრეისი ემინის ნამუშევარი ამიერიდან დიდი ბრიტანეთის მთავრობის ხელოვნების ნიმუშთა კოლექციის საკუთრება გახდა. 48 წლის ემინი „ახალგაზრდა ბრიტანელი მხატვრების” თაობის წარმომადგენელია და, ცნობილია, რომ კემერონი მისი შემოქმედების მოტრფიალეა.
სოლიდარობა უგო ჩავესს
ვენესუელის პრეზიდენტის უგო ჩავესის მომხრეებმა და მხარდამჭერებმა სოლიდარობის ნიშნად თავი გადაიპარსეს. ცნობილია, რომ ჩავესი ქიმიოთერაპიის კურსს იტარებს და ამის გამო მას თმა გასცვივდა. თმის გადაპარსვის ცერემონია ტელევიზიით გადაიცემოდა და რამდენიმე მამაკაცთან ერთად, თავი ერთმა ქალბატონმაც გადაიპარსა. პირდაპირ ეთერში გადაცემულ სოლიდარობის აქციას რამდენიმე ათასი ადამიანი ადევნებდა თვალს და ლოცულობდა თავიანთი ლიდერის ჯანმრთელობისთვის. აღსანიშნავია, რომ ანალოგიური აქცია 19 აგვისტოს დომინიკის რესპუბლიკაშიც ჩატარდა, როდესაც რამდენიმე ათეულმა ადამიანმა ვენესუელის საელჩოს წინ გადაიპარსა თმა. საინტერესოა, რომ, კიბოს მიუხედავად, უგო ჩავესი ოპტიმისტურად უყურებს მომავალს და ვენესუელის სათავეში 2031 წლამდე დარჩენას აპირებს.
კიმ ჩენ ირის ვიზიტი რუსეთის ფედერაციაში
ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ირმა რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე ერთი კვირა გაატარა, სადაც შეხვედრა გამართა პრეზიდენტ დიმიტრი მედვედევთან. გარდა ამისა, ჩრდილოკორეელი ლიდერი შორეულ აღმოსავლეთსა და ციმბირის ფედერალურ ოლქს ეწვია. კიმ ჩენ ირი რუსეთს საკუთარი დაჯავშნილი მატარებლით ეწვია, რომლითაც იგი საგარეო ვიზიტების დროს მგზავრობს. უკანასკნელად კიმ ჩენ ირი რუსეთში 2002 წელს ჩავიდა სტუმრად და შეხვედრები გამართა ვლადიმირ პუტინთან. მოსკოვამდე ჩასვლას მატარებლით მან 24 დღე-ღამე მოანდომა.
აგვისტოს ბოლოს იაპონიას ახალი პრემიერ-მინისტრი ეყოლება
იაპონიის მმართველი დემოკრატიული პარტიის ინფორმაციით, აგვისტოს ბოლოს პარტიის საგანგებო სხდომა გაიმართება, რა დროსაც პარტიის ახალი თავმჯდომარე და, ამავდროულად, იაპონიის მთავრობის ახალი პრემიერ-მინისტრი აირჩევა. იაპონიის ამჟამინდელი პრემიერის, ნაოტო კანის გადადგომის შესახებ პირველად 2011 წლის ივნისში გახდა ცნობილი, მიზეზად კი მოსახლეობის უკმაყოფილება დასახელდა იმ ფაქტის გამო, რომ მთავრობამ სათანადო რეაგირება ვერ მოახდინა ბირთვულ სადგურ „ფუკუშიმა 1-ზე” მომხდარი ავარიის გამო, რაც დამანგრეველმა მიწისძვრამ და ტაიფუნმა გამოიწვია. ამჟამად ნაოტო კანის კაბინეტის მიმართ მოსახლეობის ნდობის ფაქტორი სარეკორდო ნიშნულამდეა დაცემული.