რის გამო თქვა უარი დუეტმა „ჯორჯიამ“ საკუთარი ვარსკვლავის გახსნას დასწრებოდა
მაკა და რატი – პირველი ქართველი ვარსკვლავები, რომლებსაც შუაგულ ევროპაში ვარსკვლავი გაუხსნეს... ჩემი მეგობრებით მეც ყოველთვის ისევე ვამაყობდი, როგორც მთელი საქართველო და ახლა სიამაყის მიზეზი კიდევ უფრო სერიოზულია: „დუეტ ჯორჯია” – სწორედ ასე აწერია ლიტვაში, ყველაზე დიდი საკონცერტო ცენტრის – „ზინტერის” შესასვლელში გაჩენილ ვარსკვლავს. მაგრამ, დუეტი „ჯორჯია” იურმალაში ვერ ჩავიდა და ამის მიზეზებზე სასაუბროდ რატი დურგლიშვილსა და მაკა ზამბახიძეს შევხვდით.
რატი დურგლიშვილი: წელს „იურმალის“ ათი წლის იუბილე იყო და ეს თარიღი ძალიან პომპეზურად აღინიშნა. თითქმის ყოველდღე შევდივარ ოფიციალურ ვებ-გვერდზე და ვნახულობ, რა მაგარი სიტუაცია იყო იქ, რამდენი მეგავარსკვლავი ჩავიდა. ყოველ წელს მსოფლიო დონის სამი-ოთხი ვარსკვლავი ყოველთვის ესწრება კონკურსს, მღერის და, ხომ წარმოგიდგენიათ, წელს რა იქნებოდა. გახსნაზე იმღერა ბეიბი ფეისმა, ლარა ფაბიანი უცვლელად იქ იყო და, რა თქმა უნდა, მთელი ამ წლების განმავლობაში, თუკი ვინმე გამოსულა „ზინტერის” სცენაზე, ყოველ შემთხვევაში, პირველი ოთხეული მაინც, იურმალაში იყო ჩასული. როგორც გადმოცემით ვიცი, ყველაფერი ულამაზესი იყო, განახლებული და რაღაც სასწაულად გაფორმებული სცენა.
– იცოდით, რომ ვარსკვლავი უნდა გაეხსნათ თქვენთვის?
– კი, მაგრამ, რაღაც, არ მჯეროდა ამის. ვერ დავიჯერე, რომ ევროკავშირში, შუაგულ ევროპაში, მე და მაკას ვარსკვლავს გაგვიხსნიდნენ. ეს იმაზე მეტი იყო, ვიდრე ყველაზე თამამ ოცნებებში შემეძლო, წარმომედგინა. შენი სახელი სამუდამოდ რჩება – ეს უამრავი მომღერლისთვის აუხდენელი ოცნებაა. ამაზე რომ ვფიქრობ, მეშინია, არ გავგიჟდე. დარბაზი, სადაც საოცარი კონცერტები იმართება, ქალაქი, სადაც კვირაში ორ მილიონამდე ტურისტი ჩადის, არის ვარსკვლავი, სადაც „დუეტ ჯორჯია” წერია. ალა პუგაჩოვას, იგორ კრუტოის, რაიმონდ პაულსის ვარსკვლავების გვერდით, გაიხსნა ათი წლის განმავლობაში გამარჯვებულთა ვარსკვლავები. საოცარი შეგრძნება იყო.
თან, ეს ამბავი ძალიან უცნაურად გავიგეთ – ჩვენმა მეგობარმა, სომხეთის წარმომადგენელმა, გვითხრა: ბავშვებო, რატომ არ იყავით? ძალიან გული დამწყდა, ყველა თქვენ გკითხულობდათო. ჩემს „ფეისბუქზე” შედით, ნახავთ თქვენ ვარსკვლავს – ფოტო გადავუღეთო.
მაკა ზამბახიძე: მანამდე თბილისში „ახალი ტალღის” ფინანსური დირექტორი იყო ჩამოსული. დათო გომართელმა შეგვახვედრა მასთან და მისგან გავიგეთ – ჯერ სიურპრიზია, მაგრამ, მინდა გითხრათ, რომ იურმალაში თქვენი ვარსკვლავი იხსნებაო. მაგრამ, ჩვენ ეს მაინც ვერ დავიჯერეთ, სანამ ფოტო არ ვნახეთ.
– რატომ ვერ ჩახვედით იურმალაში? ეს ყველასთვის უცნაური იყო – როგორ შეიძლებოდა, არ დასწრებოდით ვარსკვლავის გახსნას?
რატი: ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე ვერ წავედით...
მაკა: თუმცა, ძალიან დაგვწყდა გული, ძალიან. ქვეყნის ინტერესებშია ისიც, რომ შუაგულ ევროპაში ქართველ მომღერლებს პირველად უხსნიან ვარსკვლავს – ამაზე მეტი რა წარმატება და სახელი უნდა მოუტანოს ხელოვანმა თავის ქვეყანას?! ზუსტად იურმალის პერიოდს დაემთხვა ჩვენი ტურნე კახეთში. მართალია, შეიძლებოდა, ტურნესა და კონცერტების სულ რამდენიმე დღით გადადება, მაგრამ, ისევ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, ეს არ გავაკეთეთ და ჩვენს კახელ გულშემატკივრებს იმედი არ გავუცრუეთ.
რატი: მოკლედ, არ ღირდა ტურნეს ჩაშლა. მაგრამ, მინდა კიდევ, ერთხელ აღვნიშნო, რომ ქვეყნისთვისაც საამაყოა ეს ფაქტი.
მაკა: ჩვენმა სომეხმა მეგობარმა გვითხრა, ყველას ძალიან დასწყდა გული, იქ რომ არ იყავითო. აბსოლუტურად ყველა იყო ჩასული, მთელი მსოფლიოდან.
რატი: პროგრამაში წავიკითხე, რომ პირველ-მეორე ადგილებზე გასული კონკურსანტები მსოფლიო დონის ვარსკვლავებთან მღეროდნენ დუეტებს. ვისთან ვიმღერებდით, არ ვიცი, მაგრამ, ვისთანაც არ უნდა გვემღერა, ეს კიდევ ერთი წარმატებული ფურცელი იქნებოდა ჩვენს ბიოგრაფიაში და, გული მწყდება, რომ არ გამოვიდა. რასაც ვუყურე – კადრებს ინტერნეტში, ჯერჯერობით ასეთი მაღალი დონის კონცერტს, ასეთი დონის ღონისძიებას არ დავსწრებივარ. ეს იყო მაქსიმუმი, რაც შეიძლებოდა, იურმალის ფესტივალზე მომხდარიყო.
– სულ ამბობდით, რომ სცენაზე დგომა, მანერები, ყველაფერი იურმალაში ისწავლეთ...
მაკა: დიახ და ამის გამოც ძალიან მწყინს, რომ მთელი ეს გამოცდილება ვერ გავიზიარეთ და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გაკვეთილი ვერ გავიარეთ. ძალიან ბევრმა არ იცის, შიგნით რა ხდებოდა, როგორ ვერთობოდით, რამდენს ვმეცადინეობდით.
რატი: ასეთი ბალანსი, ასეთი რეჟისურა არ მინახავს. ძალიან სერიოზულ მასტერკლასებზე მოგვიწია უარის თქმა. მაგრამ, არა უშავს, ყველაფერი კახეთის კონცერტებზე აგვინაზღაურდა, რომლებმაც სრული ანშლაგით ჩაიარა. ხალხისგან იმხელა სითბო და სიყვარული ვიგრძენით, რომ სავსეები და ბედნიერები დავბრუნდით თბილისში. გადასარევი იქნებოდა, რომ ლატვიაშიც ჩავსულიყავით და, როგორც ჩვენი, ისე მთელი ჩვენი ქვეყნის დიდი გამარჯვება იქ გაგვეზიარებინა.
როგორც ჩემთვის ცნობილი გახდა, იურმალაში საქართველოდან მიწვეულები იყვნენ: დუეტი „ჯორჯია“ (2008 წელი. პირველი ადგილი), სოფო ხალვაში (2007 წელი მესამე ადგილი), ელეონორა გოგოლაშვილი (2009 წელი), სოფო ნიჟარაძე (ის 2005 წლის კონკურსზე რუსეთს წარმოადგენდა – მეშვიდე ადგილი) და მაია ყიფიანი, როგორც გამარჯვებულთა პროდიუსერი. რა ხდებოდა იურმალაში, ამის გასაგებად მაია ყიფიანს დავუკავშირდით – ერთადერთ ქართველს, ვინც ლატვიაში იმყოფებოდა.
მაია ყიფიანი: პირველ ყოვლისა, მინდა, მაკას და რატის მივულოცო ეს უდიდესი წარმატება. იურმალაში 10 წლის იუბილეზე როგორი საზეიმო სიტუაცია იყო, ხომ წარმოგიდგენიათ. ყველა ქვეყნის წარმომადგენლები იყვნენ ჩამოსული, საქართველოს გარდა და, ძალიან სამწუხაროა, რომ საქართველოს ვარსკვლავის გახსნაზე არავინ ჩამოვიდა. სომხეთის დელეგაცია იდგა ჩვენს ვარსკვლავთან და ისინი იღებდნენ ფოტოებს, ისინი გვგულშემატკივრობდნენ. ეს არ იყო პატარა ამბავი, შუაგულ ევროპაში ყოველ მეორე დღეს ვარსკვლავებს არ ხსნიან. მოკლედ, დაგვიფასეს ამდენწლიანი შრომა – „ახალ ტალღაზე” ქართველი კონკურსანტები ყოველთვის გამოირჩეოდნენ. ცოტა გაუგებრად მოხდა რატისა და მაკას მხრიდან უარის თქმა. ყველაფერი გამზადებული იყო: ბილეთები, სასტუმრო დაჯავშნილი, შერჩეული რეპერტუარი – „თბილისო” უნდა ემღერათ და, უცებ, მირეკავენ და მეუბნებიან, ვერ მოვდივართო. ორგანიზატორებისთვის ეს იყო უდიდესი შოკი და პირდაპირ თქვეს – ყველაფერი გასაგებიაო. ამიტომ, საკონკურსო დღეებში აღარავის დაუსვამს ზედმეტი კითხვები – რატომ არ არიან და სად არიანო. ჩემთვის გაუგებარი იყო მთელი ეს სიტუაცია. მართლა სასწაული ხდებოდა აქ, ზეიმი აჩუქეს მთელ მსოფლიოს. ყველა ქვეყნის წარმომადგენლები სიყვარულითა და სითბოთი უგზავნიდნენ მაკას და რატის მოკითხვებს.
– თქვენ, ალბათ, ათმაგად დაგწყდათ გული.
– რა თქმა უნდა. კონკურსამდე სულ ცოტა ხნით ადრე, მოსკოვში იყო საერთაშორისო კინოფესტივალი. საქართველოდან ფილმი ჰქონდა ლევან თუთბერიძეს ჩამოტანილი, იყვნენ შორენა ბეგაშვილი, გიორგი ზანგური. ყველამ გადასარევად მიიღო, პუბლიკამ ტაში არ დაიშურა. ვერ ვიტყვი, რომ შედევრი ჰქონდათ ჩამოტანილი, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, ნორმალური რეცენზიები დაიწერა და კარგად მიიღეს. ამაყი ვიყავი, როცა პრემიერის წინ დარბაზში ვიჯექი და ტაშით შეხვდნენ ქართულ მხარეს და, წარმოიდგინეთ, იურმალაში რა მნიშვნელოვანი იყო დუეტის ჩამოსვლა! ვარსკვლავს გიხსნიან და შენ არ ჩამოდიხარ: ჩემთვის ცოტა გაუგებარი არგუმენტია კახეთში გასტროლი. ეს მათი გადაწყვეტილებაა და, ალბათ, ფიქრობენ, რომ სწორადაც მოიქცნენ. მომეჩვენა, რომ ქვეყნის მიმართ ერთგულების ჟესტი უფრო იყო მათი არჩამოსვლა. მაგრამ, მეტი ერთგულება რა გინდა, როდესაც ევროკავშირში ვარსკვლავს გიხსნიან?! მათ ამით უკვე დაამტკიცეს თავიანთი ერთგულება ქვეყნის მიმართ. კიდევ ერთხელ მინდა, მივულოცო ყველას ეს გამარჯვება. ეს არ არის მხოლოდ რატისა და მაკას ტრიუმფი, ეს არის მთელი ჯგუფის: ბიძინა ბარათაშვილის, გია ჯოხაძის, ირაკლი კალაძის გამარჯვება. ჩვენ ყველას ერთად ევროპაში დაგვიფასეს შრომა და, იმედი მაქვს, საქართველოშიც დაგვიფასებენ ამას.