41 წლის ქალწული, კალათბურთელი „პელე“ და ავაზაკი მასწავლებელი
გასული საუკუნის სამოციანი წლების მიწურულს თბილისის ერთ-ერთი დახურული ტიპის სკოლა-ინტერნატში განსაკუთრებული შემთხვევა მოხდა: ინტერნატის საერთო საცხოვრებელში, სადაც პედაგოგ-მასწავლებლები ცხოვრობდნენ, ვიღაც ბოროტმოქმედმა ექვსი ქალი გააუპატიურა, რომელთა შორის ოთხი ქალწული იყო... იმ პერიოდისთვის ასეთი შემთხვევა იშვიათი იყო და, ბუნებრივია, არავის გაუხმაურებია. ამ დანაშაულის სასწრაფო გამოძიება კი ჩვენ, გენერალურ პროკურატურას დაგვავალეს.
სკოლა-ინტერნატში რთულად აღსაზრდელი 15-16 წლის მოზარდები სწავლობდნენ და ცხოვრობდნენ. ბუნებრივია, ეჭვი მათზე მივიტანეთ. ამიტომ, დაახლოებით 200-მდე მოზარდის თანამიმდევრულ დამუშავებას შევუდექით, პარალელურად კი, დაზარალებულებსაც ჩამოვართვით ჩვენებები.
ერთ-ერთმა დაზარალებულმა პედაგოგმა, რომელიც 41 წლის იყო და ქალწულობა ბოროტმოქმედის წყალობით დაკარგა, მითხრა:
– ის გარეწარი ნიღბით იყო და, ეტყობოდა, ხმაც შეიცვალა. როდესაც მაუპატიურებდა, დიდი წინააღმდეგობა გავუწიე და ასე დამემუქრა: თუ არ დამნებდები ბურთივით დაგამრგვალებ და უნიტაზში ჩაგტენი, როგორც პელე ტენის ბურთს კალათშიო. სულელი. პელე მას კალათბურთელი ეგონა.
– ქალბატონო, ეს ამბავი ვინმესთვის ხომ არ გითქვამთ? – ვკითხე ქალს და უარყოფითი პასუხი რომ მივიღე, ვუთხარი, – ჯერჯერობით არავისთან წამოგცდეთ და, გარწმუნებთ, სულ მალე ვიპოვით ავაზაკს.
დაზარალებულთან საუბრის შემდეგ მოზარდები ხელახლა დავკითხე და საუბრის დროს მათ შემპარავად ვეკითხებოდი, პელე ფეხბურთელია თუ კალათბურთელი-მეთქი, მაგრამ არავის შეშლია და ორასივემ სწორი პასუხი გამცა.
შემდეგ პედაგოგი მამაკაცებიც დავკითხე და შრომის ახალბედა მასწავლებელმა, რომელსაც სულ რაღაც ორი კვირის დაწყებული ჰქონდა მუშაობა, მითხრა, მაგარია პელე და მაგრადაც ტენის ბურთს კალათშიო...
ეს სიტყვები საკმარისი იყო და შრომის მასწავლებელი ისე „დავაკაჩავეთ“, რომ ათ წუთში ყველაფერი დაფქვა...
ქეში
ერთი ძალიან ცნობილი ქართველი მსახიობი ქალბატონის შვილიშვილი, ასევე ძალიან ცნობილი თბილისელი „ქეში“, ანუ მარიხუანას მომხმარებელი იყო. იმ პერიოდში მარიხუანას მოხმარებისთვის კანონით მხოლოდ ჯარიმა და მოსაწვევის კონფისკაცია იყო გათვალისინებული. იმ ყმაწვილს ხშირად ვაკავებდით, მარიხუანას ვარმთმევდით, ათ მანეთს ვახდევინებდით და სახლში ვუშვებდით. მორიგი დაკავებისას, ყმაწვილს მარიხუანა ჩამოვართვით, მაგრამ ფული არ აღმოაჩნდა. ამიტომ, სახლში დარეკა, ვიღაცას ელაპარაკა და სთხოვა, რომ ფული მოეტანა მილიციაში და ყურმილი რომ დაკიდა, მითხრა:
– ახლავე მოვლენ და ფულს მოიტანენო.
ყმაწვილი ქვევით ჩავიყვანე და საკანში ჩავსვი. ოთახში რომ მოვბრუნდი, იქ იმ ქეშის ბებია დამხვდა. მე არ ვიცოდი, ის ცნობილი მსახიობი იმ ბიჭის ბებია თუ იყო და გაოცებულმა ვკითხე:
– რით გემსახუროთ, ქალბატონო, აქ რამ მოგიყვანათ?..
ცნობილი მსახიობი მიხვდა, რომ მე არ ვიცოდი მისი და იმ ქეში ყმაწვილის ახლო ნათესაობის ამბავი. გაეცინა, ათი მანეთი მაგიდაზე დამიდო, შემდეგ პაპიროსი „ყაზბეგი“ ამოაცურა ჩანთიდან და სანამ გააბოლებდა, მითხრა:
– აი, ბატონო, ჯარიმას ვიხდი და შვილიშვილი გამატანეთ.
მე საფერფლე დავუდგი ქალბატონს, შემდეგ კაბინეტიდან გავედი, რომ შვილიშვილი საკნიდან ამომეყვანა. ხუთიოდე წუთის შემდეგ კი, იმ ქეშთან ერთად დავბრუნდი. კარი გავაღე თუ არა, მარიხუანას მძაფრი სუნი მეცა. ოთახი ძალიან გაკვამლული იყო, ცნობილი ქალბატონი კი გვიყურებდა და ხარხარებდა. აშკარად ეტყობოდა, რომ ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა... როგორც გაირკვა, ქალბატონს რომ სიგარეტი გათავებოდა, შვილიშვილის კომოდიდან ამოუღია „ყაზბეგი“, ის კი „შეკეთებული“ იყო და ასეთი რამ იმიტომ მოხდა.
იმ საღამოს, თეატრში იმ ქალბატონის მონაწილეობით გასამართი სპექტაკლი ჩაიშალა, რადგან ცნობილი მსახიობი ღრმა „კაიფში“ იყო და საავადმყოფოში იწვა. მისმა შვილიშვილმა კი ნარკოტიკებს თავი დაანება და დღეს ძალიან ცნობილი ექიმია...
პოლკოვნიკ ბორის გვილავას
ნაამბობის მიხედვით