კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ გადაარჩინა სიკვდილს საშინელი ავარიის დროს მამა გაბრიელმა მისი მავედრებელი ქალი და როგორ გაიარა ბერის საფლავთან ბიჭმა, რომელსაც გადაადგილება საერთოდ არ შეეძლო

„ბევრი რამ ახსოვს ამ სოფელს ტკბილ ენით ღაღადისი. ოქრო-მარგალიტს, დათაფლულს, აბნევდა პირი მისი. მიტომ ღირსებით შეიმკო, არცა რა შურდა სხვისი, ცისკენ წავიდა, ირჩია ციერთა საბრძანისი. ასეთი იყო გაბრიელ, ამ საუკუნის ბერი, მის სიმაღლეს და საგრობას დღეს ვერ შეწვდება ბევრი. იმედის ლოცვით უკაფავს ამაოების ტევრი. გვლოცავდეს ციდან მართალი კეთილი გაბრიელი“, – მთავარეპისკოპოსი თადეოზი (იორამაშვილი). 26 აგვისტო მამა გაბრიელის დაბადების დღეა, ბერის, რომელიც დღესაც, გარდაცვალების შემდეგ, სასოებით შეეწევა მასთან ნუგეშის, დახმარების მისაღებად მისულ ადამიანებს. ამიტომაც, სამთავროს დედათა მონასტერში, მამა გაბრიელის საფლავის მოსალოცად მისული ადამიანების რაოდენობა დღითი დღე უფრო იზრდება. ხილულად თუ უხილავად ყველა გრძნობს ამ საოცარი ბერის დიდ შემწეობას, რომელიც არასდროს არავის ტოვებდა უნუგეშოდ არც სიცოცხლეში და არც ახლა. გარდაცვალებამდე სინჯარაში აღებული მამა გაბრიელის სისხლი, რომლითაც დედა პარასკევა საფლავზე მისულ მომლოცველებს ლოცავს, დღემდე უხრწნელია. მის საფლავზე კი განუწყვეტლივ ანთია კანდელი, საიდანაც წაღებული ზეთით ადამიანები მძიმე სნეულებისგან იკურნებიან. ღვთისგან მინიჭებული მადლით მამა გაბრიელი დღესაც შეეწევა ცოდვილთ, უძლურთ და მათ სიყვარულით აღავსებს.

„ნურავის ეგონება, რომ სიყვარული მხოლოდ თანდაყოლილი ნიჭია. სიყვარული ისწავლება და უნდა ვისწავლოთ“
ოთარ ნიკოლეიშვილი: ვინც ყოფილა მცხეთის დედათა მონასტერში და იქ ლოცვა-კურთხევისთვის შესულა მეფე მირიანის კოშკში მცხოვრებ მამა გაბრიელთან, შესვლისთანავე შენიშნავდა მრავალ, მის მიერ ნაკეთებ და აღდგენილ ხატთან ერთად, მისივე ხელით დაწერილ და რამდენიმე ადგილას ჩარჩოში ჩასმულ წარწერებს: „ღმერთი არის სიყვარული“, „ერთმანეთის სიყვარული უნდა ვისწავლოთ“, „სიყვარული ისწავლება და ის უნდა ვისწავლოთ“. ასეთი წარწერები და კიდევ მეტი ხატი, მრავლად არის მისი ხელით აშენებულ ოთხგუმბათიან ეკლესიაში, რომელიც ადრეულ წლებში ააშენა ღვთის სადიდებლად თავის საკარმიდამო ნაკვეთში. გაბრიელ ბერს თითოეული საეკლესიო ნივთი და ხატი საოცარი შრომითა და წვალების ფასად აქვს მოპოვებული. შეუძლებელია, მამა გაბრიელის ყველა ღვაწლის ჩამოთვლა, რომელიც მას ხალხისგან დაფარულად ჰქონდა. ის გაურბოდა განდიდებასა და პატივს, ამიტომ სალოსის სახე აირჩია ღვთის სადიდებლად.
გაბრიელ ბერის მოღვაწეობის ორი მხარე
ოთარ ნიკოლეიშვილი: გაბრიელ ბერის მოღვაწეობა ორ ნაწილად იყოფა: პირველი, როდესაც ის აქტიური ქმედებებით გამოდიოდა მონასტრის გარეთ, ხალხში და საზოგადოების თავშეყრის სხვადასხვა ადგილებში. ეს იყო პერიოდი, როდესაც გარეგანი შეფასებით იფიქრებდი, რომ ღვინოს სვამდა ღვინოსთვის, ესე იგი ღვინის ვნებით და სიყვარულით (სინამდვილეში ეს იყო მისთვის უდიდესი ტანჯვა). ამ დროს ის ბევრისთვის იყო თავზარდამცემი, ბევრისთვის – გიჟი, სულელი, ლოთი, გარყვნილი. ის ყველა ღონითა და საშუალებით ინადირებდა ადამიანის სულებს. ასეთ დროს უსაშველოდ მძიმე იყო მის გვერდით ხალხში ყოფნა. ყველა ერიდებოდა და ხშირად შეშინებულნი გაურბოდნენ. უმეტესად კი, მის მიმართ იყო დამცინავი და აბუჩად ამგდები დამოკიდებულება. არავინ იცოდა, დაფარული ღვაწლითა და საკუთარი თავის შეურაცხყოფით, უკიდურესი დამცირების ხარჯზე, გაბრიელ ბერი ვის რა განსაცდელსა და მოსალოდნელ უბედურებას აშორებდა. ის მონასტერშიც აქტიურად მოქმედებდა. მისი ხმა, გამოთქმები, უჩვეულო ქმედებები, კოშკთან ახლოს გაშლილი პატარა ტაბლები და ღვინის სმა, კუბოში წოლა და იქიდან ყვირილი, ლანძღვა-გინება, ძნელად ასატანი იყო მონასტრის წევრებისთვის. ვგრძნობდი, რომ მონასტრის იღუმენიას – დედა ქეთევანს ძალიან უყვარდა მამა გაბრიელი, ასევე მონასტრის ყველა წევრს, მაგრამ ამ დროს ვერავინ უძლებდა მას. ყველა ერიდებოდა მასთან შეხვედრას.
მისი მოღვაწეობის მეორე მხარე სრულიად განსხვავებული იყო. ამ დროს არათუ მონასტრის გარეთ, არამედ თავისი სენაკიდანაც იშვიათად გამოდიოდა. სულ ერთთავად თავის სენაკში მჯდომი აკეთებდა ხატებს, რაც მისი ძირითადი ხელსაქმე იყო. ხშირად ასეთ ხატებს გადაყრილი გაზეთებიდანაც აგროვებდა (ამბობდა: საერო გაზეთებში ხატების ბეჭდვა დიდი დანაშაულიაო). ასევე, თავისი ხელით ჭრიდა თუნუქის კოლოფებს, ასწორებდა, ასუფთავებდა, შემდეგ ფიგურებს უკეთებდა და ჩარჩოს სახით კრავდა. ნარჩენ მინებსაც აგროვებდა, თვითონ ჭრიდა და ხატებს კრავდა. საკვებს თითქმის არ იღებდა. ეს პერიოდი, დაახლოებით, სამი, ოთხი, ხუთი თვე გრძელდებოდა. იმ დროს, სხვებისგან მირთმეულ სასმელს იქვე, მოფარებულში ინახავდა, მაგრამ არაფერი აკლდებოდა. ბევრ საუბარსაც ერიდებოდა. ჩუმად ყოფნა ერჩია, მაგრამ, როდესაც რამეს ეკითხებოდნენ, ყველას სიყვარულით პასუხობდა და განსაკუთრებულად ეფერებოდა. იმდენად საყვარელი იყო, მონასტრის წევრები და მასთან მიმსვლელი სულ მის გვერდით ყოფნას ცდილობდნენ. ყველასთვის დაყუდებული ბერის მაგალითს წარმოადგენდა. მისგან მხოლოდ სიყვარულის მზე იფრქვეოდა. ასეთ პერიოდში ძალიანაც რომ გეთხოვა, მონასტრიდან არ გავიდოდა. მამა გაბრიელის ნაწილი თვისებებიდან შეიძლება ითქვას: 1. გაბრიელ ბერი იყო სიმართლის მთქმელი და უპირველეს ყოვლისა, შიში, სიყვარული და მორჩილება ჰქონდა ღვთისა; 2. მან არათუ ყველას აზრები იცოდა, არამედ იცოდა აღსარების საიდუმლოც; 3. იყო გულთამხილველიც; 4. ფლობდა სხვის ასამოქმედებელ ძალას – როცა ჩვენ არ გვინდოდა რამის გაკეთება, მაინც ვაკეთებდით და შემდეგ კმაყოფილნი ვრჩებოდით; 5. მასთან ყოფნა მისი საუბრების გარეშეც იწვევდა სინანულსა და სიყვარულს; 6. ჰქონდა უდიდესი სიბრძნე და თავმდაბლობა და ხშირად იტყოდა: „ქრისტე ღმერთი სიბრძნითა და თავმდაბლობით იცნესო“; 7. აშკარად დათმობილი ჰქონდა უმრავლესი ადამიანური მოთხოვნილებები. მისი შემყურე ადამიანების უმეტესობა აღიარებდა, რომ მისი უნარი ადამიანურ შესაძლებლობებს ბევრად აღემატებოდა (და თითქოს მხოლოდ ფიზიკურად იმყოფებოდა დედამიწაზე); 8. გაბრიელ ბერის არც ერთი მოქმედება არ გამომდინარეობდა საკუთარი ვნებებიდან; 9. თვითონ მცირედის მიმღებსაც შეეძლო ეხარა სხვისი დაპურებით; 10. მისთვის მირთმეულსა და შეწირულს საერთო სიყვარულს ანდომებდა ან გაჭირვებულს მთლიანად უთმობდა; 11. ურწმუნო სისხლით ნათესავებზე მეტად აფასებდა და პატივს სცემდა მორწმუნე, ეკლესიურ ადამიანებს და თუ რამე ჰქონდა, – უფრო მეტად მათთვის. აღიარებდა სახარებიდან ცნობილს და საქმითაც გვიმტკიცებდა – მისი ძმები და დები იყვნენ მის გვერდით მყოფი მორწმუნენი; 12. გაბრიელ ბერთან მისული სულით გრძნობდი, რომ მის ყოველ შენიშვნასა და სასჯელს წინ უსწრებდა მამობრივი სიყვარული, რის გამოც ყველას მის გვერდით ყოფნა სურდა.
26 აგვისტო – ბერი გაბრიელის დაბადების დღე
დედა პარასკევა: ჩვეულებრივ, იქნება საღამოს ლოცვა, წირვა და შემდეგ პანაშვიდი – მამა გაბრიელის დაბადების, მისი ანგელოზის ხსენების დღის აღსანიშნავად ყოველთვის ასე ხდება, იმ დიდი საჩუქრის სამადლობლად, რომელიც მამა გაბრიელმა ქართველ ხალხს დაუტოვა. 26 აგვისტოს ძალიან ბევრი ადამიანი მოდის საფლავზე. სპეციალურად ამთხვევენ, რომ მოილოცონ, ზეთი წაიღონ და მამა გაბრიელს უფრო მეტი დახმარება, შემწეობა სთხოვონ. მამა გაბრიელი საკუთარ დაბადების დღეს არასდროს გამოარჩევდა, სამაგიეროდ, გამოარჩევდა ხოლმე ანგელოზის დღეს, რადგან ეს დღე წმიდა მამების დღესასწაულია. დაბადების დღეს ჩვენ თუ არ მივიდოდით, და მივულოცავდით, ისე თვითონ არაფერს იტყოდა. პატარა ხატებს ვჩუქნიდით და ის თავის სენაკში კიდებდა. ხატები განსაკუთრებულად უყვარდა. მამა გაბრიელის მთელი ცხოვრება განსაკუთრებული შემთხვევებით იყო სავსე. ერთი-ორს ვერც გამოარჩევ. თვითონ უდიდესი სიყვარულით იყო სავსე და ჩვენც გვასწავლიდა: ერთმანეთი გიყვარდეთ, გადაირჩინეთ სული, ბევრი სიკეთე აკეთეთ, რომ თქვენმა გაკეთებულმა სიკეთემ გადაგარჩინოთო, – სულ ამას ამბობდა. როცა საჭირო იყო, ანუ, როცა ეს ადამიანის სულის გადარჩენას ეხებოდა, სიმკაცრესაც იჩენდა, მაგრამ ამას ყოველთვის სიყვარულით აკეთებდა. ადამიანების საოცრად დიდი მოყვარული იყო, თავს იმდაბლებდა იმისთვის, რომ სხვები გადაერჩინა. როდესაც მონასტერში მივედი, შევამჩნიე, რომ მამა გაბრიელთან ძალიან ბევრი ადამიანი მოდიოდა, მისგან ლოცვა-კურთხევას იღებდნენ. მეც ჩვეულებრივ მივედი, ლოცვა-კურთხევა ავიღე. მონასტერში ძალიან ცოტა ხალხი იყო, მაგრამ საქმე – ბევრი. მამა გაბრიელი ჩემზე ამბობდა, ახლა ეს როგორ უნდა დაბრუნდეს ხალხში, არ ჯობია, აქ იყოსო... ჩემს გასაგონად სულ რაღაცას ამბობდა. მაშინ ჯერ არ მქონდა მონასტერში დარჩენა გადაწყვეტილი, მაგრამ მამა გაბრიელის სიტყვებმა ძალიან იმოქმედა ჩემზე და დავრჩი მონასტერში. მამა გაბრიელთან ურთიერთობისას, საოცარ მადლს, ლოცვის დიდ ძალას ვგრძნობდი. შემდეგ მამა გაბრიელის მომვლელად დამნიშნეს... მაშინ მორჩილი ვიყავი, მე როგორც შემეძლო, ისე ვეხმარებოდი მამა გაბრიელს – ხან წყალი მიმქონდა მასთან, თუ რამის გაკეთებას მთხოვდა, იმასაც ვაკეთებდი. როდესაც მამა გაბრიელი შეუძლოდ გახდა, მონასტერში ძროხები გვყავდა, მე ამ ძროხების სამწყემსოში ვიყავი. როდესაც დავბრუნდი, მითხრეს, რომ მისი მომვლელი ვიქნებოდი. წინა დღეს სიზმარი ვნახე, უფალი გამომეცხადა და მეუბნება – აბა, როგორ მოუვლი ჩემს წმიდანსო. როცა დავბრუნდი სამწყემსურიდან, მეუფე დანიელი და მონასტრის იღუმენია საუბრობდნენ, რომ საჭირო იყო მამა გაბრიელისთვის მომვლელი და ეს მე უნდა ვყოფილიყავი. ისე გამიხარდა, მაშინვე მამა გაბრიელთან გავიქეცი – ვუთხარი, თქვენს მომვლელად დამნიშნეს-მეთქი. ახლავე ღვთისმშობელს ვთხოვ, დახმარებასო, – მითხრა. ასე დავრჩი მამა გაბრიელთან მომვლელად. მამა გაბრიელი არ იყო ცუდი ხასიათის, უბრალოდ, პასუხისმგებლობა იყო ძალიან დიდი. ვცდილობდი, არ გამჭირვებოდა. თუ გამიჭირდებოდა, მაშინ ღვთისმშობელს ვთხოვდი დახმარებას და ყოველთვის მეხმარებოდა. ძალიან ხშირად მოდიოდნენ სტუმრები, კითხვებს უსვამდნენ, მეც იქვე ვიჯექი. მამა გაბრიელი კი სახარებისეულ მცნებებს ქადაგებდა. ეს იყო საოცრება, ასეთი არაფერი მომისმენია არასდროს. ჩაწერას ვფიქრობდი, მაგრამ კალამი უძლური აღმოჩნდა იმ სიტყვების ჩაწერისას – ვცადე და არ გამომივიდა. მხოლოდ რამდენიმე სიტყვა ჩავიწერე: „თქვენ ბოლო ჟამის ადამიანები ხართ, ანტიქრისტეს მოესწარით. ბოლო ჟამის ადამიანებს უფალი მოსთხოვს, ღვთისა და ადამიანების სიყვარულს. ვინც ამას შეინარჩუნებს, ისინი გადარჩებიან. ღვთის სიყვარულის გამოხატულება, ეს არის ადამიანისთვის ეკლესიური ცხოვრება აღსარებისა და ზიარების გზით. ადამიანის სიყვარულის გამოხატულება, ეს არის მათთვის მარადიულად სიკეთის ქმნა“. მამა გაბრიელი გულისა და გონების აზრებს კითხულობდა, წინასწარმეტყველების ნიჭით იყო დაჯილდოებული. მე ამ ფაქტს ვაფიქსირებდი, მაგრამ შინაგანად რომ შემეცნო, ეს არ ხდებოდა. მხოლოდ იმას ვხვდებოდი, მამა გაბრიელი როგორ საოცრად კითხულობდა გულისა და გონების აზრებს, დაფარულთა მცნობელი იყო. მამა გაბრიელთან ურთიერთობის დროს მეგონა, მთელი სამყარო ასე ცხოვრობდა. რომ გარდაიცვალა, მერე აღმოვაჩინე, რომ ის განსაკუთრებული ადამიანი გახლდათ. სიცოცხლეში ისე იქცეოდა, რომ შეუძლებელი იყო, ამას მიმხვდარიყავი. ზოგჯერ სალოსობდა და ამ დროს ადამიანებს უყვიროდა, ამხილებდა, ხან ტიროდა, რომ მათ სინანული გასჩენოდათ და დაბრუნებოდნენ მართლმადიდებლობას. გარდაცვალების წინაც საქართველოზე, ქართველ ხალხზე ფიქრობდა. ერთხელ მშიერი იყო, წვნიანი გავუკეთე, ერთი კოვზი მოსვა და მითხრა, ჩემი საქართველოს სიყვარული საჭმელში როგორ გავცვალოო და ისიც არ შეჭამა. მამა გაბრიელი სამი თვის განმავლობაში საშინელ ტკივილებს განიცდიდა. წამალს არ იღებდა, ამბობდა – ცოდვებზე ვფიქრობ, სხვა არაფერზეო. ექიმმა თქვა, ასეთ ტკივილს ვერავინ გაუძლებს, გარდა მამა გაბრიელისაო. საოცარი სიმტკიცით ითმენდა ტკივილებს, ღვთის სიყვარულითა და ადამიანების სიყვარულით, რომ ისინი ღმერთს შეეწყალებინა. მამა გაბრიელის გარდაცვალებამდე სამი დღით ადრე, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის პარაკლისი წავიკითხე და მისი გამოჯანმრთელება ვთხოვე. იმ საღამოს სიზმარში ღვთისმშობელი ვნახე, სახით მაცხოვრისკენ იდგა. მითხრა: სამ დღეში მოვალ და მამა გაბრიელს სრულიად განვკურნავ, შენ არ ინერვიულოო. გამეღვიძა, გამიკვირდა, თუ მამა გაბრიელი განიკურნებოდა, რატომ უნდა მენერვიულა. სიზმარი მას ვუთხარი. ნაღვლიანად შემომხედა და არაფერი თქვა. სიკვდილის წინ მთელ საქართველოს ოთხივ კუთხივ ჯვარი გადასახა, დალოცა ყველა და გარდაიცვალა... საოცარი ის იყო, რომ მისმა გარდაცვალებამ სიმძიმე კი არ დატოვა, არამედ საოცარი სიმსუბუქე და სიყვარული – გარდაცვალების ნეტარება, შობისა და აღდგომის სიხარული და არა შიში.
სიცოცხლეში და სიკვდილის შემდეგ აღსრულებული სასწაულები
დედა პარასკევა: ერთხელ, როდესაც ფეხს ვბანდი, მითხრა: უფალმა შენს თვალთაგან საიდუმლოება დაფარაო. ვერაფერს მივხვდი, დავიბენი და ვთხოვე, აეხსნა. თუა საჭირო, უფალი მიგახვედრებსო, – მიპასუხა. მოგვიანებით მივხვდი ყველაფერს. მას ფეხები ჰქონდა საოცრად ფაფუკი, ოდნავ სხვანაირი მოყვანილობის, ძალიან ნაზი, ვარდისფერი კანით – ჩვილ ბავშვებს რომ აქვთ, ანგელოზებს, რომ ხატავენ, ისეთი ფორმის. ერთხელ მამა გაბრიელთან მოვიდა ცოლ-ქმარი, ისინი დიდი ხნის შეუღლებულები იყვნენ, მაგრამ შვილი არ ჰყავდათ. ექიმების დიაგნოზით – არც ეყოლებოდათ. მამა გაბრიელმა ორივე დააჩოქა, დალოცა და უთხრა: წმიდა იოანე ნათლისმცემელს სამი პარაკლისი გადაუხადეთ და გეყოლებათო. კარში რომ გადიოდნენ, ქალმა მოიხედა, ნეტავ, დედობის ღირსი თუ ოდესმე გავხდებიო, – გაიფიქრა. წლისთავზე შვილი გეყოლებათო, დაამშვიდა მამა გაბრიელმა. თუ ბიჭი მეყოლება, თქვენს სახელს დავარქმევო. თამარ მეფე ქალი იყო, მაგრამ ვისზე ნაკლები იყოო, – მიუგო ბერმა. წლისთავზე მათ გოგონა შეეძინათ და ჩვილი მარიამი მამა გაბრიელს დაალოცვინეს.
ერთხელ ბერთან ახალგაზრდა გოგონა მოვიდა, სახლში დიდი არეულობა გვაქვს, ერთმანეთს ვეჩხუბეთო. მამა გაბრიელმა უთხრა: შენს სახლში უნდა წავიდეთო. ამ დროისთვის მისი ძმა სახლიდან იყო გაქცეული. მამა გაბრიელი შევიდა თუ არა მათთან ოჯახში, ძმამ კარი შემოაღო – რაღაც ძალამ მომიყვანაო. „ხატებთან მისულმა ბერმა ხელები ასწია, ლოცვა დაიწყო, დავინახე, როგორ გაბრწყინდა ღვთისმშობელი, სხივებმა თითქოს ცეცხლის ალში გახვია ბერი“, – იხსენებს გოგონა, – „მამა გაბრიელმა დაამთავრა ლოცვა და წავიდა. მივედი ხატებთან, სანთელი რომ ამენთო, ვხედავ, სანთელზე ჯადოა გაკეთებული. მაგრამ ბერის ვედრება იმდენად ძლიერი იყო ღვთისადმი, რომ ჯადო ძირფესვიანად გაცამტვერდა. იმ დღის შემდეგ ჩემს ოჯახში საოცარმა სიმშვიდემ დაისადგურა“. მამა გაბრიელი გარდაცვალების შემდეგაც არ ტოვებს ქართველ ხალხს, ყველას ეხმარება, ვისაც გადარჩენა უნდა. ყოველდღე საფლავზე უამრავი სასწაული, კურნება აღესრულება, ისეთი, რომლის გაგება ადამიანისთვის შეუძლებელია. ყველანაირი საოცრება ხდება მამა გაბრიელის საფლავთან – მატერიალურად, ფიზიკურად, სულიერად ეხმარება ადამიანებს, რომ მათ დაინახონ ღვთის ძალა და გადარჩნენ. არ მინახავს ადამიანი, რომელმაც ზეთი წაიღოს, მამა გაბრიელს სთხოვოს დახმარება და არ შეეწიოს. საფლავზე ძალიან ბევრი უცხოელი, სხვა სარწმუნოების ადამიანი მოდის, იკურნებიან და მერე უჩნდებათ სურვილი, შეიცნონ მართლმადიდებლობა და დაადგნენ ამ გზას. მე სულ ვგრძნობ მამა გაბრიელის დახმარებას, ის რომ არ მეხმარებოდეს, შეუძლებელია, აქ რაიმეს გაკეთება, რადგან უამრავი სირთულე და პრობლემაა. მაგრამ, ყველაფერი მამა გაბრიელის ლოცვით გვარდება. როცა ძალიან მიჭირს, ყოველთვის ვთხოვ შეწევნას, თუმცა, ისედაც, ჩვეულებრივ, ყოველთვის შემეწევა.
ოთარ ნიკოლეიშვილი: ალბათ, ყველას გახსოვთ, შარშან მუცოს ხეობაში დატრიალებული საშინელი ტრაგედია, რამაც რამდენიმე ადამიანის სიცოცხლე შეიწირა – 10 მგზავრიდან 7 დაიღუპა. ამ ამბიდან რამდენიმე დღეში მცხეთაში მამა გაბრიელის საფლავთან მივედი, სანთლის ანთების დროს შატილში მომხდარი ტრაგედია გამახსენდა და უფალს გარდაცვლილთა შემწეობა ვთხოვე. მოგვიანებით, ქალბატონმა ეთერ მრევლიშვილმა მითხრა, რომ ამ ტრაგედიის დროს გადარჩენილი სამი ადამიანიდან, ორს მამა გაბრიელისთვის უთხოვია დახმარება. მაშინვე ვინახულე ერთ-ერთი გადარჩენილი – თეონა ჭინჭარაული, რომელმაც ეს ამბავი მომიყვა. ის ავტომობილში მძღოლის უკანა სავარძელზე იჯდა. როდესაც ავარია მოხდა, მან გონება დაკარგა და გონს რომ მოვიდა, მანქანა უკვე მდინარეში იყო, წყლით ივსებოდა. ხელში შვილი ეჭირა, რომელსაც მაღლა სწევდა, წყალი რომ არ მისწვდომოდა. ამ დროს ხმამაღლა იყვირა, – მამა გაბრიელ, მიშველეო და გონება დაუკარგავს. როგორც ყვებოდა, წამებში ყველაფერი წყალს დაუფარავს, თვითონ კი საკუთარ სხეულს ზემოდან დაჰყურებდა. ხედავდა, როგორ იძირებოდა. არ ახსოვს, მანქანიდან როგორ გადმოვიდა, მხოლოდ ის ახსოვს, რომ როდესაც ქვებს ეხეთქებოდა, ტკივილისგან გონს მოდიოდა და მაშინვე მამა გაბრიელს სთხოვდა დახმარებას. მოულოდნელად, მდინარე გათეთრებულა და ამ სინათლეს მდინარის პირზე გაუყვანია. გონს რომ მოვიდა, ხელებით ბალახს ებღაუჭებოდა, ფეხები კი ქვებში ჰქონდა გაჭედილი. ცოტაც და მდინარე წაიღებდა, მაგრამ ამ დროს მისმა სიძემ ხელი გაუწოდა და ამოიყვანა... 2009 წელს გამოვეცი წიგნი, რომელსაც ჰქვია „ღვთაებრივი სასწაულები და კურნებანი“. ამ წიგნში შესულია მასალები, რომლებიც კიდევ მეტად დააფიქრებს მკითხველს მამა გაბრიელის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე, მის უდიდეს სიყვარულზე და იმ სასწაულმოქმედ ძალასა და მადლზე, რომელიც, ღვთის შეწევნით განსაცდელში მყოფ მრავალ ადამიანს უდიდეს შვებას ანიჭებს.
„ჩემი შვილი, ტატო ჰიდროცეფალიითაა დაავადებული. სამშობიაროდან გამოყვანის შემდეგ, პატარა ტატო 3 თვის განმავლობაში გამუდმებით ტიროდა. ექიმები მუცელსა და ყურზე მკურნალობდნენ მაშინ, როდესაც თავის ქალის გახსნის პროცესი მიმდინარეობდა (მშობიარობის დროს თურმე ექიმებს ხელიდან გაუვარდათ). ტატოს პირველი ოპერაცია 4 თვის ასაკში გაუკეთეს, თავის ქალიდან ხერხემლამდე ხელოვნური ორგანო ჩაუდგეს, მაგრამ აქაც არ გაუმართლა პატარას. მოხდა ქირურგიული შეცდომა და ხელოვნური ორგანო მარჯვენას ნაცვლად, მარცხენა მხარეს ჩაუდგეს. განმეორებითი ოპერაცია მესამე დღესვე გახდა საჭირო. დღემდე ტატომ 5 ოპერაცია გადაიტანა, ოთხჯერ ხერხემლიდან აუღეს სითხე. ბავშვს არათუ სიარული, ცოცვაც არ შეეძლო. მხოლოდ ეტლით დაგვყავდა. ტატოს თავში წარმოქმნილმა კისტამ კატასტროფული სისწრაფით იწყო ზრდა, დააწვა ტვინს და დიდი ადგილი დაიკავა. ამან განავითარა ეპილეფსია. დღეში 20-25-ჯერ ემართებოდა გულყრა. ექიმები გვეუბნებოდნენ, თქვენს შვილს არაფერი ეშველებაო. ასეთ მდგომარეობაში ვიყავით, როდესაც გავიგეთ, მცხეთაში მამა გაბრიელის საფლავზე საოცარი კურნებები რომ აღესრულებოდა. მე და ჩემმა მეუღლემ ვირწმუნეთ, რომ იქ გვეშველებოდა. გულში ეჭვადაც არაფერი გაგვივლია მამა გაბრიელის ზეთის სამკურნალო თვისებების გამო. ვიცოდით, რისთვისაც მივდიოდით და გვწამდა. როცა მცხეთაში მივედით და საფლავს მივუახლოვდით, ჩემს შვილს მოუსვენრობა დაეტყო. ინვალიდის ეტლში აღარ ჩერდებოდა, საფლავთან მიახლოებას გვთხოვდა. ამოვსვით ეტლიდან და ტატო, თავის ცხოვრებაში პირველად, დამოუკიდებლად, მუხლებზე ხოხვით მიუახლოვდა საფლავს. ჯერ ხელები დააწყო ზედ, მერე კი შუბლით ემთხვია და ასე, მლოცველის პოზაში იჯდა კარგა ხანს. ეს იყო პირველი სასწაული. დავბრუნდით სახლში. სამი დღის შემდეგ ბავშვი დამოუკიდებლად, ახალფეხადგმულივით ლოჯიიდან საძინებელში გავიდა. რაც ჩვენ განვიცადეთ, ამას ენით ვერ აღწერ – ეს იყო საოცრად დიდი სასწაული. საფლავიდან წამოღებულ ზეთს დილა-საღამოს შუბლსა და მუხლისთავებზე ვაცხებთ ჯვრის ფორმით, როგორც ზეთის მოხმარების წესში წერია. ტატოს მდგომარეობა უკეთესობისკენ იცვლება, ისწავლა მოფერება, კოცნა, კარს ღიას ვეღარ ვტოვებთ, სახლიდანაც გვეპარება და ორი სართულით დაბლა ჩადის. ჩვენი ოჯახის წევრები და ნათესაობა უაღრესად მადლობლები ვართ ღვთისა და მამა გაბრიელის“, – გოგიტა მურცხვალაძე, ქობულეთი, სოფელი ციხისძირი.
„სამი წლის წინ ჩემს ძმას თავში ავთვისებიანი სიმსივნე ჰქონდა. ორივე თვალში მხედველობა დაკარგა და გონებაც დაუქვეითდა. წავიღეთ მამა გაბრიელის ზეთი, თავზე ვუსვამდით და ძლიერი ტკივილები მომენტალურად უყუჩდებოდა. ორი კვირის შემდეგ ოპერაცია გავუკეთეთ. აღმოჩნდა, რომ ოპერაციის დროს სიმსივნე აღარ ჰქონდა. არადა, მანამდე ოპერაციას არ უკეთებდნენ, აზრი არ აქვსო. ხელიც მოგვაწერინეს, რომ პასუხს არ აგებდნენ. გვეუბნებოდნენ, ისეთი ტკივილები უნდა ჰქონდეს, ვერ უძლებდესო. ჩვენ კი ორი კვირის განმავლობაში წამალი არ დაგვილევინებია, მხოლოდ მამა გაბრიელის ზეთს ვუსვამდით. დღეს ჯანმრთელად და კარგად არის“, – გულნარა ღანიაშვილი, თბილისი.

скачать dle 11.3