თამაში ბედთან
გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ ¹14-33(555)
ნიკას არასდროს უყვარდა დედის წინაშე თავის მართლება. ყოველთვის განსაკუთრებით მძიმედ განიცდიდა მასთან ასეთ საუბარს, რომელიც დაკითხვას უფრო ჰგავდა. შეეძლო, გულგახსნილი ყოფილიყო დედასთან. ყველაფერი მოეყოლა მისთვის, მაგრამ, არა ასეთ სიტუაციაში. როცა დედისგან შეფარულ აგრესიას გრძნობდა, ყელში თითქოს ბურთი გაეჩხირებოდა და, არათუ ლაპარაკის, სულის მოთქმის საშუალებასაც არ აძლევდა. კიდევ, აუხსნელი სიჯიუტეც სძლევდა – რადაც უნდა დასჯდომოდა, პირი არ გაეღო და ერთი სიტყვაც არ ეთქვა. ამ შემთხვევაშიც ზუსტად ასე მოხდა. თვალებში შესცქეროდა დედას და დუმდა, თან საკუთარ თავზე მოსდიოდა ბრაზი. ისიც ვერ მოახერხა, რომ მარიკა გაეცილებინა.
– ნიკა, ნუ გაჯიუტდები, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ვიცოდე, სად და როგორ გაიცანი ეგ გოგო. ნიკა, ჩუმად ნუ ხარ, უნდა ვიცოდე-მეთქი, გესმის? ხმა ამოიღე, პატარა აღარ ხარ. უნდა გესმოდეს, რომ ეს ჩემი კაპრიზი არ არის.
– ჰო, კაპრიზს ნამდვილად არ ჰგავს. ჟანდარმივით იქცევი.
ქალმა თავზე იტაცა ხელები:
– რატომ არ გინდა, ჩემი გაიგო?
– მინდა, მაგრამ, შენ არ მაძლევ ამის საშუალებას. რა დაგემართა, დედა, რა ხდება? ტრადიციების მსხვერპლად უნდა მაქციო? რა გგონია, სად გავიცანი? საუნაში და ბორდელში ნამდვილად არა. თუმცა, შენნაირი ცივილიზებული, თავისუფლად მოაზროვნე ქალისთვის ამასაც კი არ უნდა ჰქონდეს მნიშვნელობა.
– არც აქვს, იმ გაგებით, რა გაგებითაც ეს შენ იგულისხმე.
– მართლა? მაშინ, უფრო გასაგებად მითხარი, ხომ ხედავ, რომ მე ასეთი მიხვედრილი არ ვარ.
– ნიკა, მომისმინე… – ქალმა ხელჩანთიდან სიგარეტი ამოიღო და გააბოლა, – ძალიან ვნერვიულობ.
– ჰო, ვხედავ. სახლში ხომ იშვიათად ეწევი. თუმცა, მაინც იმავეს გეტყვი: თუ მნიშვნელობა არ აქვს, სად გავიცანი, რატომღა ნერვიულობ?
– შენთვის ამის თქმა არ შემიძლია. ისიც კი დამიმალე, რომ პოლიციაში მუშაობს.
– არ დამიმალავს. შენ ეს არ გიკითხავს. თანაც, პოლიციაში კი არა, გამომძიებლის თანაშემწედ მუშაობს მთავარ სამმართველოში. სწორედ მისი სამსახურებრივი საქმიანობიდან გამომდინარე გავიცანი. შენ კი, მაინც ვერ გავიგე, რა გინდა. ახლა შეგიძლია, დამშვიდდე.
ქალი შესამჩნევად გაფითრდა:
– ესე იგი, სამსახურებრივი საქმიანობიდან გამომდინარე… და, უნდა დავმშვიდდე?
– ჰო. ნუ გეშინია, კრიმინალი არ ვარ, არაფერი დამიშავებია, უბრალო შემთხვევითობა იყო. მგონი, გითხარი კიდეც, მანქანა გავაფუჭე-მეთქი. აი, მაშინ გავიცანი.
– ტყუილი არ შეგიძლია. ყოველთვის ვხვდები, როცა მატყუებ. შენ თქვი, რომ შემთხვევით საგზაო ნიშნის ძელს გამოედე. ასეთ შემთხვევებზე გამომძიებლის თანაშემწეები არ დადიან, რადგან მატყუებ, ესე იგი, რაღაც მნიშვნელოვანი და სერიოზული იყო.
ნიკას ნერვებმა უმტყუნა:
– იცი, რა?! ამ ბოლო დროს მეჩვენება, რომ ბრალმდებლის გვერდით ვცხოვრობ და არა დედის. ჩემს ყველა სიტყვას ეჭვით უყურებ, მაკვირდები და ისეთი წვრილმანებით ინტერესდები, გაოგნებული ვარ.
– წვრილმანია, ჩემს შვილს გამომძიებელი რომ შეუყვარდა?
ნიკას აღშფოთებისა და გაოცებისაგან თვალები გაუფართოვდა:
– დედა, რა შუაშია ამ შემთხვევაში მისი პროფესია? გეხვეწები, სიმართლე მითხარი, რა გემართება?
ქალი მიხვდა, რომ გადააჭარბა:
– არაფერი. უბრალოდ, შევშინდი. იქნებ მომატყუე, როცა მითხარი, რომ მანქანით, შემთხვევით გამოედე ბოძს? იქნებ, რამე სერიოზული მოხდა და ეს გოგო დაგეხმარა?!
– ჰო, კაცი გავიტანე და მარიკამ ეს ამბავი დამალა. დედა, დაფიქრდი, რას ლაპარაკობ!
– არ ვიცი, არ ვიცი... თან, ისე მალავდი, მის საქმიანობას...
– არ ვმალავდი, არა! არ გიკითხავს-მეთქი! თუმცა, არ ვიცი, რატომ, მაგრამ, დარწმუნებული ვიყავი, რომ არ გაგიხარდებოდა.
– რატომ?
– არ ვიცი. პირდაპირ მითხარი, რომ ჩემი ბედნიერების წინააღმდეგი ხარ! შენში მესაკუთრემ გაიღვიძა. ეგოისტი დედის სინდრომი – აი, რა არის მთავარი მიზეზი და, ტყუილად ცდილობ, რაღაც აბსურდული მიზეზები დამისახელო. მარიკა ვერ აიტანე და ვერ აიტანდი ვერავის, ვინც მის ადგილას იქნებოდა – ეს ასეა და უარყოფას აზრი არა აქვს. გირჩევნია, დამკარგო, ვიდრე სხვა ქალს გაუყო ჩემი თავი…
– ნიკა, ამას ნუ ამბობ. მე შენი დაკარგვა არ მინდა.
– მაშინ, შეეცადე და როგორმე აჯობე შენს ეგოიზმს! – ნიკას დედისთვის არ შეუხედავს, ოთახიდან გავარდა და კარი გაიჯახუნა.
***
დევიმ გვამთან ჩაიმუხლა და თავზე წამომდგარ თემოს, მარიკას და ვახოს ქვემოდან ამოხედა.
– მდაა... ისეთ კოლექტიურ ცხოველს, როგორიც ადამიანი ბრძანდება, სოციუმთან ურთიერთობის დასარეგულირებლად საუკეთესო საშუალება გააჩნია – ეს სამართლიანობის განცდა გახლავთ. თუმცა, ამავდროულად, ეს იარაღია, რომელსაც მავანნი და მავანნი კარგად იყენებენ. ესეც მეოთხე… კიდევ დააგვიანდა, ხომ იცი? რაო, რა მოხდაო?
თემოს ისეთი სახე ჰქონდა, ყველაფერს რომ უთქმელად მიხვდებოდი.
– ეჰ, ფაქტობრივად, ინსტინქტებს აყოლილი, ჩვეულებრივი პირუტყვები ვართ, მაგრამ, ოთხფეხებისგან განსხვავებით, საკუთარი დანაშაულის სხვაზე გადაბრალება შეგვიძლია. ესეც თვითგადარჩენის ინსტინქტია და არ უნდა გაგვიკვირდეს. არც უნდა გავიოცოთ. რას იზამ, ასეთია ღმერთის საუკეთესო ქმნილება, ბუნების გვირგვინი – ადამიანი.
– საქმეს მიხედე, რა! – გამოსცრა თემომ და სიგარეტი ნერვიულად მოფშვნიტა ხელისგულში, – რა მოგივიდა, შეგიძლია, თქვა?
დევი გარდაცვლილს ჩააშტერდა:
– ჭრილობა და სისხლი რომ არსად ჩანს, თქვენც კარგად ხედავთ. სავარაუდოდ, გული გაუჩერდა. უფრო ზუსტად გაკვეთის შემდეგ მეტყვი.
– იქნებ, მოწამლეს? – თავისი მოსაზრება გამოთქვა ვახომ, – ესეც ხომ შესაძლებელია?
დევიმ ხელები გაშალა:
– იმიტომაც გითხარით, გაკვეთის მერე გეტყვით-მეთქი. მხოლოდ გარეგანი დათვალიერებით, მარტო იმის თქმა შემიძლია, რომ გვამს ძალადობის ნიშნები არ აღენიშნება, ვინ იპოვა?
– დამლაგებელმა ქალმა, – სწრაფად მიუგო ვახომ, – უკვე დავკითხე. ძალიან ტირის და განიცდის – ამბობს, ძალიან კარგი კაცი იყოო. ყველაფერს კარგად მიხდიდა და ძალიანაც არ მტვირთავდაო.
– ხომ არ გაუშვი?
– სად გავუშვი?
– ანუ, სად არის ახლა ეგ ქალი?
– ქვემოთ, პირველ სართულზე, დამხმარე პერსონალისთვის განკუთვნილ ოთახში.
თემომ დევის მხარზე დაადო ხელი:
– გჭირდები? ჩავალ, დაველაპარაკები.
– კი ბატონო, როგორც გინდა. მე დიდი დრო აღარ დამჭირდება. გვამს ფოტოები უკვე გადაუღეს? დადგენილია, ვისი გვამია?
თემომ თავი გადააქნია.
– ნუ გადამრევ! ამ წუთში ვახოს რაზე ველაპარაკებოდი? სახლის პატრონია. ქალაქში საკმაოდ ცნობილი პიროვნება.
– გვარი არა აქვს მაგ ცნობილ პიროვნებას?
– როგორ არა, მაგრამ, შენთვის რა მნიშვნელობა აქვს? ვახტანგ ჩილაჩავაა. ბიზნესმენი. ახალ დროებას კარგად მოერგო. ადრე ცოტა ბნელი წარსული ჰქონდა, მაგრამ, ხომ იცი, ყველაფერი იყიდება და რეპუტაცია – მით უმეტეს. საქმე აშკარად გვირთულდება. ოთხი მკვლელობა და არც ერთი გახსნილი, თუ, რა თქმა უნდა, პირველს, სერგი ბერაძეს არ ჩავთვლით, რომლის მკვლელობაში ეჭვმიტანილი ქალბატონი, უკვე დაპატიმრებულია. ჰო, მართლა, სასამართლო იყო?
– მგონი, გადაიდო, აღარ დავინტერესებულვარ. ახვლედიანს კი არაფერი უთქვამს.
თემომ გვამს დახედა:
– მაინც, რა გგონია, გული რამ გაუხეთქა?
– შენ რა სულსწრაფი ხარ, გაკვეთის გარეშე როგორ გითხრა? ჯერ იმაშიც არ ვარ დარწმუნებული, რომ გულით არის მკვდარი. საღამომდე უნდა დამაცადო.
– ძალიან ბევრ დროს ხომ არ ითხოვ?
დევიმ წაუსტვინა:
– სასამართლო ექსპერტიზა თამაში არ არის. მე ჩემი საქმე მაქვს, შენ – შენი.
წაიღონ გვამი პროზექტურაში და მივხედავ.
თემომ ამოიოხრა:
– ახლა ამაზე ატყდება ერთი ამბავი. დღესვე გავა სიუჟეტი საინფორმაციო გამოშვებაში. მეტისმეტად ხმაურიანი ფიგურაა, რომ მისი მკვლელობის ამბავმა უხმაუროდ ჩაიაროს.
– ჯერ მკვლელობაზე ლაპარაკი ნაადრევია, იქნებ, თავისი სიკვდილით მოკვდა ეს კაცი? – „დააიმედა” დევიმ.
– წავიდეთ, იმ ქალს დაველაპარაკოთ. მარიკა, შენ და ვახომ უზრუნველყავით, ჟურნალისტებმა იმაზე ადრე არ შემოყონ აქ ცხვირი, ვიდრე საჭიროა.
დამლაგებელი შუახანს გადაცილებული, სანდომიანი გარეგნობის ქალი იყო. აშკარად ადგილობრივი. თვალებზე შერჩენილი სიწითლე მოწმობდა, რომ იტირა. თემო რომ დაინახა, მაშინაც ამოისლუკუნა.
– ძალიან შემეცოდა საწყალი! მაგიტომ ვეუბნებოდი ხოლმე საცოდავს, თქვენს ასაკში მშვიდი ცხოვრება უფრო სასარგებლოა-მეთქი.
თემომ ყურადღება დაძაბა. ქალის ნათქვამი საგულისხმოდ მოეჩვენა.
– ეგ რას ნიშნავს? სვამდა და აყალ-მაყალს ტეხდა? – გაიღიმა ნაძალადევად და ქალს საშუალება მისცა, ალაპარაკებულიყო.
– ისა... რა ვიცი… აბა, მე რა უფლება მქონდა, მისთვის ჭკუა დამერიგებინა, ერთი სოფლელი ქალი ვარ, თანაც, კარგის მეტი, არაფერი მახსოვს მისგან.
– თქვენ აქ ყოველდღე ერთსა და იმავე დროს მოდიოდით?
– ჰო, გასაღები მქონდა, ვალაგებდი ხოლმე. როცა მისი ცოლი ჩამოდიოდა, კერძებსაც ვამზადებდი. თუმცა, ზოგჯერ არც მივდიოდი.
– მოიცა, ეგ როგორ…
ქალი უხერხულად აიწურა:
– რა ვიცი, უნდა ვთქვა? კარგის მეტი არაფერი მახსოვს და…
– ქალბატონო, იცით, აქ რატომ ვარ და ვინ ვარ?
ქალმა თავი დაუქნია:
– მე არ გამოგიძახეთ?!
– თქვენ პატრული გამოიძახეთ, თუმცა, ამას მნიშვნელობა არ აქვს. შეიძლება, აქ რაღაც მოხდა და თქვენ უნდა დაგვეხმაროთ სიმართლის გარკვევაში.
– სასწრაფო რომ მოვიდა, უკვე მკვდარი იყო და… მერე პატრულმაც თქვენ დაგირეკათ.
ერთად მოვიდნენ. ისე შემეშინდა…
– გავიგე, თქვენ სასწრაფო გამოიძახეთ – ამას უკვე მივხვდი. შემთხვევით მის ცოლს ან ოჯახის რომელიმე წევრს ხომ არ დაურეკეთ?
– არა. უნდა დამერეკა? – შეშფოთდა ქალი, – რა თქმა უნდა, უნდა დამერეკა, როგორ ვერ მოვიფიქრე! მერე პატრულმა აღარ დამარეკინა – მოიცადეთო. ეს როგორ დამემართა?!
– არაფერი დაგიშავებიათ, დამშვიდდით, ყველაფერი სწორად გააკეთეთ. თქვენ ხომ აქაურობას ალაგებდით?
– დიახ.
– მოდი, ყველაფერი გულახდილად მითხარით – ძალიან არეული სახლის დალაგება გიწევდათ ხოლმე?
ქალი შეყოყმანდა და გაწითლდა:
– როგორ გითხრათ, აბა… მე უბრალო ქალი ვარ, ყველას თავისი ცხოვრება აქვს. ვერავის დაარიგებ ჭკუას. ეტყობა, ფული რომ აქვს კაცს, მერე სხვა სურვილები უჩნდება, სხვა გატაცებები, თორემ, ამ ოჯახს დიდი ხანია, ვიცნობ, ისე კარგად ცხოვრობდნენ ერთად. ზაფხულობით ამოდიოდნენ, ბავშვი ამოჰყავდათ. მერე, გეგონება, გაიბუტნენ და ერთმანეთის დანახვა აღარ უნდათო – ყველა ცალ-ცალკე ამოდის: ხან შვილი, ხან დედა, უფრო ხშირად კი – ესა…
– თანაც, მარტო არა… ხომ მართალია? – მრავალმნიშვნელოვნად ჩაურთო გამომძიებელმა.
ქალი ისევ გაწითლდა:
– ჰო, მარტო არა… – დაუდასტურა უხალისოდ, – მერე ერთბაშად გაუხარდა, – მაინც ყველაფერს გაიგებთ და ჩემს გაჩუმებას რა აზრი აქვს? ეგრე იყო, უსირცხვილო გოგოები ამოჰყავდა და ერთობოდა.
– უსირცხვილო გოგოები? – თემოს უნებლიეთ გაეღიმა, – ანუ, საყვარელი ჰყავდა? მეგობარი ქალი?
– ჰო, ახლა ასე ეძახიან მაგას – მეგობარი. რა ვიცი, მეგობრობა ჩვენ ეგრე არ გვესმოდა, თანაც, ამდენი ერთად? მრცხვენია, ვერ ვიტყვი, რას ვპოულობდი ხოლმე იატაკზე.
– კარგი, გასაგებია. კიდევ რისი თქმა შეგიძლიათ?
***
...მარიკამ ვახოს სახელოზე დაქაჩა:
– მგონი, დროა, ბატონ თემურს დავუძახოთ. ამას თუ კომენტარი არ გაუკეთეთ, აქედან არ წავლენ. გვამია პროზექტურაში გადასატანი. ჭიშკარს რომ გავაღებთ, ისეთი თავდასხმა იქნება, ვერაფრით გავუმკლავდებით.
– ჰო. გაგიჟდება კიდეც პაპავა, – დაუდასტურა ვახომ და გოგოს საწყლად გაუღიმა, – აბა, რა უნდა ვქნათ?
– რაც გითხარი – კომენტარის გარეშე ვერ გადავრჩებით.
– სასწრაფოს პერსონალი რატომ დაგავიწყდა? – შეახსენა მარიკამ, – ეს ტიპი ქალაქში საკმაოდ ცნობილი პიროვნებაა. ყველას ვერ აუკრძალავ ლაპარაკს, ასეთი ამბები ძალიან სწრაფად ვრცელდება. მოკლედ, მიდიხარ პაპავასთან და ეუბნები თუ მე ავიდე?!
– ავალ, ვეტყვი. თუმცა, მგონი, ქვედა სართულზე იმ დამლაგებელს ჰკითხავს.
ვახომ ამოიოხრა და ზანტად გაემართა დავალების შესასრულებლად. მარიკამ მექანიკურად დაიხედა საათზე, თვითონაც არ იცოდა, რატომ და უცებ ნიკასთან დალაპარაკება მოუნდა. ლამის მობილურიც კი ამოიღო ჯიბიდან და, მისკენ ჩქარი ნაბიჯით მომავალი თემო რომ არა, ამას აუცილებლად გააკეთებდა.
– მარიკა, დევისთან ადი და უთხარი, დაუჩქაროს, მე ამათ დაველაპარაკები. არავითარი ხმაური. ისღა გვაკლია, მთელი მისი სამეგობრო და საძმაკაცო აქ მოგვადგეს. ოჯახის წევრებზე აღარაფერს ვამბობ.
– ოჯახის წევრებს მაინც ვერ დავუმალავთ ამ ამბავს, – გაუკვირდა მარიკას.
– არა, რა თქმა უნდა, მაგრამ, სასურველია, ეს რაც შეიძლება გვიან მოხდეს. ყოველ შემთხვევაში, ვეცადოთ.
– გავიგე. წავალ დევისთან.
თემომ მარიკას შეხედა:
– არა, მოიცადე. გამომყევი. იმათთან პირისპირ მარტოდ დარჩენის პერსპექტივა ძალიან არ მხიბლავს, მაგრამ, არც ერთი სიტყვა, ხმა არ ამოიღო, კარგი?
***
დათომ რამდენჯერმე ამოყვინთა წყლიდან, კისერი ლამის მოეღრიცა გასახდელებისკენ ცქერით, მერე სწრაფად მოუსვა მკლავი, წინ წასულ ნიკას წამოეწია და დაუძახა:
– მგონი, რაღაც ხდება.
ნიკას არც გამოუხედავს მისკენ. დათომ მკლავი მოუსვა, მის ბილიკზე გადავიდა და მოცურავეს ქვემოდან მოექცა. ნიკა გაცეცხლდა:
– გაგიჟდი? რატომ არ მაცდი, რა დაგემართა? ხომ იცი, ისედაც რა დღეში მაქვს ნერვები?
– ბიჭო, რაღაც ხდება. ერთი იქით გაიხედე.
ნიკა ბილიკების გამყოფ თასმას მოებღაუჭა და იქით გაიხედა, საითკენაც დათო უთითებდა.
– გავიხედე. მერე?
– ეე, შენ მგონი, სულ დაგაბრმავა იმ გოგომ.
ნიკა გამწარდა, თავში სტაცა ხელი, ძალით ჩააყოფინა წყალში და რამდენიმე წუთი მაგრად ეჭირა. დათომ ძლივს მოითქვა სული:
– გააფრინე? ბიჭო, ჯერ პატრულები მოცვივდნენ, ახლა სასწრაფოს ექიმებიც „შელაგდნენ” ერთმანეთის მიყოლებით. წამოდი, გავიგოთ, რა ხდება. ბიჭებიც ყველანი იქ არიან.
– ეგ შენი ცნობისმოყვარეობა ერთხელაც შარს გადაგყრის.
– ცნობისმოყვარეობა რა შუაშია, ვერ ხვდები, რომ რაღაც წესრიგში არ არის?
– აუ, შენ რა ტიპი ხარ, გამაგიჟებ, რა! მე წავალ, იქნებ ბომბია შენობაში.
დათომ ხელი ჩაიქნია და აუზის კიდისკენ გაცურა. ნიკაც უხალისოდ გაჰყვა. გასახდელთან შეგროვილი ადამიანების ჯგუფი ძლივს გაარღვიეს, მაგრამ შიგნით შეხედვა მაინც ვერ მოახერხეს.
– რა მოხდა, რა ამბავია? – ვეღარ მოითმინა დათომ და იქვე მდგარ ცურვის ინსტრუქტორს სახელოზე დაქაჩა. ქალმა შეწუხებული, დაბნეული მზერა მიაპყრო:
– ცუდად გახდა, საწყალი. რა კარგი ბიჭია, შემეცოდა.
– მოიცა, კაცო, ვინ შეგეცოდა? ან ცუდად ვინ გახდა?
– აი, ის მაღალი, ცისფერთვალება, ლამაზი... აბა, რა მოუვიდოდა, ამისთანა ამბავი მიახალეს… – ქალმა თავი მწუხარედ გადააქნია და იქაურობას მოშორდა.
დათო ნიკასკენ შებრუნდა:
– შენ რამე გაიგე? მე – ვერაფერი. ზურა, რა მოხდა, შენ მაინც გვითხარი, – ახლა თანაგუნდელს ჩააფრინდა დათო.
– მიშას მამა დაიბრიდა, ტო, გიჟს ჰგავს მიშა. მაგრად დაგვაფეთა ყველა.
ცუდად გახდა. სასწრაფო დასჭირდა.
– მოიცა, მოიცა, ვახტანგა დაიბრიდა? ნაღდად? რანაირად, ტო, სამაგისო რა სჭირდა, რო?!
ზურამ ხელები გაშალა.
– აბა, მე რა ვიცი? აგარაკზე უპოვიათ დაბრედილი. პატრულმა მარტო ის თქვა, ჯერ-ჯერობით, კონკრეტულად ვერაფერს გეტყვითო…
– მეტი კონკრეტული რაღა გინდა, მომკვდარა კაცი, – გადაირია დათო, – ვინმემ ხომ არ დაბრიდა, ტო!
– გითხარი, არაფერი ვიცი-მეთქი. სიმართლე არ დაიმალება, მაგასაც გავიგებთ. მაგრამ, მიშასთვის, ალბათ, სულერთია.
დათომ შუბლზე მიირტყა ხელი:
– აუ, რა მამა მოუკვდა?! რა ეშველება, ტო, სამსახური მაინც ჰქონდეს!
– შენ მიშაზე ნუ დარდობ, საკმარისი დაუტოვა მამამისმა. არა უშავს, ბოლოს მაინც ყველა კვდება, – ცივად ჩაილაპარაკა ნიკამ.
– შენ რა, სულ არ გეცოდება? – გაიცინა დათომ.
– გააჩნია – ვინ. მიშა, რა თქმა უნდა, მეცოდება. მაინც მშობელი იყო და, ბუნებრივიცაა, ასე რომ განიცდის. რაც შეეხება მამამისს, განსაკუთრებულ სიმპათიას რომ, არასდროს ვგრძნობდი მის მიმართ, ეს შენც იცი. რამდენჯერ მითქვამს, ეგეთი ტიპები აბსოლუტურად მიუღებლები არიან ჩემთვის-მეთქი.
– ჰო, მაგრამ, ფული ჰქონდა კაცს და ისე ცხოვრობდა, როგორც მოეხუშტურებოდა. მთავარია, რომ ძუნწი არ იყო.
ნიკამ კარგად ვერ გაარჩია დათოს სიტყვები. რაღაცას ფიქრობდა. მოღუშული და წარბშეკრული იდგა და ქვედა ტუჩს იკვნეტდა.
– მე წავედი, როგორმე მიშა უნდა ვნახო. ახლა სჭირდება მაგას ჩვენი თანადგომა. შენ რას იზამ?
ნიკას თვალები აენთო, მეგობარს მკლავში ჩააფრინდა და ისე მაგრად მოუჭირა თითები, რომ დათომ ლამის იყვირა:
– მაგარი გიჟი ხარ. ახლა რაღა გაგახსენდა?
– მარიკა, ბიჭო… მარიკა…
– მარიკა? მარიკა რაღა შუაშია. ვერაფერი გავიგე.
– წუხელ ხომ დაურეკეს. რომ წამოხტა და გავარდა, იქნებ, ამ საქმესთან აქვს რამე კავშირი?
– რა კავშირი? იმის თქმა გინდა, რომ ვახტანგი დაბრიდეს და მარიკა იძიებს მაგ საქმეს?
– მარიკა კი არა, თემო. დაგავიწყდა, ვისი თანაშემწეა.
დათომ ისევ შემოირტყა ხელისგული.
– აუ, თემო როგორ დამავიწყდა! მაგარი ხარ. ახლავე წავალ. გავიგებ, რა მოხდა, სინამდვილეში.
– მიშას რომ სჭირდებოდა შენი თანადგომა, ეგ უკვე დაგავიწყდა?!
– არა. სიმართლეს რომ გავიგებ მამამისის სიკვდილის შესახებ, ეგ თანადგომა არ იქნება?! გადამრევ მე შენ…
– არ ვიცი, არ ვიცი… მე ეს ამბავი ნაკლებად მაინტერესებს. უბრალოდ, მიკვირს, ასე პირდაპირ რომ მიდიხარ თემოსთან. შენ არ გამაცანი მარიკა?
დათომ მხარში მოჰკიდა ძმაკაცს ხელი და გვერდზე გაათრია. ნიკა არ გასძალიანებია.
– რა?! ბიჭო, აქაურობა პატრულებით არის სავსე.
– პატრულები რა შუაშია? – გაეღიმა ნიკას, – რა ვთქვი ისეთი?
– სახელები ხომ ახსენე? ეს საკმარისია, – ჩურჩულზე გადავიდა დათო, – მოიცა, რატომ არ უნდა მივიდე თემოსთან? მე მისთვის არაფერი დამიშავებია.
– კარგი, შენ არ თქვი, მაკა სახლიდან წამოვიდაო?
– მერე, მე რა შუაში ვარ? მაგათ იჩხუბეს, ჩვენ კი არა! მაინტერესებს და რა ვქნა?
– გეუბნები, ეს ცნობისმოყვარეობა დაგღუპავს.
– შენ ვითომ არ გაინტერესებს, არა? – თვალები მოჭუტა დათომ, – გგონია, დავიჯერე?
– რატომ უნდა მაინტერესებდეს, არ მესმის. მოკვდა ადამიანი. ეტყობა, საამისო მიზეზი იყო. პრინციპში, რაც გინდა, ის ქენი. მე ახლა მარიკას ნახვაზე ვფიქრობ.
– დათოსთან რომ მივალ, მარიკასაც ვნახავ. რა პრობლემაა, ვეტყვი, რომ გინდა, დაგირეკოს.
– ნუ შეწუხდები, საჭირო არ არის, მე თვითონ დავურეკავ. ახლა კი სახლში წავალ. დღეს საღამოს დედაჩემი მიდის და უნდა გავაცილო.
– მიდის? კარგია. ცოტას ამოისუნთქებ, თავისუფლად…
– შენ არაფერი გესმის და ნუღარ დამელაპარაკები ამ თემაზე, კარგი?
– კარგი. მერე მაინც არ მოხვალ, რომ მიშას მიუსამძიმრო?
– აუცილებლად, მაგრამ, ჯერ ცოტათი ჩაწყნარდეს სიტუაცია. არც პატრულთან ლაპარაკი მინდა და არც აქტიური მონაწილეობა ამ ყველაფერში. მე წავედი შენ კი ისე არ ქნა, ცნობისმოყვარეობამ კისერი მოგატეხინოს…
– კარგი ერთი, რა კისერი, რას იგონებ, არც ასეა საქმე. დათოსთან მივალ და, უბრალოდ შევეკითხები, რა მოხდა. იქნებ, ტიპს თავისმა სიკვდილმა უწია და სულ ეგ არის? თან, იმასაც გავიგებ, მარიკა რატომ გაგვექცა – მართლა საქმე ჰქონდა თუ დედაშენისგან და შენგან უნდოდა თავის დახსნა.
ნიკამ ვეღარ მოითმინა და მეგობარს ყელში სწვდა:
– მე შენ ხომ გაგაფრთხილე, მარიკაზე ერთი გადაბრუნებული სიტყვა არ დაძრა-მეთქი. გაგაფრთხილე, თუ არა?!
–კარგი, კარგი, ცუდი არაფერი მითქვამს. რა, დაგემართა? დედაშენს რომ გულზე არ ეხატება გამომძიებელი სარძლო, ფაქტია. თანაც, რამდენჯერ უნდა გაგიმეორო: მე გაგაცანი ეგ გოგო და პასუხისმგებლობას ვგრძნობ-მეთქი.
– ეგ დაივიწყე. გავიცანი და მორჩა. შეიძლებოდა, უბრალოდ, ქუჩაში გადავყროდი, დამენახა და შემყვარებოდა, მაგრამ, რას გიხსნი, შენ ხომ წარმოდგენა არ გაქვს სიყვარულზე!
– რადგან არავინ მიყვარს, იმიტომ? ასეც არ არის საქმე, – ჩაიცინა დათომ, როცა იგრძნო, რომ ნიკას თითები ყელზე მარწუხებივით აღარ უჭერდა – ესე იგი, ცოლადაც მოიყვან.
– ეგ მარტო ჩემი გადასაწყვეტი არ არის. ნუ გეშინია, შენ არ გამოგაპარებ, – ნიკამ პირსახოცი აიღო და დათოს ზურგი შეაქცია.
– მოგვიანებით დაგირეკავ. მარიკას რა გადავცე, არაფერს დამაბარებ? – მაინც მიაძახა მიმავალს, მაგრამ ნიკა აღარ შემობრუნებულა.
***
ახვლედიანის კაბინეტში ისეთი სიჩუმე იყო, კონდიციონერის ზუზუნი გრუხუნად ისმოდა. თათბირს მხოლოდ დევი აკლდა. სახლიდან ნაჩქარევად წამოსულ ახვლედიანს ყოველთვის საგულდაგულოდ დავარცხნილი თმა ახლა აჩეჩილი ჰქონდა და დაჟინებით აშტერდებოდა თანამშრომლებს – სათითაოდ და თანაბარი ხანგრძლივობით. თემო თავდახრილი იჯდა და თითებით სიგარეტის გაუხსნელ კოლოფს აწვალებდა. ახვლედიანი რატომღაც გააღიზიანა მისმა ამ უწყინარმა ქმედებამ და მოულოდნელად, სრულ სიჩუმეში იყვირა:
– ჩემს ნერვებზე თამაშობთ, არა?
მარიკას უნებლიეთ გაეღიმა ამ უადგილო ყვირილზე და, ახვლედიანს რომ არ შეემჩნია, სახეზე ხელები აიფარა.
– პაპავა, შენი დღევანდელი კომენტარი რას ნიშნავდა? ან მე რატომ არ შემითანხმეთ? ვახტანგ ჩილაჩავა ვიღაც ვიგინდარა და მაწანწალა არ არის. რა იყო, ჟურნალისტებს რომ უთხარი, გარდაცვლილის ვინაობას ვადგენთო და თავი მოიჭერი? იმათ უნდა ეთქვათ, ვისი გვამი იყო სახლში?
– ბატონო გიორგი, ვისი გვამი იყო სახლში, მე ეს ძალიან კარგად ვიცოდი, მაგრამ, ზედმეტი ხმაურის ატეხა არ მინდოდა.
– ყოჩაღ! და, ფიქრობ, რომ ხმაური არ აგიტეხავს? იცი, რა ამბავია? ჩემი ტელეფონები არ ჩერდება. რატომ უნდა ვილანძღებოდე შენი დაუფიქრებელი კომენტარებისა და ალოგიკური გადაწყვეტილებების გამო? გეკითხები, რატომ?
– გერჩივნათ, მეთქვა, რაც იყო?
– რა იყო? კაცი საკუთარ აგარაკზე იპოვეთ მკვდარი.
– აბა, საიდან მოიტანეს, ვახტანგ ჩილაჩავა მოკლესო?
– არ ვიცი, ჟურნალისტების ფანტაზიებზე პასუხისმგებელი ვერ ვიქნები.
– ჯერ დაზუსტებით არაფრის თქმა არ შემიძლია. სანამ გაკვეთის შედეგები და ექსპერტიზის დასკვნა არ მექნება. ყველაფერი ძალიან ჰგავს ბუნებრივ სიკვდილს. მკვლელობის მუხლით ძიებას ვერ დავიწყებ.
ახვლედიანმა თავზე იტაცა ხელები:
– ჯოჯოხეთია თქვენთან მუშაობა! ეს მერამდენე გაუხსნელი მკვლელობა იქნება, პაპავა? მეოთხე, ხომ?
– ნოდარ დევიძის მკვლელობას თუ ისევ მე გადმომაწერთ, მაშინ – მესამეა. სერგო ბერაძის საქმე ხომ გავხსენით წარმატებით?!
ახვლედიანი გაწითლდა:
– აი, ეგ შენი ირონია, ძალიან უადგილოა, პაპავა. კიდევ კარგი, რომ გავხსენით, თორემ, ახლა აქ არც შენ იქნებოდი და არც მე.
– იქნებ, ეს უკეთესიც კი ყოფილიყო, – ჩაილაპარაკა თემომ.
– რა თქვი? – ფანჯარასთან მისული ახვლედიანი სწრაფად შემობრუნდა და გამომძიებელს მიაშტერდა.
– არაფერი. იქნებ, უკეთესი იქნებოდა, სიგარეტი მომეწია-მეთქი.
– ცინიკოსი ხარ შენ, პაპავა, და ჩემთან ასეთი დამოკიდებულება ძალიან უარყოფითად აისახება, შენს კარიერაზე. საერთოდ, რა დამოკიდებულებაა, ვერ გავიგე. ერთი გუნდი არ უნდა ვიყოთ? გეკითხებით, ერთი გუნდი არ უნდა ვიყოთ? სად არის თქვენი გუნდური მუშაობის პრინციპი და სად არის ამდენ ხანს ექსპერტიზის პასუხი? ახლა რომ მინისტრმა დამირეკოს, რა ვუთხრა – ჯერაც ვერ დაგვიდგენია მოკლეს ჩილაჩავა თუ ძილში გაიპარა-მეთქი? გინდათ, მომხსნას და საერთოდ გამაგდოს სისტემიდან? ყველას რომ წინ წაგიმძღვარებთ, ეგ თუ იცით?! ასე, ყველა ერთ ჭკუაზე როგორ ხართ? იცით, ქალაქში ჭორი დადის, სერიული მკვლელი გამოჩნდაო.
– ეგ სრული აბსურდია. არანაირი სერიული მკვლელი არ არსებობს, – თქვა მარიკამ, – არც ერთი ეს შემთხვევა არ ჰგავს ერთმანეთს. სერიული მკვლელების ხელწერა არ იცვლება. აქ კი ოთხივეჯერ განსხვავებულ შემთხვევასთან გვაქვს საქმე. ჩილაჩავას მკვლელობა ხომ, საერთოდ გამონაკლისია. თუკი საერთოდ იყო ეს მკვლელობა.
– ესე იგი, ძილში გაპარულა ჯანმრთელი, საღ-სალამათი კაცი, – ამოიოხრა ახვლედიანმა, – პაპავა, შენი მობილური რეკავს…
– მაჩაბელია, პროზექტურიდან რეკავს, ალბათ.
– მერე, უპასუხე, რაღას ელოდები? ალბათ, გაკვეთის პასუხი უნდა მოგახსენოს…
გაგრძელება შემდეგ ნომერში