კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ აღმოჩნდა ქუთაისელი ქალის საფლავში იმპერატრიცა ალექსანდრა ფეოდოროვნას ალმასი

„ესმერალდა“
– მოხუცო, მითხარი, სად გაქვს დამალული ალმასი, თორემ ნელ-ნელა ამოგხდი სულს, – უთხრა მაუზერიანმა ახალგაზრდამ რკინის საწოლზე დაგდებულ, გასისხლიანებულ, მდუმარე მოხუცს.
– სტიოპა, მე მგონი, მივაგენი, – გამოსძახა მაუზერიანს მეორე ოთახიდან მისმა მეგობარმა და ნელ-ნელა შევიდა საძინებელში. ორივე ხელით მას მოცისფრო-მოყვითალო ალმასი ეჭირა, რომელიც თვალისმომჭრელად ელვარებდა ჭაღის შუქზე.
მანამდე უხმოდ მყოფი მოხუცი მყისიერად გარდაიქმნა. საწოლიდან მარდად წამოხტა და ოთახში შემოსულს ალმასი წაართვა, მაგრამ მაუზერიანმა მას პისტოლეტის ტარი ჩაარტყა კეფაში და ძირს დასცა. შემდეგ ალმასს დასწვდა და თქვა:
– ესაა „ესმერალდა“. წავიდეთ!
მაუზერიანმა მოხუცს ორი ტყვია დაახალა თავში და მეგობართან ერთად სახლიდან გავიდა.
მოკლული მოხუცი რუსეთის იმპერატორის, რომანოვების მეჭურჭლე ანტონ დაშკოვი იყო. მეფის გადადგომისა და მისი ოჯახის განადგურების შემდეგ, დაშკოვს მეფის ოჯახის რამდენიმე პირადი ნივთი ჩაუვარდა ხელში. მათ შორის იყო ორმოცდათხუთმეტკარატიანი უნიკალური ალმასი „ესმერალდა“. ეს ძვირფასი ქვა იმპერატრიცა ალექსანდრა ფეოდოროვნას ინდოელმა მაჰარაჯამ უსახსოვრა და მას ყელსაბამში ატარებდა.
„ჩეკა“ რამდენიმე წლის განმავლობაში უშედეგოდ ეძებდა „ესმერალდას“ და მათ რამდენჯერმე დაშკოვიც დაკითხეს, მაგრამ მოხუცმა მოახერხა თავის დაძვრენა და „ჩეკისტები“ გააცურა. თუმცა ბოროტმოქმედებმა მაინც მოახერხეს ალმასის გატაცება და 1923 წლის 16 მაისს „ესმერალდა“ დაშკოვის ბინიდან დაიკარგა. შემთხვევის ადგილზე მისულ „ჩეკისტებს“ მოხუცის ბინა გადაბრუნებული დახვდათ. ისინი მიხვდნენ, რომ საქმე „ესმერალდას“ ეხებოდა. იმავე ღამეს მდინარე მოსკოვის ერთ-ერთ არხში სევასტიან კოლბინის ცხედარი აღმოაჩინეს. კოლბინი მძარცველ-რეციდივისტი იყო. ჯიბეში მას დაშკოვების ბინიდან წამოღებული ოქროს ბეჭედი და მედალიონი აღმოუჩინეს. მასაც, ისევე, როგორც დაშკოვს, თვეში ორი ტყვია ჰქონდა მორტყმული. „ჩეკისტები“ მიხვდნენ, რომ ის თავისმა მეგობარმა მოკლა და „ესმერალდა“ გაიტაცა.
„ჩეკისტები“ კოლბინის მკვლელის და ალმასის გამტაცებლის ძებნას შეუდგნენ, მაგრამ მისი ვინაობის დადგენაც კი ვერ შეძლეს და ერთი წლის შემდეგ, 1924 წლის მაისში ეს საქმე „ჩეკას“ არქივს გადაეცა.
დაკარგული კვალი
„ესმერალდას“ ისტორია კარგა ხნის მივიწყებული იყო და ამ საარქივო საქმეს მტვრის სქელი ფენა ედო, როდესაც, 1943 წლის მარტში, „მურში“ მოქალაქე ანტილოვი გამოცხადდა და გამომძიებელთან სასწრაფოდ შეხვედრა ითხოვა. საველი ანტილოვს, მოსკოველ იუველირს, დედაქალაქში იმპერატორ ნიკოლოზ მეორის ოჯახის ძვირფასეულობის ექსპერტად იცნობდნენ. 75 წლის იუველირი უბადლო სპეციალისტი და უპატიოსნესი ადამიანი იყო. ის მაიორმა მურაშკომ მიიღო.
– რამ შეგაწუხათ, საველი კარპოვიჩ? – ჰკითხა იუველირს მაიორმა.
– „ჩეპეა“, მაიორო, – თქვა შეწუხებულმა იუველირმა, – მთელი ღამე არ მძინებია, ერთი სული მქონდა, აქ მოვსულიყავი.
– რატომ, რა მოხდა?
– რა და, წუხელ ჩემთან ახალგაზრდა კაცი მოვიდა და ძვირფასი ქვის შეფასება მთხოვა. როცა ქვა მიჩვენა, კინაღამ გული გამისკდა – მას ხელში „ესმერალდა“ ეჭირა.
– ეგ რაღაა? – მხრები აიჩეჩა მურაშკომ.
გამომძიებლის გაუთვითცნობიერებლობამ უკიდურესად აღაშფოთა იუველირი და მაიორს ალმასის ისტორია დაწვრილებით უამბო, ბოლოს კი დაამატა:
– ეს საქმე 20 წლის წინათ ლენინგრადში გამომძიებელ კარპოვს ებარა და მან რამდენჯერმე საკონსულტაციოდაც კი მიმიწვია.
მურაშკო მიხვდა, რომ სერიოზულ ამბავთან ჰქონდა საქმე და იუველირი ანტილოვი შესაბამისი პროფილის სპეციალისტს შეახვედრა. მოხუცს პოლკოვნიკი რებროვი შეხვდა და ჰკითხა:
– დარწმუნებული ხართ, რომ ნამდვილად „ესმერალდა“ ნახეთ?
ანტილოვი უკიდურესად აღშფოთდა და პოლკოვნიკს მკვახედ უპასუხა:
– მე ამ საქმეს 55 წელია, ვემსახურები და, თქვენი შეკითხვა, რბილად რომ ვთქვათ, არაკორექტულია.
პოლკოვნიკმა მოუბოდიშა ანტილოვს და ჰკითხა:
– როგორ დასრულდა თქვენი შეხვედრა?
– მე იმ ყმაწვილს ვუთხარი, რომ ქვის გასასინჯი სპეციალური აპარატურა ხვალ მექნება და დღეისთვის დავიბარე. შემდეგ კი აქ მოვედი და საქმის კურსში ჩაგაყენეთ.
იმავე დღეს „მურის“ ოპერატიულმა ჯგუფმა იუველირ ანტილოვის ბინაში 24 წლის ანატოლი სერგეევი დააკავა. ახალგაზრდას ალმასი თან არ აღმოაჩნდა. მან მილიციელებს განუცხადა, რომ მისი ნაცნობის, ვინმე ოლეგ ბიტოვის თხოვნით, მოქმედებდა. ბიჭის თქმით, ბიტოვმა მას ქვის შემოწმება დაავალა და სანაცვლოდ, 300 მანეთი აჩუქა. ანატოლი სერგეევი სატანკო ქარხნის მუშა იყო და საერთო საცხოვრებელში ცხოვრობდა. ბიტოვზე კი თქვა, რომ ის სასადილოში გაიცნო და დაუახლოვდა.
„მურელებმა“ სერგეევი გულდასმით შეამოწმეს და გაათავისუფლეს, ბიტოვს კი რამდენიმე ადგილას მოუწყვეს ჩასაფრება, მაგრამ ვერ მოიხელთეს. პოლკოვნიკი რებროვი დარწმუნებული იყო რომ ბიტოვი „ესმერალდას“ მფლობელის ნამდვილი გვარი არ იყო. მილიციელებს მხოლოდ მისი სიტყვიერი აღწერილობა ჰქონდათ. მათ იცოდნენ, რომ ის საშუალო სიმაღლის იყო, მარცხენა ნესტოსთან ხალი ჰქონდა, ბგერა „რ“-ს ნაცვლად „ლ“-ს წარმოთქვამდა და, სავარაუდოდ, 40-45 წლის უნდა ყოფილიყო.
ამგვარად, როგორც 20 წლის წინათ, „ესმერალდას“ კვალი ისევ დაიკარგა და ეს საქმე ისევ არქივს დაუბრუნდა.
გახრწნილი „ციყვი“
1959 წლის 2 დეკემბერს მოსკოვის ლენინის რაიონის მილიციის მეორე განყოფილების თანამშრომლები კალინინის გამზირზე მდებარე ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის მობინადრეებმა გამოიძახეს. მათ მილიციას შეატყობინეს, რომ ¹19 ბინიდან, სადაც ანატოლი ზუევი ცხოვრობდა, საშინელი სიმყრალის სუნი გამოდიოდა. ზუევი შორეული ნაოსნობის კაპიტანი იყო და, მეზობლების თქმით, უკვე ერთი თვის გასული იყო ზღვაში.
მოწმეების თანდასწრებით მილიციამ ზუევის ბინის კარი შეამტვრია და რომ შევიდნენ, იქ საზარელი სურათი დახვდათ: კაპიტნის საძინებელში ახალგაზრდა ქალის გახრწნილი გვამი ეგდო, რომელსაც მატლები ესეოდა. სახეზე კანი თითქმის მთლიანად ჰქონდა შეჭმული, შუბლზე კი ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული გამჭოლი ჭრილობა ჰქონდა. შემთხვევის ადგილზე მისულმა კრიმინალისტებმა ზუევის ბინა გულდასმით დაათვალიერეს, მაგრამ იქ იარაღის ჰილზა ვერ იპოვეს. სამაგიეროდ, საძინებელში, კომოდის თავზე დაკიდებული სურათის უკან, საიდუმლო სეიფს მიაგნეს, რომელიც შავ ღილაკზე თითის მიჭერით იღებოდა. მილიციელებმა სეიფის კარი ფრთხილად გახსნეს და აღმოაჩინეს, რომ სეიფში პისტოლეტი იყო ჩამონტაჟებული, რომელიც კარის გაღების დროს ისროდა. სეიფის უსაფრთხოდ გაღება მეორე ღილაკის ამოქმედებით შეიძლებოდა, რომელიც შენიღბული იყო.
ოპერმუშაკებს სეიფი ცარიელი დახვდათ. ორიოდე დღეში მათ გარდაცვლილი ქალის ვინაობაც დაადგინეს. ის ეგრეთ წოდებული „ციყვი“ – ანა როგოვა აღმოჩნდა. „ციყვებს“ შავ სამყაროში ქურდ ქალებს უწოდებდნენ, რომლებიც მეძავობდნენ, მდიდარ, მარტოხელა მამაკაცებთან ატარებდნენ დროს და მათ ნდობას მოიპოვებდენ, მერე ბინის გასაღების ასლს ამზადებდნენ, ხელსაყრელ დროს კი, ბინაში შედიოდნენ და ძარცვავდნენ...
ძველი საქმე
ზუევის საქმეს „მურში“ ვიტალი მარკოვი იძიებდა. მან დაადგინა, რომ ანატოლი ზუევი 59 წლის იყო. სატვირთო გემი „ინტეგრალი“, რომელზეც ის იმყოფებოდა, ამჟამად აფრიკის ნაპირებთან დაცურავდა. ზუევი უცოლშვილო იყო და მას ახასიათებდნენ, როგორც მკაცრ, სიტყვაძუნწ ადამიანს. კადრების განყოფილებაში გამომძიებელმა მისი სურათი მოიპოვა და ერთ-ერთ ოპერატიულ თათბირზე „მურის“ იმჟამინდელი უფროსის მოადგილეს, გენერალ რებროვს აჩვენა. მან სურათს დახედა, შემდეგ კოპები შეკრა და ჩაილაპარაკა:
– ძალიან ნაცნობი სახეა, სადღაც შემხვედრია.
გენერალმა ერთხანს იფიქრა, შემდეგ ვიტალი მარკოვი არქივში გაგზავნა და იქიდან „ესმერალდას“ საქმე მოატანინა.
– აი, ამხანაგო გენერალო, ინებეთ!
რებროვმა საქმე გადაფურცლა და საჭირო ადგილზე გადაშლილი დატოვა. შემდეგ ზუევის სურათი წინ დაიდო და საქმეში ჩაკერებული ფურცლის კითხვა დაიწყო:
– სწორი ცხვირი, მარცხენა ნესტოსთან ხალი, დიდი შუბლი, წვრილი თვალები. სურათს, სამწუხაროდ, ლაპარაკი არ შეუძლია, თორემ, დავადგენდით, ეგ ზუევი „რ“-ს ნაცვლად „ლ“-ს ხომ არ წარმოთქვამს.
– უკვე დავადგინე, ამხანაგო გენერალო! მეტყველებაში მას მართლაც აქვს ასეთი დეფექტი, მაგრამ, თქვენ საიდან იცით? – მხრები აიჩეჩა მარკოვმა.
– ეს ძველი საქმეა და, ალბათ, „ესმერალდას“ უკავშირდება. ჩვენი უწყება მისი გამტაცებლის სისხლიან კვალს 35 წელია, მისდევს, მაგრამ, ჯერ ვერ მოიხელთა, თუმცა ამჯერად უკვე ვეღარ გაგვისხლტება ხელიდან. როგორც კი ზუევი დაბრუნდება, უნდა დავაკავოთ.
1960 წლის 4 აპრილს, ნოვოროსიისკის პორტში სატვირთო გემ „ინტეგრალის“ კაპიტანი, ანატოლი ზუევი დააკავეს. ჩხრეკისას მას ვალუტა აღმოუჩინეს და იმავე საღამოს მოსკოვში გადააფრინეს. 60 წლის კაპიტანი გენერალმა რებროვმა დაკითხა, მაგრამ ის ყველაფერს უარყოფდა. თუმცა, როდესაც მის ბინაში მოკლული ქალის ამბავი შეატყობინეს, ზუევმა თავში შემოირტყა ხელები და იღრიალა:
– ღმერთო ჩემო, „ესმერალდა“! რამდენი სისხლი დაიღვარა მის გამო და ეს ალმასი მაინც გამისხლტა ხელიდან.
ზუევმა სამი მკვლელობა, ოცდაათამდე შეიარაღებული ძარცვა და სავალუტო ოპერაციებში მონაწილეობა აღიარა. ის მოსკოვში გაასამართლეს და 1961 წლის მარტში დახვრიტეს. თუმცა „ესმერალდას“ კვალი ისევ დაიკარგა და ეს საქმე უკვე მესამედ გადაეცა არქივს.
მბრწყინავი საფლავი
1981 წლის 10 ივნისს, თბილისში, რესტორან „არაგვის“ საბანკეტო დარბაზში 26 წლის მურმან პავლიაშვილი პირდაპირ ქორწილშივე დააპატიმრეს. ის თავისი მეგობრის, პალიკო კალაძის ქორწილში იმყოფებოდა და მისი მეჯვარე იყო. მურმანი ქურდობის მაძიებელი იყო და კრიმინალურ წრეებში მას „კეშას“ მეტსახელით იცნობდნენ. მისი დაპატიმრების საბაბი მილიციის ერთ-ერთი აგენტის შეტყობინება გახდა. აგენტმა მილიციას აცნობა, რომ კეშამ თავისი მეგობრის მეუღლეს, ანუ პატარძალს, სამი წლის წინ ერთ-ერთი ქუთაისელი „ცეხავიკის“ ბინიდან წაღებული ბეჭედი და კულონი აჩუქა. მილიციამ ეს ნაძარცვი ნივთები ქორწილში ჩამოართვა პატარძალს, კეშა კი ქალაქის მილიციაში გააქანეს.
პავლიაშვილის პირველმა დაკითხვამ უშედეგოდ ჩაიარა. ის მხოლოდ მას შემდეგ ალაპარაკდა, რაც ფეხებით დაკიდეს საწამებელ, ეგრეთ წოდებულ „პრეს-კამერაში“ და შიშველ ფეხის ქუსლებზე რეზინის კომბალი ურტყეს. შედეგად მან ათამდე ძარცვაში და ოცდახუთამდე ქურდობაში მონაწილეობა აღიარა, ბოლოს კი თქვა:
– თალო დეიდასგანაც ჩვენ წავიღეთ ოქრო და ბრილიანტები და ისინი მერე ლენინგრადში მივყიდეთ ერთ რუსს. მაგრამ, თალო ჩვენ არ მოგვიკლავს. მას, ალბათ, გული გაუსკდა.
კეშა ისე იყო ნაბეგვი, რომ მილიციელებს ეგონათ, ბოდავსო, მაგრამ პავლიაშვილი მაინც თავისას იმეორებდა. ამიტომ, მისი „პრესვა“ დროებით შეწყვიტეს და საკანში გადაიყვანეს, კეშას ნათქვამი კი გადაამოწმეს. აღმოჩნდა, რომ 1971 წლის მაისში ქუთაისში ვინმე თალიკო ბრეგვაძე გარდაიცვალა, რომელიც დეიდა თალოს სახელით იყო ცნობილი. ის ძველი მეძავი და ეგრეთ წოდებული „ბარიგა“ იყო. დეიდა თალოს გარდაცვალების ოფიციალურ დიაგნოზში ინფარქტი ეწერა. მისი ცხედარი არ იყო გაკვეთილი. ის ქალაქის სასაფლაოზე გაუკვეთავთ. თბილისელმა ოპერებმა ლენინგრადელი „ბარიგის“ მისამართიც დაადგინეს, შემდეგ ის აიყვანეს და კეშასა და მისი მეგობრებისგან ნაყიდი ნივთებიც ამოიღეს, რომლებიც მას შენახული ჰქონდა. თბილისელი „ოპერები“ თავიანთ ლენინგრადელ კოლეგებს მხოლოდ ამის შემდეგ დაუკავშირდნენ. აღმოჩნდა, რომ „ბარიგასთან“ ნაპოვნი ნივთები ზუევს ეკუთვნოდა, ანუ, იმ სეიფიდან იყო წაღებული, რომლის გახსნასაც ქურდი ქალის – ანა როგოვას სიცოცხლე შეეწირა. ამ საქმის დეტალებით უკვე „მური“ დაინტერესდა, რადგან იცოდნენ, რომ სხვა ნივთებთან ერთად „ესმერალდაც“ იყო გატაცებული, მაგრამ სწორედ „ესმერალდა“ არ აღმოჩნდა ლენინგრადელი „ბარიგის“ ბინაში. ამიტომ, „მურელი“ მაიორი, ვიქტორ კალუგინი, თბილისში ჩამოფრინდა კეშას დასაკითხად. მან პავლიაშვილისგან შეიტყო, რომ, როდესაც ის და მისი მეგობარი დეიდა თალოს გასაძარცვავად შევიდნენ, თალომ რაღაც გადაყლაპა, რომელიც მან სამალავიდან ამოიღო სხვა ნივთებთან ერთად. ამ ინფორმაციის საფუძველზე, კალუგინი ქუთაისში ჩავიდა და სათანადო ნებართვის შემდეგ, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტებთან ერთად, ათი წლის წინ დასაფლავებული დეიდა თალოს ცხედრის ექსჰუმაცია მოახდინა.
როდესაც კუბოს ფიცრები ამოყარეს და ცხედრის ძვლები გადაქექეს, მზის სინათლეზე ორმოცდახუთკარატიანი „ესმერალდას“ მოცისფრო-მოყვითალო შუქმა თვალები მოსჭრა მილიციელებს.
რომანოვების ეს ცნობილი ალმასი დღეს მოსკოვში, ალმასის ფონდში ინახება.

скачать dle 11.3