კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ აღმოჩნდა ზურაბ რთველიაშვილის სული მალევიჩის „შავ კვადრატში” გამომწყვდეული და როდის გაივლის მისი აჩრდილი წითელ ხალიჩაზე

პოეტი ზურაბ რთველიაშვილი ოჯახთან ერთად სტოკჰოლმში ცხოვრობს და მუშაობს. ახლახან ფილმშიც გადაიღეს, სადაც მან საკმაოდ საინტერესო როლი შეასრულა. მართალია, ზურა თავს სამშობლოდან დევნილად მიიჩნევს, მაგრამ მას საქართველოში უამრავი მეგობარი ჰყავს. მათთან კავშირი არ გაუწყვეტია და დღესაც აქტიურადაა ჩართული მიმდინარე მოვლენებში.

ზურაბ რთველიაშვილი: ამჟამად, სტოკჰოლმში ოჯახთან ერთად ვცხოვრობ. ვმონაწილეობ სახელოვნებო, არტ-პროექტში, რომელშიც ჩართული არიან მწერლები და არტისტები სხვადასხვა ქვეყნიდან. ასევე, ვმონაწილეობ საერთაშორისო საღამოებსა და ფესტივალებში, არა მარტო შვედეთში, არამედ ევროპის სხვა ქვეყნებშიც. საქართველოს დატოვება 2009 წლის მაისში მომიწია. უფრო სწორად, იძულებული ვიყავი სამშობლო დამეტოვებინა და საქართველოდან საკმაოდ შორს დავსახლებულიყავი.
– საკუთარ თავს სამშობლოდან დევნილად მიიჩნევ?
– კი არ მივიჩნევ, დევნილი ვარ. ეს, სამწუხაროდ, რეალობაა. რა თქმა უნდა, პატრიოტიზმი, დამოკიდებულება და განსაკუთრებული გრძნობა ჩემი ქვეყნის მიმართ, არ გამნელებია და პირიქით, უფრო გამიმძაფრდა. უცხო ქვეყანაში წასვლა და სამშობლოს მიტოვება ჩემი არჩევანი არ ყოფილა, უბრალოდ, სხვა გამოსავალი აღარ მქონდა. მანდ ჩემი საუკეთესო მეგობრები, კოლეგები, მკითხველი და ძვირფასი თანამოქალაქეები დავტოვე. სულ ვცდილობ, მათთან კავშირი მქონდეს და ამას, სამწუხაროდ, მხოლოდ ელექტრონული საშუალებებით ვახერხებ. ზურაბ რთველიაშვილი არც შეცვლილა და ვერც შეიცვლებოდა. მისი შეცვლა უკვე გვიანია (იცინის). ის ისეთივე დარჩა და დარჩება, როგორიც იყო, თავისი პრინციპებითა და ცნობიერებით. უბრალოდ, ახლა სხვა რეალობაში ვცხოვრობ და მეტად ვარ გადართული სახელოვნებო სამყაროში.
– სხვა რეალობა ახსენე. ამ სხვა რეალობაში შენი ადგილი უკვე დაიმკვიდრე?
– თავისთავად ცხადია. ჩემი ადგილი უცხო რეალობაში, არც მიძებნია, ისეთი პროექტიდან მოვხვდი დასავლეთში, რომელიც სახელოვნებო და კულტურულ სფეროებს უკავშირდება. აქ მოხდა ჩემი ახალი გამოცდილების მიღება, შეხება სხვადასხვა ახალ მიმდინარეობასა და რეალობასთან, იმ პრობლემებთან, რომელიც ევროპული ხელოვნების წინაშე დგას და ასე შემდეგ. ბევრი რამ ნაცნობი იყო, ბევრიც სიახლე და ეს გამოცდილება საკმაოდ საინტერესო აღმოჩნდა, ჩემთვის, როგორც შემოქმედისთვის.
– იმიჯი შეცვლილი გაქვს. რას უკავშირდება ეს ცვლილება?
– რა ვიცი, მე ყოველთვის მახასიათებდა და მიყვარდა ახალი იმიჯის შექმნა არა მარტო ჩემს გარეგნობაში, არამედ ხელოვნებაშიც. ესეც ერთ-ერთი ახალი სურვილი და დამოკიდებულებაა რაღაცის შეცვლის. თუმცა, იმასაც გეტყვით, რომ განსაკუთრებულ იდეას და კონცეფციას, ეს ჩემი ახალი იმიჯი არ უკავშირდება.
– ახლახან ფილმში გადაგიღეს, სადაც საკმაოდ საინტერესო როლი ითამაშე. მოდი, ამაზეც ვისაუბროთ.
– ვისაუბროთ. ეს არის საინტერესო ახალგაზრდა და იმედის მომცემი გერმანელი რეჟისორის, ჯულიან რადელ მაიერის ფილმი „აჩრდილი ევროპაში”. მან მიმიწვია ერთ-ერთ როლზე და იმდენად კარგად მოვირგე ამ ფილმში პოეტის როლი, რომ მერე, ნამდვილად არ გამჭირვებია გადასაღებ მოედანზე. როცა ჩემმა მეგობარმა მითხრა, ამ ფილმის იდეის შესახებ და შემომთავაზა როლი, ცოტა არ იყოს ეს მისტიკას დავუკავშირე. ამ ფილმში საინტერესო პოეტის როლს ვთამაშობ, ანუ გამოდის, რომ საკუთარ თავსაც ვთამაშობ. ეს ფილმი ახალი, ავანგარდული ხელოვნების მანიფესტაციაა, ახალი ენერგიის შემოსვლა ევროპაში. ჩემი გმირი, სწორედ ამ სიმბოლოს მატარებელია. მიწევს მაიაკოვსკის ლექსების კითხვა. ფილმის მთავარი გმირი კი ქართველი ახალგაზრდაა, რომელიც გერმანიაში მოხვდება და როგორც ყველა ემიგრანტს, აქვს პრობლემები. ხშირად უწევს სამუშაოს გამოცვლა, საკუთარი იდეების დაცვა, კონფუზიებში გავლა. ის პოულობს ჩანთას. მიაქვს სახლში და რომ გახსნის, მასში აღმოჩნდება მალევიჩის ცნობილი სურათი „შავი კვადრატი”, რომელიც გამოფენაზე იყო მადრიდში, სხვა ავანგარდისტ ავტორებთან ერთად. როცა სურათს დაკიდებს, იქიდან გადმოდის პოეტის სული, რომელიც შოკის მომგვრელია ფილმის მთავარი გმირისთვის. სხვა განზომილებიდან, სხვა ეპოქიდან ჩნდება ადამიანი მის ოთახში, რომელიც მაიაკოვსკის ლექსის ციტირებას ახდენდა. მოკლედ, მე ეს გმირი ვარ, სხვა განზომილებიდან და სხვა ეპოქიდან, მალევიჩის „შავი კვადრატიდან” გადმოსული. ასეთი მისტიკური რამეები ხდება ამ ფილმში (იცინის).
– ფილმში მთავარ როლს ქართველი თამაშობს?
– დიახ, ქართველი ახალგაზრდაა ფილმის მთავარი გმირი, რომელიც გერმანიაში ცხოვრობს, სწავლობს და კინოხელოვნებას ეუფლება. ფილმის გადაღებები ბერლინში მიმდინარეობდა და როგორც ვიცი, ეს ფილმი ბევრ საერთაშორისო კონკურსს მოივლის. იმედი მაქვს, დიდ წარმატებებს მოიპოვებს.
– მოქმედება რომელ საუკუნესა და დროში ხდება?
– ფილმში, მოქმედება ჩვენს დროში, ამ საუკუნეში ხდება, თავისი მისტიკური ჩართვებით. ასეთ ფორმატში მე გამოცდილება არ მქონია. მაგრამ, ახლა კარგი გამოცდილების მიღება და საინტერესო სამუშაოს შესრულება მომიწია.
– ესე იგი, არ არის გამორიცხული, საქართველოში „ოსკარით” ან „ოქროს გლობუსით” დაბრუნდე, არა?
– (იცინის). იმედი მაქვს, ეს ფილმი დიდ ყურადღებას მიიპყრობს და ბევრ პრესტიჟულ ფესტივალზე ლიდერის პოზიციას დაიკავებს. ზუსტად არ ვიცი, მაგრამ გეგმაშია, ამ ფილმის საქართველოში ჩვენებაც. იმედია, მოხერხდება.
– იმის იმედი ხომ გაქვს, რომ წითელ ხალიჩას ჰოლივუდში თამამად გაივლი?
– მე ვერ გავივლი, მაგრამ პოეტის სული, ენერგეტიკა და აჩრდილი, ნამდვილად გაივლის ჰოლივუდში წითელ ხალიჩას. აი, თუ ჰოლივუდის რომელიმე ცნობილი რეჟისორი ან პედრო ალმადოვარი მიმიწვევს თავის ფილმში სათამაშოდ, უკანდასახევი გზა არ მექნება და მეც ბრძოლაში შევვარდები (იცინის).
– გამოდის, ჰოლივუდის დაპყრობასაც გეგმავ?
– თავისთავად ცხადია, ასე გამოდის (იცინის). ახალი ტერიტორიისა და სივრცის ათვისებას ბრძოლის გარეშე ვერ შეძლებ. ხელოვანებს კი ასეთი ბრძოლა შეგვიძლია. ავანგარდი წარმოუდგენელია დაპყრობების, გარკვეული ტიპის კონცეპტუალური ეპატაჟის, აუდიტორიასთან უშუალო კონტაქტის გარეშე. ერთ ჩარჩოში ხელოვანი არ უნდა გამოიკეტოს. სხვათა შორის, პარალელურ სამყაროში, ანუ სიზმარში, ხშირად ვხვდები საქართველოში, ჩემს მეგობრებთან და კოლეგებთან. დილით კი დადებითი ენერგიით დატვირთული ვიღვიძებ. ეს ამაღელვებელი და შთამბეჭდავი გრძნობაა. ეს სულიერი და მორალური მხარდაჭერაცაა, როგორც ცოცხალი, ისე გარდაცვლილი ახლობლებისგან, საქართველოდან შორს, უცხო მხარეში. თუმცა, რაც ჩვენ გარშემო, ხდება ეს რეალობაა და არა მისტიკა.

скачать dle 11.3