ვის გადაუხდის 20 მილიარდ ამერიკულ დოლარს კომპენსაციის სახით კოლუმბიის პრეზიდენტი, ხუან მანუელ სანტოსი და დაუჭერს თუ არა იგი მხარს მარიხუანის ლეგალიზებას კოლუმბიაში
სამხრეთ ამერიკაში იგი, სავარაუდოდ, ამერიკის ერთადერთი მოკავშირე პრეზიდენტია, რომლის წინააღმდეგაც ამხედრებულია შტატების უპირველესი მტერი – ლათინოამერიკელ პრეზიდენტებს შორის, ყველაზე, ქარიზმატული, უგო ჩავესი. კოლუმბიის პრეზიდენტი ხუან მანუელ სანტოსი 2010 წლის ზაფხულში ჩაუდგა სათავეში ამ ქვეყანას და მას შემდეგ, ყოფილი სამხედრო არაერთხელ გამოვიდა ვენესუელასთან შერიგების ინიციატივით. თუმცა, ჯერჯერობით უშედეგოდ. ამჯერად ხუან მანუელ სანტოსზე გავრცელებულ რამდენიმე საინტერესო ფაქტს გთავაზობთ.
* ხუან მანუელ სანტოსი 1951 წლის 10 აგვისტოს დაიბადა ბოგოტაში, შეძლებულ და გავლენიან ოჯახში. ბავშვობის წლები მან დედაქალაქში გაატარა, სადაც სან-კარლოსის ვაჟთა კერძო სკოლაში სწავლობდა. თუმცა ბოლო კლასები მან კოლუმბიის, სიდიდით მეხუთე ქალაქში, კარტაჰენას საზღვაო-სამხედრო აკადემიაში დაასრულა, საიდანაც შემდგომში სწავლის გასაგრძელებლად ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა. შტატებში სანტოსმა ეკონომიკასა და ბიზნეს ადმინისტრირებაში ბაკალავრის დიპლომი მიიღო. კანზასის უნივერსიტეტში, ის სტუდენტური საძმოს, „დელტა უფსილონის” წევრად ირიცხებოდა. მოგვიანებით, სანტოსმა ლონდონის ეკონომიკისა და პოლიტიკურ მეცნიერებათა სკოლაში მაგისტრის ხარისხი დაიცვა ეკონომიკურ თეორიასა და სახელმწიფო მართვაში. გარდა ამისა, ხუან მანუელ სანტოსს ჰარვარდის უნივერსიტეტის ბიზნესისა და ჟურნალისტიკის და ასევე, ბოსტონის ტაფტის უნივერსიტეტთან არსებული ფლეტჩერის სკოლის დიპლომატის მაგისტრის ხარისხებიც აქვს.
* ხუან მანუელ სანტოსი პოლიტიკური დინასტიის წარმომადგენელია. ბაბუამისის ძმა, ედუარდო სანტოსი 1938-1942 წლებში კოლუმბიის პრეზიდენტი იყო და ასევე, გაზეთ „ელ ტიემპოს” დამაარსებელი და რედაქტორი. მამა – ენრიკე კასტილიო სანტოსი ამ გაზეთს 50 წლის განმავლობაში რედაქტორობდა, ხოლო ხუან მანუელის ბიძაშვილი – ფრანსისკო სანტოს კალდერონი, პრეზიდენტ ალვარო ურიბეს დროს ვიცე-პრეზიდენტის პოსტს იკავებდა.
* სხვადასხვა დროს ხუან მანუელ სანტოსი ყავის საერთაშორისო ფედერაციაში კოლუმბიური ყავის წარმომადგენლის ფუნქციას ასრულებდა. გარდა ამისა, იგი გაზეთ „ელ ტიემპოს” ერთ-ერთი დირექტორი იყო და ასევე საავტორო სვეტებს წერდა 14 კოლუმბიურ ჟურნალ-გაზეთში. გაპრეზიდენტებამდე ხუან მანუელ სანტოსი აქტიურად თანამშრომლობდა გაეროსთან და ასევე, 90-იან წლებში კოლუმბიის ვაჭრობის მინისტრის პორტფელსაც ფლობდა. 2000-იან წლებში კი თავდაცვის მინისტრი გახლდათ.
* კოლუმბიის თავდაცვის მინისტრის პოსტზე მუშაობის დროს, ხუან მანუელ სანტოსზე, კოლუმბიის რევოლუციური შეიარაღებული ძალების წევრების მხრიდან, არაერთხელ განხორციელედა მისი ლიკვიდირების მცდელობა, თუმცა უშედეგოდ. ერთხელ ამბოხებულებმა სანტოსთან მიახლოება პოლიციის ფორმაში გამოწყობილებმა სცადეს. თუმცა, სპეციალურად გადაღებილ მოტოციკლეტებზე სიტყვა „პოლიცია” არასწორად დაწერეს, რაც შეუმჩნეველი არ დარჩა სანტოსის დაცვისთვის და ამბოხებულები ადგილზევე იქნენ ლიკვიდირებულნი, უბრალო გრამატიკული შეცდომის გამო.
* თავდაცვის მინისტრად მსახურობის დროს, ხუან მანუელ სანტოსის გადაწყვეტილებებმა და ქმედებებმა არაერთხელ გამოიწვია კამათი და აღშფოთება მოსახლეობაში. კერძოდ, მან განახორციელა სამხედრო რეიდი სუვერენული სახელმწიფოს, ეკვადორის ტერიტორიაზე; სამხედრო ოპერაცია „შაჰის” შესრულებისას, როცა ამბოხებულთა მიერ გატაცებული მძევლები გაათავისუფლეს, კოლუმბიელ სამხედროებს “წითელი ჯვრის” ემბლემით დამშვენებული ფორმები ეცვათ, რაც ჟენევის კონვენციის უხეში დარღვევაა. გარდა ამისა, 2008 წელს სანტოსმა აღიარა, რომ კოლუმბიელი სამხედროები უკანონოდ სჯიდნენ და ხოცავდნენ დაკავებულ ამბოხებულებს, რათა შემდეგ სამხედრო მამაცობისთვის ჯილდოები მიეღოთ.
* კოლუმბიის პრეზიდენტმა ხუან მანუელ სანტოსმა გაეროს გენერალური მდივნის, პან გი მუნის მხარდაჭერით, ხელი მოაწერა კანონს, რომლის თანახმადაც, კოლუმბიის მთავრობა კომპენსაციას გადაუხდის უკანასკნელ ათწლეულში ქვეყანაში მიმდინარე სამხედრო ოპერაციების გამო დაზარალებულ ოთხ მილიონამდე ადამიანს. პოლიტიკურმა მიმომხილველებმა ამ კანონს „ისტორიული” უწოდეს, თუმცა აღნიშნეს, რომ კომპენსაციის გადახდის ვადა შესაძლოა, ათწლეულებზე გაიწელოს, საერთო თანხამ კი 20 მილიარდ ამერიკულ დოლარს გადააჭარბოს.
* ხუან მანუელ სანტოსმა საკუთარი მიკრობლოგის საშუალებით, რომელიც „ტვიტერზე” აქვს გახსნილი, მოსახლეობას აუწყა, რომ „ანონიმუსის” სახელით ცნობილმა ჰაკერთა ჯგუფმა, გატეხა მისი „ექაუნთი” სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე” და მისი სახელით სხვადასხვა ვიდეოს ავრცელებდნენ. მაგალითად, სანტოსის გვერდზე გაჩნდა ვიდეო, სახელწოდებით „ყალბი დამოუკიდებლობა”, რომელშიც საუბარი იყო სანტოსის უუნარობაზე, ქვეყანაში არსებულ ძალადობასა და მასობრივ უმუშევრობაზე. „ანონიმოუსი” ჰაკერთა ცნობილი ჯგუფია და მათ ანგარიშზეა – ამერიკის სენატის, ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის, კომპანია „სონის” და „ვიზა მასტერქარდის” ოფიციალური საიტების გატეხა.
* კოლუმბიის პრეზიდენტის, ხუან მანუელ სანტოსის თქმით, იგი მზად არის მოაწეროს ხელი კანონს, რომლის თანახმადაც, ნარკოტიკული საშუალება – მარიხუანა ლეგალიზებული გახდება, თუკი ეს ფაქტი წაადგება დანაშაულთან ბრძოლას. აღსანიშნავია, რომ სანტოსი არ არის პირველი ლათინოამერიკელი პრეზიდენტი, რომელიც ასეთი ინიციატივით გამოვიდა. მანამდე მსგავსი ვარაუდი მექსიკისა და ბრაზილიის ყოფილმა პრეზიდენტებმაც გამოთქვეს. საინტერესოა, რომ 2010 წელს კოლუმბიაში ჩატარდა რეფერენდუმი, რომლის თანახმად, მოსახლეობის დიდმა უმრავლესობამ მარიხუანის ლეგალიზების საკითხს მხარი არ დაუჭირა.
* კოლუმბიის პრეზიდენტი ხუან მანუელ სანტოსი პლანეტის ყველაზე დაბალ ადამიანს, ედვარდ ნინიო ერნანდესს შეხვდა და კომპიუტერი „სმარტი” და რამდენიმე კომპაქტდისკი აჩუქა. გინესის წიგნის რეკორდსმენი * ერნანდესის სიმაღლე 70 სანტიმეტრია და სანტოსის გაცნობა მისი პირადი სურვილი იყო. 2010 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე ნინიომ სწორედ მის სასარგებლოდ მისცა ხმა. სანტოსმა და ერნანდესმა მუსიკასა და კინოზე ისაუბრეს და ყველაზე პატარა ადამიანმა პრეზიდენტისთვის იცეკვა კიდეც. საინტერესოა, რომ სანტოსის გარდა, ერნანდესის ოცნებაა, ჯეკი ჩანისა და სილვესტერ სტალონეს გაცნობა.