როგორ მოხვდა ზურა ლეჟავა ევროპის საუკეთესო მწერლებს შორის და როგორ გარბოდა ის უკრაინის ციხიდან
დიდი ხანია, წერს. წერს ყველაფერზე, რასაც ფანტაზია და ურბანული გარემო სთავაზობს მწერალს. წერს ცხოვრებაზე, რომელიც მისთვის საკმაოდ მძიმე აღმოჩნდა – 22 წლის ასაკში მომხდარი ერთი საბედისწერო შემთხვევა და მკაცრ ციხეებში გატარებული ცხოვრების თექვსმეტი წელიწადი, რომელმაც მის ირგვლივ ყველაფერი სხვა კალაპოტში მოაქცია. დღეს ცდილობს, ყველაფერი მიიღოს, რაც იმ თექვსმეტი წლის გამო დაკარგა – ამერიკელებმა ევროპის საუკეთესო მწერლად აღიარეს და 2010 წლის „გალას” გამარჯვებულიც გახლავთ. ერთადერთი კონკურსი, სადაც ჯერ არ გაუმართლა „საბაა,” თუმცა მწერალი ზურა ლეჟავა საკუთარ თავს მაინც ცდის და ცდის...
ზურა ლეჟავა: „საბას” ფინალში უკვე მეორედ გავედი, მაგრამ გამარჯვება სხვებს ერგოთ წილად. როგორც ჩანს, ამ კონკურსში არ მიმართლებს. სამაგიეროდ, „გალას” გამარჯვებული ვარ, სადაც ჩემი მოთხრობების კრებული წარვადგინე – „ბავშვის ნაკბენი კარალიოკზე ოქტომბერში“. ფულად პრემიასთან ერთად, მოვიპოვე სიმბოლური პრიზი – ვანის რაიონის გათხრებში აღმოჩენილი ბრინჯაოს ხანის კოლხური ცულის ასლი. მწერლისთვის, რომელიც წიგნებს წერს, ასეთ კონკურსებში მონაწილეობა ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც მომღერლისთვის, რაც უფრო მეტი კონკურსი გაიმართება ქვეყანაში, მით უკეთესია.
– მე, როგორც ვიცი, ამერიკელების მიერ შერჩეულ ევროპის საუკეთესო მწერლებს შორის მოხვდით. როგორ მოხდა ეს?
– ჩემი მოთხრობა „მაცივარი სექსისა წილ”, რომლითაც ევროპის საუკეთესო თვრამეტ მწერალს შორის შემიყვანეს, თავის დროზე დაიბეჭდა ჟურნალ „ქომაგში”. შემდეგ ეს მოთხრობა, თხუთმეტი საუკეთესო მოთხრობის ეგიდით, მოხვდა კრებულში, რომელიც ხელში ჩაუვარდა ლონდონში მცხოვრებ ჩვენს თანამემამულე ნატალია ბუკია-პეტერსს. მას მოეწონა მოთხრობა და თარგმნა ინგლისელ მთარგმნელთან ერთად. შემდეგ ეს მოთხრობა გაიგზავნა სხვადასხვა ადგილებში, მათ შორის ცნობილ ამერიკულ გამომცემლობაში, რომელმაც დაბეჭდა ევროპის საუკეთესო თვრამეტ მოთხრობას შორის.
– მხოლოდ ეს იყო ამერიკული „პრიზი”?
– ეს აღიარება ცოტა არ იყო ჩემთვის. გარდა ამისა, ამას მოჰყვა ჰონორარიც, თუმცა სანამ ეს ჰონორარი ამერიკიდან თბილისში ჩამოვიდა, გზაში იკლო და იკლო დაბეგვრაში. მაგრამ, არც ეს არაა პრობლემა. მთავარი ჩემთვის იყო ის, რომ ჩემი მოთხრობა ამერიკელებმაც მოიწონეს.
– ეს ყველაფერი როდის დაიწყო?
– მწერლობა? ეს დაიწყო სკოლის ასაკიდან – ხანდახან ლექსებიც იყო, თუმცა ჭარბობდა პროზა. ვერ ვიტყვი, რომ მწერლების ოჯახში გავიზარდე, მაგრამ წიგნებთან ძალიან „ახლოს” ვიყავი. დედაჩემი მუშაობდა მეცნიერებათა აკადემიაში და გამომცემლობა „განათლების” რედაქტორი იყო. მამა მეცნიერებათა აკადემიის სტამბის დირექტორი გახლდათ, შეიძლება ითქვას, რომ წიგნებში გავიზარდე. ალბათ, ამიტომაც არავის გაკვირვებია, როცა წერა დავიწყე. ძველი დროიდან ბევრი არაფერი შემომრჩა, გარდა ერთი თამასუქისა, რომელიც მხატვრული ლიტერატურა არაა. ერთგვარი თამასუქის სახის დოკუმენტია, ძმებს შორის შედგენილი. ჩემი ძმა იქადნებოდა, რომ არ მოიყვანდა ცოლს და თუ მოიყვანდა, ჩემთვის ათი მანეთი უნდა გადაეხადა. თამასუქი თამასუქად დარჩა, მე კი ის მახსოვს, რომ ჩემი ძმისგან დაპირებული ათი მანეთი მივიღე (იცინის).
– მწერლებს, ალბათ, მაინც განსხვავებული სამყარო და დამოკიდებულებები აქვთ. თქვენს შემთხვევაში როგორ იყო – რას ცვლიდა ეს „ჟანრი” თქვენს ცხოვრებაში?
– ძნელი სათქმელია, ადამიანმა შენი ცხოვრების ღირებულებები, სამყარო, მწერლობას ან მხატვრობას მიაწერო. მაგრამ, გლობალურად და ფილოსოფიურად თუ მივუდგებით საკითხს, ნებისმიერი მოვლენა, რომელიც ვითარდება ჩვენ გარშემო, გარკვეულწილად, დიდ კვალს ტოვებს. განსხვავებულობა ყველა ადამიანშია, ამას პროფესია მაინცდამაინც არ განსაზღვრავს. სიმართლე გითხრათ, მე, ალბათ, მაინც ცოტა კარჩაკეტილი კაცი ვიყავი და ახლაც ასეთი ვარ. ეს, შეიძლება, ჩემი თანდაყოლილი თვისებაა, ან მიდრეკილება მარტოობისკენ მწერლური საქმიანობიდანაც გამომდინარეობდა. მგონი, როცა რაღაცას წერ, მარტო უნდა იყო. თუმცა, როგორი უნდა იყოს მწერალი, ეს ხედვა ისეთივე მრავალფეროვანია, როგორც ადამიანთა დამოკიდებულება ამ თემის მიმართ. ჩემი აზრით, მწერალი ისეთივე უნდა იყოს, როგორც ჩვეულებრივი ადამიანი – თავმდაბალი და დადებითი თვისებების მქონე.
– როგორც ვიცი, თქვენ ხატავთ კიდეც და საკმაოდ ბევრი კარგი ნახატიც გაქვთ.
– ხატვა მიყვარს, სიმართლე გითხრათ, კარგა ხანია, არ დამიხატავს. მაინც მიმაჩნია, რომ ჩემი ძირითადი საქმიანობა წერაა. ძველი ნახატები, ნაწერებისგან განსხვავებით, უფრო მეტად შემოვინახე. მაქვს ძველი ხის ქანდაკებები, გობელენები. დროდადრო ვუბრუნდები ხოლმე ამ საქმეს (იცინის).
– სახელმწიფო სამსახურში მუშაობთ, ეს ხელს არ გიშლით, თუ კულტურის სამინიტროს კაბინეტებში უფრო იოლად მოფრინავენ მუზები?
– კულტურის სამინსტროშიც მოფრინავენ მუზები, მაგრამ ეს სულ არ მიშლის ხელს, რომ შევასრულო ჩემი საქმე. სამსახურიც არის და სამსახურიც, მე ხომ საგადასახადო და შემოსავლების სამსახურის მოხელე არ ვარ, რომ სხვა სფეროში მიწევდეს მუშაობა. შეიძლება ამას შეეშალა კიდეც ხელი, ან შეიძლება პირიქითაც – უფრო ბევრ ხალხში ტრიალი, სხვადასხვა სიტუაციაში ყოფნა, გამხდარიყო ჩემი შთაგონების წყარო.
– თქვენს ცხოვრებაზეც გიწერიათ?
– კი, მიწერია... ზოგ მოთხრობაში არის ის, რაც მე შემემთხვა, ზოგში ის, რაც ჩემთვის უამბიათ, მაგრამ უმეტესი წილი მაინც ჩემი ფანტაზიის ნაყოფია, თუმცა ცხოვრებასთან დაკავშირებული. ცხოვრება კი რთულია, მაგრამ საინტერესო.
– როგორც ვიცი, საკმაოდ რთული ცხოვრება გაქვთ გავლილი, დიდი ხანი გაატარეთ ციხეში. თუ შეგიძლიათ, მოგვიყევით იმ პერიოდზე.
– ძალიან პატარა ვიყავი, როცა ეს მოხდა. მეგობრებთან ერთად კიევში წავედი, 22-23 წლის ბიჭი ვიყავი. მაშინ კიევი კარგი გასართობი ადგილი იყო ჩვენთვის. ქუჩაში პოლიციელმა ჩემი გაჩხრეკა მოინდომა, მე ამის საშუალება არ მივეცი. მერე ეს ჩხუბში გადაიზარდა. მე რკინის ნაჭერი ჩავარტყი თავში, მან იარაღიდან გაისროლა და ფეხში დამჭრა. ჩემ მიმართ აღძრულ საქმეს მისცეს მძიმე კვალიფიკაცია – მილიციელის სიცოცხლის ხელყოფა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს. ეს მუხლი ითვალისწინებდა სასჯელს 5-დან 15 წლამდე. თუ შემთხვევა უფრო მძიმე შედეგით დასრულდებოდა, ადამიანებს დახვრეტას უსჯიდნენ. მე მომისაჯეს ათი წელი, რომელიც უკრაინის სხვადასხვა ციხეში გავატარე, მათ შორის განსაკუთრებული რეჟიმის ციხეშიც. ერთ-ერთი სასამართლოს გადაწყვეტილებით, ფსიქიატრიულ ექსპერტიზაზე გამაგზავნეს მოსკოვში. იმ პერიოდში მოსკოვში, „ბუტირკაშიც” ვიჯექი. მერე ციხეშიც გადამხდა თავს რაღაც და კიდევ დამიმატეს სასჯელი. მთლიანობაში, თექვსმეტი წელი გავატარე პატიმრობაში.
– როგორ გაუძელით, ასე ახალგაზრდამ უცხო ქვეყანაში პატიმრობას?
– გავუძელი და გადავრჩი. ცოტა მე თვითონ დავეხმარე თავს, ცოტა სხვებიც დამეხმარნენ. ალბათ, ღმერთის ნებაც იყო ჩემი გადარჩენა. იქ ძნელი იყო გადარჩენა გადარჩენისთვის ჯიჯგნაობაში, რაც პატიმრებს შორის ჩვეულებრივი რამაა. ადამიანს აქვს თავისი ბედი, ეტყობა, მეც ასე მეწერა. დიდი აგრესიულობით არასდროს გამოვირჩეოდი, მაგრამ ასეთი რამ მოხდა ჩემს ცხოვრებაში. თავიდან ეს ძალიან დიდი დარტყმა იყო ჩემთვის. ახლა, ათი წელი რომ მომისაჯონ, ვიტყვი, მომისაჯეს ათი წელი და მორჩა, გათავდა. მაგრამ, მაშინ ძალიან პატარა ვიყავი და მეგონა, რომ ციხეში უნდა გამეტარებინა იმ ცხოვრების ნახევარი, რაც განვლილი მქონდა. იმ ასაკში კი ოცი წელი ძალიან ბევრი გგონია. ეს ძალიან მძიმე განცდა იყო, მაგრამ მერე ყველაფერს ეჩვევი ადამიანი. თუმცა, მე ბოლომდე მაინც არ ვნებდებოდი. ხან ვწერდი, ხან ვმუშაობდი. უკრაინის ციხეებიდან რაღაც ქანდაკებები და გობელენები მაქვს წამოღებული. სხვათა შორის, ერთხელ პატიმრების კონკურსიც გამართეს. რამდენჯერმე ჩემი ხის ნაკეთობა გავგზავნე და გავიმარჯვე კიდეც. ხან ვმუშაობდი სამრეწველო ნაწილში, ხან გავრბოდი ციხიდან. რამდენჯერმე ვცადე ეს. ერთხელ სასამართლოს დარბაზიდანაც კი გავიქეცი. ეს ყველაზე შედეგიანი იყო, ყველაზე შორს წავედი – 500 მეტრი გავირბინე გარეთ, მას მერე, რაც მეორე სართულის ფანჯრიდან გადავხტი. მაგრამ, ის ხუთასი მეტრი ამად ღირდა (იცინის). გზავნილი და პაემანი მაშინაც არსებობდა, მაგრამ შეზღუდული ფორმებით. ახლა, როცა ამბობენ, ციხეებში პატიმრებს ცუდი მდგომარეობა აქვთო, მიკვირს, ცუდი ციხე და მდგომარეობა მე ვიცი, რაცაა.
– რომ არა ეს თექვსმეტი წელი, ალბათ, თქვენი ცხოვრება სულ სხვანაირად წარიმართებოდა.
– შეიძლება, მაგრამ არ ვიცი, როგორი იქნებოდა ის სხვა ცხოვრება. განაჩენის მიხედვით, ციხეში 23 წელი უნდა გამეტარებინა. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, მე საქართველოში გადმომიყვანეს. მერე, ედუარდ შევარდნაძემ შეწყალების ამნისტია გამოსცა, მე ხუთ წელზე ცოტა მეტი მქონდა დარჩენილი სასჯელის მოხდამდე, მაგრამ მაინც გამომიშვეს. ასე მაჩუქეს თავისუფლება კანონის გვერდის ავლით. როცა ციხიდან გამოვედი, აქაურობასთან შეგუება გამიჭირდა, ძნელი იყო, არც სამსახური, არც არაფერი. 1998 წელი იყო, პოსტზვიადისტურ-სამხედრო საბჭოს პერიოდი. აქ დამხვდა დანგრეული და ჩაბნელებული თბილისი. არ ვიცოდი, რა უნდა გამეკეთებინა. ციხის გამოცდილება დამეხმარა, ჩემს ნაკეთობებს ვაბარებდი სუვენირების მაღაზიაში, პატარა სახელოსნო გავაკეთე და ოჯახს ამით ვარჩენდი. მერე ნელ-ნელა ცხოვრება აეწყო. გავიდა ორი-სამი წელი და დავოჯახდი კიდეც. ახლა ორი ბიჭი მყავს, ერთი ცხრა წლისაა, მეორე – ხუთის. უფროსი ბიჭი ჩემს გზას ადგას – ისიც წერს. დიდი გაქანების მამიკო არ ვარ, მაგრამ ვცდილობ, ჩემს შვილებს რაც აქვთ, გემრიელად ჰქონდეთ. მეც უკვე სხვა ცხოვრება მაქვს. დიდი ხანია, ვერიდები სირთულეებს, პრობლემურ ადამიანებს. წარსულს ვიხსენებ, მაგრამ არც ისე ხშირად. ახლა ისე ვცხოვრობ, როგორც ურბანულ პირობებში მცხოვრებ მწერალს შეჰფერის. ეს გარემო კი ჩვენ ყველას ძალიან ბევრ და მრავალფეროვან თემას გვთავაზობს...