საქართველომ საპლაჟო ჭიდაობაში მსოფლიოს ჩემპიონატს უმასპინძლა
წელს ბათუმში ქვიშის სპორტულ მოედანზე გაიმართა მეოთხე მსოფლიოს ჩემპიონატი ქვიშის ჭიდაობაში. როგორც ამბობენ, წელს რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა და კონკურსში მონაწილეობა 14-მა ქვეყანამ მიიღო. გაამართლა თუ არა საქართველოში სპორტის ამ სახეობამ და მიიღებს თუ არა ეს კონკურსი ყოველწლიურ სახეს, ამ თემაზე საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის გენერალური მდივანი, მალხაზ ჯორბენაძე გვესაუბრება.
მალხაზ ჯორბენაძე: საპლაჟო ჭიდაობა ერთ-ერთი ახალი სახეობაა, რომელიც ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციამ ჭიდაობის სხვა სახეობებთან ერთად შეიერთა. ჩვენთვის ყველაზე მისაღები საპლაჟო ჭიდაობა იყო, რადგან გვაქვს შავი ზღვა, მშვენიერი პლაჟი, სტადიონი. ამიტომ, გადავწყვიტეთ, აქ ჩაგვეტარებინა ჩემპიონატი. საერთაშორისო ფედერაცია დიდი სიხარულით შეხვდა ამ წინადადებას და წელს უკვე უფლება მოგვცეს ჩვენთან ჩაგვეტარებინა მსოფლიოს ჩემპიონატი.
– ჟიურიში ვინ იყვნენ? როგორც ვიცი, ფილას საერთაშორისო პრეზიდენტიც იყო ჩამოსული.
– კი, ჩამოსული იყო რაფაელ მარტინეტი – ფილას საერთაშორისო პრეზიდენტი. იყვნენ საერთაშორისო კატეგორიის მსაჯები. ფილას თავისი დელეგატი ჰყავდა გამოგზავნილი. როგორც უკვე გითხარით, სულ ოთხჯერ ჩატარდა ეს ჩემპიონატი და მე ყველას დავესწარი.
– კონკურსი დიდი იყო?
– კონკურსი ყოველ წელს იზრდება. წინა წლის რეკორდი იყო – 11 ქვეყანა, წელს კი 14-მა მიიღო მონაწილეობა. წლიდან წლამდე, ნელ-ნელა ვითარდება ეს სპორტი და სულ უფრო მეტი მონაწილე და მაყურებელი ჰყავს. სანამ მსოფლიოს ჩემპიონატს ჩავატარებდით, შესარჩევი კონკურსი გაიმართა, რომელსაც ერქვა აჭარის ღია პირველობა. ეს პატარა რეპეტიციასავით იყო. მართალია, იგივე ჭიდაობაა, მაგრამ მაინც სხვანაირი სპეციფიკის. ბევრი ძლიერი მოჭიდავე გამოვიდა, მაგრამ ქვიშას არ იყვნენ მიჩვეულები და წააგეს. ქვიშაში დგომასაც თავისი ტაქტიკის შემუშავება სჭირდება, მოკლედ, ყველა დეტალს ყურადღება ექცევა.
– კონკურსი მხოლოდ მამაკაცებს შორის იყო, თუ ქალებიც იღებდნენ მონაწილეობას?
– კონკურსი იყო როგორც ვაჟთა, ისე ქალთა შორის, ოთხ წონით კატეგორიაში, რათა მონაწილეთა რიცხვი გაზრდილიყო. ძალიან ბევრი მაყურებელი მოვიდა, პლაჟი გადაჭედილი იყო. ეს ხომ მაყურებლისთვის ძალიან მოსახერხებელია – პლაჟზე დამსვენებელს შეეძლო თან შეჯიბრისთვისაც ეყურებინა, თან გარუჯულიყო კიდეც. თუ დაცხება კიდევ და ზღვაში შევა. შეჯიბრი მიმდინარეობს მუსიკის თანხლებით, ისმის გამამხნევებელი, ენერგიული მუსიკა.
– შემდეგ წელსაც ჩვენთან ჩატარდება ეს კონკურსი?
– შემდეგ წელს სად ჩატარდება, არ ვიცი. ახლა მიმდინარეობს შერჩევა კანდიდატ ქვეყნებს შორის. წლის ბოლოს ჩატარდება კონგრესი, სადაც ქვეყნები თავიანთ ვარიანტებს წარადგენენ: რომელი შეჯიბრების ჩატარება სურთ, რა დონეზე არიან მომზადებული. აუცილებელი არ არის მონაწილეები პროფესიონალები იყვნენ, მოყვარულებსაც აქვთ უფლება იჭიდაონ.
– მსურველებისთვის ასაკი შეზღუდულია?
– არა, ნებისმიერი ასაკის სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას, ვისაც შეუძლია რომ იჭიდაოს. მთავარია, ჯანმრთელობის ცნობა მოიტანოს, რომ მონაწილეობისთვის გამოდგება.
– საპლაჟო ჭიდაობის წესები იგივეა თუ განსხვავდება თავისუფალი ჭიდაობის წესებისგან?
– ფაქტობრივად, იგივეა, რამდენიმე ცვლილების გარდა. თავისუფალ ჭიდაობაში მუხლის დადება შეიძლება, საპლაჟოში – არა. ასევე, არ შეიძლება, მტკივნეული ილეთების გამოყენება. განსხვავებულია ჩაცმულობაც. პლაჟზე აცვიათ თავისუფლად, საცურაო კოსტიუმები, ან მოკლე მაისურები. მსაჯებსაც თავისუფლად აცვიათ – შორტები და მაისურები. ჭიდაობა მიმდინარეობს ორ ქულამდე, სანახაობრივად რომ მოსაბეზრებელი არ იყოს. შეხვედრა მაქსიმუმ ერთი წუთს გრძელდება, უმეტესად – ნახევარ წუთს.
– რა შედეგებით დასრულდა წლევანდელი მსოფლიოს ჩემპიონატი?
– ჩვენი ქვეყნისთვის საკმაოდ წარმატებულად – სამი ჩემპიონი საქართველოდან იყო და ერთი – აზერბაიჯანიდან. ეს მამაკაცებს შორის. ქალთა შორის კი ყაზახეთის ერთმა წარმომადგენელმა გაიმარჯვა და დანარჩენი გამარჯვებულები ჩვენი ქვეყნიდან იყვნენ.