რა კომპრომისებზე წავიდნენ როლანდ ოქროპირიძე და მისი მეუღლე ცოლქმრობაში და რისი ეშინოდა მამას შვილის პირველად ნახვამდე
ბობოქარი, ვნებიანი და ემოციური სიყვარულის ისტორია ზუსტად ისე დამთავრდა, როგორც ზღაპრებში – ცხოვრობდნენ ისინი დიდხანს და ბედნიერად. ზღაპრებისგან განსხვავებით, როლანდ ოქროპირიძისა და სოფო გორელაშვილის სიყვარულის ისტორიის გაგრძელება პირდაპირ პატარა საბას სახით გაჩნდა დედამიწაზე. როგორი ხდება სიყვარული ქორწინების შემდეგ, ამაზე როლიკო თავად გვიამბობს.
როლანდ ოქროპირიძე: სულ რამდენიმე დღეა, რაც ფასანაურიდან ჩამოვედი, ჩემს პატარა ოჯახთან ერთად დასასვენებლად ვიყავი. საბა სულ პატარაა, მაგრამ საჭიროდ ჩავთვალეთ, რომ ჰაერის გამოცვლა აუცილებელი იყო. ახლა, სულ ცოტა ხანში, დავიწყებთ რეპეტიციებს. გიზო ჟორდანია დგამს გოგოლის „რევიზორს”, სადაც საკმაოდ კარგი როლი მაქვს და მასზე ვმუშაობ. ახლა გოგოლის სხვა ნაწარმოებებს ვკითხულობ, რაც როლზე მუშაობაში დამეხმარება. სადღაც ოქტომბერში, მაყურებელი ამ ახალ სპექტაკლს იხილავს.
– კინოში ხომ არ არის რამე?
– ჯერჯერობით არაფერი კონკრეტული. ძალიან მომენატრა კამერასთან მუშაობა. რაღაც შემოთავაზება მქონდა, მაგრამ რუსული ენის სრულყოფილად არცოდნის გამო, სამწუხაროდ, ეს თანამშრომლობა არ შედგა. რუსი რეჟისორი იღებდა ფილმს, კარგი რუსულის მცოდნე სჭირდებოდა, რაც მე არ ვიცი და ასე დამთავრდა ამ ფილმზე საუბარი. სხვა ისეთი შემოთავაზება არ არის, სექტემბრიდან ახალი შემართებით დავიწყებ მუშაობას.
– შენს პატარაზე მინდა მომიყვე, როდის გაჩნდა?
– 28 ივლისს გაჩნდა და ძალიან გამახარა. საბა დავარქვით. ძალიან გამიხარდა, რომ ბიჭი შეგვეძინა, მაგრამ გოგოც არანაკლებ გამიხარდებოდა.
– ვაჟკაცებს პირველი გოგო ჰყავთო?!
– ჰო, რაღაც ეგეთი გამიგია.
– დაესწარი მშობიარობას?
– არა, როცა სოფო აჩენდა, გადაცემის ჩაწერაზე ვიყავი, ზუსტად იმ მომენტში. „ეკივოკი” ჩავწერეთ. ჩაწერიდან რომ დავრეკე, სოფომ მითხრა, უკვე სამშობიარო ბლოკში გადამიყვანესო. ამ დროს გრიმი მისვია, ჩაცმული ვარ და ყველაფერი მზადაა იმისთვის, რომ ჩაწერა დაიწყოს. წავედი-მეთქი, რომ ვთქვი, პროდიუსერი გამომყვა და მითხრა, რა გითხრა და როგორ გთხოვო დარჩენა, უნდა წახვიდეო. მაგრამ მივხვდი, რომ ასეთ მდგომარეობაში ვერ დავტოვებდი – შემეცოდნენ, ამდენი ხალხი მოყვანილი, ბავშვები, სტუმრები, დაყენებული კამერები... თან, რომ მივიდე, შიგნით ვერ შევალ, ვერაფერს გავუკეთებ და ამათაც არ გავუფუჭებ საქმეს-მეთქი. ძალიან სწრაფად ჩავწერეთ, მაგრამ ჩემმა მეგობარმა, რომელიც იქ იყო ჩაწერის დროს, მითხრა, დაიბადაო. სხვათა შორის, მერე რომ ვუყურე გადაცემას, აშკარად მეტყობოდა, რომ იქ ნახევრად ვიყავი და ერთი სული მქონდა, როდის დამთავრდებოდა ჩაწერა. რაღაცეები შემეშალა კიდეც. მანამდე, სამშობიაროში დავტოვე სოფო, ექიმი მელაპარაკა, მითხრა, რომ ყველაფერი თანმიმდევრულად მიდისო და ზუსტად იმ ორმოც წუთში, როცა წამოსული ვიყავი, მაშინ გაჩნდა საბა.
– დასწრება გინდოდა?
– არა მგონია, დავსწრებოდი. სოფოს რომ ეთქვა, მჭირდები და მინდა, ჩემ გვერდით იყოო, მაშინ რაღაცნაირად მოვახერხებდი, რომ სოფოსთან ვყოფილიყავი და არა მშობიარობას დავსწრებოდი. მაგრამ, მანაც არჩია, რომ დეიდამისი შეეყვანა.
– ესე იგი, მიქანდი და უკვე ბავშვი დაგხვდა.
– კი, გიჟივით მივედი და სოფოს ბავშვი უკვე მუცელზე ეწვინა. ძალიან მომეწონა. ცოტა ვნერვიულობდი, რადგან სულ პატარა ბავშვებთან მანამდე შეხება არ მქონდა და ახალდაბადებული თუკი ვინმე მინახავს, იშვიათად თუ მომწონებია. გულწრფელად რომ ვთქვა, მეშინოდა, ჩემი შვილი რომ ვნახო და უცებ არ მომეწონოს-მეთქი. რა თქმა უნდა, ამას არ შევიმჩნევდი, რადგან სოფოს ეწყინებოდა, მაგრამ ჩემს თავთანაც არ მინდოდა, ასეთი რამ მომსვლოდა. როგორც კი დავინახე, ძალიან მომეწონა. ბავშვი ოთხი კილო და ექვსასი გრამი დაიბადა – უკვე გაზრდილი, ძალიან საყვარელი იყო. რაც დღეები გადის, სულ უფრო და უფრო ლამაზდება.
– როდის შეგიყვარდა? ძალიან იშვიათად ხდება, რომ მამას გაჩენისთანავე აქვს გაცნობიერებული შვილის მიმართ სიყვარული.
– გეთანხმები. სიყვარული ზრუნვიდან, ურთიერთობიდან მოდის. ჩასახვიდან იწყება ბავშვზე ზრუნვა, მისთვის რაღაცეების კეთება, მაგრამ გაუგებარი განცდები გეუფლება მაინც. ხშირად საკუთარ თავზე ნერვებიც ამშლია – კი ვაცნობიერებდი, რომ ჩემი შვილი იბადებოდა, მაგრამ ზუსტად რა ხდებოდა, ვერ ვხვდებოდი. მერე ჩნდება და ზუსტად კიდევ ვერ აცნობიერებ ამ პატარა ადამიანის მიმართ გრძნობებს. მაგრამ, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, ხშირად მაქვს მოვლითი გრძნობები. ვიძინებ, სადილად ვემზადები, სადღაც მივდივარ და უცებ, ტალღასავით მოდის იმის განცდა, რომ რაღაც მნიშვნელოვანი ხდება ჩემს თავს. რაც დრო გადის, ეს ტალღები მეტი სიმძლავრით მოდის და უფრო და უფრო მაგარი სიტკბო აქვს.
– შენ თუ ხარ ჩართული საბას აღზრდაში? ქალისთვის ეს ერთ-ერთი ყველაზე რთული პერიოდია და გვერდში დგომა სჭირდება.
– შეძლებისდაგვარად, ვეხმარები – როგორც შემიძლია და რაშიც შემიძლია, რომ დავეხმარო. სოფოს ჰყავს ბებია, დედა, რომლებიც აქტიურად არიან ჩართულები იმაში, რომ სოფოს, რაც შეიძლება, ნაკლებმა შრომამ მოუწიოს. თუმცა, თავისთავად, ყველაზე რთული მაინც სოფოსთვისაა. რაღაცეები არის, რაც მხოლოდ მისი გასაკეთებელია და ვერავინ შეცვლის. ღამეში ერთი-ორჯერ მაინც უწევს გაღვიძება. მეც ვიღვიძებ, მაგრამ ვერაფერს ვაკეთებ (იცინის).
– მოახდინა უკვე შვილმა რევოლუცია თქვენს ცხოვრებაში?
– თავისთავად, რაღაცეები უკვე გლობალურად შეიცვალა. გაცილებით მეტი მოვალეობა და პასუხისმგებლობა მაქვს, მეტად ყურადღებიანი უნდა ვიყო, ვიდრე ვიყავი საერთოდ ყველაფრის მიმართ. ამას ნელ-ნელა ვაწესრიგებ და ვალაგებ საკუთარ თავში. ჩემი და სოფოს ურთიერთობაც, თავისთავად, უფრო გამყარდა. ახლა უკვე ოჯახი ვართ. ამას წინათ, რაღაცაზე ვკამათობდით, უცებ ბავშვს შევხედეთ, მერე ერთმანეთს და გავჩერდით, მივხვდით, რომ კამათს აზრი არ აქვს. ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს, მიყვარს და ბედნიერი ვარ მის გვერდით.
– სოფო საკმაოდ მტკიცე, ძლიერი ხასიათისაა, არც შენ ხარ რბილი. როგორ მოახერხეთ ჰარმონიისთვის მიგეღწიათ და იქამდე ისე მისულიყავით, რომ ორ ლიდერს ერთმანეთი არ დაგეჭამათ?
– (იცინის) ეს არც ისე იოლი იყო. როცა ხედავ, რომ საყვარელი ადამიანი გითმობს და რაღაცას ისე აკეთებს, როგორც შენ გინდა, შენც გიჩნდება იგივეს გაკეთების სურვილი. კომპრომისები აუცილებელია, სხვანაირად ურთიერთობა არ ეწყობა. ეს სურვილებიც პირობითია, სინამდვილეში უფრო მეტი გინდა. გინდა გრძნობდე, რომ შენი პარტნიორი რაღაცას შენ გამო აკეთებს, ვიღაც შენზე ზრუნავს. რა თქმა უნდა, ვკამათობთ. ხდება ისე, რომ რაღაც გაუგებრობის დაძლევას, პრობლების მოგვარებას მხოლოდ ერთხელ დალაპარაკება არ ყოფნის, სჭირდება რამდენიმე დღე, რომ ის გადავჭრათ. ბოლოს მივდივართ იქამდე, რომ ერთმანეთი სიგიჟემდე გვიყვარს. ყველაზე მეტად ის მიხარია და მომწონს, რომ რთული პრობლემები არასდროს გვქონია, სულ რაღაც უმნიშვნელოზე ვკამათობთ. დღეს ლავაში პური ვიყიდოთ თუ ქარხნული, – ამაზე შეიძლება, მაგრად ვიკამათოთ და თან, სათავეშივე ვიცოდეთ, რომ სისულელეა.
– ის, თქვენი შეყვარებულობის დროინდელი ბობოქარი რომანტიზმი ისევ დარჩა?
– რა თქმა უნდა, მაგრამ რაღაც სხვანაირი სახე და ფორმა მიიღო. მერე ეს ყველაფერი უფრო ხშირი ხდება, მაგრამ მხოლოდ ორ ადამიანს შორის. მაშინ უფრო საჯარო ფოიერვერკები და ამბები იყო. ახლა ამ ყველაფერმა სახლში გადმოინაცვლა. ხშირად სახლშია ის სიურპრიზები, რომელიც სიყვარულს ალამაზებს და უხდება.
– სოფოს საქმიანობაში რა ხდება?
– აგრძელებს სწავლას. ეს ერთი წელი, პრაქტიკულად, გაუცდა, მაგრამ ახლა, ნელ-ნელა ჩადგება ფორმაში. თეატრალური და ბავშვი ერთად, ძალიან რთულია და ყველანაირად შევუწყობთ ხელს.
– ბავშვი გამოვიდა უკვე კონტაქტზე?
– კი, ხშირად ვუმღერი და ძალიან მოსწონს.