როგორ დაკარგეს ერთმანეთი დედმამიშვილებმა და ვის ეძებენ ფსკოვიდან
30 წლის ანდრეი ილიას ძე პირაშკოვი ეძებს 70 წლის ესტაფი ანატოლის ძე ტრიფონოვს და მის ცოლ-შვილს.
ისტორია: ვეძებ ბიძაჩემის შთამომავლობას. ბიძაჩემი, დედაჩემის ღვიძლი ძმა – ესტაფი ანატოლის ძე ტრიფონოვი დაიბადა ფსკოვში 1941 წელს. 1958 წელს კი ის საცხოვრებლად საქართველოში, წალკაში წავიდა. მას შემდეგ მასთან კავშირი აღარ გვქონია. დედაჩემს ძალიან უნდა დედმამიშვილის პოვნა, მე კი მაინტერესებს, ჩემი ბიძაშვილების გაცნობა. გადმოცემით ვიცით, რომ წალკაში ესტაფიმ ცოლად მოიყვანა ეროვნებით ბერძენი ქალი (სამწუხაროდ, მისი სახელი და გვარი ჩვენთვის უცნობია). ძალიან გთხოვთ, დაგვეხმაროთ ნათესავების პოვნაში. პირადად მე, უკვე 10 წელია, ბიძას უშედეგოდ ვეძებ. გვაქვს ბაბუას ფოტო (დედის მამის) და იმედია, ბიძაჩემი ფოტოთი იცნობს მამამისს და გამოგვეხმაურება.
– როგორ დაკარგეთ ერთმანეთი ნათესავებმა და რა იცით, წლების წინ საქართველოში ჩამოსული ბიძის შესახებ?
– ბიძაჩემი დაიბადა ფსკოვში 1941 წელს. მას ჰყავს მხოლოდ ერთი დედმამიშვილი, ანუ დედაჩემი, რომელიც ამჟამად 60 წლისაა – ნინა ანატოლის ასული ტრიფონოვა. დაახლოებით 1958 წელს ბიძაჩემი საცხოვრებლად საქართველოში გადმოვიდა. დედაჩემის თქმით, მას საქართველოში ელოდებოდნენ ბებიის (მისი ბებიის, ანუ დედაჩემის ბებიის) ნათესავები. ანატოლიმ იქ ცხოვრება ამჯობინა. მას შემდეგ მის შესახებ არაფერი ვიცით. ბაბუაჩემი – ანატოლი ტრიფონოვი და ბებია – მარია ნიკოლოზის ასული ქათამაძე გარდაიცვალნენ. სამწუხაროდ, ვერც ეს ამბავი შევატყობინეთ ბიძაჩემს, რადგან მისი მისამართი არ ვიცოდით. ამჟამად ჩვენ ისევ ფსკოვში ვცხოვრობთ, მაგრამ ძველ მისამართზე, ბიძაჩემს რომც მოუნდეს ჩვენთან დაკავშირება, ვერ შეძლებს, რადგან დედაჩემმა გათხოვების შემდეგ, მისამართი შეიცვალა. ჩვენი ყველა ცდა, გვეპოვა ანატოლი, სამწუხაროდ, უშედეგოდ დამთავრდა. იმედია, თქვენი რუბრიკის საშუალებით, შევძლებთ მის პოვნას და ასევე ვიპოვით მის შვილებსაც. გადმოცემით ვიცით (გვითხრა საქართველოდან ჩამოსულმა მეზობელმა, რომელსაც წალკაში ნათესავები ჰყავდა), რომ ანატოლის ჰყავს ორი შვილი: უფროსი ვაჟია უმცროსი – ქალიშვილი. მათი სახელები ჩვენთვის უცნობია. ბუნებრივია, ისინი ბიძაჩემის გვარზე იქნებიან, მაგრამ მათი წლოვანებაც კი არ ვიცით. სამწუხაროდ, ის მეზობელიც დავკარგეთ, უფრო სწორად, მისი მისამართი არ ვიცით.
– მაინც, რა იყო იმის მიზეზი, რომ დედმამიშვილებს შორის კავშირი მთელი ამ წლების განმავლობაში არ ყოფილა?
– ნამდვილად ვერ გეტყვით მიზეზს. დედაჩემი ამბობს, რომ მთავარი მიზეზი ტერიტორიული სიშორეა. მაშინაც და ახლაც, ძალიან რთულია ერთმანეთთან დაკავშირება. ანატოლის წერილიც კი არც ერთხელ არ მოუწერია და შესაბამისად, მისი მისამართიც არ ვიცოდით. ვიცით, რომ მან ცოლად შეირთო წალკაში მცხოვრები ბერძენი ქალი (რომლის ვინაობაც ასევე უცნობია). იმედია, ისინი ისევ იქ ცხოვრობენ და მისამართი არ შეუცვლიათ. თუმცა, დედა იმასაც ვარაუდობს, რომ შეიძლება, ანატოლი მეუღლესთან და შვილებთან ერთად, საცხოვრებლად საბერძნეთში გადავიდა (ეს ინფორმაცია დაუსაბუთებელია). ერთადერთი, რისი იმედიც მაქვს ბიძის მოძებნის საკითხში, არის ბაბუას სურათი. მისი დახმარებით, ალბათ, ჩვენს წერილს ვინმე გამოეხმაურება. ჩვენი ნათესავების მისამართი კი, რომლებთანაც თავდაპირველად ანატოლი ჩავიდა, მხოლოდ ბებიამ იცოდა. ბოლოს სკლეროზი ჰქონდა და მისამართი ვეღარც მან გაიხსენა. დიდი იმედი მაქვს, რომ ვიპოვით ბიძაჩემს, გავიცნობ ბიძაშვილებს და ჩამოვალ საქართველოში. იმედია, საქართველოში მცხოვრები ჩვენი შორეული ნათესავებიც იცნობენ ბაბუაჩემს, ფოტოთი და გამოგვეხმაურებიან.
თუ ვინმეს გაქვთ რამე ინფორმაცია ამ ისტორიების შესახებ, ან თუ გსურთ, თქვენც გაგიწიოთ დახმარება დაკარგული ახლობლის მოძებნაში, დაგვიკავშირდით: 233-42-24; 593 22-04-31. დარეკეთ საღამოს, 6 საათის შემდეგ. E-mail: tbiliselebi2001@yahoo.com.