კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რომელ ქვეყანაში გააოგნა გია ბუღაძე ქალების თავისუფლებამ და რატომ არ ემუქრება საქართველოს „გახსნილობითი“ საშიშროება

„თუკი ცოცხალი კონტაქტები სათავესთან დაიკარგა და მხოლოდ გარეგნულ, ფორმალურ რიტუალად იქცა – ეს ყველაზე დიდი საშიშროებაა. თუ გვსურს, რომ არ იყოს მხოლოდ გარეგნული რიტუალი, ცოცხალი იმპულსებით უნდა შევავსოთ – ეს არის თანამედროვე მსოფლიოს გულისცემის, სიცოცხლის შემოტანა ჩვენს ისტორიულ გამოცდილებაში. სხვა შემთხვევაში, მხოლოდ ისტორიის ნაჭუჭი შეგვრჩება ხელში“, – ამბობს ქართულ ტრადიციებზე საუბრისას გია ბუღაძე, რომელმაც თავიდან გამოგვიცხადა, ამ თემაზე საუბარი რთულიაო, მაგრამ შემდეგ მეტად საინტერესო ინფორმაციითა და მოსაზრებებით გაგვანებივრა.

გია ბუღაძე: მთელ მსოფლიოში გლობალიზაციაა: დედამიწა პატარა გახდა, მოგზაურთა არმიები დაშლიგინებენ. შენც ამ დედამიწის შვილი ხარ და ვერ ჩაიკეტები, უნდა გახდე რაღაცით მომხიბვლელი, ღია... ყოველთვის იყო მცდელობა ქვეყნებს შორის გახსნილი კონტაქტებისა. ალექსანდრე მაკედონელზე ბევრად ადრე იყო უდიდესი მეფე – კიროს დიდი, რომელმაც შექმნა ძველი ირანული იმპერია. მას სურდა, აღმოსავლეთი და დასავლეთი ისე დაეკავშირებინა ერთმანეთთან, რომ არც ერთ მათგანს თავისი რეალური კულტურა არ დაეკარგა. სამწუხაროდ, იგი მალე ვერაგულად მოკლეს... შემდეგ იგივე მიზანი ჰქონდა ალექსანდრე მაკედონელსაც, მაგრამ, სამწუხაროდ, ისიც სრულიად ახალგაზრდა გარდაიცვალა. თუკიდიდე ამბობდა, ორივეს ერთი და იგივე მიზანი ჰქონდა, მაგრამ ორივემ მარცხი იწვნიაო... რეალურად ასეა, ყოველთვის გახსნილობაში ეძებდა ერი საკუთარი თავის დამკვიდრებას და ცდილობდა, თავს მოეხვია თავის გამოცდილება, თავისი კულტურა თუ რიტუალები სხვებისთვის. ეპოქები იცვლება, ჩვენც ვიცვლებით. შეუძლებელია, სულ ერთი და იგივე რამ ვაკეთოთ, მაგრამ ცოცხალი კონტაქტები მაქსიმალურად არ უნდა დავკარგოთ ჩვენს გამოცდილებასთან... ერთ მაგალითს მოვიყვან: მახსოვს, „მაკდონალდსი“ რომ იხსნებოდა, გაჩნდა იმის შიში, რომ ბიგ-მაკი ხაჭაპურს ჩაანაცვლებდა. ხომ არ მოხდა ასე?! არც მოხდება არასოდეს. ხაჭაპური ჩვენი კულტურის უმნიშვნელოვანესი გამოვლენაა. ის, რაც ცოცხალია და მჩქეფარე – გადარჩება; რაც ფორმად, გვამად იქცა და აღარ აქვს სასიცოცხლო იმპულსი – აუცილებლად დაიძირება. ხაჭაპური ხომ არ დაიძირა? პირიქით, მისი დიფერენცირებაც კი მოხდა რეგიონების მიხედვით. გაოგნებული ვარ, რადგან, აღმოჩნდა, რომ ზემოიმერული და ქვემოიმერული ხაჭაპური სხვადასხვანაირი ყოფილა. თავად იმერელი ვარ და არც კი ვიცოდი, რომ იმერული ხაჭაპური მიყვარდა. იმის თქმა მინდა, რომ მე არ მეშინია ჩვენი შინაგანი კულტურის დაკარგვის, თუ ჩვენ თვითონ არ მოვსპობთ მას.
– ჩვენ როგორ მოვსპობთ?
– თუ ჩვენ თვითონ დავივიწყებთ ყველაფერს... თავიდანვე ვიცოდი, რომ ბიგ-მაკი ხაჭაპურს ვერ ჩაანაცვლებდა. ბიგ-მაკი რა არის? – ფრანგული ფუნთუშა, შვეიცარიული ყველი, ბრაზილიური პომიდორი, თუ არ ვცდები, ბერძნული მწვანილი, მგონი, ფრანგული ხახვი და იტალიური კეტჩუპი. წარმოიდგინეთ, რა გამოვიდა – აბსოლუტურად გლობალიზებული კონგლომერატი. რადგან საჭმელზე ვსაუბრობთ, ხაჭაპური ძალიან კარგი მაგალითია ამისთვის – თუკი ცოცხალ იმპულსს ვინარჩუნებთ, არ ვკარგავთ ჩვენს უღრმეს ტრადიციას. ყველაზე დიდი ხელოვანი საქართველოს ისტორიაში – ნიკო ფიროსმანი – პირდაპირ ტრადიციასთან არის დაკავშირებული... შოთა რუსთაველი უნიკალურია ყველა ნიშნით, მაგრამ, სამწუხაროდ, ძალიან რთული სათარგმნია ისე, რომ ევროპამ და სამყარომ აღიქვას. ამიტომ ფიროსმანი ყველაზე დიდი ხელოვანია ქართულ რეალობაში. ერს არავინ კლავს. ერთადერთი, რაც კლავს, საკუთარი თავია. შეიძლება, სახელმწიფო მოგიკლან. ჩვენც სახელმწიფო ჯერ არაბებმა მოგვიკლეს – აღვადგინეთ; შემდეგ მონღოლებმა მოგვიკლეს. ისევ აღვადგინეთ, შემდეგ ირანი და თურქეთი შეეცადნენ, მოეკლათ, შემდეგ რუსებმა მოგვიკლეს... მაგრამ, ერი ხომ ვერ მოკლეს?! – იმიტომ, რომ ჩვენ ვატარებდით ჩვენში ცოცხალ იმპულსს. დღეს სახელმწიფო ვართ, ერი ხომ – ვართ და ვართ. ჩვენშია ძალა და, თუ ჩვენ ამ ძალის მნიშვნელობას ვნახავთ, დიდ სამყაროს იმას შევთავაზებთ, რაც ჩვენ ნამდვილად გაგვაჩნია, გადავრჩებით კიდეც და სხვებისთვისაც საინტერესო ვიქნებით.
– დღევანდელ ქართველ ქალზე რას იტყვით?
– ქართველი ქალი ძალიან ლამაზია. განსაკუთრებულად ლამაზი თვალები აქვს... ცხოვრების წესი შეიცვალა. ქალები უფრო თავისუფალნი და ემანსიპირებულნი არიან მთელ მსოფლიოში... ამ ბოლო დროს ირანში ხშირად ჩავდივარ, რადგან იქ სამხატვრო აკადემიასთან პარტნიორული ურთიერთობა გვაქვს. ოთხი თვის წინ გამოფენა გვქონდა და, ჩემდა გასაოცრად, აღმოვაჩინე, რომ ქალები ბევრად უფრო თავისუფლები არიან, ვიდრე ორი-სამი წლის წინ. ხატვაში ყველა საკუთარ თავს აჩვენებს, ბევრად უფრო ფარულ აზრებს გამოთქვამს. თეირანში მე მხოლოდ 20 გალერეაში ვიყავი და, 20-დან 17-ში ქალების მხატვრობა იყო გამოფენილი – დახურულ, ტრადიციულ ქვეყანაშიც კი, გლობალიზაციის ტენდენციაა. ქალები ბევრად უფრო ემანსიპირებულები არიან. თავზე საბურავები აქვთ, მაგრამ არა ჩადრი – ამას ხაზს ვუსვამ. უმეტესობას ტუჩები დაბერილი აქვს. ცხვირი – ნაოპერაციევი, წარბებზე და ულამაზეს თვალებზე აღარაფერს ვამბობ.
– უამრავ ქვეყანაში ყოფილხართ. სხვა ქვეყნების ტრადიციებიც გაგვაცანით...
– პირადად ჩემი ყველაზე დიდი სიყვარული იტალიაა. კონკრეტულად ტოსკანა – შუა იტალია. იქ ეტრუსკების სამყაროა. ტემპერამენტით, რაღაც წყობით, ადამიანური ურთიერთობითა და ბევრი რამით მათ ვგავართ. მომხიბლა და გამაოგნა (ჩვენთან ამ დონეზე არ არის), როგორ უვლიან მატერიალურ კულტურულ დანატოვარს – ყველაფერს უფრთხილდებიან. სხვათა შორის, ესპანეთშიც ძალიან დიდ მოვლა-პატრონობას უწევენ თავიანთ კულტურას, თუნდაც მუსლიმანურ წარსულს – მოგეხსენებათ, ესპანეთის თითქმის 80 პროცენტი არაბებს ჰქონდათ დაპყრობილი. შემდეგ კათოლიკე მეფეებს დიდი ხანი დასჭირდათ, რომ ესპანეთი თავიდან გაექრისტიანებინათ. ესპანურ ტრადიციებში ყველაზე მეტად რამაც მომხიბლა, მოხუცებისადმი დამოკიდებულებაა. ეს, მართლაც, ზეაღმატებულია... საქართველოში კი ამას წინათ ქუჩაში შევესწარი ასეთ რამეს: ქალს ავტობუსში ასვლა გაუჭირდა და ახალგაზრდამ მიაწყევლა: რას დაეთრევი ქუჩაში, სიარული თუ არ შეგიძლიაო – ეს საშინელებაა... მადრიდში მინახავს მოხუცი ცოლ-ქმარი, ფაქტობრივად, ფეხზე რომ ვეღარ დგანან, ულამაზესად აცვიათ და ქუჩაში მიდიან. მოდის ახალგაზრდა და ეს მოხუცები ქუჩას უჭრიან. ახალგაზრდა, რომელიც მეტალისტია (ყურზე და ცხვირზე რა აღარ ჰკიდია), არაფრით მათ წინ არ გადაუხტება და არ შეუყივლებს.
– ქართულ სუფრაზე რას იტყვით?
– ჩვენი სუფრის უნიკალურობა წარმოუდგენლად დიდია. ძალიან მომწონს ქართული სუფრის განსაკუთრებით კი – ჩვენი სტუმართმოყვარეობის ტრადიცია – ეს არის ჩვენი კულტურის უმაღლესი შემადგენელი ფაქტორი. გადაჭარბებულია, მაგრამ, ესეც ჩვენი კულტურაა: ერთი პერიოდი მეც მაღიზიანებდა სუფრაზე ხორაგის დაყრა; თითქოს ევროპულად მომწონდა – მენიუს რომ ჩამოგირიგებენ და წერია, ამას გაჭმევთ, როცა სტუმრად ხართო. ვფიქრობდი, რა კარგია-მეთქი. მაგრამ, შემდეგ მივხვდი, რომ ჩვენი არ არის. ჩვენთან სუფრაზე ყველაფერი ბევრია და არჩევნის თავისუფლებას გაძლევს – ეს ჩვენი განსაკუთრებული ხიბლია. მე თვითონ მიმიმართვს ამ ხერხისთვის, რასაც „დაყრა“ ჰქვია, როცა სტუმრები მყოლია... სადღეგრძელოს თქმის კულტურაც წარმოუდგენლად დიდი რამაა. საზოგადოებამ იცის, რომ მთლად კარგ მსმელად არ ვითვლები, მაგრამ, შემიძლია, თავი დავდო, რომ ცუდი თამადა ნამდვილად არ ვარ. ასე რომ, ეს ჩვენი ტრადიციაა, რომელიც არასოდეს არ უნდა შეწყდეს.
– ემუქრება საშიშროება?
– არა, პირიქით. ვფიქრობ, რომ ამ მიმართულებით ჩვენ უნდა ვიმუშაოთ. ვერ ვიტყვი, აღვზარდოთ-მეთქი, მაგრამ, ნიჭი თავისთავად ყველაფერს გააკეთებს. უხვი სუფრა, სასმელი, ფანტასტიკურად შეზავებული საჭმელი, რომელიც, მართალია, ევროპელის კუჭისთვის ცოტა მძიმეა, მაგრამ, ჩვენ გამორჩეული კერძები გვაქვს... იგივე ხინკალი, რომელიც, აღმოსავლური საკვებია, მაგრამ, ჩვენ ისე დავამუშავეთ, ისეთი სახე მივეცით, აბსოლუტურად ჩვენი გახდა. ელარჯიც, ფაქტობრივად, ამერიკიდან შემოტანილი პროდუქტია, რადგან სიმინდით მზადდება. ჩვენ კი ისეთი გავხადეთ და იმდენად ჩვენია, რომ, ახლაც რომ ვახსენებ, ნერწყვი მადგება.
– ამბობენ, რომ კაპიტალიზმში დრო – ფულია და საქართველოშიც ეს ტენდენცია წამოვიდა...
– ეს გლობალიზაციამ მოიტანა. თუმცა, სუფრაზე დაყრილი ხორაგი თითქოს ადამიანის არაპრაქტიკულობაზე მიუთითებს, მაგრამ, ჩვენს განსაკუთრებულობასაც აჩვენებს – ამით იქნება საქართველო მომხიბვლელი. მსოფლიოსთვის საჭირონი თუ არ ვიქნებით, ჩვენს დამოუკიდებლობას არავინ აღიარებს.
– დღეს ვართ საჭირონი?
– ვართ... იმიტომაც ვარსებობთ. რომ არ ვიყავით საჭირონი, მიგვატოვეს. გაიხსენეთ სულხან-საბა. იგი ჩავიდა ლუდოვიკო მეთოთხმეტესთან, ეხვეწებოდა, საქართველო ქრისტიანული ქვეყანაა, კათოლიციზმსაც კი მივიღებთ, ოღონდ გადაგვარჩინეთო. იმან თავი დაუქნია და გამოუშვა. იცით, რატომ?! – საჭირონი არ ვიყავით. სულხან-საბა ირანზე საჩივლელად ჩავიდა, მაგრამ, ირანი იყო ერთადერთი ქვეყანა, რომელიც თურქეთს აჩერებდა და ზურგში მახვილს უყრიდა; რომელსაც ნახევარი ევროპა ჰქონდა დაპყრობილი. მაშინ ჩვენ საჭირონი არ ვიყავით. ასევე არ ვიყავით საჭირონი 1921 წელს ევროპისა და დასავლეთისთვის. დაიდო ხელშეკრულება თურქეთსა და რუსეთს შორის და, ყველაფერი იმით დამთავრდა, რომ ჩვენ რუკიდან გავქრით, როგორც სახელმწიფო. დღეს კი ჩვენი საჭიროება პოლიტიკურიც არის (როგორც ქვეყანა, რომელიც აღმოსავლეთსა და დასავლეთს აკავშირებს) და კულტურულიც და, გახსნილობის გარეშე არაფერი გამოვა... ასე რომ, ხაჭაპური არ გაქრება – ბიგ-მაკი მას ვერასოდეს მოერევა.

скачать dle 11.3