ადვოკატი გირჩევთ
კითხვა: მაინტერესებს, რამდენ ხანში შემიძლია, მივმართო სტრასბურგის სასამართლოს?
პასუხი: მოგახსენებთ, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის თანახმად, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიმართვის ვადაა საბოლოო გადაწყვეტილების მიღებიდან 6 თვე.
კითხვა: ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს აქვს თუ არა დროებითი ღონისძიების უფლება?
პასუხი: ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის სისტემაში არ არის რაიმე ქმედების სასამართლო აკრძალვის პრაქტიკა. თუმცა, გადაუდებელ საქმეებში, როცა განმცხადებლის სიცოცხლე საფრთხეშია და არსებობს სერიოზული საფრთხე მის მიმართ ცუდად მოპყრობასთან დაკავშირებით, სასამართლომ, სასამართლოს რეგლამენტის 39-ე მუხლის მიხედვით, შეიძლება, დროებით ზომებს მიმართოს. სასამართლო პალატამ ან მისმა თავმჯდომარემ საკუთარი ინიციატივით, მხარის ან ნებისმიერი შესაბამისი პირის მოთხოვნით, ერთ-ერთ მხარეს შეიძლება მიუთითოს ნებისმიერი დროებითი ღონისძიების გატარება, რაც აუცილებელია მხარეთა ან სასამართლო პროცესის სათანადოდ წარმართვის ინტერესებიდან გამომდინარე. დროებითი ღონისძიების გატარება, ჩვეულებრივ, მოპასუხე მხარეს ეკისრება. ამ საკითხს სასამართლო სამი სხვადასხვა კუთხით განიხილავს.
კითხვა: რამდენი ხანი დასჭირდება ევროპის სასამართლოში საქმის განხილვას, შესაძლოა თუ არა ევროპის სასამართლოში საქმის განხილვა დაჩქარებული წესით?
პასუხი: საქმის განხილვას საშუალოდ 4-5 წელი სჭირდება, ზოგიერთ საქმეს კი, უფრო ხანგრძლივი დროც. სასამართლოს ჩვეულებრივი პროცედურის მიხედვით, საქმეები იმ რიგით განიხილება, რომლითაც შედის სასამართლოში. რასაკვირველია, რეგისტრაციის შემდეგ, სხვადასხვა საქმის მსვლელობას სხვადასხვა დრო სჭირდება, რაც დამოკიდებულია საქმის კონკრეტულ გარემოებებზე. სასამართლომ შესაძლოა, პრიორიტეტი მიანიჭოს გარკვეულ საქმეებს და დაჩქარებულ ვადებში განიხილოს. თუ დაჩქარებას განმცხადებელი მოითხოვს, საჭიროა სასამართლოსთვის მიზეზების სრულად დასახელება, საქმის განხილვის, რაც შეიძლება, ადრეულ სტადიაზე.
კითხვა: კანონმდებლობით რა ვადებია დადგენილი საქმის განხილვისთვის?
პასუხი: პირველი და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოები, როგორც წესი, საქმეებს განიხილავენ სასარჩელო განცხადების მიღების დღიდან, არა უგვიანეს 2 თვისა. განსაკუთრებით რთული კატეგორიის საქმეებზე, განმხილველი სასამართლოს გადაწყვეტილებით, ეს ვადა შეიძლება, გაგრძელდეს არა უმეტეს 5 თვემდე. გამონაკლისია ალიმენტის გადახდევინების, დასახიჩრებით ან ჯანმრთელობის სხვა დაზიანებით, აგრეთვე, საქმეები მარჩენალის სიკვდილით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების, შრომითი ურთიერთობებისა და „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონიდან გამომდინარე მოთხოვნის შესახებ, რომლებიც განხილულ უნდა იქნეს, არაუგვიანეს ერთი თვის ვადაში.
კითხვა: გარდამეცვალა მამა, რომელიც მუშაობდა ერთ-ერთი კომპანიაში, სამსახურის მხრიდან მის მიმართ არსებული დავალიანება შეადგენს 2 000 ლარამდე. მაინტერესებს, თუ შემიძლია მე ამ თანხის მოთხოვნა?
პასუხი: მოგახსენებთ, რომ მემკვიდრეობის მიღების შემდგომ უნდა მიმართოთ სასამართლოს და მოითხოვოთ თანხის მიღება.
კითხვა: ჩემს უცხოელ მეგობარს სურს უძრავი ქონების შეძენა საქართველოში. მაინტერესებს, უძრავ ქონებაზე საკუთრება განიჭებს თუ არა ჩვენს ქვეყანაში მუდმივი ცხოვრების უფლებას?
პასუხი: მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე, უცხო ქვეყნის მოქალაქეზე შეზღუდვა ბინისა და არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთის შეძენასთან დაკავშირებით, არ არსებობს. საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვა შეიძლება მიეცეს:
ა) უცხოელს, რომელმაც საქართველოში კანონიერ საფუძველზე იცხოვრა ბოლო 6 წლის განმავლობაში. ამ ვადაში არ ითვლება საქართველოში სწავლის ან მკურნალობის მიზნით ცხოვრებისა და დიპლომატიურ და მასთან გათანაბრებულ წარმომადგენლობებში მუშაობის პერიოდი;
ბ) საქართველოს მოქალაქის მეუღლეს, მშობელს, შვილს, მშვილებელს, შვილობილს, დას, ძმას, ბაბუას ან ბებიას;
გ) მეცნიერების დარგის მაღალკვალიფიციურ სპეციალისტ-ტექნიკოსებს, სპორტსმენებს და ხელოვნების მოღვაწეებს, რომელთა ჩამოსვლა შეესაბამება საქართველოს ინტერესებს;
დ) პირს, რომლის მიმართაც რესტიტუციისა და კომპენსაციის კომისიამ ან კომისიის კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება ქონებრივი რესტიტუციის, ადეკვატური (სანაცვლო) უძრავი ქონების დაბრუნების ან ქონებრივი ზიანის კომპენსაციის შესახებ.
კითხვა: რა არის ექსპროპრიაცია?
პასუხი: ექსპროპრიაცია არის საკუთრების ძალადობრივი ჩამორთმევა სახელმწიფოს მიერ ანაზღაურებით ან მის გარეშე.
კითხვა: ვარ ორი შვილის დედა, მინდა, გავეყარო ქმარს. ბინა, რომელშიც ვცხოვრობთ, რეგისტრირებულია მის სახელზე. მაინტერესებს, გაყრის შემთხვევაში, მე და ჩემს შვილებს ბინაზე რა უფლებები გვაქვს?
პასუხი: მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე, თუ ბინა შეძენილია თანაცხოვრების პერიოდში, გაქვთ ბინის ნახევრის მოთხოვნის უფლება, მაგრამ სასამართლოს შეუძლია, გადაუხვიოს მეუღლეთა წილის თანაბრობის საწყისს, არასრულწლოვანი შვილების ინტერესების ან ერთ-ერთი მეუღლის ყურადსაღები ინტერესის გათვალისწინებით – კერძოდ, ერთ-ერთი მეუღლის წილი შეიძლება, გაიზარდოს იმ შემთხვევაში, თუ მასთან ცხოვრობს არასრულწლოვანი შვილი, თუ ის შრომისუუნაროა; ანდა მეუღლე ხარჯავდა საერთო მეურნეობის საზიანოდ.
კითხვა: მინდა ბინის ყიდვა. მაინტერესებს, აუცილებელია თუ არა ასეთი ხელშეკრულების ნოტარიულად დამოწმება?
პასუხი: უძრავი ქონების შესაძენად სავალდებულო არ არის ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმება ნოტარიული წესით. მხარეებს შეუძლიათ, მიმართონ საჯარო რეესტრს და რეესტრში გააფორმონ ნასყიდობის ხელშეკრულება.
კითხვა: ვარ მარტოხელა პენსიონერი. რამდენიმე თვის წინ ჩემს დისშვილს ვაჩუქე მანქანა. თუმცა ამ ფაქტის შემდეგ, ის მომექცა უპატივცემულოდ და მომაყენა შეურაცხყოფა, შემიძლია თუ არა ჩამოვართვა მას ეს მანქანა?
პასუხი: მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე, ჩუქების ხელშეკრულების გაუქმება შესაძლებელია, თუ დასაჩუქრებული მძიმე შეურაცხყოფას მიაყენებს და დიდ უმადურობას გამოიჩენს მჩუქებლის, ან მისი ახლო ნათესავის მიმართ.
კითხვა: მთავაზობენ მეორე რიგის იპოთეკარობას, მაინტერესებს: პირველი რიგის იპოთეკარის მიერ ბინის რეალიზაციის შემთხვევაში, რა ბედი ეწევა ჩემს იპოთეკას და თუ არსებობს რისკი?
პასუხი: მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე, რისკი მეორე რიგის იპოთეკასთან დაკავშირებით არსებობს, ვინაიდან, თუ ბინა გაიყიდა, პირველი რიგის იპოთეკარის სასარგებლოდ მათი მოთხოვნის ფარგლებში (იგულისხმება იძულებითი აღსრულება), ასეთ შემთხვევაში, თქვენი მოთხოვნა იქნება აღსრულებული, ხოლო იპოთეკა – გაუქმებული.