კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მე – დაქირავებული მკვლელი

უშიშროების პოლკოვნიკის ჩანაწერების მიხედვით

გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ ¹29-33(555)

– შენ, ალბათ, ნატა ხარ, ხომ? – ვკითხე ცისფერთვალება გოგონას, რომელსაც ოქროსფერი ნაწნავები ლამის წელამდე წვდებოდა და მიღიმოდა.
– დიახ, ძია, თქვენ? – მკითხა ნატამ.
– ძიას ნუ მეძახი, – გავუღიმე გოგონას, რომელიც მხოლოდ 13 წლით იყო ჩემზე უმცროსი, – მე შენი ნათესავი ვარ და შენთან საქმე მაქვს. შეიძლება, სახლში შემოვიდე?
– მობრძანდით... – ნატამ პაუზა გააკეთა, რადგან ჩემი სახელი არ იცოდა. მივხვდი და შევაშველე:
– კოკი დამიძახე.
– მობრძანდით, კოკი.
ნატასთან შეხვედრამდე, გაცნობის რამდენიმე ვარიანტი მქონდა შემუშავებული და გარემოებიდან გამომდინარე, უნდა მემოქმედა. მასთან კი იმიტომ მოვედი, რომ პირველ ყოვლისა, გოგონას გავცნობოდი, გამეგო, რა პირობებში ცხოვრობდა და როგორ იზრდებოდა. როცა ვნახე, რომ მომაკვდავ მოხუცს უვლიდა და, ქალის გარდაცვალების შემთხვევაში, შესაძლოა, ბავშვთა სახლში მოხვედრილიყო, ნატას ვუთხარი:
– რაღაც მნიშვნელოვანი უნდა გითხრა და მოემზადე.
– რა უნდა მითხრა? – შეცბა გოგონა და სახეზე ღიმილი გაუქრა.
– კარგი ამბავი, ჩემო გოგონა, არ ინერვიულო.
– კარგი ამბავი?
– ჰო, კარგი ამბავი, – გავუღიმე ნატას, თავზე ხელი გადავუსვი და ვკითხე, იცი, ვინ ვარ?
– არა, – თავი გააქნია ნატამ.
– შენი ძმა ვარ.
– ძმა? – გაიმეორა ნატამ.
– ჰო, ძმა და შენს წასაყვანად მოვედი.
– კოკი, ძმაო, – შეჰკივლა ნატამ, ჩამეხუტა და ატირდა.
მოხუცი სამ დღეში გარდაიცვალა, პატივით დავასაფლავეთ და ერთი კვირის შემდეგ ნატა უკვე ოფიციალურად გადმოვიდა ჩემს გვარზე, როგორც ჩემი და და ჩვენს ოჯახში დაიწყო ცხოვრება. მაშინდელი კორუფციული სისტემისა და ჩემი ნაცნობობის წყალობით, ოფიციალური საბუთები უმოკლეს დროში გავაფორმე და ნატა ჩვენი ოჯახის სრულუფლებიანი წევრი გახდა.
ნატას, მერის და ჩემს უფროსობას ვუთხარი, რომ თითქოს ნატა მამაჩემის უკანონო შვილი იყო, ეს ამბავი მამისგან ვიცოდი, ჩემი და მოვძებნე და დავიბრუნე. სამსახურში არაფერი უთქვამთ, რადგან ასეთი ისტორიები ათასობით ხდებოდა და ამაში გასაკვირი არაფერი იყო. მით უმეტეს, რომ ანტისაბჭოთა და უკანონო არაფერი ჩამიდენია. თუმცა, დარწმუნებული ვარ, რომ ფარულად მაინც გამოიძიეს ეს საქმე და საეჭვოს ვერაფერს მიაგნეს.
მერი და ნატა ერთმანეთს დებივით შეეწყვნენ, ჩემი „და“ ჩემმა შვილებმაც შეიყვარეს და ათი წლის შემდეგ, როდესაც ნატა გათხოვდა, მისი ოჯახიდან გაშვება ძალიან გაგვიჭირდა.
ქორწილის წინა ღამეს მე და ნატა განვმარტოვდით და მას ვუთხარი:
– მოკლედ, ასე, დაიკო: შენ ძალიან მდიდარი ადამიანი ხარ – აი, ამ კოდით ჩაკეტილ სეიფში შვეიცარიის ამ ბანკში ფული და ქონებაა. როდესაც მოგინდება, შეგიძლია, მიხვიდე და უპრობლემოდ წამოიღო, მაგრამ ამის გაკეთებას ახლა არ გირჩევ. კარგად დაიმახსოვრე კოდი, არ დაგავიწყდეს და ჩვენი საუბრის შესახებ არავის არაფერი უთხრა.
– არც მერის? – მკითხა ნატამ.
– არც მერის, არც შენს ქმარს და, საერთოდ, არავის ამქვეყნად. თან, არ მკითხო, საიდან და როგორ. ეს ქონება შენია და, როცა დრო მოვა, გამოგადგება.
ნატას არაფერი უკითხავს. მეორე დღეს კი ქორწილი გადავიხადეთ და ნატა ქმრის ოჯახში გადავიდა. თავისი ქონება კი მას შემდეგ გამოიყენა, როდესაც საბჭოთა კავშირი დაიშალა და ნატა ქმარ-შვილთან ერთად უცხოეთში გადავიდა საცხოვრებლად. მახსოვს, ნატამ ჟენევიდან დამირეკა და მითხრა:
– კოკი, ძმაო, როგორ ხარ?
– რა ვიცი, ძველებურად, – მივუგე ნატას.
– მანდ რა ხდება?
– ის, რაც ხდებოდა – არც შუქია, არც გაზი და არც წყალი.
– ჰოდა, ჩემთან გადმოსახლდით, თუ გინდათ, ახლობლებიც წამოიყვანეთ, – მითხრა ნატამ და ამით მიმახვედრა, რომ ქონება უკვე მის ხელში იყო.
საერთო კრიზისული მდგომარეობის მიუხედავად, რომელიც მაშინ საქართველოში იყო, ჩემს ოჯახს არ უჭირდა. მართალია, „კაგებე“ აღარ არსებობდა და სახელმწიფო ჯამაგირს არ ვიღებდი, მაგრამ უკვე კერძო კონტრაქტები მქონდა, ანუ დაქირავებული მკვლელის სამუშაოს ვასრულებდი და შემოსავალს არ ვუჩიოდი.
– არა, ნატა, ისე არ გვიჭირს, რომ გასაქცევად გვქონდეს საქმე, – მივუგე ნატას.
რადგან ნატასთან არ გადავედით საცხოვრებლად, ის სისტემატურად გვიგზავნიდა ფულს, თან მასთან ჩასვლას გვთხოვდა. ბავშვებს ხშირად ვუშვებდით ხოლმე, მე და მერი კი სულ ორჯერ ვიყავით მასთან. ნატაც ორჯერ ჩამოვიდა თბილისში. პირველად – ჩემი ქალიშვილის ქორწილში, მეორედ კი – მერის დაკრძალვაზე.
– მერი! მერი! ჩემო დაიკო! – ხმამაღლა მოთქვამდა ნატა, რადგან მერი მართლა გულით უყვარდა.
მაშინ ნატა ორი თვე დარჩა ჩემთან, ორმოცსაც დაესწრო და მხოლოდ ამის შემდეგ დაბრუნდა ევროპაში. გამგზავრებამდე რამდენიმე დღით ადრე ნატა კუკიის სასაფლაოზე წავიყვანე, დედამისის საფლავი ვუჩვენე და ვუთხარი:
– იცი, ვისი საფლავია?
– ვისი?
– დედაშენის.
– დედაჩემის?
– ჰო, დედაშენის, – ვუთხარი ნატას, – ნატა, მე და შენ არც მამით ვართ ერთნი. მამაშენი ჩემი უფროსი მეგობარი იყო და შენი ამბავი სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე გამანდო. ის ისეთ საქმიანობას ეწეოდა, რომ იძულებული იყო, შენი არსებობა დაემალა, რათა შური შენზე არ ეძიათ. ეს ქონება მისი დანატოვარია და მთხოვა, შენთვის მეთქვა, რომ ძალიან, ძალიან უყვარდი...
ნატას ცრემლები წამოუვიდა. შემდეგ გაიღიმა, გადამეხვია და მითხრა:
– კოკი, ძმაო, არასოდეს წამოგცდეს, რომ მე და შენ და-ძმა არა ვართ. შენ ჩემი ძმა ხარ და მე შენ ძალიან მიყვარხარ.
იმ დღის შემდეგ მე და ნატა ხშირად ვხვდებით ხოლმე ერთმანეთს, მისი მშობლების ამბავს აღარასდროს დავბრუნებივართ და დღესაც დაძმურად გვიყვარს ერთმანეთი. მაგრამ, ნეტავი მაშინ თუ ვეყვარებოდი, რომ იცოდეს, ვინ მოკლა მამამისი?
ოლეგის მკვლელობა ერთადერთი შემთხვევაა ჩემს „კარიერაში“, რის გამოც სინდისი მქენჯნის. ისე კი, ჩვენი საქმე და სინდისის ქენჯნა ორი შეუთავსებელი რამაა და, ვისაც სინდისი ქენჯნის, ის ჩვენს „ბიზნესში“ დიდხანს ვერ გაძლებს.
არასდროს არ უნდა დაგწყდეს გული განვლილ საქმეზე და არ უნდა თქვა – ნეტავი, არ გამეკეთებინაო, მით უმეტეს, თუ კონტრაქტს ასრულებ. რადგან, დამკვეთს ყოველთვის აქვს არჩევნის საშუალება და შემოთავაზებულ წინადადებაზე უარის თქმა შეუძლია. კონტრაქტით მუშაობის პერიოდში მე ყოველთვის გულდასმით ვსწავლობ მოსაკლავი ობიექტის პიროვნებას და მხოლოდ ამის შემდეგ ვეუბნები პასუხს დამქირავებელს. თუმცა, ჯერჯერობით არ ყოფილა შემთხვევა, რომ კონტრაქტზე უარი მეთქვას და ვინც მომიკლავს, ჩემი ღრმა რწმენით, ყველა იმსახურებდა სიკვდილს. ასე რომ, სინდისი ნამდვილად არ მქენჯნის...
– კოკი, ძვირფასო, გახსოვდეს, რომ უდანაშაულო ადამიანი არ არსებობს და, თუკი კაცზე „მეტკაა“ დადებული და უნდა მოიკლას, ის ამის ღირსია. ყველაზე სისხლისმსმელი ტირანები და სახელმწიფოებიც კი ერიდებიან უდანაშაულო ადამიანის მოკვლას და ასეთ ბრძანებას ტყუილად არავინ გასცემს. ასე რომ, ტვირთისგან გათავისუფლდი და არავითარი სინდისის ქენჯნა! – მითხრა ერთხელ სროლის მასწავლებელმა, რომელიც თავადვე იყო ახალგაზრდობაში პროფესიონალი ქილერი და არაერთი რთული საქმე ჰქონდა შესრულებული. მერე კი „საქმეების“ კეთება რომ აღარ შეეძლო, პედაგოგიურ საქმიანობას მოჰკიდა ხელი და ახალგაზრდა „შემსრულებლებს“ ზრდიდა. ჩემი პედაგოგი სამოცდაათ წელს მიღწეული, ჭაღარა მამაკაცი იყო და შესახედავად ღვაწლმოსილ პროფესორს ჩამოჰგავდა. სინამდვილეში იყო კიდეც პროფესორი, მაგრამ, თავისი საქმის, ანუ, ადამიანების ფიზიკურად განადგურების, – ჰოდა, კოკი, სულ მალე შენი პირველი საბრძოლო ნათლობა შედგება და, აბა, შენ იცი, რაც გასწავლე, ყველაფერი უმაღლეს დონეზე უნდა შეასრულო.
მოხუცი ყველას ასე მოძღვრავდა და აბა, რა იცოდა, რომ როგორც უკვე ადრე ვთქვი, მე საგანგებო მისიისთვის მამზადებდნენ. ხოლო ამის შესახებ კი სულ რამდენიმე ადამიანმა იცოდა, ისიც მოსკოვში.
– ამას არ უყურებ? – მითხრა „ძიამ“ კმაყოფილებით, როდესაც მის კაბინეტში შევედი, რადგან დაბარებული ვიყავი, მაგრამ, რისთვის – არ ვიცოდი.
– გამარჯობა, ძია რომან, – მივესალმე „ძიას“.
– მოდი, დამენახვე, რა ვაჟკაცი დადექი, – მითხრა რომანმა, გადამეხვია და სრული სერიოზულობით დაამატა: – მოკლედ ასე, ჩემო კარგო, შენი პირადი საქმე მხოლოდ და მხოლოდ „ფრიადებითაა“ სავსე და, ვისაც შენთან შეხება ჰქონდა, ყველა გაქებს. პოლკოვნიკი ოლეგი კი პირდაპირ აცხადებს, რომ შენი რანგის ოპერმუშაკი მთელ საბჭოეთში არაა, ესე იგი, მთელ მსოფლიოშიც, რადგან ჩვენს თანამშრომლებზე უკეთ მომზადებული ხალხი არავის ჰყავს. ამგვარად, ჩემო კარგო, შენ მოსკოვში გიძახებენ და ზეგ მიფრინავ.
– მოსკოვში? – გავიმეორე.
– დიახ, დიახ, მოსკოვში, – მითხრა „ძიამ“, – იცი, ეს რას ნიშნავს?
– უდიდეს ნდობას ჩემ მიმართ, – მივუგე რომანს.
– ეს – თავისთავად, – თავი დამიქნია რომანმა, – გარდა ამისა, ესაა ბრწყინვალე პერსპექტივა, ჩინები, ორდენები, ზემდგომთა პატივისცემა და ყველა ის სიკეთე, რაც კი ჩვენმა მშობელმა ქვეყანამ შეიძლება მისცეს თავის ერთგულ შვილს. გაიგე, ბიჭო?
– გავიგე, ძია რომან.
– იცი, როგორ მიხარია? ვერც კი წარმოიდგენ.
– დარწმუნებული ვარ, ძია რომან.
– ახლა კი, ჩემო კოკი, პაპასთან შევდივართ, დაბარებული ხარ და, აბა, შენ იცი. როდესაც უთქვამთ მისთვის, მოსკოვმა მოითხოვაო, ჯერ შენი ასაკი უკითხავს და, რომ გაუგია, 20 წლისაც არ ხარ, უთქვამს: ერთი, ეგ ბიჭი მანახვეთო.
„პაპას“ საქართველოს „კაგებეს“ შეფს ეძახდნენ თანამშრომლები ერთმანეთში და ის ყველაზე ხანდაზმული და გამოცდილი იყო თავის კოლეგებს შორის, რომლებიც სხვა რესპუბლიკების ანალოგიურ სამსახურებს ხელმძღვანელობდნენ. მან გამჭოლი მზერა მესროლა, მაგრად ჩამომართვა ხელი, თხუთმეტიოდე წუთი მელაპარაკა და გამომშვიდობებისას მითხრა:
– წარმატებებს გისურვებთ. იმედია, კვლავ შევხვდებით ერთმანეთს და თქვენს წარმატებებზე უფრო დიდხანს და საფუძვლიანად ვისაუბრებთ.
„ პაპას“ მეტი აღარასოდეს შევხვედრივარ, რადგან სულ მალე უშუალოდ მოსკოვის დაქვემდებარებაში გადავედი. მართალია, თბილისში ვცხოვრობდი, მაგრამ დავალებებს მოსკოვი მაძლევდა. მიუხედავად ამისა, როგორც მოგვიანებით შევიტყვე, „პაპა“ ხშირად ინტერესდებოდა ჩემით და ჩემ შესახებ ინფორმაციებს მუდმივად აწვდიდნენ.
მოსკოვში მარტო გავემგზავრე და წასვლის წინ „ძიამ“ მითხრა:
– მერის არ უთხრა, რომ მოსკოვში ჩადიხარ. მან ამის შესახებ არ უნდა იცოდეს – ასეთი ბრძანებაა მოსკოვიდან.
– ესე იგი, მერის ვერ ვნახავ?
– ვერა, – მითხრა „ძიამ“.
– რა გაეწყობა, სხვა დროს იყოს, – მივუგე „ძიას“, გამოვემშვიდობე და გასასვლელისკენ გავემართე, რომ თვითმფრინავში ჩავმჯდარიყავი.
საბჭოთა კავშირის დედაქალაქში პირველად ვიყავი და ჩემზე წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა. ბავშვობიდან თბილისის ვიწრო, დაგრეხილ და ოღრო-ჩოღრო ქუჩებს მიჩვეულს, რუსთაველის გამზირზე დიდი ქუჩა არ მენახა. მოსკოვში რომ ჩავედი, პირველად თვალში მეცა ფართო, სწორი, მოასფალტებული ქუჩები და უზარმაზარი, სუფთად მოვლილი სახლები. არანაკლებ გამაოცა ყველა სახის ტრანსპორტის სიმრავლემ, მეტრომ კი მთლად შოკში ჩამაგდო...
როგორც კი თვითმფრინავის ტრაპიდან ფეხი ჩავდგი, ჩემ გვერდით შავი ფერის ძველი „ვოლგა“ გაჩერდა, კარი გაიღო და შუახნის მამაკაცმა მანქანაში მიმიპატიჟა:
– გთხოვთ, კოკი, დაბრძანდით!
მანქანაში მხოლოდ ის მამაკაცი და მძღოლი იმყოფებოდნენ. როგორც კი ჩავჯექი, „ვოლგა“ ადგილს მოსწყდა და ჯერ აეროპორტის ტერიტორია დატოვა, შემდეგ კი დიდი სისწრაფით გაემართა ქალაქის ცენტრისკენ. მე დიდი ინტერესით, ერთგვარი სიხარბითაც კი ვათვალიერებდი ქალაქს. ჩემ გვერდით მჯდომი მამაკაცი უხმოდ მადევნებდა თვალყურს, თან სახიდან მსუბუქი ღიმილი არ სცილდებოდა. „ვოლგამ“ ლუბიანკის მოედანზე შეუხვია, სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის შენობას შემოუარა, რკინის კარის გავლით ეზოში შევიდა და გაჩერდა.
– წამომყევით, – მითხრა ჩემმა მეგზურმა და მანქანიდან გადავიდა. მეც რომ გავყევი, „ვოლგა“ ადგილიდან დაიძრა და ეზოში მდებარე გარაჟში შევიდა.
ჩემი მეგზური წინ მიდიოდა, მე უკან მივყვებოდი. რამდენიმე დერეფანი გავიარეთ, ლიფტში ჩავსხედით და მესამე სართულზე ავედით. „კაგებეში“ სტუმრობის პირველივე წუთებიდან სამმა რამემ გამაოცა: აბსოლუტურმა სიჩუმემ, ყველა დერეფანსა და კაბინეტში დაგებულმა რბილმა ხალიჩებმა, რომლებზეც უხმაუროდ დადიხარ და: კიდევ იმან, რომ არც ეზოში და არც დერეფანში კაციშვილის ჭაჭანება არ იყო. პირველი ადამიანი, რომელიც ჩვენ შეგვხვდა, უშიშროების სამხედრო ფორმაში გამოწყობილი პოლკოვნიკი იყო. ის უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მისაღებში შეგვეგება და თავშეკავებული სალმის შემდეგ გვითხრა:
– ამხანაგი თავმჯდომარე გელოდებათ, გთხოვთ!
„ესეც მეოთხე საოცრება“, – გავიფიქრე გუნებაში, როდესაც „კაგებეს“ მრისხანე შეფის უზარმაზარ კაბინეტში შევდიოდი, რადგან მასთან შეხვედრა ჩემთვის სრული მოულოდნელობა იყო. საქართველოს უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარეს რომ ვხვდებოდი, ათი წუთი მაინც მქონდა აზრზე მოსასვლელად და, სანამ „ძიას“ კაბინეტიდან „პაპასთან“ მივიდოდი, მთელი ჩემი ნებისყოფის მოკრება მოვასწარი. აქ კი ათი წამიც არ მაცადეს აზრზე მოსასვლელად და „ფორმაში ჩასადგომად“ ზუსტად ის დრო გამოვიყენე, რაც საკავშირო უშიშროების შეფის კაბინეტის ზღურბლზე გადაბიჯებას დასჭირდა.
– გამარჯობა, – მომესალმა საკავშირო „კაგებეს“ თავმჯდომარე – გთხოვთ, დაბრძანდით!
კაბინეტის მასპინძელი თავის სკამზე დაეშვა, მე მისგან ხელმარცხნივ, გრძელ მაგიდას მივუჯექი, ჩემი მეგზური კი ჩემს პირდაპირ მოკალათდა. „კაგებეს“ შეფმა მითხრა:
– თქვენს პირად საქმეს გულდასმით გავეცანი და, უნდა გითხრათ, თქვენი მონაცემებით სასიამოვნოდ გაოცებული ვარ. თქვენს პირად დოსიეშიც არანაირი ხინჯი არ არის, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ ბაბუათქვენის პისტოლეტით ორი ნაგაზი დახოცეთ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას. თუმცა, თქვენ ხულიგანი მურაზასგან იცავდით თავს...
საკავშირო „კაგებეს“ თავმჯდომარის სიტყვებში ყველაზე მეტად ვარანცოველი მურაზას ხსენებამ გამაოცა. თან, დავრწმუნდი, რომ მას მართლაც გულდასმით ჰქონდა შესწავლილი ჩემი საქმე და გავიფიქრე: „არა მგონია, რომ „კაგებეს“ თავმჯდომარე ყველა ახალდამწყებ, თუნდაც ძალიან წარჩინებულ თანამშრომელს ხვდებოდეს. როგორც ჩანს, აქ ძალიან საიდუმლო და მნიშვნელოვან მისიასთან უნდა მქონდეს საქმე“.
– აქ იმიტომ მოგიწვიეთ, – განაგრძობდა „კაგებეს“ შეფი, – რომ ხაზი გავუსვათ იმ ოპერაციის უაღრესად დიდ მნიშვნელობას, რომელსაც ჩვენ ვატარებთ და რომელშიც თქვენ მთავარი როლი გეკისრებათ. ყველა დეტალსა და ნიუანსს კი ამხანაგი გენერალი გაგაცნობთ, – „კაგებეს“ შეფმა ჩემ პირდაპირ მჯდარ შუახნის მამაკაცისკენ გაიშვირა ხელი, – დღეიდან თქვენი კურატორი ეს იქნება და თვითონვე აგებს პასუხს ოპერაციის წარმატებით განხორციელებაზე.
ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი, რომ ჩემი მეგზური გენერლის ჩინს ატარებდა, ის უბრალო, რიგითი თანამშრომლის შთაბეჭდილებას ტოვებდა. „კაგებეს“ შეფმა წარმატება გვისურვა და, სანამ მისი კაბინეტიდან გამოვიდოდით, გვითხრა, რომ მომავალი ოპერაციის მომზადებისა და მსვლელობის საქმის კურსში პირადად იქნებოდა.
საკავშირო „კაგებეს“ შეფის კაბინეტში სულ რაღაც 20 წუთი დავყავი, მაგრამ უდიდესი ზეგავლენის ქვეშ მოვექეცი, რაც მრავალი წელი გამყვა და სწორედ ამ ზეგავლენის წყალობით ვასრულებდი ყველა დავალებას უყოყმანოდ, დაუფიქრებლად და, თანაც, კარგა ხანს მეგონა, რომ ამ ყველაფერს ხალხის ბედნიერებისთვის ვაკეთებდი. ხოლო, როდესაც მივხვდი, რომ მეც იმ ბინძური თამაშის ერთ-ერთი მონაწილე ვიყავი, რასაც პოლიტიკა ჰქვია, უკვე ვეღარაფერს შევცვლიდი. ღრმად მქონდა შეტოპილი, უკან გამოსვლის მცდელობაც კი კრახით დასრულდებოდა და ისეთივე დღე დამადგებოდა, როგორიც პოლკოვნიკ ოლეგს. საბჭოთა იმპერიის დაშლის შემდეგ კი ისეთი ქაოსი იყო, რომ პროფესიის შეცვლასა და ახალი სამუშაოს ძებნას აზრი არ ჰქონდა. ამიტომ, პროფილის შეცვლა არც მიცდია და დაქირავებული მკვლელი გავხდი.
მე და გენერალმა ისევ ის გზა გავიარეთ. კვლავ ერთი სულიერიც არსად შეგვხვედრია. ეზოში რომ ჩავედით, „ვოლგა“ სადარბაზოსთან გველოდებოდა. ჩვენ კვლავ უკანა სავარძლებზე მოვთავსდით, მანქანა ადგილიდან დაიძრა, „კაგებეს“ ეზო დატოვა და ქუჩაში გავიდა.
– ბალაშიხაში! – უთხრა გენერალმა მძღოლს და „ვოლგამ“ სისწრაფეს მოუმატა.
ბალაშიხა მოსკოვის მახლობლად მდებარე პატარა ქალაქია, რასაც „პოდმოსკოვიეს“ რაიონებს უწოდებენ. მაშინ იქ იმ პერიოდისთვის სუპერმოდერნიზებული უშიშროების სასწავლო-საწვრთნელი ცენტრი გაიხსნა, სადაც საიდუმლო აგენტებს ამზადებდნენ. სწორედ იქ იგეგმებოდა და იდგმებოდა ყველა გახმაურებული მკვლელობა და ტერორისტული აქტი, რომლებსაც საბჭოთა კავშირი ახორციელებდა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. კოჯრის მიწისქვეშა ქალაქისგან განსხვავებით, ბალაშიხას ათჯერ მეტი ტერიტორია ეკავა და მას, როგორც მიწისქვეშა, ასევე მიწისზედა, ყველაზე თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი ინფრასტრუქტურა ჰქონდა. აქ იყო აბსოლუტურად ყველაფერი – დაწყებული კალიუმციანიდის შხამით გაჟღენთილი ნემსით, რომელსაც ავტოკალმიდან ისვრიან, რომ 200 მეტრის მანძილზე მყოფი ობიექტი სასიკვდილოდ დააზიანონ, თანამედროვე ვერტმფრენით დამთავრებული, რომელიც რეაქტიულ ჭურვებს ისვრის და დიდ ობიექტებს აზიანებს. ბალაშიხის ცენტრთან მიახლოება სპეციალური ნებართვის გარეშე შეუძლებელი იყო და სახმელეთო გზით იქ მტერი ვერ შეაღწევდა. ეს გამორიცხული იყო ჰაერიდანაც და ვერც ჯაშუში-თანამგზავრები აფიქსირებდნენ იმ კვადრატს, რადგან ის სივრცე საბჭოთა „სპუტნიკების“ მიერ იყო საიმედოდ ბლოკირებული და საბჭოთა კავშირის ერთ-ერთ ყველაზე დაცულ, უსაფრთხო და საიმედო ადგილად ითვლებოდა კრემლთან ერთად. ოპერაციის მომზადების პერიოდში ბალაშიხაში ორი თვე ისე ვიცხოვრე, ტერიტორია არ დამიტოვებია. თუმცა, არც სატელეფონო ზარებში ვიყავი შეზღუდული და არც გადაადგილებაში. შემეძლო, ნებისმიერ დროს ნებისმიერ ადგილას დამერეკა ტელეფონით და სასწავლო ცენტრის ნებისმიერ წერტილში მივსულიყავი, მაგრამ მკაცრად ვიყავი გაფრთხილებული, რომ სატელეფონო საუბრისას არც ჩემი ადგილსამყოფელი გამემხილა ვინმესთვის და არც ოპერაციის მზადების ამბავი; აკრძალული იყო ფოტოგადაღებაც. ბალაშიხაში ისეთი შემოწმებული ხალხი ვიყავით, რომ ინსტრუქციას, აბა, ვინ დაარღვევდა?
– აი, უკვე მოვედით, – მითხრა გენერალმა, როდესაც ბალაშიხას სასწავლო-საწვრთნელი ცენტრის ტერიტორიაზე შევედით და „ვოლგა“ ფიჭვნარში ჩაფლული კოტეჯის წინ გაჩერდა, – შეგიძლია, გადმოხვიდე, ეს ჩვენი აპარტამენტებია და ორი თვე მე და შენ ერთად ვიცხოვრებთ აქ. რას იტყვი, კოკი, მოგწონს აქაურობა?
– მშვენიერია, ამხანაგო გენერალო, – მივუგე გენერალს.
– დროა, გავიცნოთ ერთმანეთი, – გენერალმა ხელი გამომიწოდა, – შენ კოკი ხარ, მე კი უშიშროების გენერალ-ლეიტენანტი ტიმოფეი ზორინი. შეგიძლია, ამხანაგი გენერალი, ან ტიმოფეი საველიჩი დამიძახო, – გენერალმა გაიღიმა და კოტეჯში შემიპატიჟა.
ხის ორსართულიანი კოტეჯი ძალიან კომფორტულად იყო მოწყობილი. ორი საძინებელი ოთახი და უზარმაზარი სამზარეულო პირველ სართულზე იყო განლაგებული, ხოლო კაბინეტი და საბილიარდო ვერანდით – მეორეზე. კაბინეტში ორი „ვეჩე“ იდგა და თაროები წიგნებით იყო სავსე. საძინებლებს პერსონალური ტუალეტები და საშხაპეებიც ჰქონდა. ყველაზე მეტად კი იმან გამაოცა, რომ, მართალია, საბჭოთა წარმოების, მაგრამ უზარმაზარი მართკუთხა ტელევიზორები რამდენიმე ათეულ უცხოურ არხს უჩვენებდა, რადგან თანამგზავრული ანტენები ჰქონდა შეერთებული. ასევე, თავისუფლად შეგეძლოთ, დაგეჭირათ ყველა ანტისაბჭოთა რადიოარხი, რომლებსაც საბჭოთა კავშირი ინტენსიურად ახშობდა.
– გაოცებული ხარ, კოკი? – მკითხა ზორინმა.
– ძალიან, ტიმოფეი საველიჩ, – მივუგე გენერალს და იქვე ვკითხე, – რას ემსახურება ეს ყველაფერი და ვინ უნდა უყუროს და მოისმინოს ამდენი სიცრუე და სისულელე?
– ჩვენ. ძირითადად კი – შენ. ამ ორთვიანი მომზადების პერიოდში შენ ანტისაბჭოური სულისკვეთებით უნდა „განიმსჭვალო“ და უცხოური მასმედიის ისტერიას ყური შეაჩვიო. შენ, ასევე, სისტემატურად უნდა ეცნობოდე მოწინავე ბურჟუაზიულ პრესას. ერთი სიტყვით, ამ ორ თვეში მძვინვარე ანტისაბჭოელ ახალგაზრდად უნდა ჩამოყალიბდე, რომელსაც ფაშისტური მიდრეკილებები აქვს. ეს ყველაფერი იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ამ ორი თვის განმავლობაში პირადად უნდა ვუხელმძღვანელო შენს მომზადებას და ამიტომ აქედან ფეხსაც ვერ მოვიცვლი. ახლა ვისადილოთ, შემდეგ კი საქმის დეტალებსაც გაგაცნობ.
სადილი პირადად გენერალმა ზორინმა მოამზადა, სუფრა კი ორივემ გავაწყვეთ. დანაყრების შემდეგ ერთი საათი რომ დავისვენეთ და ზორინმა კაბინეტში ამიყვანა, სავარძლებში მოვკალათდით და მითხრა:
– მეორე მსოფლიო ომის პერიოდში ნაცისტებმა ოკუპირებული უკრაინიდან და ბელორუსიიდან 10 მილიარდი მანეთის ღირებულების 200 ტონა ოქროს ზოდები გაზიდეს და რაიხსბანკის საცავებში მოათავსეს. თუმცა, 1945 წლის იანვარში, როდესაც ფაშისტების კრახი გარდაუვალი იყო, „ესესის“ ზონდერჯგუფებმა ეს ოქროს ზოდები რაიხსბანკის საცავებიდან გაიტანეს და გაურკვეველ ადგილას გადამალეს. ერთი ვერსიით, ეს განძი ალპების მიუვალ და კარგად შენიღბულ მთებშია გადამალული, მეორე ვერსიით კი – შვეიცარიის ბანკების სარდაფებში. თუმცა, ამჟამად ეს ჩვენი კუთვნილი ოქრო მიუწვდომელია ჩვენთვის.
– მიუხედავად ამისა, არსებობს შანსი, რომ ეს ოქრო უკან დავიბრუნოთ და სწორედ საამისოდ დავიწყეთ ეს სპეცოპერაცია, რომლის უმთავრესი მოქმედი პირი სწორედ შენ ხარ. მეტსაც გეტყვი, შენ ამ სპეცოპერაციის მთავარ როლზე ჯერ კიდევ მაშინ დაგამტკიცეს, სანამ ძია რომანი გადაგიბირებდა და კოჯრის სპეცსკოლაში ჩაირიცხებოდი. ყველაფერი კი იმ ფიზიკურ მსგავსებაშია, რამაც ერთ-ერთი საკვანძო როლი უნდა შეასრულოს ამ საქმეში – შენ გაჭრილი ვაშლივით ჰგავხარ პოლკოვნიკ კურტ შტაინერის შვილიშვილს, ალფრედს, რომელიც შენი ასაკისაა, ლონდონში ცხოვრობს და სამეფო კოლეჯის სტუდენტია ისტორიის ფაკულტეტზე. ალფრედის ბაბუა კურტი კი სწორედ ის ოფიცერია, რომელიც საბჭოთა ოქროს გადამალვის სპეცოპერაციას ხელმძღვანელობდა და, როგორც ჩვენთვისაა ცნობილი, მხოლოდ ის გადარჩა ცოცხალი, დანარჩენები კი ოქროს გადამალვის შემდეგ დაიხოცნენ და თავისი ხელქვეითები პირადად პოლკოვნიკმა შტაინერმა დახოცა. თხუთმეტი თვის წინ, ანუ სამი თვით ადრე, სანამ შენ კოჯრის სპეცსკოლაში ჩაირიცხებოდი, ჩვენმა დაზვერვამ ზუსტად დაადგინა, რომ თვრამეტი თვის შემდეგ, ანუ დღეიდან სამ თვეში, პოლკოვნიკი კურტ შტაინერი აუცილებლად დაესწრება ქალაქ მიუნხენში „ესესელთა“ საიდუმლო შეკრებას, რომელზეც მისი შვილიშვილი ალფრედიც იქნება მიწვეული, მაგრამ ეს ჯერ ალფრედმა არ იცის და ამის შესახებ, სავარაუდოდ, შეხვედრამდე ერთი კვირით ადრე შეიტყობს. კურტ შტაინერი იმალება და ჩვენ მას ვერ ვპოულობთ. ერთადერთ იმედს იმ შეკრებაზე ვამყარებთ, რომელიც სამი თვის შემდეგ უნდა გაიმართოს. ჩვენი ოპერაციის არსი კი ისაა, რომ ვეტერანი „ესესელი“ მოვიხელთოთ და გამოვტეხოთ, თუ სად წაიღო ჩვენი ოქრო. შენ კი მისი შვილიშვილის როლი უნდა შეასრულო – ალფრედ შტაინერად უნდა გარდაისახო ამ ორ თვეში. შემდეგი ერთი თვე ლონდონში უნდა იცხოვრო, რომ იქაურ გარემოს შეეჩვიო. მიუნხენში გამგზავრებამდე ორი-სამი დღით ადრე ჩვენ შეცვლის ოპერაციას ჩავატარებთ: მას გავიტაცებთ, შენ კი მის ადგილს დაიკავებ და მიუნხენში „ბაბუასთან“ სწორედ შენ გაემგზავრები, გასაგებია?
– ყველაფერზე გასაგებია, ტიმოფეი საველიჩ, – მივუგე ზორინს, – ვეტერან „ესესელთა“ შეკრებაზე „ბაბუაჩემს“ უნდა ვათქმევინო, სადაა გადამალული საბჭოეთის კუთვნილი ოქრო, შემდეგ კი ამ ინფორმაციის რეალიზება მოვახდინო.
– რეალიზებას სხვები მოახდენენ, შენ კი ინფორმაცია უნდა მოიტანო, მაგრამ, კარგად დაიხსომე, რომ შეიძლება, დიდ ორომტრიალში მოყვე და მთელი შენი ცოდნის გამოყენება სწორედ მიუნხენურ შეკრებაზე დაგჭირდეს. ღმერთმა არ ქნას, მაგრამ, თუ ასე მოხდა, იმედია, წარმატებით გაართმევ თავს. აბა, ტყუილად ხომ არ გასწავლეთ და შენც ტყუილად ხომ არ აითვისე ეს ყველაფერი, – მითხრა გენერალმა, გამიღიმა და იმ დღეს ამ თემაზე აღარ გვისაუბრია.
მეორე დღიდან, ორი თვის განმავლობაში, ბალაშიხას საუკეთესო ინსტრუქტორ-პედაგოგებმა სრულად გამატარეს სამეფო კოლეჯის ისტორიის ის კურსი, რაც ალფრედ შტაინერმა ერთი წლის განმავლობაში გაიარა. ამის პარალელურად, არისტოკრატული ქცევების ყველა ნორმა და სხვა ნიუანსური თავისებურებები შემასწავლეს. გარდა ამისა, გერმანული აქცენტით მოლაპარაკე ინგლისურიც ავითვისე და უმნიშვნელო მაკიაჟისა და ჩაცმულობის შემდეგ, ზედგამოჭრილი ალფრედ შტაინერი ვიყავი.
ოპერაციის უმნიშვნელოვანესობიდან გამომდინარე, გენერალი ზორინი წუთითაც არ მომცილებია გვერდიდან და ჩემს მომზადებას პირადად ადევნებდა თვალყურს. ტიმოფეი საველიჩს საბჭოთა უშიშროების სისტემაში ერთ-ერთი უმაღლესი და ცენტრალური პოსტი ეკავა და ამხელა თანამდებობის პირები ამდენი ხნით არასდროს წყდებოდნენ ძირითად სამუშაოს და პირადად არ ხელმძღვანელობდნენ აგენტის მომზადების პროცესს. მაგრამ, ჩემი შემთხვევა გამონაკლისი იყო, საქმე 10 მილიარდ მანეთს ეხებოდა და ამიტომ, იმ ორი თვის განმავლობაში ზორინი საკავშირო „კაგებეს“ შეფის პირად მითითებას ასრულებდა.
ჩემი სამთვიანი გაუჩინარება რომ არავის მოსჩვენებოდა საეჭვოდ, როგორც ინსტიტუტში, ასევე ბაბუამ და მერიმ, იცოდნენ, თითქოს მე ყაზახეთის სტეპებში ვიმყოფებოდი და საერთაშორისო სტუდენტურ ინტერრაზმს ვხელმძღვანელობდი, რომელიც ყამირი მიწების ათვისების გამოცდილებას სწავლობდა. ბალაშიხიდან ხშირად ვურეკავდი როგორც ბაბუას, ასევე მერის და ეჭვიც არავის შეჰპარვია, რომ მე საიდუმლო-სადაზვერვო ცენტრში ვიმყოფებოდი.
– შენ, ჩემო ძმაო, ნამდვილი გენიოსი ხარ და ისეთივე წარმატებით შეგიძლია, დიდი მეცნიერი გახდე, როგორც დიდი მზვერავი, – მითხრა ზორინმა, როდესაც ორთვიანი სწავლება დასრულდა და სამ დღეში ლონდონში უნდა გავმგზავრებულიყავი, – აბსოლუტურად ყველა პედაგოგი ფრიადზე გაფასებს და შენი ყველა მონაცემი მაქსიმალურად კარგია. გილოცავ, კოკი, ასეთ წარმატებას, მაგრამ ეს მხოლოდ მომზადება იყო, მთავარი კი წინაა. როგორ გრძნობ თავს?
– ჩინებულად, ამხანაგო გენერალო, – მივუგე ზორინს.
– ძალიან კარგი, ჩემო ძვირფასო, ძალიან კარგი. სამი დღე დაისვენე, შემდეგ კი ლონდონში გაგამგზავრებენ, ერთი თვის განმავლობაში იქაურ ცხოვრებას შეეჩვევი, რომ საბოლოოდ შეძვრე ალფრედ შტაინერის ტყავში, ხოლო, შემთხვევით რომ არ შეეჩეხო მას ან იმ ადამიანებს, ვინც ალფრედს იცნობს, ჩვენი მზვერავები გააკონტროლებენ ამ პროცესს და თქვენს შეხვედრას არ დაუშვებენ. შეცვლის ოპერაცია რომ ჩატარდება, შენ ამას დაუყოვნებლივ გაცნობებენ და იმ წამიდან უკვე ალფრედ შტაინერი იქნები. მიუნხენში რომ გაემგზავრები, საკუთარი თავის გარდა ვეღარავინ დაგეხმარება და მცირედი შეცდომაც კი შეიძლება კატასტროფით დასრულდეს, – მითხრა ზორინმა, შემდეგ წარმატება მისურვა, გამომემშვიდობა და ბალაშიხიდან მოსკოვში გაემგზავრა.
სამი დღე ჩემს გემოზე დავისვენე – მხოლოდ ვჭამდი, მეძინა და აუზში ვცურავდი. ყოველდღიურად კოლოსალური ინფორმაციის მიღებას და უდაძაბულეს მუშაობას შეჩვეული ჩემი ტვინი ჩაცხრა და მომავალი რთული საქმისთვის მოემზადა. ლონდონში უთენია გავემგზავრე და გემით ჯერ არალეგალურად ჩამიყვანეს გლაზგოში, იქიდან კი ინგლისის დედაქალაქში მატარებლით ჩავედი და ჩელსის რაიონში, ჩემთვის წინასწარ შერჩეულ ბინაში დავსახლდი.
ის ერთი თვე, რაც ლონდონში ვცხოვრობდი, ქალაქის დათვალიერებას, მისი ღირსშესანიშნაობების გაცნობასა და იქაური ატმოსფეროს გათავისებას მოვანდომე. მთელი ამ ხნის განმავლობაში რამდენიმე საბჭოთა მზვერავი მაზღვევდა მონაცვლეობით, ალფრედ შტაინერს კი გამუდმებით უთვალთვალებდნენ და იმ მომენტს ელოდნენ, როდესაც მას ბაბუამისის მიერ გამოგზავნილი ემისარი ეწვეოდა და მიუნხენში გამგზავრების თარიღსა და მარშრუტს ამცნობდა. ალფრედის ბინაში მოსასმენი აპარატურა იყო დამონტაჟებული და საბჭოთა მზვერავები ამის მეშვეობით აკონტროლებდნენ მას.
„ესესელთა“ შეკრებამდე ორი დღით ადრე, ღამის 11 საათზე, ჩემთან დარეკეს და პაროლით გამაგებინეს, რომ შეცვლის ოპერაცია დაიწყო და საბჭოთა მზვერავს უნდა შევხვედროდი, რომელიც ყველაფრის საქმის კურსში ჩამაყენებდა. მას მე მეტროში შევხვდი და პაროლების გაცვლის შემდეგ მითხრა:
– ალფრედი უკვე გავიტაცეთ, ის ჩვენთანაა საიმედოდ გადამალული, შენ კი ხვალ დილით, 11 საათზე, ვატერლოოს ხიდთან წითელი ფერის, ამ ნომრის „ბეემვეში“ უნდა ჩაჯდე და ისინი თავადვე ჩაგიყვანენ მიუნხენში.
საბჭოთა მზვერავის ინფორმაცია ძალიან მწირი და ბუნდოვანი იყო, ამიტომ, ვკითხე:
– ვინ ისინი წამიყვანენ?
– ალბათ, კურტ შტაინერის ხალხი, – მომიგო საბჭოთა მზვერავმა, – ემისარი სულ ორი წუთი გაჩერდა ალფრედთან და მალევე წავიდა. იგივე გვითხრა ალფრედმაც, როდესაც ის დავკითხეთ.
– გასაგებია. მომეცით ალფრედის ბინის გასაღები, – ვუთხარი საბჭოთა მზვერავს, გასაღები გამოვართვი და ალფრედ შტაინერის ბინაში წავედი.
გაგრძელება შემდეგ ნომერში

скачать dle 11.3