კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

უაზრო სიკვდილი

ჯეინ დარანდის დაკრძალვაზე ბევრი ხალხი მოვიდა. სენტ-ოსტინში უყვარდათ ეს კეთილი ქალი და ყველა შეძრა მისმა უაზრო დაღუპვამ – სეირნობის დროს კლდიდან გადაიჩეხა. მისის დარანდი სტაფორდების გვარის ბოლო წარმომადგენელი იყო. იმ ოჯახის უკანასკნელი შვილი, რომელიც სენტ-ოსტინში მისი დაარსების დღიდან ცხოვრობდა. ქალაქი სწორედ მათ უნდა უმადლოდეს მშვენიერ აფთიაქებს, რომელიც, სახლთან და აყვავებულ ბიზნესთან ერთად, ჩარლზ დარანდს, ჯეინის მზითევის სახით ერგო. სასაფლაოზე შეკრებილი ხალხის მზერა მხოლოდ ქვრივისკენ არ იყო მიმართული. ისინი ედნა ბერკლისაც უჭვრეტდნენ. სწორედ ის იყო ჯეინ დარანდის სიკვდილის მოწმე. მან მოუთხრო პოლიციას, როგორ გამოვიდა საღამოს ოკეანის სანაპიროზე სასეირნოდ და მისტერ და მისის დარანდები დაინახა, რომლებიც ზევით, კლდეზე სეირნობდნენ. დაინახა ისიც, როგორ წაეპოტინა მისის დარანდი ყვავილს, რომელიც, კლდის კიდეზე იზრდებოდა, ფეხი დაუცდა და გადაიჩეხა. პოლიციას არავითარი საფუძველი არ ჰქონდა, ედნას სიტყვებში ეჭვი შეეტანა. კორნოულში კლდიდან ადრეც გადავრდნილან. დარანდების ოჯახი კი საუკეთესო რეპუტაციით სარგებლობდა.
სასაფლაოზე შეკრებილი ხალხის ყურადღების მესამე ობიექტი, ხანშიშესული წითური ქალბატონი იყო. ეს მის კასანდრა ფეისი გახლდათ, ბიბლიოთეკარი. სენტ-ოსტინში ბევრი გასართობი არ იყო და მეცხრამეტე საუკუნეში შექმნილი ბიბლიოთეკა კულტურული ცხოვრების და გართობის ცენტრად ექციათ. ამას კი არა მარტო მდიდარი ფონდი, არამედ თავად ბიბლიოთეკარის პიროვნებაც განაპირობებდა. მის კასანდრა საქმის საოცარი ერთგულებით გამოირჩეოდა და ქალაქში ნამდვილი „კუდიანის“ რეპუტაციით სარგებლობდა. ამის მიზეზი, მისი აკვიატებული „უზენაესი სამართლიანობა” იყო. ეს ქალი ამტკიცებდა, „უზენაეს სამართლიანობას” ვერავინ გაექცევაო. ანუ, ვინც წიგნს ცუდად მოექცეოდა, დაისჯებოდა. „უზენაესი სამართლიანობის” პირველი რისხვა ახალგაზრდა ჯიმი ელინზს დაატყდა თავს. მას უძველეს ატლასზე ცხიმიანი სოუსი დაესხა და მაშინ ჯერ კიდევ ახალგაზრდა მის ფეისს უსინდისოდ განუცხადა, ცხიმის ლაქებმა გახუნებული ფერები მხოლოდ გამოაცოცხლაო. რამდენიმე დღეში ის კინაღამ დაიხრჩო – ნავი გადაუბრუნდა და მის ფეისს მიზეზი მისცა „უზენაეს სამართლიანობაზე” დაეწყო საუბარი. მეორედ ამ თემას მის ფეისი მაშინ მიუბრუნდა, როდესაც კამილა სტარმერის სახლი გაქურდეს. ამ ამბამდე ერთი კვირით ადრე, მის ფეისმა კამილა მოდების ჟურნალის მოპარვაში დაადანაშაულა. შემდეგ, რაღაც უცნაურობა დაემართა ფიონა სმიტს. მას ერთ-ერთი სახელმძღვანელოდან ფურცლების ამოხევაში ედავებოდა მის ფეისი. ფიონას სახლში ჭერი ჩამოინგრა.
ლეგენდა მის ფეისის მისტიკურ ძალაზე ისე გაიბერა, რომ ყველა უბედურ შემთხვევას ბიბლიოთეკაში ჩადენილ დანაშაულს უკავშირებდნენ. მაგრამ, მის დარანდის გარდაცვალება გამონაკლისი გახლდათ, რადგან გარდაცვლილი მის ფეისის ერთადერთი მეგობარი იყო. ამას ისიც ადასტურებდა, რომ მისის დარანდმა სიკვდილამდე რამდენიმე ხნით ადრე, მეგობარს მემკვიდრეობით მიღებული, სტაფორდების რეცეპტების უძველესი წიგნი აჩუქა.
დასაფლავებიდან მხოლოდ რამდენიმე დღე იყო გასული, როცა სენტ-ოსტინი ახალმა შემთხვევამ ააღელვა. ედნა ბერკლი საავადმყოფოში მოხვდა. მას ისეთი დაავადება შეეყარა, რომელმაც ახალგაზრდა, გაფურჩქვნის ასაკის ქალი, სრულ ინვალიდად აქცია. თმა გასცვივდა, თითქმის დაბრმავდა და ხმა დაკარგა. ექიმები მხოლოდ თავს აქნევდნენ და დიაგნოზს ვერ სვამდნენ.
ხუთშაბათ საღამოს, როდესაც ბოლო მკითხველიც წავიდა, მის ფეისმა ქვის იატაკზე ფეხის ხმა გაიგონა. ეს ჩარლზ დარანდი იყო. ჩარლზმა კარი მიხურა და პირდაპირ საქმეზე გადავიდა:
– ჩვენ აქ მარტონი ვართ, ბებერო კუდიანო! და არც არავის დაუნახავს, აქ როგორ შემოვედი. შემიძლია, კისერი მოგიგრიხო და ვერავინ ვერაფერს გაიგებს. ედნა შენ დაღუპე, არა?
– მე ედნა არ დამიღუპავს, – მის ფეისი სიმშვიდეს არასდროს კარგავდა, – ეს მხოლოდ „უზენაესი სამართლიანობის” გამოვლინება იყო.
– რა?! – იღრიალა დარანდმა და მის ფეისისკენ გაიწია, – მოყევი, ედნას რა უქენი?
– ედნა მე არ დამიღუპავს. ყველაფერი საკუთარი ხელით გააკეთა. თუმცა, მე მისი შეჩერება არ მიცდია, რადგან ვიცოდი, რომ თქვენ ერთად მოკალით საცოდავი ჯეინი.
– ჩვენ არ მოგვიკლავს ჯეინი, – მკაცრად თქვა დარანდმა.
– არ გინდა, გთხოვ. მე ხომ დიდი ხნის წინ მივხვდი, რომ საყვარლები იყავით. თუმცა, ჯეინს არაფერს ვეუბნებოდი. მისი განაწყენება არ მინდოდა, არც ჭორაობა მიყვარს. ამას მაშინ მივხვდი, როცა ედნამ შეცდომით ის წიგნი ჩამაბარა, რომელიც შენ გაიტანე. თუმცა, თქვენ შორის ყველაფერი ძალიან სერიოზულად რომ იყო, მაშინ დავრწმუნდი, როდესაც ედნა, მოულოდნელად, დაინტერესდა წიგნებით, რომლებიც ნადირობას ეხებოდა. შენ კი წაიღე წიგნები იკებანას შესახებ და რამდენიმე სულელური სასიყვარულო რომანიც წაიკითხე. აი, ის კი, რომ თქვენ მკვლელობაზე წახვიდოდით, თავშიც არც მომივიდოდა. თუმცა, როდესაც გავიგე, რომ ჯეინი დაიღუპა, ხოლო ამ ამბის ერთადერთი მოწმე ედნა იყო, ყველაფერი ნათელი გახდა. გაყრის შემთხვევაში, შენ ბიზნესს და სახლს კარგავდი, ამიტომაც მოკალით.
დარანდს არ გაუპროტესტებია.
– არანაირი მტკიცებულება არ მქონდა. პოლიციაში ბიბლიოთეკარის ფორმულარებით რომ წავსულიყავი, უბრალოდ, დამცინებდნენ. ამიტომაც გადავწყვიტე, „უზენაეს სამართლიანობას” მივნდობოდი. მან როგორც ყოველთვის, არ მიღალატა.
– გინდა თქვა, რომ შენ არ ჩაგიყრია მისთვის საწამლავი?
– ეს მან თავად გააკეთა, უბრალოდ, მე ხელი არ შევუშალე.
– კი მაგრამ, როგორ?
– შენ ჯეინს ძალიან ცოტას ელაპარაკებოდი, სულელად მიგაჩნდა. იგი ციდან ვარსკვლავებს მართლაც არ წყვეტდა, მაგრამ საოჯახო მეურნეობა მისი გატაცება იყო. ის კულინარიული რეცეპტების კრებული ნამდვილი განძი გახლდათ, თან ძალიან ძვირიც ღირდა. მასზე ის უარს არაფრის დიდებით არ იტყოდა, მაგრამ ვფიქრობ, როგორღაც გაიგო თქვენი ურთიერთობის შესახებ და შენ გითხრა, რომ გაყრა უნდოდა. წიგნი კი მე ჩამაბარა, რადგან სიკვდილის ეშინოდა და არ უნდოდა, ის ცუდ ხელში მოხვედრილიყო.
დარანდმა ჩაიცინა.
– ტყუილად არ ამბობენ, რომ კუდიანი ხარ. კაცი იფიქრებს, ჩვენს საუბარს ესწრებოდი. ჰო, ჯეინმა მართლაც გაიგო ჩვენი ამბავი და განმიცხადა, რომ გამეყრებოდა და უგროშოდ დამტოვებდა. მე ყველაფერი ედნას მოვუყევი და მან მოიფიქრა, როგორ მოგვეშორებინა ჯეინი – თავი უნდა მომეჩვენებინა, თითქოს შერიგება მინდოდა. ჯეინი, როგორც ამას ახალგაზრდობაში ვაკეთებდით, კლდეებზე სასეირნოდ დამეპატიჟა და გადმომეგდო. ის კი მოწმედ გამოვიდოდა და ალიბს შემიქმნიდა.
– ასეც ვიფიქრე. ეგ გოგო ძალიან ბევრ დეტექტივს კითხულობდა, მაგრამ ანალიზის უნარი არ ჰქონდა. სხვა შემთხვევაში, დაფიქრდებოდა, წიგნი საოჯახო მეურნეობის შესახებ, ასე უცნაურად რატომ იყო სისტემაში მოყვანილი. შენი ცოლის წიგნი უბრალოდ კულინარიული რეცეპტების, კოსმეტიკური საშუალებებისა და სხვა ათასგვარი სისულელის რეცეპტთა კრებული კი არ იყო, ამ წიგნს თავისი საიდუმლო ჰქონდა, რომელიც ჯეინმა გამანდო. მას უჩვეულო ისტორია აქვს. შენ რომ ჯეინისთვის ერთხელ მაინც მოგესმინა ყურადღებით, გეხსომებოდა, საიდან დაიწყო მისი ოჯახის ბიზნესი.
– ჯვაროსნული ლაშქრობებიდან.
– ზუსტად. მაშინ ინგლისში ტყვედ არაბი ექიმი ჩამოიყვანეს. იგი რომელიღაც სტაფორდს დაუმეგობრდა და თავის ნაყენთა საიდუმლოებები გაანდო. შეიძლება ეს ლეგენდაა, მაგრამ ფაქტია, რომ სენტ-ოსტინში საუკუნეების განმავლობაში, გაურკვეველი მიზეზით, მთელი ოჯახები იხოცებოდა. საქმე ისაა, რომ ეს წიგნი მემკვიდრეობით მხოლოდ ქალის ხაზით გადაეცემოდა და იმ ქალბატონების წინააღმდეგ იყო განკუთვნილი, რომლებიც სტაფორდების ოჯახის ქალების სულიერ სიმშვიდეს ემუქრებოდნენ. მას საიდუმლო სახელწოდებაც ჰქონდა: „რეცეპტები მეტოქეებისთვის”. წიგნს მეტოქეს მისცემდნენ და მერე, ან გადარჩებოდა, ან მოკვდებოდა. გადაწყვეტილების მიღებას ზეცას ანდობდნენ, ანუ „უზენაეს სამართლიანობას”. წიგნის პირველ ნაწილში უბრალო რეცეპტებია, ხოლო მეორე ნაწილში არის რეცეპტები, რომლებიც აბსოლუტურად უსაფრთხო ინგრედიენტებისგან შედგება, მაგრამ ერთობლიობაში საშინელ შედეგებს იძლევა. ლედი-მეტოქე ირჩევდა იმ რეცეპტს, რომელიც მოეწონებოდა და... როგორც უკვე ვთქვი, ან გადარჩებოდა, ან მოკვდებოდა. ზოგჯერ მთელი ოჯახიც იღუპებოდა. თუკი ეს კულინარიული რეცეპტი იყო, მოგეხსენება, შუა საუკუნეებში დანდობა არ იცოდნენ.
– და შენ ეს წიგნი ედნას მიეცი?
– კი და როგორც ჩანს, მან რეცეპტი წიგნის მეორე ნაწილიდან აირჩია. ასე, რომ „უზენაესი სამართლიანობა”...
დარანდმა ჯერ მის ფეისისკენ გაიწია, თუმცა მალევე მოეგო გონს და შეეცადა, წყნარად ეთქვა:
– წიგნი მომეცი. ის ჩემი საკუთრებაა. საგნები, რომლებსაც ლეგენდები უკავშირდება, კარგ ფასად იყიდება.
– მისი ხელში აღების არ შეგეშინდება? – ჩურჩულით თქვა მის ფეისმა.
– კიდევ მომიყევი „უზენაესი სამართლიანობის” შესახებ! – დარანდი მოხუც ლედის აშკარად დასცინოდა, – ჯეინი მკვდარია, ედნა კვდება. ის ამ საქმეში ყველაზე სუსტი რგოლი იყო. შეიძლებოდა, რამე დასცდენოდა. შენ კი არავინ დაგიჯერებს. ასე რომ, დროს ნუღარ კარგავ, წიგნი მოიტანე.
მის ფეისი ადგა და ფონდში გავიდა. ცოტა ხნის შემდეგ უკან დაბრუნდა.
– ვერ მივწვდი, ძალიან მაღლაა.
ქალმა დარანდი გრძელი დერეფნით დიდ ოთახში გაიყვანა, სადაც ჭერამდე სტელაჟები იდგა და ზედა თაროზე მიუთითა, საიდანაც ძველი წიგნის მოოქრული ყდა მოჩანდა. დარანდმა უზარმაზარი კიბე მოიტანა და ზედ ფრთხილად ავიდა. თუმცა, ამან ვერ უშველა, როდესაც წიგნს მიწვდა, კიბე მოულოდნელად შექანდა. დარანდი სტელაჟს მოეჭიდა, გადმოიყოლა და ქვის იატაკზე დაენარცხა.
პოლიციამ და სასწრაფო დახმარების ექიმებმა, რომლებიც მის ფეისმა გამოიძახა, წიგნების უზარმაზარი პირამიდა დაინახეს, საიდანც მხოლოდ მამაკაცის ფეხსაცმელი მოჩანდა. მთელი ათი წუთი დასჭირდათ, რომ იგი წიგნების გროვიდან ამოეთრიათ. ბოლო წიგნი, რომელიც მას თავიდან ააცილეს, სტაფორდების ოჯახის რეცეპტების წიგნი იყო.
– რა უაზრო სიკვდილია! – მიუბრუნდა ექიმი პოლიციელს.
– ისეთივე უაზრო, როგორიც მისი ცოლის, უპასუხა პოლიციელმა და მის ფეისს გახედა.
– ო, დიახ, უპასუხა ქალმა და წარბები შეჭმუხნა. მას ხელები სტკიოდა. კიბე ძალიან მძიმე აღმოჩნდა...
თარგმნა
ნინო წულუკიძემ

скачать dle 11.3