როგორ აღმოჩნდა მოულოდნელად საერთაშორისო სილამაზის კონკურსზე ნინი მიქაძე და აპირებს თუ არა ის „მგზავრების“ ერთ-ერთ წევრზე გათხოვებას
მიუხედავად იმისა, რომ 20 წლის ნინი მიქაძე მოდელი არასდროს ყოფილა, ცოტა ხნის წინ, მონაწილეობა მიიღო „სეუში“ გამართულ სილამაზის კონკურსში, გაიმარჯვა და 10 აგვისტოს პოლონეთში გაემგზავრა. იქ ნინი მონაწილეობას მიიღებს საერთაშორისო კონკურს „მის სუპრა ნაციონალში“. ნინი კონკურსზე მუსიკალური ნომრით წარდგება – ჯაზ-ტრიოსთან ერთად დაუკრავს ფორტეპიანოსა და საქსოფონზე, თან ტანია-მარიას სიმღერას იმღერებს.
მაია ზაალიშვილი (ფოტომოდელებისა და მანეკენების სტუდია „ფავორიტის“ ხელმძღვანელი): უნდა ჩაგვეტარებინა კონკურსი „მის სუპრა ნაციონალ ჯორჯია“. საქართველოში ის ჩავატარეთ და დავარქვით „მის სეუ“, გამარჯვებული კი ვავგზავნეთ „მის სუპრა ნაციონალზე“. მასზე 77 ქვეყნიდან იღებენ გოგონები მონაწილეობას, ძალიან დიდი კონკურენციაა.
ნინი მიქაძე: სტუდენტი ვარ. „სეუში“ წელს დავამთავრე ბიზნესის მართვა ტურიზმის განხრით, ასევე ვსწავლობ „სდასუში“, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობაზე. მეორე კურსზე გადავედი.
– პლუს ამას, მოდელიც ხარ.
– ეს ჩემთვის უფრო გართობაა. კონკურსზე, რომელიც „სეუში“ ჩაატარა სამოდელო სააგენტო „ფავორიტმა“ და მისმა ხელმძღვანელმა, ქალბატონმა მაია ზაალიშვილმა, შემთხვევით აღმოვჩნდი. ახლა კი პოლონეთში მივემგზავრები კონკურსზე (ინტერვიუ ჩაწერილია გამგზავრებამდე – ავტორი). შემთხვევით კი მოვხვდი, მაგრამ ძალიან დადებითი და კარგი ემოციები მივიღე. განსაკუთრებით გამიხარდა გამარჯვება და ის, რომ 20 დღით პოლონეთში მივდივარ. გამარჯვება ჩემთვის მოულოდნელი იყო, რადგან არ მქონდა ამ საქმეში გამოცდილება. კონკურსზე ერთ-ერთი ნომინაციაა „მის ტალანტი“ და ამისთვის ნომერს ვამზადებ. უნდა შევასრულო ტანია-მარიას სიმღერა, დავუკრა როიალსა და საქსოფონზე და თან, ვიმღერო.
– მუსიკალური განათლებაც გაქვს?
– მუსიკალური ათწლედი მაქვს დამთავრებული ფორტეპიანოს განხრით. საქსოფონზე მოყვარულის დონეზე ვუკრავ, ასევე – გიტარაზეც. ცოტა ხნის წინ პროფესიონალებთან მივედი და საქსოფონზე კარგად დაკვრას ვსწავლობ. რაც შეეხება ფორტეპიანოს, ბავშვობაში სხვადასხვა საერთაშორისო კონკურსში მაქვს მონაწილეობა მიღებული და ორკესტრებთან ერთად გამიმარჯვია კიდეც.
მაია: ყველაფერს ძალიან მოკრძალებულად ყვება. ამ დროს უკრავს არაჩვეულებრივად, თან ძალიან ბევრ ინსტრუმენტზე, ჯაზსაც უკრავს. ბევრ კონკურსში აქვს მონაწილეობა მიღებული, სხვადასხვა ნომინაციაშია გამარჯვებული. ჩემთან, კონკურსზე მართლა შემთხვევით მოხვდა, არ უნდოდა და მთელი მოსამზადებელი პერიოდის განმავლობაში უზარმაცესი იყო. დედამისის ხათრით დადიოდა, მაგრამ ხან მოდიოდა, ხან არა. მე სულ ვკიოდი: არ დამანახოთ მიქაძე, ვერ ვიტან მიქაძეს, ვერ გავიგე, არის თუ არა! დადგმას ვაკეთებდით, ეს არ იყო და მის ნაცვლად მე ვდგებოდი. მოკლედ, მიქაძე ჩემთვის იყო კოშმარი. ბოლოს, მოვიდა და რომ დაინახა, გოგონები კარგად დადიოდნენ, თვითონ კი ყანყალებდა, სხვა რამეებში იმდენად წარმატებულია, ეს არ ესიამოვნა. ძალიან მოინდომა და ასეთი კარგი შედეგი მიიღო – ქულები დააგროვა. ჟიურის გადაწყვეტილება მომეწონა, რადგან ნინი ძალიან ნიჭიერი და ლამაზია. უნდა ნახო, რომ უკრავს, სულ სხვანაირი ხდება – ემოციური, ენერგიული.
ნინი: მთელი ბავშვობა მეცადინეობაში გავატარე, პიანისტობა მინდოდა, მაგრამ შემდეგ სხვა პროფესია ავირჩიე. თუმცა, ეს ის საქმეა, რომელიც ძალიან მიყვარს. მიუხედავად იმისა, რომ ბავშვობაში ძალიან დატვირთული ვიყავი, ის პერიოდი კარგად მახსენდება. სულ სცენაზე ვიდექი და ეს იყო ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი. 6 წლის ვიყავი, როდესაც კონსერვატორიის მცირე დარბაზში მთელი პროგრამით ჩავატარე კონცერტი, ცალკეც დავუკარი და ორკესტრთან ერთადაც. საერთაშორისო კონკურსის დიპლომანტი ვარ. ბახის კონკურსზე ორჯერ ავიღე პირველი ადგილი.
– ჯაზსაც უკრავ?
– ძალიან მომწონს და ვცდილობ, გამომივიდეს. ჩემი ოცნებაა ამ სფეროში პროფესიონალად ჩამოვყალიბდე. მთავარი მონდომებაა. მონდომება მაქვს, მაგრამ ძალიან დაკავებული ვარ და ამ საქმისთვის ვერ ვიცლი. თუ გინდა, რომელიმე საქმეში პროფესიონალი იყო, ყველაფერი უნდა გადადო და მხოლოდ მასზე იყო კონცენტრირებული.
მაია: ჩვენ მოვითხოვეთ, პოლონეთში ჯაზ-ტრიო დაგვახვედრონ და ნინი დაუკრავს.
ნინი: პოდიუმზე უფრო ვღელავ, ვიდრე ჩემს ინსტრუმენტზე დაკვრისას. ეს მუსიკალური ნომერი რომ არ ყოფილიყო, შეიძლება, არც გამერისკა და არ წავსულიყავი. ახლა უფრო მეტის იმედი მაქვს და თავისუფლად ვარ. აქ უკვე ვიმუშავე, ახლა იქ დამხვდებიან პროფესიონალები, ერთად ავაწყობთ – ამის შიში ნამდვილად არ მაქვს.
– დიდი ხანია, საქსოფონზე უკრავ?
– სწავლა ზამთარში გადავწყვიტე, მაგრამ რადგან საქსოფონი არ მქონდა, შევწყვიტე. ბოლოს ჩემმა მასწავლებელმა მათხოვა და მითხრა, სანამ ისწავლი, გქონდესო. როცა მუსიკალური განათლება გაქვს, არ არის რთული ამის სწავლა. უბრალოდ, უნდა დახვეწო ჩაბერვა, სუნთქვა. გიტარაზეც მოყვარულის დონეზე ვუკრავ. ისე, ჩემი მეგობარი ერთი თვის განმავლობაში დრამზეც მამზადებდა. „სეუში“ „ნიკოლ-შოუს“ ხელმძღვანელობით ბენდი გაკეთდა, ფორტეპიანოზე ვუკრავდი. მაგრამ, გიამ მითხრა, შოუსთვის ერთი ნომერი გავაკეთოთ, სადაც დრამზე დაუკრავო.
– გიყვარს ექსპერიმენტები?
– მიყვარს, ყველაფერს თავისი სირთულე აქვს, მაგრამ მე მარტივად ვუყურებ ნებისმიერ რამეს და მერე კარგადაც გამოდის. თუ რაღაც არ გამოდის, მერე სხვა რამეზე ვიწყებ ფიქრს – ეს აუცილებლად გამოვა-მეთქი და გამოდის. გამოსავლის პოვნა არასდროს მიჭირს და არც ვიბნევი.
– იმედია, გართობასაც ახერხებ.
– მეგობრებთან ერთად გართობასაც ვახერხებ და ყველაფერს ვასწრებ, უბრალოდ, ყველგან ვაგვიანებ. კონკურსზეც კი ერთი საათით დავაგვიანე, გამოცდა მქონდა. სალონში მისვლაც ვერ მოვასწარი და საშინლად გავაბრაზე მაია. მეგობრებიც აპროტესტებენ ჩემს დაგვიანებებს, სულ მეჩხუბებიან. სამაგიეროდ, ვერ ვიტან, როცა მე მალოდინებენ. თუ ამის გამო ჩემს მეგობრებს ჩხუბს დავუწყებ, მეუბნებიან, – შენ ვისზე რას ამბობო და მაჩუმებენ.
– საკმაოდ ხალისიანი, ენერგიული ხარ...
მაია: მთელი „სეუ“ გიჟდება ამაზე. მე სულ ვკითხულობდი, რატომ გიჟდებით, რა აქვს გასაგიჟებელი-მეთქი. არადა, მართლა ძალიან კარგი გოგონაა, ხალისიანი, დადებითი მუხტი მოდის მისგან და ძალიან ლამაზია.
– როგორი უნდა იყოს ბიჭი, რომელიც მოგეწონება?
ნინი: მთავარია, ჩემნაირი იყოს, მე მგავდეს ხასიათით – მხიარული, დადებითი, ჭკვიანი, არადეპრესიული... რაც მთავარია, ის მუსიკოსია, ოღონდ, მისთვისაც ეს ჰობის დონეზეა. მუშაობს, თავისი საქმე აქვს, მაგრამ მუსიკითაც არის დაინტერესებული.
– ესე იგი, გყავს შეყვარებული?
– კი და „მგზავრებში“ მღერის (ნინიმ სახელი არ გამიმხილა, მაგრამ, როგორც შევიტყვე, მისი შეყვარებული რეზი ბუაძეა).
– როგორ გაიცანით ერთმანეთი?
– ჩემი დაქალის სახლში. სამი წელია, ვიცნობ. მას რომ ჰკითხო, ერთი ნახვით სიყვარულის სჯერა. მე არ მჯერა და ეს მისთვისაც მითქვამს. როდესაც ადამიანს შეეჩვევი და კარგად გაიცნობ, მერე მოდის სიყვარული. ამაშიც მეთანხმება. ძალიან კომუნიკაბელური, მხიარული ადამიანია, დადებითი და რაც მთავარია, ხელოვანია. ჩემი ძალიან კარგი შემფასებელია.
– დაქორწინებას ხომ არ აპირებთ?
– კი. თუმცა არ ვიცი... ჯერ ვსწავლობ, ამიტომ, ვერ გიპასუხებთ ამაზე.
– როგორ შეხვდა შენს მოდელობას, კონკურსში მონაწილეობას?
– ძალიან გაუხარდა. მგულშემატკივრობდა. პოლონეთის ამბავზე ნერვიულობდა ცოტას, ეგონა, ვიზას არ ჩამირტყამდნენ. მისთვის ძნელია, მაგრამ წარმატებაში ხელს არასდროს მიშლის, პირიქით, გვერდში მიდგას. კი მითხრა, მეც წამოვალო, მაგრამ იქ ისეთი ამბავი იქნება, ყურადღებას მაინც ვერ მივაქცევ, ჯგუფს ვერ მოვწყდები. ეს ავუხსენი და გამიგო.