„მკვლელი ჯინსების“ წარმოებაში ცნობილი მოდის სახლები დაადანაშაულეს
„იტალიის სამი წამყვანი მოდის სახლი შეგნებულად აწარმოებს თავის პროდუქციას მუშათა სიცოცხლის რისკის ფასად. „მკვლელი ჯინსების“ მწარმოებელი მოდის სახლებია: „ჯორჯო არმანი“, „რობერტო კავალი“ და „დოლჩე და გაბანა“. მიუხედავად იმისა, რომ აქციის დასაწყისში გააფრთხილეს, სამივე კომპანიის ხელმძღვანელობამ სრული გულგრილობა გამოავლინა“, – განაცხადეს პეტიცია, „სუფთა ტანსაცმლისათვის“ ავტორებმა. იტალიაში ამ მოძრაობის წარმომადგენელი, დებორა ლუჩეტი, განსაკუთრებით „დოლჩე და გაბანას“ მმართველთა მიდგომამ გააღიზიანა. ამ სასიკვდილოდ საშიში ტექნოლოგიების წინააღმდეგ მებრძოლები მას „ფეისბუქზე“ სტუმართა კედლის გაუქმებაში ადანაშაულებენ, სადაც ისინი ამ კამპანიის მოწოდებებს ტოვებდნენ.
საქმე ისაა, რომ დღეს ასე მოდური გახეხილი ჯინსები სილის ჭავლით დამუშავების შედეგად მიიღება, ამისთვის კი კვარცის მტვერი გამოიყენება, რაც სილიკოზს – ფილტვების სასიკვდილო დაავადებას იწვევს. ეს ტექნოლოგია ჯერ კიდევ 2009 წელს აკრძალა თურქეთის მთავრობამ, როდესაც გაირკვა, რომ სილის ჭავლის მანქანის 46 ყოფილი ოპერატორი სილიკოზით გარდაიცვალა. ჯინსის დამუშავების ამ ტექნოლოგიაზე უარი თქვეს ისეთმა ცნობილმა ფირმებმა, როგორებიცაა: „ლევისი“, „H&M“ და „C&A“, თვით იტალიაში კი – „გუჩიმ“ და „ვერსაჩემ“.