როგორ გააოგნა ამსტერდამში ჩასული ხატია სიჭინავა რამაზ ნოზაძის კივილმა და რატომ გადაწყვიტა მან მრავალშვილიანი დედობა
ხატია სიჭინავასა და რამაზ ნოზაძის ცხოვრებაში სასიამოვნო სიახლეა. ისინი მეორე ბავშვს ელოდებიან. იშვიათად თუ მინახავს შეყვარებული წყვილი, ასე რომ უგებდეს ერთმანეთს. რამაზი და ხატია, რომ იტყვიან, ერთმანეთს უსიტყვოდ უგებენ და ცხოვრება ერთმანეთის და პატარა გაბრიელას გარეშე, ვერც კი წარმოუდგენიათ. ისინი, ცოტა ხნის წინ სამოგზაუროდ იყვნენ ამსტერდამში, სადაც სასიამოვნო და დაუვიწყარი დრო გაატარეს.
ხატია სიჭინავა: ჩვენს ცხოვრებაში სასიამოვნო სიახლეა, მე და რამაზი მეორე ბავშვს ველოდებით. მიუხედავად იმისა, რომ მრავალშვილიანი დედობა გადავწყვიტე, არ ვაპირებ სახლში დიასახლისად ჩაჯდომას და სამსახურიც დავიწყე – ინტერნეტ ტელევიზიაში, გადაცემა „ყვითელი ზონის” წამყვანად. რამაზიც აქტიურად შეუდგა სპორტულ მომზადებას.
რამაზ ნოზაძე: მართალია, სპორტში აქტიურად დავიწყე მზადება და თან, ჩემი პატარა ოჯახისთვისაც ვიცლი. ამათ გარეშე ცხოვრება წარმოუდგენლად მიმაჩნია და ესენი ჩემი მთავარი საზრუნავები არიან. მათ გამო სიცოცხლესაც გავწირავ და ერთ წამსაც არ დავფიქრდები. სპორტში ჩემს ყველა გამარჯვებას ახლა მხოლოდ ჩემს ოჯახს მივუძღვნი. სხვათა შორის, ერთი პერიოდი, სპორტს ჩამოვშორდი. ვიფიქრე, ჩემს ცოლ-შვილთან უფრო მეტ დროს გავატარებ-მეთქი. მაგრამ, ახლა მივხვდი, რომ მათ წარმატებული უფრო ვჭირდები, ყველანაირად მხარში მიდგანან და ყველა ჩემი წარმატება მსოფლიო არენაზე, სწორედ მათი დამსახურება იქნება. ასე რომ, ხატი, მსოფლიოს და ოლიმპიური ჩემპიონი რომ გავხდები, ეს შენი ბრალი იქნება (იცინის).
ხატია: და, ხომ წარმოგიდგენია, რა ბედნიერი და ამაყი ვიქნები ამ დროს შენით (იცინის).
– ხატია, საკმაოდ აქტიურად ცხოვრობდი სანამ ოჯახს შექმნიდი. ახლა თუ შეიცვალა შენი ცხოვრება?
– რასაკვირველია, შეიცვალა, უფრო საინტერესო და ბედნიერი გახდა. მე და რამაზი ხშირად დავდივართ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, მეგობრებთან – ხან სად და ხან სად. სახლშიც გვიყვარს ყოფნა. სექტემბრიდან კი ორივე საქმეში ჩავერთვებით.
– რამაზ, ქართველი მამაკაცების უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ცოლის ადგილი სამზარეულოშია. შენ ამ აზრს არ ეთანხმები?
– (იცინის) არა, ნამდვილად არ ვეთანხმები. ცოლი, რასაკვირველია, სამზარეულოშიც მიყვარს, მისაღებ ოთახშიც და საძინებელშიც. ცოლი, მუდამ მოწესრიგებული და აქტიური უნდა იყოს და მადლობა ღმერთს, ხატია ასეთია. აბა, მხოლოდ ცომიანი ხელებით, თავწაკრული და ხალათში გამოწყობილი ცოლი, ვის რად უნდა?! ყოველ შემთხვევაში, ჩემი აზრი ასეთია. მე და ხატია ერთმანეთს კარგად ვეწყობით. ის ჩემი მხოლოდ ცოლი კი არა, მეგობარი, დაქალი და ძმაკაციცაა. თუ სადმე მივდივარ, სულ ჩემს გვერდითაა. აზრსაც ვეკითხები და ყველა ყოფით პრობლემასაც ერთად ვწყვეტთ. თანაც, რომ იმუშავებს, თავისი ფულიც ექნება და მე აღარ მომთხოვს (იცინის).
– ხატია, შენს ერთ-ერთ ინტერვიუში მითხარი, რომ თუ გინდა, მამაკაცმა შენი ფასი გაიგოს, მას თავისუფლება უნდა მიანიჭო, დროებით გაუშვა შენგან და არჩევანის უფლება თავად მისცეო. ახლაც ასე ფიქრობ?
– ახლაც ასე მიმაჩნია. მამაკაცი უნდა გაუშვა, რომ ის შენს ფასს მიხვდეს. ჭეშმარიტად თუ უყვარხარ, აუცილებლად დაბრუნდება. ჩვენს შემთხვევაშიც ასე მოხდა.
რამაზი: მე არ გეთანხმები. თუ გიყვარს, უნდა იბრძოლო და რას ჰქვია, გაუშვა? რომ არ დაბრუნდეს?
ხატია: მერწმუნე, თუ გიყვარს ადამიანი, მასთან აუცილებლად დაბრუნდები. ბედისწერის ბავშვობიდან მჯერა და თუ ის ადამიანი შენი ბედია, რაც არ უნდა შორს გაუშვა, მაინც დაგიბრუნდება, თუგინდ მთელი სამყარო გადაუდგეს წინ.
რამაზი: ესე იგი, შენ ჩემი ყველაზე იღბლიანი ბედისწერა ხარ და ჩემი განვლილი ცხოვრება ამად ღირდა (იცინის).
რომ ამბობენ, დროთა განმავლობაში სიყვარული ხუნდებაო, ესეც სისულელეა. ჩვენ უფრო და უფრო გვიყვარდება ერთმანეთი და ამას ვერანაირი დრო და სიტუაცია ვერ შეცვლის.
რამაზი: მე კი, დღითიდღე ვრწმუნდები, რომ ჩემს ცხოვრებაში ორი უსაყვარლესი არსებაა, რომელთა გამო ცხოვრებასაც დავთმობ და სიცოცხლეს არ დავზოგავ – ჩემი ხატია და გაბრიელა. ახლა, ამ ორს კიდევ ერთი არსება შეემატება და ჩემს ბედნიერებას გაასამებს. ამაზე მეტი სიყვარული ვეღარ წარმომიდგენია.
– ახლახან დაბრუნდით ამსტერდამიდან. მოდი, ამაზე მომიყევით.
ხატია: ამსტერდამში წასვლა, უცბად გადავწყვიტეთ. მართლა, მაგარი დრო გავატარეთ. ისეთ უცნაურ სამყაროში აღმოვჩნდით, ვერ გეტყვით.
რამაზი: იქ სულ სხვა სამყაროა, თავისუფლებისა და „პლანის“ ბურუსში გახვეული (იცინის). ამსტერდამში, გრძნობ, რომ ადამიანი სრულიად თავისუფალი ხარ. დიდი სიამოვნებით ვიცხოვრებდი იქ.
ხატია: რა ტიპის და სტილის ადამიანი არ დადის ქუჩაში. ვინ გიყურებს, რა გაცვია და გახურავს. ყველა თავის სტიქიაშია.
რამაზი: სპეციალური ბარებია, სადაც შეხვალ, გადაახვევ „პლანს“, გააბოლებ და „იკაიფებ“. კი ვფიქრობდი, მოდი, ბოლომდე ავიშვებ და პლანსაც გავსინჯავ-მეთქი, მაგრამ ბოლო მომენტში, გადავიფიქრე. ეს სპორტსმენი კაცი, ამსტერდამში ხომ არ გავიფუჭებდი თავს (იცინის).
ხატია: რომ შევედით ბარში და დავინახე, პოლიციელი უკიდებდა პლანზე ცეცხლს ვიღაც ბიჭს, გამოვშტერდი (იცინის). გაოგნებული ვიყურებოდით აქეთ-იქით. ერთი ქუჩაა, წითელი ლამპიონებით განათებული. დიდ ვიტრინებში სექსუალურად ჩაცმული ადამიანები დგანან. შეიძლება, შოკში ჩავარდე, ისეთი სანახავია. ერთი გოგონა მომეწონა. რომ დავაკვირდი და თვალი ჩამოვაყოლე, ისეთი მამაკაცი შემრჩა, მტრისას (იცინის). ქალს და კაცს ვერ გაარჩევ.
რამაზი: წარმოიდგინეთ, მაგარი ნაშა მოდის, გააყოლებ თვალს, აედევნები და ხელში კაცი შეგრჩება. თან, ამ ქუჩაზე გადაღება აკრძალულია. „დააძრო“ ხატიამ მობილური და დაიწყო გადაღება. ვეუბნები, გამორთე გოგო, ახლა აქ ნუ მაცემინებ გადაპრანჭულ ტრანსსექსუალებს-მეთქი. მაგათი თავი მქონდა?
– ვერ დავიჯერებ, რომ ამსტერდამში, ცნობილი სექს-შოპის მაღაზიასაც არ შეუარეთ?!
ხატია: იქაც ვიყავით. ისეთი რამეები ვნახეთ, ვერც კი მივხვდი, რა და რისთვის იყო (იცინის). რამაზს ვეკითხებოდი, ეს რა არის, ის რა არის- მეთქი (იცინის). საჩუქარიც შევიძინე ჩემი დაქალისთვის.
რამაზი: ყიდვა არ გამაგონოთ. არ მიყვარს შოპინგებზე სიარული. დავჯდებოდი კაფეში, ხატიას მივცემდი ფულს და ვეუბნებოდი, რაც გინდა იყიდე, მე აქ დაგელოდები-მეთქი. და იმდენი რამე იყიდა, თბილისში ძლივს ჩამოვზიდე.
ხატია: ერთი სული მქონდა, გაბრიელასთან როდის დავბრუნდებოდი და საჩუქრებს ჩამოვუტანდი. სიგიჟემდე მომენატრა. ყველაზე ბევრი საჩუქარიც მას ვუყიდე.
რამაზი: „მადამ ტუსოს” ცვილის მუზეუმშიც ვიყავით. ჯენიფერ ლოპესს რომ ჩავაფრინდი მკერდზე, ძლივს გამომწიწკნა ხატიამ (იცინის). ასე მითხრა ჯენიფერმა, ძალიან კარგი ბიჭი ხარო. ჯიმ ქერისაც კარგად გამოველაპარაკე, „გავიღადავეთ“ და დავემშვიდობე. სანამ მე ჯულია რობერტსს ვებაასებოდი, ხატიამ ჯორჯ კლუნთან გააბა ლაი-ლაი. მერე მთხოვა, ფოტო გადაგვიღეო. ჯორჯ კლუნი იჯდა და წინ ხატიას მობილური ედო, ხატია კი ფეხზე იდგა. მოკლედ, გადავიღე ფოტო და წამოვედით. უცებ, ხატია მეუბნება, მობილური დამრჩაო. შევვარდით ისევ მუზეუმში, გავქანდით პირდაპირ ჯორჯ კლუნისკენ და ხატიამ „წაგლიჯა” თავისი მობილური. ხალხი გიჟივით გვიყურებდა, რა ხდება, რას ართმევენ ამ კაცსო (იცინის).
ხატია: ეგრევე, ანგარიში გადავამოწმე, ხომ არ დამიხარჯა ჯორჯმა-მეთქი (იცინის).
რამაზი: შიშის ოთახი იყო და ხალხი გაოგნებული გამოდიოდა იქიდან. ვიფიქრე, ახლა აქ რა უნდა იყოს ისეთი, ამხელა კაცი რომ შემაშინოს-მეთქი.
ხატია: მე, რასაკვირველია, არ შევყევი და ეკრანზე ვადევნებდი თვალყურს ამის წივილ-კივილს (იცინის). ისეთი გამოვიდა იმ ოთახიდან, გეგონებოდა, მთელი ზომბები ამას მოსდევდნენ.
რამაზი: ასე რომ, გადავრჩით და საღ-სალამათები დავბრუნდით ამსტერდამის გიჟური თავისუფლებიდან სამშობლოში.