რა შემთხვევაში ეგუება ძაღლი ადვილად პატრონის შეცვლას და როგორ შევუშალოთ ხელი მის აგრესიას
– რა საშიშროებას უქმნის აგრესიული ძაღლი ადამიანს?
– აგრესიული ძაღლი ძალიან საშიშია არამარტო უცხოს, არამედ თავისივე პატრონისთვის. აგრესიულმა ძაღლმა თავდასხმის დროს, შეიძლება, სერიოზული დაზიანება და ტრამვა მიაყენოს ადამიანს. ის განსაკუთრებით ბავშვებისთვისაა საშიში.
ამ ბოლო დროს აქტუალურია საკითხი, რომელიც ძაღლების აგრესიას შეეხება. საუბარია იმაზე, რომ უნდა აიკრძალოს აგრესიული ჯიშების შენახვა, მაგრამ ამ პრობლემების მიმართ მიდგომა არასწორია. არ არსებობს საშიში ჯიშის ძაღლი, არსებობს საშიში პატრონი, რადგან უმეტესობა აყოლილია მოდას და გააზრებული არ აქვს როგორი შრომა სჭირდება ლეკვის აღზრდას.
ძაღლი იკვებება ადამიანის მიერ შერჩეული საკვებით, მაგრამ ხანდახან ხდება ისე, რომ მას სურს, საკვები თავად მოიპოვოს. ამ დროს პატრონმა არ უნდა დაუშვას შეცდომა და ამის უფლება არ მისცეს ძაღლს. უნდა დაუშალოს ცხოველს არასწორი საქციელი, რის შემდეგაც, ის არასდროს გაიმეორებს იმავეს. უმეტესობა ძაღლებისა, ამ თვალსაზრისით, საშიშროებას არ წარმოადგენს. მაგრამ, არიან ისეთებიც, დამჯერები რომ გახდნენ ამისთვის სიმკაცრე და ბევრი შრომაა საჭირო. ეს დამოკიდებულია არა ძაღლის ზომაზე, არამედ ძაღლის ინდივიდუალურ ხასიათზე. რა თქმა უნდა, სიმკაცრე ცხოველის მიმართ უნდა გამოავლინოთ მეგობრულ დამოკიდებულებასთან ერთად და კარგი საქციელის სანაცვლოდ, დააჯილდოოთ ხოლმე.
გახსოვდეთ, რომ ძაღლი მგლისგან მოიშინაურა ადამიანმა და მერე განუვითარა ის მახასიათებლები, რაც მის გარეულ წინაპარს არ აქვს. მაგრამ, შინაური ძაღლი მაინც რჩება ხროვის ცხოველად. ეს ნიშნავს, რომ ოჯახი, სადაც ძაღლი ცხოვრობს, მის ხროვად ითვლება და მისი დამოკიდებულება ოჯახის წევრების მიმართ იგივეა, რაც ხროვის წევრების მიმართ. ძაღლის, როგორც მგლის ხროვის ცხოველის, ქცევა, გამოიხატება ორ ძირითად ხასიათში. პირველი – დედობრივი ინსტინქტი, ანუ მშობელზე დამოკიდებულება, რომელსაც ის ინარჩუნებს მთელი ცხოვრება, მგლისგან განსხვავებით და მეორე – ხროვის ლიდერის ფუნქციის გამოვლინება. ძაღლი, რომელიც დაიბადა და 4 თვემდე იზრდება ძაღლსაშენში, ვოლიერში, ნაკლებად დამოკიდებულია ადამიანზე და აღნიშნულ თვისებებს ნაკლებად, ან საერთოდ, არ ავლენს. ამიტომ, ის გაცილებით ადვილად ეგუება პატრონის შეცვლასაც.
– რაც შეეხება ძაღლის აგრესიულობას, როგორც აღნიშნეთ, ამისგან 100 პროცენტით დაცული ადამიანი არასდროს არის. რატომ ესხმის ის თუნდაც ოჯახის წევრებს თავს?
– უნდა გაითვალისწინოთ ის ფაქტი, რომ ჯანმრთელი ძაღლი არასდროს დაგესხმება თავს გაფრთხილების გარეშე. მართალია, არ სრებობს იმის აშკარა ნიშნები, რაც მოასწავებს თავდასხმის გარდაუვალობას, მაგრამ ყველა აგრესიული ძაღლი, არ გამოავლენს აღნიშნულ სიმპტომებს.
– აბა, როგორ დავიცვათ თავი? არც ერთ შემთხვევაში არ არის სიმპტომების გამოვლენა მოსალოდნელი?
– მიუხედავად ზემოთქმულისა, ძაღლი რამდენიმე სიმპტომს მაინც გამოავლენს და გაგვაფრთხილებს, მოსალოდნელი თავდასხმის შესახებ.
– აგრესიულობის მიზეზად რა შეიძლება ჩავთვალოთ?
– აგრესიულობის მიზეზია ლეკვობაში დაშვებული შეცდომები. პატარა ლეკვი ვერ ხედავს განსხვავებას თამაშსა და თავდასხმას შორის. ბევრი ვერ ახერხებს ამ დროს ცხოველის გაკონტროლებას და ხასიათს უფუჭებს. თამაშის დროს, როცა ლეკვი იყეფება და ზურგზე ბეწვი არ აქვს აბურძგნილი, საშიში არაფერია. ამ დროს უნდა მოიქცეთ ისე, რომ ლეკვმა ღრენა და ყეფა შეწყვიტოს და სხვა სახით ითამაშოს თქვენთან. კბენის შემთხვევაში კი, დაუშალეთ და დატუქსეთ. თამაშის დროს ლეკვი სახესთან არ უნდა მიუშვათ. მიეცით მას სხვადასხვა სათამაშო გასართობად ან ასევე სასუსნავები.
– რა შემთხვევაშია ლეკვი საშიში?
– თუ ლეკვი თამაშის დროს იღრინება, იყეფება და ბეწვი ზურგზე აბურძგნილი აქვს, ამ დროს ის თავდასხმისთვის ემზადება. მსგავს სიტუაციაში, არავითარ შემთხვევაში, არ დაუშვათ, რომ ის ერთხელ მაინც დაგესხათ თავს. ამ დროს ლეკვი უნდა დააწყნაროთ და მოეფეროთ. თუ ლეკვი ხშირად ავლენს აღნიშნული სახის აგრესიას, სასურველია, ის მწვრთნელთან, სპეციალისტთან, მიიყვანოთ, რომელიც დაგეხმარებათ აღნიშნული პრობლემის მოგვარებაში.
– თუ არსებობს სტატისტიკა იმის შესახებ, როგორი ძაღლები ხდებიან ძირითადად აგრესიულები?
– აგრესია უყალიბდება ძირითადად ისეთ ძაღლებს, რომლებიც თავს ხროვის ლიდერად მიიჩნევენ. უნდა გახსოვდეთ, რომ ძაღლი არასდროს განიცდის იმას, რომ პატრონი მასზე მაღლა დგას, ანუ მასზე მბრძანებლობს. ასევე, უნდა გახსოვდეთ, ძაღლი პერიოდულად, აუცილებლად იბრძოლებს იმისთვის, რომ ლიდერობა მოიპოვოს.
– როგორ უნდა მოვიქცეთ, თუ ძაღლზე სათანადო კონტროლს ვერ ვახერხებთ?
– სასურველია, აღნიშნული საკითხის გადასაწყვეტად, მიმართოთ სპეციალისტს, რომელიც დაგეხმარებათ ლეკვის ხასიათის სწორად ჩამოყალიბებაში. ლეკვობის პერიოდში დაშვებული შეცდომა სავალალო შეიძლება გახდეს შემდგომში და ცხოველის ხასიათის ჩამოყალიბებაზე ცუდად იმოქმედოს.