ვეტერინარის რჩევები
კითხვა: სახლში ორი ლეკვი მყავს – ძუ და ხვადი, რომლებიც და-ძმანი არიან. მართალია, ჯერ 2 თვეც არ შესრულებიათ, მაგრამ, მაინტერესებს, დასაშვებია თუ არა მათი შეჯვარება, თუ, სტერილიზაცია უნდა გაუკეთდეს ხვადს? მათ გაჩუქებას არ ვაპირებ და, მინდა, აგარაკზე ორივე ძაღლი მყავდეს.
პასუხი: საკმაოდ საინტერესო და აქტუალური შეკითხვაა, რომელსაც ბევრი, რატომღაც, ყურადღებას არ აქცევს და ჰგონიათ, რომ მათი შეჯვარება ჩვეულებრივი მომენტია. სქესობრივი მომწიფების შემდეგ, არაკასტრირებული ცხოველები აუცილებლად შეჯვარდებიან, თუნდაც ერთი და იმავე წყვილის შთამომავლები იყვნენ. ამ შემთხვევაში თავს რამდენიმე პრობლემაც იჩენს, მაგალითად: არასასურველი ლეკვები, ასევე, ახლო ნათესავთა შეჯვარების შედეგად დიდია მემკვიდრეობითი დაავადებების გამომჟღავნების ალბათობა. ასე რომ, თუ სახლში ორივე ცხოველის დატოვებას აპირებთ, 6 თვის ასაკამდე აუცილებელია, იზრუნოთ ხვადის სტერილიზაციაზე.
კითხვა: მაინტერესებს, არის თუ არა სტაფი ადამიანისთვის უსაფრთხო ჯიში?
პასუხი: რა თქმა უნდა, საშიშია, თუ ადამიანზე გაიწია. თუმცა, როგორც წესი, სტაფი უმიზეზოდ არ უნდა ესხმოდეს თავს. თუ მას გაწვრთნიან და დაცვას შეაჩვევენ, მაშინ უკვე დიდი სიფრთხილეა საჭირო. მისმა პატარა ზომამ არ უნდა მოგატყუოთ. მათ სისხლში აქვთ საქმის ბოლომდე მიყვანა. სტაფს ძალიან უყვარს სეირნობა. ამიტომ, თუ ენერგია არ დაახარჯვინეთ, მაშინ სახლში აუცილებლად დაგხვდებათ რაიმე ნივთი გაფუჭებული. მოზღვავებულ ენერგიას ის ნამდვილად იქ დახარჯავს, სადაც თქვენთვის არაა სასურველი.
კითხვა: ძაღლის აყვანა გვინდა და არჩევანი პეკინესის ჯიშზე შევაჩერეთ. რადგან სახლში ბავშვი გვყავს, მაინტერესებს, ბავშვებისთვის საშიშია ოჯახში მისი ყოლა?
პასუხი: პეკინესი ოჯახისთვის საშიში ძაღლი არ არის. ის ძალიან ერთგული და მოსიყვარულეა. როგორიც პატრონს უნდა, ისეთი ხდება. თუ გინდათ, გეთამაშებათ, ხოლო, თუ შეგატყოთ, რომ დაიღალეთ, მაშინვე ხვდება ამას და მოგერიდებათ. არიან ძაღლები, რომლებიც დიდი ენერგიით გამოირჩევიან და მათ პატრონიც ასეთივე სპორტული სჭირდებათ. პეკინესი კი ზედმეტად შემაწუხებელი არ არის. თუ ბავშვი მის თვალწინ გაიზარდა, არ ეჭვიანობს. თუნდაც ოჯახში მას არ ანებივრებდნენ. თუ სწორად გაზრდით პეკინესს, ის, ბავშვს შესანიშნავ ძიძობას გაუწევს და სიკვდილამდე დაიცავს. ბავშვს რომ ვინმე მიეკაროს, ან, თავად უთხრათ რამე უხეშად, შეიძლება, შემოგიტიოთ კიდეც.
გვერდი მოამზადა
მარიკა ხიდურელმა