რამდენ ათას დოლარად გაიყიდა ამერიკის აუქციონზე ნელი არაბულის ნამუშევარი
„სულის ამოძახილი” ასე უწოდებს თავის კოლექციას ნელი არაბული, რომელშიც სამგანზომილებიანი ნამუშევრებია გაერთიანებული. ამბობს, რომ სილამაზეს ეტრფის და რასაც შეიგრძნობს, ლექსად წერს და მხატვრულ ნიმუშს ქმნის. იდეა ყოველთვის თავისით მოდის, რის შემდეგაც, ხან ლექსი იბადება პირველად, ხან – პირიქით. თბილისური ქუჩების, ყაზბეგისა და სვანეთის ხედების... ერთი სიტყვით, თავისი განუმეორებელი კოლექციის შესახებ, დღევანდელ ინტერვიუში ნელი არაბული გვესაუბრება.
ნელი არაბული: „სულის ამოძახილი” ჰქვია ამ კოლექციას, სხვანაირად ვერ ვუწოდებ. იქ ვულკანი ამოიფრქვაო, აქეთ მიწა იძრაო, დედამიწა, ღერძიდან 8 სანტიმეტრით გადაიხარაო – ასეთ რამეს რომ მოისმენ, ძალაუნებურად დაწერ და შექმნი... მაგრამ სილამაზეს მაინც ვეტრფი, იქ ნატურმორტი მაქვს... თუმცა ძირითადად, რასაც განიცდი, იმას აკეთებ... ეს არის სულის ამოძახილი...
– როდის გაგიჩნდათ სურვილი, რომ „სულის ამოძახილი” ამ გზით გადმოგეცათ?
– 90-იან წლებიდან. ჩემთვის ვინახავდი და არავის ვაჩვენებდი. შემდეგ ერთმა ადამიანმა, ასე ვთქვათ, „ჭკუა მასწავლა”. მანამდე ლექსებს ვხევდი, მან კი „კულტურულად გამომლანძღა” – რას ჰქვია, რომ ხევ, შენ გეკუთვნის?! შენ უბრალოდ დაწერე, თორემ ეგ ლექსები ყველას ეკუთვნისო, – განმიმარტა. იმის შემდეგ ვაგროვებ ლექსებსაც, ასორმოცდაათამდე ლექსი მაქვს უკვე. ლექსებს ბავშვობიდან ვწერდი, თუმცა არასდროს მიმაჩნდა, თავი პოეტად და მხატვრად. იმ ადამიანმა, რომელზეც ზემოთ მოგახსენეთ, დამილაგა 3 ნახატი და მითხრა – აბა, დახიეო. რას ლაპარაკობ, ამას ხომ დაახლოებით 40 დღე ვხატავდი-მეთქი, – შევიცხადე. რადგან ამას დიდხანს ხატავდი და ლექსს მალე წერ, იმიტომ ხევო?
– ყოველდღიურობაში რას საქმიანობთ?
– სკოლაში სახვითი ხელოვნების მასწავლებლად ვმუშაობდი 27 წლის განმავლობაში. ახლა, უფრო მეტი დრო დავუთმე ჩემს კოლექციას და ლექსებს, პარალელურად, ჩუღურეთის რაიონის მოსწავლე ახალგაზრდობის სახლში ვმოღვაწეობ.
– ეს ყველაფერი ბავშვობიდან იღებს სათავეს?
– კი, რა თქმა უნდა. კრწანისის რეზიდენციის მოპირდაპირედ მდებარეობდა ჩემი მშობლების სახლი, სადაც მე ვიზრდებოდი. უცნაური ბავშვი ვიყავი, ხეებზე დავძვრებოდი, ვაგროვებდით ყვავილებს, ქვებს, ბუნებასთან ახლოს ვიყავი. სულ ვაკვირდებოდი და ვცდილობდი, შემეცნო.
– მაშინვე იცოდით, რომ აუცილებლად აკადემიაში ჩააბარებდით?
– არა, მე მაშინ ვიცოდი, რომ მინდოდა ხატვა. ამის წინააღმდეგი კი იყო დედაჩემი. ამის გამო 8 წელიწადი დავკარგე, სრულიად განსხვავებულ სფეროში ვმუშაობდი.
– სად?
– ლენინის რაიონის სატელეფონო კვანძში, ტექნიკის განყოფილებაში. 8 წლის შემდეგ ჩავაბარე ნიკოლაძეში.
– როგორ შეიქმნა, პირველი „სულის ამოძახილი”?
– სულის ამოძახილი იმიტომაა, რომ თუ ადამიანს არ უყვარს, ის ვერ შექმნის. მაგალითად, მე ძალიან მიყვარს ჩემი თბილისი და მის ყოველ ქვას, ყვავილსა თუ ბალახს ვეფერები და ვცილობ, ამ სიყვარულს ისეთი სახე მივცე, რაღაცნაირად უკვდავებაში ჩაეწეროს. თურმე, ელენე ახვლედიანი, რომ გაიგებდა, სადმე სახლი უნდა დანგრეულიყო, მიდიოდა და მის ნახატს ქმნიდა.
– როგორც ცნობილია, ელენე ახვლედიანმა გადაარჩინა განადგურებას და სახეცვლილებას ის ძველი თბილისი, რაც დღეს ჩვენამდეა მოღწეული.
– დიახ. თუ მინდა, რაიმე ზუსტი დეტალი ავიღო, ძველი თბილისის ადრე გადაღებული სურათები მაქვს და იმას ვიყენებ. სხვათა შორის, ეს „შატილიც” ამგვარი ფოტოს მიხედვითაა შექმნილი.
– შატილამდე, ეს ძველი თბილისის სახლები მინდა, აღვნიშნო, თავისი სარეცხის თოკებით...
– (იცინის), სარეცხი აუცილებელია, ეს კოლორიტია, როგორც მაგალითად: ძველად მეეზოვე უნდა ყოფილიყო იეზიდი. მგონი, ძალიან უხდება სარეცხი. თქვენ რას იტყვით?
– დაგეთანხმებით.
– სარეცხი რადგან ჩანს, ეს იმას ნიშნავს, რომ იქ ადამიანი ცხოვრობს... იქ ხალიჩაა გადმოკიდებული, აქ კიდევ მემაწვნე მოვიდა და ახლა აივნიდან ჩამოუშვებენ კალათს... ძველი მაინც ყველაფერი საინტერესოა...
თბილისის გარდა, ამ სტილში, გაკეთებული მაქვს შატილი, სვანეთი, ყაზბეგი...
– რა რეაქცია აქვთ, ამ ნამუშევრების ნახვისას?
– მამკობენ კომპლიმენტებით. ემოციებზე ვნადირობ ხოლმე.
– რა პერიოდს ანდომებთ ერთი ნამუშევრის შექმნას?
– ერთზე არ ვმუშაობ და ამიტომ, ვერ გეტყვით რამდენი დრო სჭირდება.
– მაშ როგორ მუშაობთ?
– 7-8 ნამუშევარზე ერთდროულად ვმუშაობ. ერთი მომწყინდება, მეორეზე გადავალ, მერე მესამეზე და ასე...
ადრე სულ ბრტყელ ნატურმორტებს ვაკეთებდი და ფერებს ვაძლევდი. მერე ნელ-ნელა, მომინდა, რელიეფური დატვირთვაც მიმეცა ჩემი ნამუშევრებისთვის.
– ანუ, სამგანზომილებიანი გაგეხადათ?
– ზუსტად. მგონია, ასე უფრო ნამდვილს დაემსგავსა.
– სულ რამდენი ნამუშევრის ავტორი ხართ?
– ათასობით.
– გაჩუქება შეგიძლიათ?
– უამრავი ნამუშევარი მაქვს გაჩუქებული. როგორ არ აჩუქებ, როდესაც ხედავ, რომ ამის გამო სიხარულისგან ფრენენ.
– თქვენი ერთი ნამუშევრის შესახებ უცხოეთის პრესაში დაიწერა. რატომ?
– გამოფენა-კონკურსი ჩატარდა, სადაც ჩემმა ნამუშევარმა პირველი ადგილი მოიპოვა. შემდეგ, ამ გამოფენაში მონაწილე თითქმის ყველა პედაგოგმა თავისი ნამუშევარი შეწირა, ქარიშხალ კატრინას დროს დაზარალებული ნიუ-ორლეანის მოსახლეობის დასახმარებლად. ეს ნამუშევრები პროფკავშირების თავმჯდომარემ, მანანა ღურჭუმელიძემ წაიღო ამერიკაში, სადაც აუქციონზე გაიტანეს და გაიყიდა.
– რა ფასად გაიყიდა თქვენი ნახელავი ხომ არ იცით?
– ვიცი მხოლოდ, რომ მსურველი ბევრი იყო და ძალიან ძვირად გაყიდულა, მაგრამ რამდენად, არ ვიცი. შემდეგ ამ ფაქტს პრესა გამოეხმაურა, სადაც ეწერა, რომ საქართველოში პედაგოგებს ხელფასი მხოლოდ 40 დოლარი აქვთო და დიდ მადლობას გვიხდიდნენ ასეთი საჩუქრისთვის. ჩემს ნახელავზე კი აღნიშნავდნენ, რომ აუქციონზე მისი საწყისი ფასი 1 100 დოლარი ყოფილა.
– თავდაპირველად, ლექსი იბადება, თუ პირიქით?
– იდეა ყოველთვის თავისით მოდის, ამის შემდეგ ხან ლექსი იბადება პირველი, ხან – პირიქით.