მოვლილი ქალი
ალბათ, ხშირად გაგიგონიათ და გითქვამთ კიდეც, როცა თავიდან ბოლომდე მოწესრიგებული ქალი დაგინახავთ – რა მოვლილი ქალიაო. ამისთვის კი ნამდვილად არ არის საკმარისი, ვთქვათ, მოუვლელ კანზე სქლად გადაისვათ ტონალური კრემი და ზემოდან თუნდაც უზადო მაკიაჟი დაიხატოთ. გახსოვდეთ, რომ სულ ერთ-ორ საათში „გაიყიდებით“.
თუ გსურთ (თუმცა, რა შუაშია – „თუ“, ცხადია, გსურთ), მოვლილი ქალის იმიჯი გქონდეთ, უნდა იცოდეთ:
1. როგორ შეარჩიოთ ტუჩის საცხის ფერი:
არასდროს წაისვათ თქვენი ტუჩების ბუნებრივ ფერზე ბაცი პომადა – ის სახეს დაღლილ იერს აძლევს. არც ძალიან მუქი ფერია მომგებიანი. საუკეთესო ვარიანტია თქვენი ტუჩის ფერზე ერთი ტონით მუქი საცხი. თუ ძალიან თეთრი სახის კანი გაქვთ, ვარდისფერი, ატმისფერი ან კაკაოსფერი ტონალობები მოგიხდებათ, გარუჯულ ან ბუნებრივად შავგვრემან სახეს კი – მოყავისფრო ან „ჩამქრალი“ ბორდოსფერი.
2. როგორ შეინარჩუნოთ სხეულის კანის სიმკვრივე:
ნუ აჰყვებით მოდას (უფრო ზუსტად კი – ფეხის ხმას) და თავი აარიდეთ ისეთ დიეტებს, რომელთა შედეგადაც კვირაში 1-2 კილოგრამზე მეტს დაიკლებთ (თუ, რა თქმა უნდა, ამის კონკრეტული აუცილებლობა არ არსებობს). ასეთ მკვეთრ ცვლილებას კანი ვერ აიტანს და დუნდება. ნებისმიერი, თუნდაც ყველაზე მსუბუქი დიეტის დროს, აუცილებელია, ინტენსიური და სპეციალური ვარჯიშები: ხელების, კისრის, წელის, მუცლის, თეძოების, ფეხებისა და სახისაც კი. თუ ამ ვარჯიშებს დიეტის არდაცვის შემთხვევაშიც შეასრულებთ, სხეული „გულუხვად“ გადაგიხდით მადლობას – ჰაეროვნებით, ელასტიკურობითა და დახვეწილობით გაგახარებთ.
3. როგორ უნდა მოიხმაროთ მაკიაჟისთვის განკუთვნილი ფუნჯები, ეგრეთ წოდებული „გუბკები“ და სხვა ნივთები:
თუ მათ სათანადოდ არ მოუვლით, ეს აქსესუარები ათასგვარი ბაქტერიის ბუდედ იქცევა და შედეგიც არ დააყოვნებს: სახეზე გამონაყარი გაგიჩნდებათ, ან, ისე გაგიღიზიანდებათ კანი, დერმატოლოგთან მოგიწევთ წასვლა სამკურნალოდ. ეს რომ არ მოხდეს, ყოველი გამოყენების შემდეგ გაწმინდეთ ფუნჯები და სხვა ნივთები სპეციალური, მაკიაჟის მოსაცილებელი ხელსახოცით, კვირაში ერთხელ კი ყველაფერი გარეცხეთ თბილ წყალში, რომელშიც 1 ჩაის კოვზ შამპუნს გააზავებთ.
4. როგორ უნდა დაიბანოთ ცხიმიანი თმა:
შეარჩიეთ ის შამპუნი, რომელიც ამცირებს ცხიმოვანი ჯირკვლების აქტივობას. შამპუნში უნდა შედიოდეს: ვირისტერფას, მინდვრის შვიტას, ჭინჭრის ექსტრაქტები, ან, უბრალოდ, ამ მცენარეების ნახარშით დაიბანეთ თავი. აუცილებელი პირობაა, რომ შამპუნი წაისვათ ორჯერ და ქაფი გაიჩეროთ 5-5 წუთი.
5. როგორ უნდა შეარჩიოთ კოსმეტიკა, თუ თქვენი სახის კანი ერთდროულად ცხიმიანიც არის და მგრძნობიარეც:
ასეთ შემთხვევაში, არ გიჩევთ ექსპერიმენტებს. აუცილებლად გულდასმით შეარჩიეთ (ან თქვენს კოსმეტოლოგს დაამზადებინეთ) ისეთი ტონიკი, ლოსიონი თუ კრემი, რომელიც თქვენი კანის ყველა „ჭირვეულობას“ გაითვალისწინებს.