კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა გართულებები ახლავს არასწორად მიღებულ რუჯს და როგორ დავატენიანოთ სიცხისგან გამომშრალი კანი

ამბობენ, სილამაზე მსხვერპლს მოითხოვსო. თუმცა, სპეციალისტების აზრით, საკუთარი ჯანმრთელობისა და სიცოცხლის ფასად გალამაზება, ნამდვილად არ ღირს. ბოლო დროს ბევრი ითქვა და დაიწერა იმის შესახებ, რომ დიდხანს მზეზე ყოფნა და რუჯის გადამეტებული დოზით მიღება საზიანოა. თუმცა, ამას ახალგაზრდების უმრავლესობა ყურადღებას არც კი აქცევს და სანამ სავალალო შედეგის წინაშე თავად არ დადგებიან, მანამდე, არ ითვალისწინებენ სხვის აზრს.
თუ რეალურად რა საფრთხეს გვიქმნის გადამეტებული რუჯი, დიდხანს მზეზე ნებივრობა, როგორ მოვუაროთ შეფერილ სხეულს და დავიცვათ საკუთარი ჯანმრთელობა დასვენებისას, ამ თემებთან დაკავშირებით კომენტარი ვთხოვეთ ექიმ-დერმატოლოგს, სოსო კობახიძეს, რომელმაც მეტად დამაფიქრებელი და გასათვალისწინებელი ინფორმაცია მოგვაწოდა.

– საშიშია თუ არა ჯანმრთელობისთვის არასწორად მიღებული რუჯი და როგორ მოვუაროთ და დავატენიანოთ შეფერილი სხეული?
– მართალია, გარუჯული კანი ლამაზად გამოიყურება და სასიამოვნოდ გატარებულ შვებულებასთან ასოცირდება, მაგრამ, ალბათ, ბევრმა არ იცის, რომ არასწორად მიღებული რუჯი ძალიან საშიშია და მას შემდგომში მთელი რიგი გართულებები ახლავს თან. აქვე იმასაც გეტყვით, რომ საკმაოდ იმატა ამის ფონზე, კანის კობოთი დაავადების რიცხვმაც. ამას სპეციალისტები ზაფხულის მწველ მზეში დიდხანს ნებივრობას და სოლარიუმში მიღებულ ნარუჯსაც უკავშირებენ. მიუხედავად აკრძალვისა, ზოგი მაინც ცდილობს, მუქი ყავისფერი შეფერილობა მისცეს სხეულს. ამისთვის კი სახიფათო დროს წვება მზეზე და ნებივრობს. ვერც კი წარმოუდგენია, ამით რამხელა საფრთხეს უქმნის საკუთარ თავს. ვინც ცდილობს, უმოკლეს დროში მიიღოს მუქი შეფერილობის რუჯი, არ იცავს უსაფრთხოების წესებს და სპეციალისტების რეკომენდაციებს, შემდგომში ექმნება კანის პრობლემები, რაც სანანებლად გაუხდება. ამიტომ, სანამ ამ კონდენციამდე მიხვალთ, გირჩევთ, სწორი გადაწყვეტილება მიიღოთ და უსაფრთხო, სასარგებლო ნამზეურით დაიმშვენოთ სხეული. ჩემი სუბიექტური აზრია, რომ ჯანმრთელი ნამზეური არ არსებობს. ნამზეური არის ტრავმა. ანუ, როცა მზე ხვდება კანს, ის მუქდება და ეს ერთგვარი დაცვითი რეაქციაა. ხანგრძლივი ტრავმა კი იწვევს რეგენერაციულ ცვლილებებს. სწორედ, არასწორი ნამზეურის შედეგია კანის ნაადრევი დაბერება, გამოშრობა, დანაოჭება, ალერგიული რეაქციები, კოლაგენების შემცირება და ასე შემდეგ. თუ გარუჯვას გადაწყვეტთ, სწორად შეარჩიეთ კანის დამცავი საშუალებები. აუცილებელია, ასევე, მისი ინდივიდუალურად, კანის ტიპის მიხედვით არჩევა და ხმარება გარუჯვის პროცესში. ეს აძლევს ადამიანს იმის საშუალებას, რომ მხოლოდ ხუთი წუთის განმავლობაში თუ შეეძლო მზეზე წოლა, ამ კრემის დახმარებით, მზეზე ოც წუთს დაჰყოფს და თანაც, უსაფრთხოდ. ასევე, არ გირჩევთ, სველი სხეულით გარუჯვას. წყლიდან ამოსვლისთანავე, შეიმშრალეთ სხეული, წაისვით დამცავი კრემი და ისე მიეფიცხეთ მზეს. გარუჯვის დროს არ უნდა დაგავიწყდეთ, რომ დედამიწას გარს აკრავს ოზონის შრე და ის საკმაოდ შეთხელებულია. ამიტომ, თორმეტიდან სამ-ოთხ საათამდე თაკარა მზეს ნუ მიეფიცხებით. ასე რომ, თუ გიყვართ საკუთარი თავი, გსურთ, დიდხანს შეინარჩუნოთ ჯანმრთელი, ელასტიკური, მიმზიდველი კანი და გარეგნობა, მაშინ ეს ყოველივე უნდა გაითვალისწინოთ.
– ბევრ ადამიანს პრობლემა ექმნება ნარუჯის შემდგომ. როგორ მოვუაროთ გარუჯულ კანს, რომ მან ტენიანობა შეინარჩუნოს, არ გამოშრეს და არ აიქერცლოს?
– გარუჯულ კანს მართლაც განსაკუთრებული ყურადღება სჭირდება, როგორც გარუჯვამდე და ასევე გარუჯვის პროცესში. გარუჯულ სხეულზე აუცილებლად უნდა წაისვათ დამცავი და დამატენიანებელი კრემები. ეს კანს აღადგენს. აქვე, იმასაც გეტყვით, რომ თუ რაიმე საეჭვოს შეამჩნევთ კანზე, სასწრაფოდ კონსულტაციისთვის დერმატოლოგს მიაკითხეთ, რათა საშიში დაავადების საფრთხე გამორიცხოთ. ხშირად დაითვალიერეთ გარუჯული სხეული სარკესთან. დააკვირდით კანს, მკერდის ქვეშ ადგილებს და ნაოჭებს. ნამზეურის გადასვლის შემდეგ, ხშირად კანზე თეთრი ლაქები აღინიშნება. ეს არის სოკოვანი ინფექცია, რომელიც კანის რქოვანა შრეს აზიანებს. დაზიანებულ ადგილზე კი კანი ფერს იცვლის და ეს ცვლილება თავადვე, ექიმის გარეშე, შეუიარაღებელი თვალითაც შეგიძლიათ შეამჩნიოთ. საერთოდ, მზე ბევრი დაავადების პროვოცირებას ახდენს და ამის თაობაზე ნებისმიერი ადამიანი ინფორმირებული და გაფრთხილებული უნდა იყოს. მზის სხივების ზემოქმედება ძალიან ააქტიურებს პიგმენტურ ლაქებს სხეულზე. თუ მიდრეკილება გაქვთ პიგმენტური ლაქებისკენ, სწორედ ამიტომაა საჭირო, იხმაროთ დამცავი კრემები. მაგრამ, როდესაც კანზე მოყავისფრო შეფერილობის ლაქები ჩნდება, ამ დროს ყურადღების მოდუნებას არ გირჩევთ. ულტრაიისფერი სხივები, ყავისფერი და მოყვითალო ფერის ლაქების გაჩენას უწყობს ხელს და მათი პიგმენტაცია საკმაოდ საშიშია ჯანმრთელობისთვის. ნამზეურის გადასვლის შემდეგ, ასევე ხშირია, ჩირქოვანი გამონაყარიც. ამ შემთხვევაში კანი დაზიანებულია. როცა დიდხანს და არასწორად ირუჯება ადამიანი და ულტრაიისფერი სხივების ტრავმის აქტივიზაცია მიმდინარეობს, ასეთი რეაქციები ნამდვილად მოსალოდნელია. შესაძლოა, ნამზეურის გადასვლის შემდეგ, კანზე გაჩნდეს გამონაყარი ან აღინიშნოს ცხიმოვანი ჯირკვლების შესიება. ამ დროს თვითმკურნალობა დაუშვებელია. ამიტომ, ყველას ვაფრთხილებ და ვეუბნები, თუ პიგმენტაციისკენ ხართ მიდრეკილი, სერიოზულ პრობლემას ნუ შეიქმნით, მოერიდეთ მზის სხივებს, ან სწორად გაირუჯეთ-მეთქი.
– ამბობენ, თუ ადამიანი დღეში დაახლოებით 2-3 ლიტრ სითხეს მიიღებს, ამით კანს გამოშრობისგან იცავსო. ეს სწორი მოსაზრებაა?
– ზაფხულში, რასაკვირველია, იმაზე მეტი სითხე უნდა მიიღოთ, რასაც წელიწადის სხვა პერიოდში იღებთ. უმჯობესია, ამ მხრივ უპირატესობა მიანიჭოთ გაზგასულ მინერალურ წყალს. სიცხეში ორგანიზმიდან ხდება წყლის აორთქლება და ეს კანის გამოშრობას იწვევს. ამის შედეგად იწყება კანის სიმშრალე, ის კარგავს ელასტიკურობას და ხდება პრობლემური.
– თუ მაინც ვერ დავიცავით უსაფრთხოების ზომები, დიდხანს მოგვიწია მზეზე ყოფნა და კანი დაგვეწვა?
– ეს თქვენს თავს დააბრალეთ (იცინის). ვერც კი წარმოიდგენთ, მაღალმა ტემპერატურამ, კანს რა ზიანი შეიძლება, მიაყენოს. მის გამოსწორებას შემდეგ წლები დასჭირდება და ადამიანს სერიოზულ საფრთხესაც უქმნის. არასწორად მიღებული რუჯის დროს, დიდი რისკია, დამწვრობა მიიღოთ. ასეთ შემთხვევაში, აუცილებელია, აფთიაქში შეიძინოთ გამაგრილებელი ხსნარი, კრემი, ემულსია და საფენები. ასეთი საშუალებების არჩევანი საკმაოდ დიდია. არავითარ შემთხვევაში არ მიაკაროთ დამწვარ კანს სპირტი ან მისი შემცველი საშუალებები.
– თუ გავირუჯეთ და გვინდა, ნამზეურმა სასიამოვნო ელფერი დიდხანს შეინარჩუნოს, როგორ მოვიქცეთ და რა ვიხმაროთ სხეულზე წასასმელად?
– თუ გსურთ, დიდხანს შეინარჩუნოთ ლამაზი ნამზეური, მიმზიდველი იერი და ელასტიკური კანი, იხმარეთ ასაკის შესაფერისი დამცავი, დამატენიანებელი კრემები. ის ეფექტურად იცავს კანს გამოშრობისგან, აძლევს მას სასიამოვნო იერს და ჯანსაღ ელფერს. თანაც, მისი ხმარების დროს რუჯი უფრო კარგად ჯდება, კანი დიდხანს ინარჩუნებს შეფერილობას და თქვენი გარუჯული სხეულითაც ბევრის ყურადღებას მიიქცევთ.

скачать dle 11.3