კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ იყო გიორგი გაგნიძის ფოტოები „ნიუ-იორკ თაიმსის“ გვერდებზე ერთი თვის განმავლობაში და რა შემთხვევის წყალობით გაიგო მასზე საქართველოს პრეზიდენტმა

როგორც ცნობილია, მწვერვალზე ასვლა იმდენად რთული არ არის, როგორც იქ დარჩენა... ქართველი საოპერო მომღერალი – გია გაგნიძე წლების წინ ხოსე კარერასის ფავორიტი გახდა, შემდეგ ლორინ მააზელის, შემდეგ კი იყო მსოფლიოს უდიდესი საოპერო სცენები და დღესაც ყველაზე გამორჩეული თეატრის – „მეტროპოლიტენ ოპერას“ სასურველ ბარიტონად რჩება... ბუნებრივია, მომღერალი მეტად დაკავებულია, მაგრამ საბედნიეროდ, შემთხვევა მოგვეცა, საქართველოში რამდენიმე დღით ჩამოსულ მის მეუღლეს, მაია გოგილაძეს დავკავშირებოდით.

– ქალბატონო მაია, სად არის ამჯერად მსოფლიოს აღიარებული ბარიტონი – გია გაგნიძე?
– ახლახან მადრიდში ჰქონდა სპექტაკლი, შემდეგ მიდის იტალიაში, ქალაქ ვერონაში, სადაც „არენა დი ვერონას” სცენაზე უდიდესი ფესტივალი ტარდება. ეს საზაფხულო ფესტივალია და ერთი თვის განმავლობაში გრძელდება. ამდენად, გიორგი ვერონაში 25 აგვისტომდე დარჩება, სადაც „ტრავიატასა” და „ნაბუქოს” იმღერებს და შვიდჯერ მოუწევს გამოსვლა. იტალიის შემდეგ ისევ ესპანეთში წავა, ბილბაოს თეატრში. მერე ვენის „შტადსოპერაში” აქვს რამდენიმე სპექტაკლი... დეკემბრიდან თებერვლის ბოლომდე კი „მეტროპოლიტენ ოპერაში“ ექნება სხვადასხვა სპექტაკლი...
– როგორც ვიცი, „მეტროპოლიტენ ოპერაში“ უკვე რამდენიმე წელია, იწვევენ...
– ექვსი წელია, რაც გიორგი მსოფლიოს წამყვან საოპერო თეატრებში მღერის – „ლა სკალა“, „მეტროპოლიტენ ოპერა“, პარიზის „ბასტილიის ოპერა“, ლოს-ანჯელესის ოპერის თეატრი, ტოკიოს საოპერო თეატრი... აქვს წარმატებული პრემიერები და „მეტროპოლიტენ ოპერაში სეზონის“ გახსნაც მოუხდა 2009 წელს. „მეტროპოლიტენ ოპერაში“ სეზონის გახსნა, მოგეხსენებათ, დიდი პატივია, მით უმეტეს, როდესაც სპექტაკლ „ტოსკას” დირიჟორობდა ძალიან ცნობილი დირიჟორი, ჯეიმს ლივაინი. მეტად წარმატებული პრემიერა იყო და პირდაპირი ეთერის მეშვეობით ტელევიზიით 46 ქვეყანაში გადაიცა. ასევე, ნიუ-იორკში, მანჰეტენზე იყო დამონტაჟებული უზარმაზარი ეკრანი... სეზონის გახსნიდან ათი სპექტაკლი გავიდა. სპექტაკლში მღეროდა, მსოფლიოში აღიარებული ტენორი მარჩელო ალვარესი. პრესაში სპექტაკლს ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა. გიორგის შესახებ დაიწერა „ნიუ-იორკ თაიმსში” და ევროპის სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთებში... სეზონის გახსნამდე გიორგიმ „მეტროპოლიტენ ოპერაში“ „რიგოლეტო” იმღერა და იმდენად დიდი მოწონება დაიმსახურა, რომ იმის შემდეგ ყოველ წელს სამ სხვადასხვა სპექტაკლში მაინც უწევს გამოსვლა. დეკემბრიდან მიიღებს მონაწილეობას სპექტაკლებში: „ხოვანშჩინა”, „ტოსკა”, „ნაბუქო”... იშვიათად ხდება, რომ „მეტროპოლიტენ ოპერა“ ასე ხშირად იწვევდეს საოპერო მომღერალს, რადგან ძალიან კონკურენტული ქვეყანაა, იქ დამკვიდრება და მაყურებლის სიმპათიის მოპოვება, ურთულესია. მასმედიის საშუალებით ხდება ყოველი სპექტაკლის ძალიან რეალურად შეფასება, რასაც დიდ ყურადღებას აქცევს „მეტროპოლიტენ ოპერის“ ხელმძღვანელობა – მათთვის გადამწყვეტია, როგორი კრიტიკა აქვს მომღერალს.
– როგორი კრიტიკა ჰქონდა ბატონ გიორგი გაგნიძეს?
– „ნიუ-იორკ თაიმსის” პირველ გვერდზე, ლამის ერთი თვის განმავლობაში, გიორგის ფოტოები იბეჭდებოდა. საქართველოს პრეზიდენტი და ელჩი ნიუ-იორკში ბრძანდებოდნენ, შემთხვევით გაზეთში ნახეს სტატია და ფოტოები და ასე გაიგეს გიორგის შესახებ.
– „ლა სკალას“ საოპერო თეატრში როდის იმღერა?
– გიორგის „ლა სკალაში“ კიდევ უფრო ადრე ჰქონდა გამოსვლა – სპექტაკლ „ტრავიატაში” ჟერმონის პარტია შეასრულა... მომავალ წელს „რიგოლეტოს” რვაჯერ იმღერებს... „ლა სკალას“ ძალიან მგრძნობიარე მაყურებელი ჰყავს და ყოველთვის ინარჩუნებს თავის ძველ სახელს... „მეტროპოლიტენ ოპერა“ და „ლა სკალა“ დღეს მომღერლის კარიერას განსაზღვრავს.
– როგორ გახდა გიორგი გაგნიძე მსოფლიოს უდიდესი დირიჟორის – ლორინ მააზელის ფავორიტი?
– გიორგიმ 2005 წელს „ვერდის ხმების” კონკურსში გაიმარჯვა. კონკურსის ჟიურის წევრი გახლდათ ხოსე კარერასი. გამარჯვებულისთვის პრიზი იყო „ტოსკასა” და „ტრავიატას” გასტროლები ტოკიოში, რასაც ლორინ მააზელი ხელმძღვანელობდა. ამ გასტროლებზე გაიცნო ლორინ მააზელმა გიორგი. გიორგი ხოსე კარერასის ფავორიტი იყო და, რა თქმა უნდა, დადებითად წარადგინა მააზელის წინაშე. მააზელს გიორგი თავიდანვე ძალიან მოეწონა და განაცხადა: დღეს ძალიან ძნელია, ასეთი მომღერალი იპოვო და, სამწუხაროდ, ისეც ხდება, რომ ზოგჯერ, შეიძლება, სხვადასხვა მიზეზების გამო, ვერც გაიცნოო... ამის შემდეგ, მააზელი, თუ სადმე სერიოზულ პროდუქციას უშვებს, ყველგან გიორგის იწვევს. ტოკიოს შემდეგ „ნიუ-იორკ ფილარმონიკაში” მიიწვია, სადაც საკონცერტო შესრულებით „ტოსკა” გავიდა. გიორგის გამოსვლას იმდენად დიდი გამოხმაურება და რეკლამა მოჰყვა, რომ ამის შემდეგ შეამჩნია „მეტროპოლიტენ ოპერის“ ხელმძღვანელობამაც და მიიწვია... ლორინ მააზელი ვალენსიის საოპერო თეატრის ხელმძღვანელი იყო და სპექტაკლებში, სადაც კი ბარიტონის მთავარი პარტიაა, ყველგან გიორგი მღეროდა. 2007 წელსაც, როდესაც „ლა სკალაში” გიორგის დებიუტი შედგა, სპექტაკლს მაშინაც ლორინ მააზელი დირიჟორობდა.
– საქართველოში როდის იმღერა ბოლოს გიორგიმ?
– გიორგის საქართველო ძალიან ენატრება და დიდი სურვილი აქვს, წარდგეს ქართველი მსმენელის წინაშე, თუმცა, დროის დეფიციტი აქვს. აქ შვიდი წლის განმავლობაში არ ჰქონდა ნამღერი და საქართველოს პრეზიდენტის მოწვევით 2010 წლის ბათუმში, საახალწლო კონცერტში მიიღო მონაწილეობა – იქ ერთი არია შეასრულა. ძალიან უნდა, სპექტაკლში იმღეროს და, როგორც კი საშუალება მიეცემა, აუცილებლად ჩამოვა.
– გაგვაცანით მისი მოღვაწეობა საქართველოდან წასვლამდე...
– გიორგი 23 წლიდან, 7 წლის განმავლობაში, ზაქარია ფალიაშვილის სახელობის საოპერო თეატრის ერთ-ერთი წამყვანი სოლისტი იყო. ძალიან ბევრი როლი საქართველოში ისწავლა. აქ იმღერა ვერდის „ტრავიატა”, ბიზეს „კარმენი”, ჩაიკოვსკის „პიკის ქალი”... რა თქმა უნდა, ქართული ოპერებიც – „აბესალომ და ეთერი”, „დაისი”... იმ წლებში თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ბატონი ჯანსუღ კახიძე იყო. გიორგის ქართული გამოცდილება ევროპის სცენებზე ძალიან გამოადგა.
– მერე, ალბათ, იყო საერთაშორისო კონკურსები... საქართველოს შემდეგ რომელი ქვეყანა აირჩია სამოღვაწეოდ?
– ელენე ობრაზცოვას სახელობის საერთაშორისო კონკურსზე სანკტ-პეტერბურგში მეორე ადგილი აიღო. ევროპიდან ჩამოსულ პროდიუსერებს, ძალიან მოეწონათ და არაერთი შემოთავაზება ჰქონდა... შემდეგ გერმანიაში ერთ-ერთ კონკურსში, გაიმარჯვა და გერმანიის ნაციონალურმა თეატრმა ხელშეკრულება დაუდო. თავიდან ორი წლის განმავლობაში გერმანიის სხვადასხვა საოპერო თეატრში მღეროდა, შემდეგ სხვა ქვეყნებშიც მიიწვიეს.
– მსოფლიოს სხვადასხვა სცენაზე ქართველებთან ერთად თუ მოუხდა გამოსვლა?
– დიახ, ნინო მაჩაიძესთან ერთად იმღერა იტალიაში, ქალაქ პარმაში – „პარმის” ფესტივალზე. ეს ფესტივალი ყოველ სექტემბერში იმართება და შარშან ნინო მაჩაიძესთან ერთად ჰქონდა რამდენიმე სპექტაკლი. ძალიან წარმატებით გამოვიდნენ. მათზე გაზეთებში განსაკუთრებულად იწერებოდა და ეს, რა თქმა უნდა, ძალიან საამაყო იყო ჩვენთვის. იქ მასმედია ყოველთვის დიდი ყურადღებითაა: მომღერალი თუ კარგად იმღერებს, აღნიშნავენ, თუ არა და, მკაცრი კრიტიკა იციან. იტალიაში ოპერა ძალიან აქტიურად გასაშუქებელი თემაა.
– სად ცხოვრობს დღეს ბატონი გიორგი მუდმივად?
– მუდმივად უკვე აღარსად, ყოველთვე ხან სად არის, ხან – სად. სამი წელია, რაც ძალიან აქტიური საგასტროლო ტურნე აქვს. ასევე აქვს დაგეგმილი კიდევ 4-5 წელი, ჩვენი, მისი ოჯახი, ისევ ვრჩებით გერმანიაში, იმ პატარა ქალაქში, სადაც თავიდან დავმკვიდრდით – ესაა გოეთესა და შილერის ქალაქი, ვაიმარი. აქ სულ მუზეუმებია და ტურისტულად ცნობილი ქალაქია. გიორგის გარეშე ყოფნა ძალიან გვიჭირს. ორი შვილი მყავს და თითქმის მარტო მიწევს მათი გაზრდა.
– თქვენ რა პროფესიის ბრძანდებით? გაგვაცანით თქვენი შვილებიც...
– პროფესით ექიმი ვარ, მაგრამ, მუშაობას ვერ ვახერხებ, რადგან ბავშვები ჯერ პატარები არიან: მარიამი 9 წლისაა, დავითი – 5 წლის. მარიამი უკვე წარმატებული გოგოა. გერმანიაში საბავშვო ორკესტრში უკრავს ფლეიტაზე, ასევე, ფორტეპიანოზე და მღერის. ძალიან აქტიურად ვართ მუსიკალურ სამყაროში ჩართული.
– ქართველები ცხოვრობენ ამ ქალაქში?
– არც ერთი ქართველი არ ცხოვრობს, ჩვენი მეგობრებიც იქაურები არიან. გერმანიაში გიორგის პროფესიას ნებისმიერი განათლებისა და დონის ადამიანი დიდ პატივს სცემს და ეს ძალიან დაგვეხმარა. თუმცა, მაინც რთულია უცხო ქვეყანაში თავის დამკვიდრება. თან, თავიდან ენა არ ვიცოდით. ახლა უკვე რაღაცნაირად შევეჩვიეთ ამ ქვეყანას, ბავშვებმაც ენა ისწავლეს, სკოლაში დადიან და ჯერჯერობით იქ ვრჩებით. თავიდან მეუბნებოდნენ ახალი ჩამოსული ხარ და ნოსტალგია გაგივლისო, მაგრამ, რვა წელი გავიდა და არ გამიარა. ყოველთვის ერთი სული მაქვს, აქეთ როდის წამოვალთ. ბავშვებსაც ძალიან უყვართ საქართველო. ძირითადად, ზაფხულობით ჩამოვდივართ.
– ახერხებთ, მეუღლის სპექტაკლებსა და პრემიერებს დაესწროთ?
– ძალიან ვცდილობ... ზოგჯერ დედაჩემი ჩამომყავს გერმანიაში, ბავშვებთან ვტოვებ და მე გიორგისთან მივფრინავ. თუ ევროპაში მღერის, ბავშვებთან ერთად მივდივარ. ასე ვიყავით წელს ვენასა და პარიზში – პარიზის „ბასტილია ოპერაში“ ჰქონდა პრემიერა რობერტო ალანიასთან ერთად... თვითონ დასვენებას სულ ვერ ახერხებს. ძალიან რთული წლები აქვს, ყოველგვარი დასვენების გარეშე გადადის ქალაქიდან ქალაქში.
– ახლო მომავალში საქართველოში ვერ ვიხილავთ სცენაზე?
– თბილისის ოპერის დირექტორი, დავით საყვარელიძე დაგვიკავშირდა და გვითხრა, რომ ბათუმში იგეგმება „რიგოლეტო” საკონცერტო შესრულებით. გიორგი აღიარებულია, როგორც მსოფლიოს პირველი რიგოლეტო, რიგოლეტოს როლზე ყველა თეატრის სასურველი ბარიტონია. „რიგოლეტო” ბარიტონისთვის ყველაზე რთულია და თუ მას მომღერალი კარგად მღერის, ეს ნიშნავს, რომ ძალიან კარგი ბარიტონია.

скачать dle 11.3