პრაქტიკული მეცადინეობა
ბევრი ქალბატონი თავის ყოველდღიურ იმიჯს ჩვეულების კარნახით ირჩევს და ირგებს. ის არ აკეთებს ორიენტაციას არც საკუთარ სულიერ მდგომარეობაზე, არც იმ რეალურ სიტუაციაზე, რომელშიც იმ მომენტისთვის იმყოფება. სტილის ამორჩევისას კი ძირითადად ყურადღებას საზოგადოებრივ აზრს ვაქცევთ და არა იმას, რა გვინდა ჩვენ თვითონ. რა თქმა უნდა, საზოგადოებრივ აზრსაც დიდი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ სტილი უპირველესად ჩვენ უნდა მოგვერგოს, ის ჩვენთან უნდა მოვიდეს ჰარმონიაში. თუ ეს არ ხდება, ჩვენ ვწვალობთ და, თანაც ამას სხვებიც ამჩნევენ. ქალი, რომელსაც საკუთარ „მესთან“ აქვს უთანხმოება, მომხიბვლელი ვერასოდეს იქნება. გეცვას ადგილის, დროისა და გარემოების შესაფერისად – ეს უკვე ნიშნავს საკუთარ სტილს, რაც არცთუ ისე რთულია. მთავარია, გესმოდეს მისი არსი და მნიშვნელობა. თუ ამას ვერ მიხვდებით და ვერ გააცნობიერებთ, მაშინ ვერასოდეს იქნებით ისეთი, რომ ყველას მოსწონდეთ, ის კი არა შეიძლება, პირიქით, ღიმილიც კი გამოიწვიოთ. მართალია, ქალების უმრავლესობა ამტკიცებს, საკუთარი თავისთვის ვიცვამო, მაგრამ, სინამდვილეში ასე რომ არ არის, ყველამ ვიცით. გვინდა ამის აღიარება თუ არ გვინდა, მაინც გვხვდებიან იმის მიხედვით, თუ რა გვაცვია და შესაბამის ყურადღებასაც გვითმობენ. ცუდად ან საერთოდ ვერშერჩეულმა სტილმა პრობლემები რომ არ შეგიქმნათ, გაიარეთ პრაქტიკული მეცადინეობა, რა თქმა უნდა, საკუთარ თავთან, მაგალითად: ქვედაბოლო-მაქსი ასოცირდება რაღაცის შეზღუდვასთან, შეგუებასთან, შეჩვევასთან; მინი – პირიქით, თავისუფლებასთან. მხოლოდ თქვენ და არა ვიღაც სხვამ, უნდა გადაწყვიტოთ, რა ჩაიცვათ და როგორ დაიჭიროთ თავი. სარკე ხომ გაქვთ? – ჰოდა, პრაქტიკული მეცადინეობები ნამდვილად არ გაწყენთ, ამას მხოლოდ სარგებლობის მოტანა შეუძლია.