რა კავშირშია თმის ცვენა ცხოვრების უმოძრაო წესთან
თმა კანის ზედაპირზე ამოსული ღეროსა და ფოლიკულში განლაგებული ძირისგან შედგება. თმის ბოლქვში მოთავსებული ნერვული ბოჭკოები და სისხლძარღვები მას გამრავლებისთვის აუცილებელი მკვებავი ნივთიერებებით ამარაგებს. ერთი თვის განმავლობაში თავზე თმა დაახლოებით ერთი სანტიმეტრით იზრდება, თმის სიცოცხლის ხანგრძლივობა კი შეზღუდულია – გარკვეული დროის შემდეგ „ძველი“ ღერები ცვივა და მათ ადგილს ახალი იკავებს. თმის ძლიერი ცვენა ორგანიზმის ავადმყოფურ მდგომარეობაზე მიუთითებს, რაც კომპლექსურ მკურნალობას საჭიროებს.
თმის ცვენის შესაჩერებლად ხალხურ მედიცინაში ყველაზე ეფექტური საშუალებაა მუხის ქერქისა და ხახვის ფურცლების ნახარში: აიღეთ ნედლეული თანაბარი რაოდენობით, ერთ ჭიქა ნარევს დაასხით 1 ლიტრი ადუღებული წყალი და ნახევარი საათის განმავლობაში ხარშეთ ნელ ცეცხლზე, მერე გააცივეთ და გადაწურეთ. თავის დაბანის შემდეგ თმა ამ ნახარშით დაისველეთ და შემოიხვიეთ თავსაფარი.
თმის ძირების გამაგრების საუკეთესო საშუალებაა, ასევე, აბუსალათინის ზეთი, რომელსაც დაბანამდე თავის კანში შეიზილეთ. პროცედურის ხანგრძლივობა ათი წუთია.
ნაადრევი გამელოტების დროს სასარგებლოა, საკვებ რაციონში ქაცვის ნაყოფი ჩართოთ, სვათ სვიის გირჩების ნაყენი და მისი ნახარშით დაიბანოთ თავი.
თმის მდგომარეობა დამოკიდებულია როგორც მემკვიდრეობაზე, ასევე, გარეგან ზემოქმედებასა და ადამიანის საერთო მდგომარეობაზე. ამიტომ, გარდა იმისა, რომ თმას უნდა მოუაროთ, ჯანსაღი წესით უნდა იცხოვროთ და სწორად იკვებოთ. თქვენს რაციონში უნდა შედიოდეს ორგანიზმისთვის საჭირო ყველა აუცილებელი მკვებავი ნივთიერება. დიდი მნიშვნელობა აქვს ხორცს, თევზს, რძის პროდუქტებსა და პარკოსნებში შემავალ ცილებს. ასევე, აუცილებელია ნაღების კარაქი და მცენარეული ზეთი.
მარცვლეულის კერძები ხელს უწყობს კერატინის წარმოქმნას. თმამ აუცილებელი ვიტამინებისა და მინერალური მარილების საკმარისი რაოდენობა რომ მიიღოს, ორგანიზმს ბოსტნეული და ხილი ესაჭიროება. ასევე, აუცილებელია მინერალური წყალი, მწვანე ჩაი და წვენების ხშირად სმა.
რეგულარული ვარჯიში კი სისხლის მომარაგებას აუმჯობესებს, რაც თმის ძირებში ჟანგბადისა და მკვებავი ნივთიერებების გადასვლას უზრუნველყოფს. თქვენს რაციონში აუცილებლად უნდა იყოს: სტაფილო, კეფირი, ხაჭო, ვაშლი, კომბოსტოს მწნილი. თმას არ უყვარს ბევრი ტკბილი და გაზიანი სასმელი – ეს აუცილებლად გაითვალისწინეთ