კლიმაქსის შემაწუხებელ სიმპტომებს მაყვალი მოგიხსნით
თუ გაწუხებთ გუნება-განწყობის დაქვეითება, ადვილად იღლებით და სახეზე სისხლი გაწვებათ, ეს სიმპტომები შეიძლება იყოს დაკავშირებული კლიმაქსის წინა პერიოდთან, რომლის დროსაც ქალის ორგანიზმში აღინიშნება ჰორმონული ცვლილებები. პროჰესტერონის დეფიციტმა და ესტროგენების სიუხვემ შეიძლება გამოიწვიოს ქსოვილებში წყლის შეკავება, ქვედა კიდურების სიმძიმე, თავის ტკივილი, სიმსუქნე, კუჭ-ნაწლავის დისფუნქციონირება, ემოციური აშლილობა. ქალი ზედმეტად მგრძნობიარე ხდება. ამ სიმპტომების არსებობისას აუცილებელია გინეკოლოგის კონსულტაცია. კლინიკურმა გამოკვლევებმა აჩვენა, რომ კლიმაქსის წინა პერიოდის შემაწუხებელ სინდრომს კარგად ებრძვის მაყვალი, რომელიც, შეგიძლიათ, მიიღოთ როგორც ნატურალური, ისე მურაბისა და წვენის სახით. შეშუპების თავიდან ასაცილებლად უნდა შეზღუდოთ მარილის მიღება.
40 წლის ასაკის ზემოთ ქალს ხშირად აღენიშნება ოფლიანობა, რაც ჰორმონულ ცვლილებებთან არის კავშირში, თუმცა, აუცილებელია ზოგადი გამოკვლევის ჩატარება, რათა გამორიცხოთ დაავადების არსებობა.
კლიმაქსის წინა პერიოდში ქალი ხშირად არის დათრგუნული და ზოგჯერ ელემენტარული წესების დაცვაც კი საკმარისია უსიამოვნო შეგრძნებების თავიდან ასაცილებლად. აუცილებელია ფიზიკური ვარჯიში, ალკოჰოლისა და თამბაქოს შეზღუდვა, მაგნიუმითა და B ჯგუფის ვიტამინებით მდიდარი საკვების მიღება.
ჰორმონული დეპრესია არ არსებობს, მაგრამ, თუ ქალს მანამდეც დეპრესიული მდგომარეობა ჰქონდა, კლიმაქსის წინა პერიოდში ის კვლავ იჩენს თავს. შეგიძლიათ, მიმართოთ ანტიდეპრესანტებსაც, რომლებსაც ექიმი გირჩევთ. ასევე, მოამზადეთ გემრიელი წამალი და მიიღეთ კვირაში ერთხელ – ის არეგულირებს ჰორმონებს და ძალიან სასარგებლოა ქალის ჯანმრთელობისთვის, კერძოდ: 1 ჭიქა ადუღებულ წყალში გახსენით 1 კოვზი თაფლი და მაყვლის წვენი – გემოვნებით და მიიღეთ თბილი; ან, 10 გრამ მაყვლის ფოთოლს ჩაუმატეთ 10 გრამი კუნელის ნაყოფი და 20 გრამი ბაბუაწვერა, დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, გააჩერეთ ცოტა ხნით თავდახურულ ჭურჭელში, გადაწურეთ და მიიღეთ დღეში ერთხელ, 10 დღის განმავლობაში.
კლიმაქსის წინა პერიოდში დაიცავით კვების რეჟიმი. კარგია რძე, ბოსტნეული, ხილი, თევზი, მჭლე ხორცი; მოერიდეთ მლაშე, ზედმეტად ცხიმიან საკვებს, რადგან ისინი უარყოფითად მოქმედებს ქალურ ორგანოებზე.