შმაიხელი დე ხეას დაცვას შეუდგა
„მანჩესტერ იუნაიტედისა” და დანიის ნაკრების ლეგენდარული გოლკიპერი – პიტერ შმაიხელი მანკუნიანელების ახალი შენაძენის, ესპანელი დავიდ დე ხეას მიმართ გახშირებულ კრიტიკას არ ეთანხმება და ახალგაზრდა, 20 წლის მეკარეს სრულ მხარდაჭერას უცხადებს. მადრიდის „ატლეტიკოს” ექსმეკარე დე ხეა ალექს ფერგიუსონმა პენსიაზე გასული ედვინ ვან დერ საარის შემცვლელად მოიყვანა გუნდში და პირველი მეკარის სტატუსი არგუნა. შმაიხელის თქმით, ერთი-ორი თამაშის გამო მეკარის გაკრიტიკება უსაფუძვლოა, დროთა განმავლობაში დე ხეა დაამტკიცებს, რომ მაღალი დონის მეკარეა. არაოფიციალური მონაცემებით, დე ხეას შეძენა „მანჩესტერს” 20 მილიონი ევრო დაუჯდა.