რამდენ ბრაზილიელ ფეხბურთელს აქვს მიღებული სხვა ქვეყნის მოქალაქეობა და რომელმა კამერუნელმა დაიცვა სომხეთის ნაკრების კარი
რამდენიმე წლის წინ საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია აქტიურად განიხილავდა უცხოელი გოლკიპერის ნატურალიზების საკითხს, თუმცა, ამ პროექტიდან არაფერი გამოვიდა. სამაგიეროდ, უცხო ქვეყნის წარმომადგენელი, პროფესიონალი ფეხბურთელის ნატურალიზების საკითხს წარმატებით გაართვა თავი მსოფლიოს რამდენიმე სახელმწიფომ. ამ ფეხბურთელებმა კი ახალ სამშობლოს არაერთი ღირსეული გამარჯვება მოუტანეს. ამჯერად საუბარი არ იქნება წარსულის უდიადეს ვარსკვლავებზე – ჟოზე ალტაფინიზე, ალფრედო დი სტეფანოსა და ფერენც პუშკაშზე, ჩვენ მხოლოდ მოქმედ, ნატურალიზებულ სპორტსმენებს შევეხებით.
მარკოს სენა (ბრაზილია-ესპანეთი) – 27 მატჩი ესპანეთის ნაკრებში – 1 გოლი
მარკოს ანტონიო სენა და სილვა ბრაზილიურ სან-პაულოში დაიბადა. 2002 წლამდე იგი სამშობლოში, ადგილობრივ კლუბებში თამაშობდა, საიდანაც ესპანურ „ვილიარეალში” გადაბარგდა. „ყვითელ წყალქვეშა ნავად” წოდებულ კლუბში ჩატარებული მატჩებით, სენამ ესპანეთის ნაკრების მწვრთნელის ყურადღება მიიქცია და ნაკრებში გამოძახებაც მიიღო. ესპანეთის ნაკრებთან ერთად, სენამ 2008 წლის ევროპის ჩემპიონატზე ითამაშა და გუნდის ერთ-ერთ ლიდერად ჩამოყალიბდა ნახევარდაცვაში. მარკუს სენა პირველი ბრაზილიელია, რომელსაც ევროპის ჩემპიონის ტიტული აქვს მოგებული.
მაურო კამორანეზი
(არგენტინა-იტალია) – 55 მატჩი იტალიის ნაკრებში – 5 გოლი
მაურო ჰერმან კამორანეზი არგენტინაში, ტანდილში დაიბადა. იტალიაში გადაბარგებამდე მაურო მექსიკაში, ურუგვაისა და შვეიცარიაში თამაშობდა და მხოლოდ 2000 წელს გადავიდა იტალიურ „ვერონაში”. ორი წლის შემდეგ კი „იუვენტუსში” მივიდა, სადაც იგი ნაკრების მწვრთნელმა, ჯოვანი ტრაპატონიმ შეამჩნია. 2003 წელს კამორანეზის დებიუტი შედგა „სკუადრა აძურაში“, რომელთან ერთადაც, მან 2006 წელს მსოფლიოს ჩემპიონატი მოიგო.
დეკუ (ბრაზილია-პორტუგალია) – 75 მატჩი პორტუგალიის ნაკრებში –
5 გოლი
ანდერსონ ლუის დე სოუზა ანუ, უბრალოდ – დეკუ ბრაზილიურ სან-ბერნარდუ-დუ-კამპაში დაიბადა. იგი „კორინთიანსის” სკოლის აღზრდილია, საიდანაც „ბენფიკაში” აღმოჩნდა. თუმცა, პორტუგალიურ გრანდში დეკუმ თავი ვერ დაიმკვიდრა და მეორე გრანდში – „პორტუში” გადავიდა არენდით, სადაც ნახევარდაცვის ლიდერად ჩამოყალიბდა. თავის სადებიუტო მატჩში დეკუმ ისტორიულ სამშობლოს – ბრაზილიას გაუტანა გოლი. ამჟამად ეს ნიჭიერი ნახევარმცველი ბრაზილიაში „ფლუმინენსეს” რიგებში აგორებს ბურთს.
მეჰმედ აურელიო
(ბრაზილია-თურქეთი) – 35 მატჩი, 2 გოლი თურქეთის ნაკრებში
რიო-დე-ჟანეიროში დაბადებული მარკო აურელიო „ფლამენგოდან” 2001 წელს „ტრაპზონსპორში” გადავიდა. ორი წლის თავზე მარკო უკვე „ფენერბახჩეში” თამაშობს და მუსლიმანური სახელი – მეჰმედი დაირქვა. 2006 წელს მისი დებიუტი შედგა თურქეთის ნაკრებში, რომელთან ერთადაც, მან 2008 წლის ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ამჟამად მეჰმედი „ბეშიქთაშის” შემადგენლობაში გამოდის და განაგრძობს თურქეთის ნაკრებში კეპების დაგროვებას.
პეპე (ბრაზილია-პორტუგალია) – 55 მატჩი, 2 გოლი პორტუგალიის
ნაკრებში
კეპლერ ლავერან ლიმა ფერეირა (პეპე) კიდევ ერთი ბრაზილიელია, რომელმაც პორტუგალიის ნაკრებში გადაწყვიტა გამოსვლა. პეპემ 2007 წელს მიიღო პორტუგალიის მოქალაქეობა და იმავე წელს გახდა მადრიდული გრანდის –„რეალის” წევრი. სხვათა შორის, პეპეს გაევროპელებაში დიდი წვლილი შეიტანა ცნობილმა საბჭოთა მწვრთნელმა, ანატოლი ბიშოვეცმა, რომელიც პეპეს პირველ ევროპულ კლუბს – „მარიტიმუს” თავკაცობდა.
ალექსი (ბრაზილია-იაპონია) – 82 მატჩი, 7 გოლი იაპონიის ნაკრებში
ბრაზილიელი ალესანდრო დოს სანტოს ალექსი იაპონური ფეხბურთის ლეგენდაა. 2002 წელს მან იაპონელ ქალზე იქორწინა და ამომავალი მზის ქვეყნის მოქალაქეობა მიიღო. იაპონიის ნაკრებთან ერთად, ალექსმა ორ მსოფლიო ჩემპიონატში მიიღო მონაწილეობა და ნაკრებში გამოსვლა 2006 წელს დაასრულა. ამჟამად „გრემიოს” სკოლის აღზრდილი ფეხბურთელი „ნაგოია გრამპუს ეითის” რიგებში ირიცხება.
კევინ პრინს-ბოატენგი (გერმანია-განა) – 8 მატჩი, 1 გოლი განის ნაკრებში
ბოატენგი ბერლინში დაიბადა, მაგრამ განური წარმომავლობა ჰქონდა და საბოლოოდ, მან ისტორიული სამშობლოს დროშის ქვეშ თამაში გადაწყვიტა. თუმცა, მანამდე კევინი გერმანიის რამდენიმე ასაკობრივ ნაკრებში თამაშობდა, სანამ კონფლიქტი არ მოუვიდა მწვრთნელთან, რის გამოც, 2007 წელს გადაწყვიტა, განის ნაკრებში გადასვლა. პირველად მან თავი 2010 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე წარმოაჩინა, როდესაც განის ნაკრებთან ერთად მეოთხედ-ფინალამდე მიაღწია. აღსანიშნავია, რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე კევინი თავისი ძმის წინააღმდეგ გამოვიდა, რომელმაც გერმანიის ნაკრებში თამაში არჩია. ამჟამად კევინი „მილანის” ფეხბურთელია.
ედუარდო (ბრაზილია-ხორვატია) – 34 მატჩი, 18 გოლი ხორვატიის
ნაკრებში
ბრაზილიელი ედუარდო ალვეს და სილვა რიო-დე-ჟანეიროში დაიბადა, 2004 წლიდან კი, იგი ხორვატიის მოქალაქეა. მას შემდეგ ხორვატიის ნაკრების რიგებში ირიცხება და თითქმის ყოველ მეორე მატჩში გოლი გააქვს. თუმცა, მისი საკლუბო კარიერა მაინც ვერ აეწყო. ინგლისში „არსენალის” რიგებში თამაშის დროს, ედუარდოს, რომელზეც დიდ იმედებს ამყარებდა არსენ ვენგერი, უმძიმესი ტრავმა მიაყენეს, რომლის გამოც იგი ორი წლის განმავლობაში მკურნალობდა. ამჟამად ედუარდო დონეცკის „შახტარის” რიგებში ირიცხება და სულ ახლახან საქართველოს ნაკრების წინააღმდეგაც ითამაშა.
ემანუელ ოლისადებე
(ნიგერია-პოლონეთი) – 25 მატჩი, 11 გოლი პოლონეთის ნაკრებში
ოლისადებე პირველი შავკანიანი ფეხბურთელი იყო პოლონეთის ნაკრების შემადგენლობაში. 2000 წელს მან პოლონეთის მოქალაქეობა მიიღო და ამაში დიდი წვლილი პოლონური ფეხბურთის ლეგენდამ – ზბიგნევ ბონეკმა შეიტანა, რომელმაც დაარწმუნა ქვეყნის პრეზიდენტი – ალეკსანდრ კვასნევსკი, რომ ეს ნატურალიზება აუცილებლად წაადგებოდა პოლონურ ფეხბურთს. 2002 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე ოლისადებე ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი იყო. 2008 წლიდან ემანუელ ოლისადებე ჩინურ კლუბებში თამაშობს.
აპულა ედელი (კამერუნი-სომხეთი) – 6 მატჩი სომხეთის ნაკრებში
ედელი კამერუნულ იანუდეში დაიბადა და ადგილობრივ კლუბ „კუმბაში” თამაშობდა, საიდანაც შემდეგ სომხურ „პიუნიკში” ამოყო თავი. 2002 წელს, 18 წლის აპულამ სომხეთის მოქალაქეობა მიიღო და 6 მატჩში დაიცვა ჩვენი მეზობლის კარი. 2004 წელს მან გაწყვიტა კონტრაქტი სომხურ მხარესთან და ბუქარესტის „დინამოში” გადავიდა, საიდანაც შემდგომ „პარი სენ ჟერმენში” ჩაირიცხა. ამჟამად აპულა თელ-ავივის „ჰაპოელში” თამაშობს, ხოლო სომხეთის ნაკრებში უკანასკნელი მატჩი მან 2005 წელს ჩაატარა.