„სიკვდილი“ – სიტყვისა და ცნების წარმოშობა
რომელმაც ქრისტიანებისთვის იგი მიძინებად და მშვიდ ძილად აქცია
სულისა და სხეულისთვის არასასურველ გარემოებათა დამთხვევა, რომელიც ქვასავით აწვება სულს, იწვევს მის მწუხარებას, შეცბუნებასა და ხშირად – ზეციური სამეფოს დაკარგვით ემუქრება. ასეთი სავალალო მოვლენათა დამთხვევას ცდუნება ჰქვია. მაშასადამე, ცდუნება ადამიანისთვის მწუხარებაა და არა სიხარული. სიცოცხლემ სილამაზე კაცობრიობისთვის წინაპრების დაცემის წუთიდან დაკარგა, როდესაც ადამიანს საარსებო საშუალებათა მოპოვება, თავდაუზოგავი შრომით განესაზღვრა. განუწყვეტელი შრომა, ავადმყოფობა, სულიერი ჭმუნვა, შეცბუნება – აი, რამ შეავსო ჩვენი ცხოვრება მიწაზე. მხოლოდ წმიდანები ხარობენ მწუხარებაში. მაშასადამე, არ არსებობს არც ერთი ადამიანი, რომელიც თავისუფალია ცდუნებისგან. მრავალჭირნახული, უმწიკვლო, წმიდა იობი ამბობდა: განა, თავად სიცოცხლე არ არის ცდუნება?
არ არსებობს არც ერთი ადამიანი, რომელიც სიცოცხლის ბოლოს არ იტანჯებოდეს. რაოდენ ძვირფასიც უნდა იყოს ადამიანისთვის სიცოცხლე, მის ბოლოს მას მაინც სიკვდილის წადილი იპყრობს.
მიწაზე მყოფ ადამიანს ცდუნება და შეცბუნება სიკვდილამდე არ ტოვებს. მხოლოდ სიკვდილი ათავისუფლებს მას ცდუნებისგან. ამიტომაც, ხომ არ არის გარდაცვალება მადლი და წყალობა ადამიანისთვის, რისთვისაც იგი გულწრფელად მადლიერი უნდა იყოს მისი?
მთელი ჩვენი ცხოვრება გადის ცდუნებებში, რომლებიც აუცილებელია ჩვენი ხსნისთვის. განა რა აკლდა მეფესა და წმიდანს დავითს? მაგრამ, მან მაინც გამოთქვა საკაცობრიო ჭეშმარიტება, რომ სიბერე არის შრომა და ავადმყოფობა. იქნებ, სწორედ ამ მიზეზით ევედრება იგი ასე ხშირად ღმერთს: „ვაი, რომ ჩემი მიწაზე ყოფნა გრძელდება“, ანუ ჯერ კიდევ არ მოდის სიკვდილიო. სიკვდილი უბედურებათა დასასრულს გულისხმობს, ამიტომ მას სიხარულითა და მორჩილებით უნდა შევხვდეთ, როგორც უკვე დათრგუნულს ჩვენი მხსნელისა და შუამდგომლის, უფალი იესო ქრისტეს სიკვდილით, რომელმაც ქრისტიანებისთვის იგი მიძინებად, მშვიდ ძილად აქცია. სიკვდილზე წარმოდგენა შეიცვალა. იგი არის გარდაცვალება, გადაადგილება ერთი ადგილიდან მეორეზე, ხილული სამყაროდან უხილავი სამყაროს მდგომარეობაში, საიქიოში, სულიერში, ქრისტიანთათვის შეუდარებლად უკეთესში. სწორედ ამიტომ, ოქროპირი, რომელიც სიკვდილში განცხრომის დასაწყისს ხედავდა, აღფრთოვანებით ამბობდა: „სიკვდილო, სად არის შენი საწრეტელი?“
თითოეული და ყველა მორწმუნის სიკვდილი უფალ იესოს სიკვდილშია, რომელმაც თავისი აღდგომით ნეტარი, სამარადჟამო სიცოცხლე გვაჩუქა. ჩვენ გვწამს, რომ მასში გარდაცვლილნი ცოცხლები არიან, თუკი იყვნენ ქრისტიანული ეკლესიის წევრები და არა ღვარძლები.
სიკვდილი თავისთავად წარმოადგენს ღვთიური რისხვის ქმედებას, გაზავებულს მართლმსაჯულებითა და სიყვარულით. ამიტომ, წმიდანებთან მიმართებაში სიკვდილი არის ღვთიური სიყვარულის ზეციური ნიშანი, რომლითაც მათი სულები ტოვებენ სევდიან, ბოროტებით სავსე მიწიერ ცხოვრებას და გადადიან სიყვარულის, სიცოცხლისა და განცხრომის სამეფოში, სადაც ასე ხშირად მიილტვოდა მათი სული. სიკვდილი მათთვის, ღვთის სიტყვით – „მშვენიერია“, როგორც სასურველი განდგომა მიწიერისგან, დროებითისგან, ამაოებისგან და ნაცვლად ამისა, სამუდამოდ ყოფნა ქრისტესთან: „გული მეტყვის, განსლვად და ქრისტეს თანა ყოფად უფროის და უმჯობეს ფრიად“ (ფილიპ. 1,23), ყოფნა იქ, სადაც შემოქმედმა ადამიანს განუსაზღვრა თავისი დანიშნულებით.
ცოდვილთან მიმართებაში სიკვდილი „ულმობელია“, როგორც ღვთიური რისხვის ქმედება, გაზავებული მართლმსაჯულებით, სამუდამო მოწყვეტა იმისგან, რაც ასე ძვირფასი იყო მიწაზე და აღარ არის საიქიოში, როგორც ხალხურ გამონათქვამშია: – „სარეველა – შორს ნათესისგან“, ასევე ცოდვებმოუნანიებელ ცოდვილთა ულმობელი სიკვდილი სასიკეთოა სახელმწიფოსთვის, საზოგადოებისა და ოჯახისთვის.