მოძღვარი გვირჩევს
კითხვა: პროფესიით მოსამართლე ვარ. მაინტერესებს, ცოდვად ხომ არ ჩამეთვლება სასამართლო განაჩენით მოქალაქეთა განსჯა, რადგან, როგორც უფალი ბრძანებს: „ნუ განიკითხავთ, რათა არ განიკითხნეთ“.
პასუხი: თქვენი, როგორც მოსამართლის საქმიანობის უმთავრესი მიზანი უნდა იყოს სამართლიანობის დაცვა და ეს ცოდვად არ ჩაგეთვლებათ. მოსამართლის გარდა, ხელმძღვანელ პირსაც აქვს ხელქვეითის დასჯის უფლება, როდესაც ის დაკისრებულ მოვალეობას უდიერად ასრულებს, მშობელს კი – შვილის, აღმზრდელობითი თვალსაზრისით. ნუ განიკითხავთო, უფალი ეუბნება იმ ადამიანებს, ვინც სხვას კიცხავს, მით უმეტეს, რომ არავისგან არის ამ უფლებამოსილებით აღჭურვილი.
კითხვა: აღსარებაში მხოლოდ ჩადენილი ცოდვები უნდა მოვინანიოთ?
პასუხი: გარდა ჩადენილი ცოდვებისა, იმ შემთხვევაშიც გმართებთ სინანული, თუ შეგეძლოთ, გაგეკეთებინათ ესა თუ ის კეთილი საქმე და არ გააკეთეთ, ან სხვებმა ვერ შეძლეს სიკეთის გაკეთება თქვენი მიზეზით, რადგან, ქრისტიანი ვალდებულია, არა მხოლოდ მოინანიოს ცოდვები, არამედ იყოს კეთილი, სათნო და დაეხმაროს მოყვასს.
კითხვა: ცნობილია, რომ ჯვრისწერის რიტუალი მარხვის დროს არ სრულდება. თუ შეიძლება, გვიპასუხეთ, შეიძლება თუ არა მარხვის დროს ნიშნობა?
პასუხი: მარხვა არის ადამიანის მცდელობა, გათავისუფლდეს მიწიერი ზრუნვისგან. ამ დროს მაქსიმალურად უნდა ეცადოთ, ილოცოთ, გქონდეთ სინანული თქვენი ცოდვების გამო, ეზიაროთ, მიუახლოვდეთ უფალს. ნიშნობის გამართვას ჩვენში, წესისამებრ, აუცილებლად მოჰყვება ქეიფი, თრობა, რაც, შეიძლება, ღრეობაში გადაიზარდოს. ამიტომ, უმჯობესია, თუ ნიშნობის დღესაც ხსნილში დათქვამთ.
კითხვა: დროდადრო, მოცალეობის ჟამს, განსაკუთრებით ზაფხულში, ვთამაშობთ ხოლმე ბანქოს (კარტს) ახლობლებთან ერთად. ეს ჩვენთვის უბრალოდ გართობის საშუალებაა. როგორც გავიგე, ბანქოს თამაში ცოდვაა. რატომ?
პასუხი: აზარტული თამაშები და მათ შორის ბანქო, ძალიან ბევრი ცოდვის მიზეზი შეიძლება გახდეს. თუ თავისუფალი დრო გაქვთ, ასეთი გართობით დაკავებას, აჯობებს, რაიმე ღვთისთვის სათნო აკეთოთ, ილოცოთ, წაიკითხოთ სასულიერო ლიტერატურა, დაეხმაროთ მოყვასს. გარდა ამისა, ბანქოზე გამოსახული ჯვარი, რომელიც ქრისტიანისთვის უდიდესი სიწმიდეა, თამაშის დროს უდიერად მოიხსენიება, რაც ცოდვაა. დაფიქრდით ამაზე.