მამათა შეგონებანი
იოსებ ათონელი: ადამიანები მიწისგან ვართ შექმნილნი და ყველანი ვცოდავთ. თიხა თიხას შეურაცხყოფს. თიხა თიხას ცილს სწამებს. თიხა თიხაზე ქედმაღლობს. თიხა თიხას ამდიდრებს და, საერთოდაც, თიხას თიხის წინაშე თავი წარმოუდგენია უფრო ბრძნად, მდიდრად, კეთილშობილად, პატიოსნად და მდიდრდება უგუნურებითა და უმეცრებით საკუთარი არსებისა: საიდან სად აღმოჩნდა, როგორ იშვა, როგორია მისი დანიშნულება, სად მთავრდება და რა არის ამის შემდეგ.
ეპიფანე თეოდოროპულოსი: ადამიანებს მრავალი ნაკლი და უცნაურობა ახასიათებთ და სრულად მათი გამოსწორება შეუძლებელია. ამიტომ, არ გვრჩება სხვა გამოსავალი – უნდა მოვითმინოთ და შევეგუოთ ამ თვისებებს.
ვლადიმირ ელისეევი: ამგვარად, თუ ჩვენი არსებობა მოკლებულია უხილავი სამყაროს გრძნობად აღქმას, თავად ჩვენი გონება, გული და სხეულიც კი უხილავი სამყაროს ზემოქმედებას განიცდის.
წმიდა სილუანი: არიან ადამიანები, დიდებულნიც კი, რომლებიც, როცა იმყოფებიან გაცბუნებაში, არას ეკითხებიან უფალს. საჭიროა, პირდაპირ უთხრა: „უფალო, მე ცოდვილი ადამიანი ვარ, არ ვიცი, როგორ მოვიქცე, შენ მოწყალე ხარ, მითხარი მე, როგორ მოვიქცე.” გულმოწყალე უფალს არ უნდა, რომ ჩვენი სული იმყოფებოდეს შეშფოთებაში მტრისგან. იგი შთაგვაგონებს, რა უნდა გავაკეთოთ და რა არ უნდა გავაკეთოთ.
ტიხონ ზადონელი: უსაძაგლესი ცოდვაა ამპარტავნება, მაგრამ, მცირედნი შეიცნობენ, რამეთუ, დაფარულია და გულის სიღრმეში იმყოფება.
ამპარტავნების საწყისი საკუთარი თავის არცოდნაა – ეს უმეცრება აბრმავებს კაცს და ისიც ამაყობს. ოჰ! რომ შეეცნო ადამიანს თავისი თავი, საკუთარი უბედურება, სიგლახაკე და უბადრუკება, არასოდეს იამაყებდა. მაგრამ, იმითაა კაცი უფრო მეტად უბადრუკი, რომ ვერ ხედავს და ვერ შეიცნობს თავის უბედურებასა და უბადრუკობას. ისევე, როგორც ხე ნაყოფთაგან, ამპარტავნება საქმეთაგან შეიცნობა.
წმიდა სილუანი: უფლის სიყვარულისგან სული თითქოს შეშლილი ხდება: ზის, დუმს, ლაპარაკი არ სურს… და, როგორც შეშლილი, უცქერის სამყაროს და არ სურს იგი, არ ხედავს მას… ადამიანებმა არ იციან, რომ იგი ჭვრეტს საყვარელ უფალს და სამყარო დარჩა თითქოს უკან და სულს არ სურს, იფიქროს მასზე იმიტომ, რომ არ არის მასში სიტკბოება.
ბარსანოფი: გახსოვდეს, რომ ღმერთი გულთამხილავია, გულს უყურებს და მოუწოდე მას შენს გულში. წმიდა წერილში ნათქვამია: „დახურე კარი შენი და ილოცე მამისა შენისა მიმართ დაფარულად.” მოკუმე ბაგეები და ილოცე მასზე შენს გულში, რამეთუ, ვინც ბაგეებს დახურავს და ლოცულობს ღმერთზე თავის გულში, ის აღასრულებს აღნიშნულ მცნებას.
ალექსი ბერი: ურწმუნოება გონების სიძაბუნეა, სულიერი სიმდიდრის დათრგუნვაა, სათნოების სიღატაკეა, ზნეობრივი ბრძოლის წინაშე სილაჩრეა, კეთილისა და ბოროტის უმნიშვნელოდ გათანასწორებაა, რასაც მხოლოდ შემთხვევისდაგვარად ხმარობენ.
ნილოს სინელი: მიწიერი მადლიც კი არ მოიპოვება შრომის გარეშე; მაშ, რატომ გავურბივართ ზეციურ მადლს შრომის მიზეზით?