კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვინ აკონტროლებს ნინო ღავთაძის პირად ცხოვრებას და ვის სიყვარულში ბანაობს ის ყოველდღიურად

მომღერალ ნინო ღავთაძეს ბოლო წლებია, საკმაოდ აქტიური ცხოვრების რეჟიმი აქვს და თავს ამის გამო ძალიან კარგად გრძნობს. ის ყოველ საღამოს თავის საყვარელ საქმეს აკეთებს – რესტორან „სენატში“ მღერის და მსმენელს სასიამოვნო განწყობას უქმნის. მის ცხოვრებაში ბევრი საინტერესო რამ ხდება, თუმცა, პირადი ცხოვრებისთვის დრო, ფაქტობრივად, არ რჩება.

– რა ხდება ნინო ღავთაძის ცხოვრებაში?
– ძირითადად ის, რომ ისევ აქტიურ ცხოვრებას ვეწევი. რაც მთავარი და ჩემთვის სასიხარულოა, ვაკეთებ საყვარელ საქმეს, ანუ ვმღერი. თან, ისეთი სამსახური მაქვს, რომელიც ჩემნაირი დეპრესიული ადამიანისთვის წამალივითაა გამოწერილი. ყოველთვის ზედმეტად ფიქრიანი ვიყავი, ასეთ დროს კი, როცა ფიქრებში შეხვალ, აუცილებლად დეპრესია იჩენს თავს. ამ ცხოვრებას რომ ჩაუფიქრდები, სამწუხაროდ, უფრო მეტ ცუდს ხედავ, ვიდრე კარგს. ამას წინათ, დავფიქრდი და ერთ რამეს მივხვდი – ბევრი ფიქრი დეპრესიის საწინდარია. აქედან გამომდინარე, ჩემი სამსახური ძალიან მეხმარება, რადგან იქ ბევრი ფიქრის დრო არ მრჩება. ამიტომ, ჩემი ცხოვრება დღესასწაულს ჰგავს და ჩემთვის ყოველდღე დღესასწაულია – ვბანაობ ხალხის სიყვარულში. არ აქვს მნიშვნელობა, მამაკაცი იქნება, ქალი, ბავშვი, ასაკიანი თუ ზრდასრული ადამიანი, რატომღაც, ყველა მეფერება. ბოლო დროს ყველას „ვევასები.” იმედი მაქვს, ჯანმრთელად ვიქნები.
– მიუხედავად იმისა, რომ ყოველ საღამოს რესტორანში სიმღერა სიამოვნებას განიჭებს, ალბათ, მაინც დამღლელია.
– ამას ხშირად მეკითხებიან, მაგრამ უკვე შევეჩვიე და რეჟიმში ჩავჯექი. ვხვდები, რომ სხვანაირად ვეღარც ვიცხოვრებ. წინა ცხოვრებას, რომელიც გავიარე, ვეღარ დავუბრუნდები. ანუ, სასოწარკვეთილი დიასახლისის როლი საჩემო არ არის. სასოწარკვეთილი დიასახლისისგან ნინო ღავთაძე აქტიურ ქალად გადაიქცა, რაც ძალიან მომწონს.
– ძალიან ბევრ ადამიანთან გაქვს ყოველდღიური შეხება. რესტორანში, სადაც შენ მღერი, უამრავი ხალხი დადის. როგორია, იდგე სცენაზე, იმღერო მათთვის, როცა არც კი იცი, მათი მუსიკალური გემოვნება.
– რესტორნის სპეციფიკა ცოტა სხვანაირია, ვიდრე დიდ სცენაზე სიმღერა. უნდა შეგეძლოს, ყველანაირი გემოვნების მსმენელი, მეტ-ნაკლებად, დააკმაყოფილო. რესტორანში ადამიანები ძირითადად იმისთვის დადიან, რომ გაერთონ. მეც ისეთივე მიდგომა მაქვს. იქ, მეც გასართობად მივდივარ და იმ ადამიანებს, ვინც იმ დროს მისმენს, ვუყურებ როგორც ჩემს მეგობრებს, რომლებსაც მინდა, ვასიამოვნო და გავამხიარულო. ცუდად არ გამომდის.
რესტორანში კიდევ იმით არის საინტერესო მუშაობა, რომ ყოველდღიურად სხვადასხვა ადამიანებს ხედავ და რაღაც მომენტში, მათ ცხოვრებაშიც იხედები. ჩემთვის ყოველთვის საინტერესო იყო სხვა ადამიანების ცხოვრება. არიან მამაკაცები, რომლებიც რესტორანში ერთ დღეს მეუღლესთან ერთად მოდიან, მერე კი, რამდენიმე დღეში – მეგობარ გოგონებთან ერთად. საინტერესოა, როცა ხედავ, ისინი როგორ იქცევიან. მეუღლის გარემოცვაში ბევრად სერიოზულები და წესიერები არიან, ხოლო მეგობარ გოგონასთან – უფრო გახსნილები და მხიარულები.
– როცა ამ ყველაფერს საკუთარი თვალით უყურებ და ხვდები, რომ მამაკაცები ერთგულებაზე ხშირად არ ფიქრობენ, ამ სიტუაციამ ეჭვიანი არ გაგხადა?
– ძალიან. სხვათა შორის, ფსიქოლოგიურად ძალიან შევიცვალე. ბევრად უფრო რეალურად დავინახე ყველაფერი და უკვე სხვა თვალით შევხედე. ადრე თუ ღრუბლებში დავფრინავდი, როგორც თოლია და უფრო მეტად მჯეროდა ერთგულებისა და სიყვარულის, ახლა ნაკლებად დასაჯერებელი გახდა ეს ყველაფერი. როგორც ვხვდები, ერთგული მამაკაცები თითქმის არ არსებობენ. ჩემთვის კი ერთგულება ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია, რაზეც საერთოდ იგება ყველაფერი ურთიერთობაში.
– თუ სტუმრებს შორის არიან მეუღლეებიც, ამ შემთხვევაში რა ხდება? როცა სცენაზე, ლამაზი ქალი დგას, შეუძლებელია, მამაკაცმა ყურადღება არ მიაქციოს. ამაზე კი, არც ის არის გამორიცხული, ცოლმა იეჭვიანოს. ვიზუალურად თუ არის ეს შესამჩნევი, როცა ვიღაცის ცოლი შენზე ეჭვიანობს?
– მიუხედავად იმისა, რომ პირველი შეხედვით, გარეგნულად შეიძლება, საეჭვიანო ტიპაჟს ვგავდე, შინაგანად წესიერი ადამიანი ვარ და არავის ქმარს არ ვუყურებ. ალბათ, ისინიც გრძნობენ, რომ არავის ქმარი არ მაინტერესებს. მგონი, ჩვენი სტუმრებიდან ქალებს უფრო ვუყვარვარ, ვიდრე მამაკაცებს. ალბათ, როცა შინაგანად მტაცებელი არ ხარ, ეს იგრძნობა და იმ ადამიანებსაც გადაეცემათ ჩემგან დადებითი ენერგეტიკა.
– არ ხარ პოლიტიზებული და შესაბამისად, არც ის არის გამორიცხული, პოლიტიკოსებს ვიზუალურად ვერ ცნობდე. ალბათ, ისეთი შემთხვევებიც მქონია, როცა სტუმრებს შორის ცნობილი სახე ყოფილა, მაგრამ შენ არ იცოდი, ის ვინ იყო?
– კი, სხვათა შორის, ასეთი კურიოზები ხშირად მემართება. ისე ბევრი სახე ტრიალებს ჩემ ირგვლივ ყოველდღიურად და იმდენ ადამიანთან მაქვს შეხება, ძნელია, ყველა დაიმახსოვრო. ამას ისიც ემატება, რომ ჩემი გრაფიკის გამო, ტელევიზორსაც ხშირად ვერ ვუყურებ. აქედან გამომდინარე, ყოფილა შემთხვევა, ადამიანი ვიზუალურად მეცნობა, მაგრამ ვერ ვხვდები, ვინ არის. მიკითხავს კიდეც, თქვენ ალბათ ჩვენი ხშირი სტუმარი ბრძანდებით-მეთქი. მას კი უპასუხია, არა, პირველად ვარ აქო. თან, უკვირს, რატომ ვერ ვცნობ, ის ხომ თანამდებობის პირია. მერე სხვებს უთქვამთ, ვინც იყო ის და საკმაოდ უხერხულ სიტუაციაში ჩავვარდნილვარ. მაშინ საკუთარი თავისთვის მითქვამს: რაღაც ბევრს ვლაპარაკობ, ჯობია, ვიმღერო-მეთქი. ხანდახან ლაპარაკს სიმღერა ჯობია.
– ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ შენს ცხოვრებაში რა ხდება, თუ გრჩება დრო პირადი ცხოვრებისთვის?
– პირადი ცხოვრებისთვის დრო, ფაქტობრივად, არ მრჩება. მივხვდი, რომ ქალი ან სახლში უნდა იჯდეს, ან მუშაობდეს. როცა აქტიურად მუშაობ და ბოლომდე იხარჯები, იქ უკვე პირადი ცხოვრება მოიკოჭლებს. დროის პრობლემა გაქვს. ასე რომ, ჩემს პირად ცხოვრებაში ლამაზი არეულობაა. ჯერჯერობით ოჯახის შექმნას არ ვაპირებ და არც მინდა. ასე ვთქვათ, თავისუფლებით ვტკბები.
– გყავს 13 წლის შვილი, დათუნა. უკვე წამოიზარდა და ხომ არ აპროტესტებს, როცა დღის უმეტეს ნაწილს შენთან ერთად ვერ ატარებს?
– სამსახურთან დაკავშირებით პროტესტს არ გამოთქვამს, მაგრამ ვხვდები, რომ ნელ-ნელა კაცური მომენტები დაეწყო. ძალიან აკონტროლებს ჩემს პირად ცხოვრებას. დათუნა ყველანაირად ეცდება, მე არ მქონდეს პირადი ცხოვრება და ჩემი პირადი ცხოვრება მხოლოდ ის იყოს (იცინის). რაღაც მომენტში, ეს, ალბათ, კარგიც არის, მისი სახით უკვე კაცი მყავს გვერდში.
– რომ გამოჩნდეს ადამიანი, რომელიც შენს ცხოვრებას რადიკალურად შეცვლის და გითხრას, ყველაფერს თავი დაანებე, იყავი სახლში და ყველაფრით უზრუნველყოფილი იქნებიო. რას იზამ?
– მე ასე უკვე ვიცხოვრე და ეს ეტაპი გავლილი მაქვს. ვიჯექი სახლში და უზრუნველყოფილიც ვიყავი ყველაფრით, მაგრამ ეს არ იყო საჩემო ცხოვრება. იმდენად მიყვარს ჩემი საქმე, რომ მის დათმობას ვერ შევძლებ. წინააღმდეგ შემთხვევაში, დეპრესია დამემართება. მხოლოდ და მხოლოდ დიასახლისი ვერ ვიქნები. თუმცა, არ ვიცი, თუ ისეთი დიდი სიყვარული მეწვევა, რომელიც შეძლებს, ჩემთვის სამყარო ჩაანაცვლოს, რისიც მე ნაკლებად მჯერა, რას ვიზამ, წინასწარ ვერ ვიტყვი. ყოველ შემთხვევაში დღესდღეობით ის პოზიცია მაქვს, რომ ერთ კაი კაცს, ბევრი კარგი სიმღერა მირჩევნია.
– არც იმის გჯერა, რომ ისეთი მამაკაცი გამოჩნდება, რომელიც შენს ცხოვრებაში სამყაროს ჩაანაცვლებს? სასწაულების არ გჯერა?
– არა. აღარ ვარ იმ ასაკში, როცა ზღაპრების დაიჯერება და ამაზე ძალიან მწყდება გული. მედალს ყოველთვის ორი მხარე აქვს და როცა მისი ორივე მხარე იცი, უკვე ისეთი ბედნიერი ვეღარ ხარ. როგორც პირველი სიყვარული გიხარია, ისე ხომ ვეღარ გახარებს მეორე? ეს იმის გამოა, რომ პირველ სიყვარულში რაღაცეების გჯერა, მეორეში კი, როცა გული გეტკინება – ნაკლებად გჯერა; მესამეში – უფრო ნაკლებად; მეოთხეში კი, საერთოდ აღარ გჯერა სიყვარულის, მგონი.
– მთავარია, საკუთარი თავის გჯეროდეს.
– ამ ბოლო დროს საკუთარი თავიც პრობლემური გამიხდა. ჰოროსკოპით „თევზები” ვარ და ჩემში რამდენიმე თევზი დაცურავს, რომლებიც ერთმანეთს ეჩხუბებიან. აღარ შემიძლია, ვერაფრით შევარიგე ეს თევზები.
– დასვენებას სად გეგმავ?
– ტრადიციულად, სადმე, ზღვის პირას წავალ დათუნასთან ერთად. მინდა, რაც შეიძლება, პასიური დასვენება მოვიწყო. ვეცდები, ისეთი ადგილი მოვძებნო, სადაც ცოტა ხალხი იქნება. აქტიური ცხოვრება მთელი წლის განმავლობაშიც მყოფნის.

скачать dle 11.3