კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა საგანძური იმალება სვანეთში ერთ-ერთი ტბის ფსკერზე და რატომ უჭირთ ქართველ მყვინთავებს პალიასტომისა და ფარავნის ტბების ფსკერის შესწავლა

პროფესიონალი დაივერი და სპელეოლოგი დავით ნიკოლეიშვილი, თითქმის 10 წელია, დაივინგცენტრს ხელმძღვანელობს. მას არაერთ ზღვასა თუ ტბაში ჩაუყვინთავს. შავი ზღვის ტურისტულ პოტენციალსა და ასევე, საკუთარ თავგადასავლებზე მან ინტერვიუში მოგვითხრო.

– ბატონო დავით, რამდენი ხანია, რაც თქვენი დაივინგცენტრი არსებობს?
– საერთოდ, დაივინგს საქართველოში, როგორც საქმიანობას, ინტერესის სფეროს საფუძველი ჩაეყარა ამ საუკუნის დასაწყისში, ანუ 2000 წლიდან.
– საბჭოთა საქართველოში არ არსებობდა?
– არა, როგორც კულტურა, არ არსებობდა. საბჭოთა დროს კი გვყავდა ცალკეული აკვალანგისტები, მაგრამ დაივინგცენტრები თავისი ინსტრუქტორებით, სერტიფიკატებით, შეჯიბრებებით და ასე შემდეგ – არა. ჩვენ შევქმენით სერიოზული დაივინგცენტრი, მოვიზიდეთ ინვესტიციები და ასევე, ბევრი მსურველი. პირველი დაივინგცენტრი გავხსენით სასტუმრო „ოაზისში“, რომელმაც 3 წელს იმუშავა. თუმცა, კომერციულად მომგებიანი კომპანია ჩამოვაყალიბეთ 2000 წლის დასაწყისში. ჩვენ მოვიწვიეთ ინსტრუქტორები, რომელთაც ჰქონდათ ამერიკული სერტიფიკატები და ჰქონდათ უფლება, ეწარმოებინათ სწავლება. მთლიანობაში, ჩვენ დავნერგეთ სწავლების რამდენიმესაფეხურიანი სისტემა: პირველია ობსერვატორ-დაივერი, მეორე – ედვენსი, შემდეგ მოდის დაივმასტერი, ინსტრუქტორის თანაშემწე, მთავარი ინსტრუქტორი და ასე შემდეგ. არის კიდევ უფრო მაღალი საფეხურები. მოკლედ, სუბორდინაცია დაცულია, სისტემა კარგად არის აწყობილი.
არსებობს დაივინგის სხვადასხვა ფედერაცია. ყველაზე დიდი და მნიშვნელოვანი ფედერაცია ამერიკის შეერთებულ შტატებშია. დაივინგი სხვადასხვა სეგმენტად იყოფა: არის სუფთა კომერციული, ტურისტული დაივინგი, სადაც არანაირ სპორტზე არ შეიძლება იყოს ლაპარაკი. მიდიხარ, ჩვეულებრივ, ცენტრში ინსტრუქტორთან სწავლობ დაივინგს და იღებ ამერიკულ სერტიფიკატს. ჩვენ საერთაშორისო დონეზე ვმუშაობთ. ეს სერტიფიკატი შეგიძლია, წარადგინო ნებისმიერ კურორტზე იმისთვის, რომ მიიღო ჩაყვინთვის უფლება. სერიოზულ სასტუმროს საზღვაო კურორტებზე მთელ მსოფლიოში ყველას აქვს თავისი დაივინგცენტრი, ურომლისოდაც სასტუმრო რიგიანად არ ითვლება. მათ ჰყავთ თავიანთი ხომალდები, ასევე, ინსტრუქტორები. ვიმეორებ, სერტიფიკატი უნდა იყოს საერთაშორისო დონის. იქ ქართული სერტიფიკატი არ გადის. ჩვენ ვასწავლით ამერიკული სტანდარტებით და სერტიფიკატსაც ამერიკულს გავცემთ („სკუბა დაივინგ ინტერნეშნლ“). ამერიკაში უამრავი დაივინგასოციაციაა. არის ფრანგული, ესპანური, ჰოლანდიური, მაგრამ ამერიკული სტანდარტი ყველაზე მაღალია. ტურისტული დაივინგი მრავალ სახეობას მოიცავს: დინებებში ყვინთვა, ღამის ყვინთვა, ყვინთვა ტბებში, მღვიმეებში, ჩაძირული ქალაქებისა და გემების დათვალიერება, დაივინგი რიფებზე, დელფინებთან, სხვადასხვა სახეობის ზვიგენებთან და ასე შემდეგ.
– რას ამბობთ, ზვიგენებთან ყვინთვა?
– ლაპარაკია ჩვეულებრივ, რიფების ზვიგენებზე, თორემ არსებობს ასეთი სახეობა – ექსტრემალური დაივინგი. ზვიგენის დაახლოებით 350-მდე სახეობა არსებობს. ექსტრემალური დაივინგი გაცილებით მაღალი რისკის შემცველია და თუ ამაზე მიდიხარ, კიდეც უნდა იცოდე წესები, მომზადებული უნდა იყო. საჭიროა, შესაბამისი კვალიფიკაცია და ფსიქიკური მზაობაც – მინიმუმ მეორე დონის, ანუ ედვენსის სერტიფიკატი მაინც უნდა გქონდეს. არის ზვიგენთან ყვინთვის ორი სახეობა, ერთი – ბადით და მეორე – უფრო საშიში, როცა უშუალოდ ზვიგენთან მიდიხარ ახლოს, ღირებულებაც უფრო მაღალია, მინიმუმ 100 ევრო ღირს. შავ ზღვაში ზვიგენის სულ სამი სახეობაა, რომლებიც არ არიან საშიში. ისინი უფრთხიან ადამიანს.
– დაივინგცენტრი თუ იღებს უსაფრთხოების გარანტიას საკუთარ თავზე ამ შემთხვევაში?
– დაივინგცენტრი უსაფრთხოების გარანტიებს ვერანაირად ვერ გასცემს. მაგრამ, როცა ადამიანი ამ რისკზე ხელს საკუთარი ნებით აწერს, უნდა ჰქონდეს გაცნობიერებული, რაზე მიდის, დაიცვას სათანადო სტანდარტები და წესები. რეალობაში თეთრი ზვიგენი საკმაოდ გონიერი არსებაა. კინოებში რომაა, მოვარდება და თავს ესხმის, არც ეგრეა საქმე. თუმცა, საშიში, ცხადია, არის. არსებობს ვეფხვისებრი ზვიგენი და კიდევ უამრავი სახეობა. ხშირად ზვიგენი თავს იმიტომ ესხმის ადამიანს, რომ მან არ იცის ზვიგენთან მოქცევის წესები. დაივინგცენტრის ვალდებულებაა, გასწავლოს ეს წესები და მიდგომები. არის სპეციალური ელექტროთოფი, რომელიც კი არ კლავს ზვიგენს, არამედ თიშავს მას დაახლოებით ორი საათით. ზვიგენის მოკვლა არ შეიძლება. ეგვიპტისა და ემირატების კანონმდებლობით, არათუ ზვიგენის, არამედ სარეწაო ან სხვა სახის თევზის უნებართვო მოპოვება ან მოკვლაც არ შეიძლება. ზვიგენთა რაოდენობა ძალიანაა ბრაკონიერობის გამო შემცირებული. ზვიგენის ფხები და კბილები მალაიზიასა და აფრიკაში ფართოდ გამოიყენება სუვენირებად.
არ შეიძლება, თევზის კვება. ტურისტების უმრავლესობას, საერთოდ, წყალქვეშა სამყაროს ნახვა ურჩევნია, ვიდრე რაიმე არქიტექტურული ანსამბლის დათვალიერება. პირამიდები ხომ მაგარია, უამრავი ადამიანი ნახულობს, მაგრამ როცა არჩევნის წინაშე ვდგები, ყოველთვის მირჩევნია, დაივინგზე წასვლა. ვერ წარმოიდგენთ, რა საინტერესოა წყლის ფლორა და ფაუნა. ხმელეთის სახეობებზე ბევრად მეტიცაა და ლამაზიც. ვერანაირი ამაზონის ტროპიკული ტყეები თუ ინდოეთის ჯუნგლები მას ვერ შეედრება. წყალქვეშ სიცოცხლის გასაოცარი ფორმებია. ძალიან საინტერესოა ჩაძირული გემების, ქალაქის ნაშთებისა და სხვა არტეფაქტების ნახვა. დაივერებმა მდინარე რიონის შესართავთან აღმოაჩინეს ბერძნული გალიონი და არა მარტო გემი, არამედ უამრავი ნივთი: ამფორები, ჭურჭელი, ქალის სამკაულები, საყოფაცხოვრებო ნივთები. კვიპროსთან, ლარნაკასთან არის ჩაძირული ძალიან საინტერესო შვედური გემი „ზენობია“, რომელსაც ხმელთაშუა ზღვის „ტიტანიკს“ უწოდებენ. ის ახალი ჩაძირულია, 1982 წელს, არაბული სპეცსამსახურების მიერ. საინტერესო სანახავია წყალქვეშა კედლები, რომლებზედაც მარჯნის ათასფერადი რიფები, წყალმცენარეები და კიდევ უამრავი რამ არის. ჩვენ ტელეიმედისთვის შევქმენით გადაცემათა თორმეტსერიანი ციკლი, რომელიც ამ არხზე უნდა გასულიყო, მაგრამ, სამწუხაროდ, ტელეკომპანია დაარბიეს და ეს არ მოხერხდა.
– სად ჩაგიყვინთავთ?
– უამრავ ადგილას – ინდოეთის ოკეანეში, სხვადასხვა ზღვაში, რომელი ერთი ჩამოვთვალო: მალდივები, სეიშელის კუნძულები, აბუ-დაბი, ავსტრალია, კალედონია... ფანტასტიკური ადგილებია. ჩემი ოცნება იყო „ესპანელი მოცეკვავე“ –მოლუსკი მენახა, რომელიც არის წითელი ან შავი, წინწკლებიანი. საოცრებაა ზღვის დრაკონები. შავ ზღვაში ვნახე ცხენთევზები – საინტერესო სანახავია, ჰორიზონტალურად კი არა, ვერტიკალურად ცურავს. რვაფეხებსა და მედუზებზე არაფერს ვამბობ. სხვათა შორის, რვაფეხა საერთოდ არ არის საშიში, უწყინარია. ერთი ეგ არის, თუ რამეს ჩაავლო საცეცები, ძალიან ძნელად, რომ ააგლიჯო. უფრო საშიშია კალმარები, განსაკუთრებით დიდი ზომის, რომლებიც თავს ესხმიან ადამიანს. ინდოეთის ოკეანეში არის ძალიან ბევრი და მაგარი სახეობა. ზოგადად, ყველა ცხოველთან საჭიროა დისტანციის დაცვა. ზღვის ბინადრებს აქვთ თავიანთი საცხოვრებელი ადგილები, რომლებთან მიკარებაც მათ თავდაცვით რეაქციას იწვევს, მაგალითად, დელფინი, რომელიც უვნებელია, შესაძლოა, თავს დაესხას ადამიანს, თუ ეს დისტანცია დაირღვა.
ყველაზე მეტად ინდოეთის ოკეანეს გამოვყოფდი. ფანტასტიკაა! ჩავყვინთე ფუჯეირას სანაპიროსთან, ემირატებში. არის ტროპიკული თევზების, მარჯნის რიფების, მედუზების უამრავი სახეობა. წყალი ძალიან გამჭვირვალეა. კლიმატიც კარგია. ყველა სახეობის შესახებ, მგონი, არც არავინ იცის, იმდენია. თუმცა, ხანგამოშვებით ინდოეთის ოკეანეში, რიგი მიზეზების გამო, წყლის ეროზია, ენტროფიკაცია ხდება და მარჯნებისა და ტროპიკული თევზების ზოგიერთი სახეობა იღუპება. ეს კი გამოწვეულია ორგანული ნაერთების ჩადინებითა და წყალმცენარეთა ყვავილობით, რაც ჟანგბადის მეტ მოხმარებას იწვევს. იგივე ხდება პალიასტომის ტბაშიც.
საერთოდ, ვიტყვი, რომ ჩვენთან ზღვის მიმართ დამოკიდებულება ძალიან ინდიფერენტულია. შავი ზღვის რესურსები ისედაც მწირია და რაც გვაქვს, იმასაც არ ვიყენებთ. საერთოდ არ გვაქვს სამზარეულოში ზღვის პროდუქტი. საბჭოთა დროს თევზის უკონტროლო მოპოვების გამო სარეწაო თევზი შავ ზღვაში კატასტროფულად შემცირდა. ჩვენში არ არსებობს ზღვის ფერმერობა, როგორც დარგი. იაპონიის ზღვიდან შავ ზღვაში სეინერებს ჭაღისებრი მედუზა შემოჰყვა, რომელმაც მოლუსკებისა და თევზების ბევრი სახეობა გაანადგურა. საჭიროა, შავ ზღვაში სკუმბრიის, სტავრიდის, ორაგულისა და სხვა ჯიშის თევზების ხელოვნური მოშენება პლანქტონისა და ზღვის ფაუნის მრავალფეროვნებისთვის. გადაშენების პირასაა კოლხური და ანაკლიური ზუთხი, რომელიც საკმაოდ იშვიათი სახეობაა. ეს ყველაფერი სახელმწიფო პოლიტიკის დონეზეა გასააზრებელი და სულაც არ არის მეორეხარისხოვანი საკითხი. უიშვიათესი სახეობებია ზღვის მამალი, ზღვის კატა, ზღვის მელა, რომელსაც გაფრთხილება სჭირდება. შავი ზღვა საინტერესოა არქეოლოგიურადაც. საკვლევია გონიოს სანაპირო ჭოროხის შესართავამდე; სოხუმის სანაპირო, სადაც ხელი არ მიგვიწვდება. სამწუხაროდ, ასევეა, პალიასტომის ტბა, რომელიც ადრე შავი ზღვის ყურე გახლდათ. თუმცა ფარავნისა და პალიასტომის პრობლემა ისაა, რომ ძალიან ცუდი ხილვადობაა მათში. სიღრმეების კვლევა კი აღჭურვილობასთან, ანუ თანხებთანაა დაკავშირებული. გვაქვს ინფორმაცია, რომ სვანეთში, ერთ-ერთ ტბაში ბიზანტიის ზეობის ეპოქის არტეფაქტებია. შეტაკება მოხდა გაყინულ ტბაზე, რამაც ყინულის მტვრევა და ჯარის დაღუპვა გამოიწვია.

скачать dle 11.3