რატომ ეძებენ ქმრები გასართობს მაშინაც კი, როცა ცოლებთან თავს ბედნიერად გრძნობენ
მამაკაცები გაცილებით იშვიათად აღიარებენ საკუთარ შეცდომებს, ვიდრე ქალები. მით უმეტეს, რთულია, კაცს გაუჩნდეს სურვილი, მოყვეს იმ მცდარი ნაბიჯის შესახებ, რომლითაც ცხოვრება შეგნებულად დაინგრია. კაცები გაცილებით ჯიუტები და ეგოისტები არიან. შეიძლება, მთელი ცხოვრება ინანონ, გული რომ გატკინეს, მაგრამ, არ აღიარონ ეს. თუ მამაკაცი ასეთ გულახდილობაზე თანხმდება, მას ან ძალიან უჭირს, ან აჯობა საკუთარ სიჯიუტეს, ან, ფიქრობს, რომ ამით რაღაცას გამოასწორებს, ანუ პრობლემას მოიგვარებს. ფსიქოლოგები ამტკიცებენ, რომ ქალი უფრო მდგრადია სულიერი და ფიზიკური ტკივილის მიმართ, მამაკაცი კი – სუსტი და დაუცველი. როცა ის კარგავს ადამიანს, რომელიც მას სტაბილურობის, სიმშვიდის შეგრძნებას უქმნის, თვითონაც ვერ აცნობიერებს, ისე უჩნდება უიმედობის განცდა, თვითშეფასების უნარიც უქვეითდება და დეპრესიამდე ერთი ნაბიჯიღა რჩება.
კახა (33 წლის): მისი დაბრუნების იმედი საბოლოოდ რომ არ გადამეწყვიტა, ამ ამბავს არ მოვყვებოდი. ცოტა „ტეხავს“ კაცისგან ასეთი აღიარებები – საჯარო და საყოველთაო. ქალებს უფრო უყვართ მოყოლა და ვიღაც-ვიღაცებისთვის გულის აჩვილება. ჩვენ, კაცები ხომ ყოველთვის „მაგარ ტიპებს“ ვთამაშობთ და წარმოდგენა არ გვაქვს, ვის რას ვუმტკიცებთ ამით. უკვე აშკარად „ვჭედავ“ თორემ, აქამდე კარგა ხანს საკუთარ თავსაც არ „ვუტყდებოდი“ – ჩემი ჭკუით, „ვმაგარტიპობდი“. ვერავის ვერაფერს დავაბრალებ, პრობლემა თავად შევიქმენი. გამიმართლა – ცოლი მიყვარდა. ხუთი წლის წინ გავიცანი. კარგად გავუგეთ ერთმანეთს და დავქორწინდით.
– შეგვიყვარდა ერთმანეთიო, არ გითქვამთ.
– ეს იგულისხმებოდა. აუცილებლად უნდა მოვყვე, პაემნებზე როგორ დავდიოდით? თუმცა, მე ყოველთვის ვფიქრობდი, რომ მას უფრო ვუყვარდი – გაცილებით მეტად გამოხატავდა გრძნობას, თან მყვებოდა. მართლა ძალიან კარგი ცოლი იყო. ნაკლი ყველას აქვს. მაგრამ, ამ გადმოსახედიდან რომ ვუყურებ, იდიოტი ვყოფილვარ. ხომ ვერ წარმოგიდგენიათ, კაცი ასეთ რაღაცას ამბობდეს საკუთარ თავზე?! ისეთ სიტუაციაში აღმოვჩნდი და ისეთ ზღვრამდე მივედი, გაჩუმებას ლაპარაკი მირჩევნია. შეცდომა დავუშვი-მეთქი, ვერ ვიტყვი, იმიტომ, რომ ეს გაცილებით მეტია, ვიდრე შეცდომა, რადგან, ჩემს შემთხვევაში ამას კატასტროფა მოჰყვა. ვერ განვსაზღვრე მისი მძიმე შედეგები. შეიძლება, იმიტომ, რომ, სულ მესმოდა, ცოლები ქმრებს ღალატს პატიობენ და ყველა საშუალებით ცდილობენ მათ შენარჩუნებასო.
– ყველა ქალი ერთნაირი არ არის. ყველას არ შეუძლია, შეურაცხყოფის მშვიდად ატანა.
– ჩემი ცოლიც ასეთი ქალი აღმოჩნდა. მე იმდენად ვიყავი მის გრძნობაში დარწმუნებული, რომ თავდაჯერებული იდიოტივით ვფიქრობდი, არაფერი მოხდება, თუ ცოტას გავერთობი-მეთქი.
– ეს გართობა რაღაა?
– ის არის, რაც კაცებს, რატომღაც, თავიანთ უპირატესობად მიაჩნიათ. დარწმუნებამ – „მე კაცი ვარ და ყველაფერი მეპატიება“ – ძალიან ცუდ პოზიციაში ჩამაყენა. რამდენიმე დღის წინ, ჩემი ყოფილი ცოლი თავის ახალ ქმართან ერთად დავინახე და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, როგორი იდიოტი ვყოფილვარ. ის აშკარად ბედნიერი ჩანდა. მე არაფერი მაქვს საამაყო და სატრაბახო – ერთი ოჯახი ჩემი სისულელით დავანგრიე, მეორე კი ვერ შევქმენი. ახალი შთაბეჭდილებების მიღება მინდოდა, ჰოდა, მივიღე, მაგრამ, ისეთი არა, როგორსაც ველოდი. ყველა ადამიანი აგებს, ვინც ცდილობს, რეალობას არ შეხედოს და თავი მოიტყუოს. მამაკაცების უმრავლესობა ასე იქცევა, როცა ცოლს ღალატობს და სჯერა, რომ ამით არაფერს აშავებს: „რა მოხდა მერე, ეს მარტო სექსი იყო და მეტი არაფერი“. კარგად რომ დაფიქრდე, მიხვდები, რომ სრული აბსურდია. როგორ შეიძლება, სექსი „არაფერი“ იყოს? თუ არაფერია, მაშინ, რად გინდა? ან, მიეცი შენს ცოლსაც ნება, ამ „არაფრით“ გაერთოს. უბრალოდ, მამაკაცები თავს მშვიდად ვგრძნობთ, როცა გვერდით მზრუნველი და ერთგული ადამიანი გვყავს, თავად კი თავგადასავალს ვეძებთ. ვეძებთ და მაგარ შარსაც ვპოულობთ. თუ ვინმეს საყვარელი ჰყავს და ეს ერგება, ღმერთმა ხელი მოუმართოს. თუმცა, მეეჭვება, ოჯახში დალაგებული ჰქონდეს საქმე. ასეთი კაცების ცოლები თვალს მხოლოდ ერთი მიზეზით ხუჭავენ – კარგი ცხოვრების დაკარგვა არ უნდათ, რადგან ქმრის ხარჯზე კარგად ცხოვრობენ – მატერიალურ სიკეთეს ვგულისხმობ. თუმცა, ზოგი თვითონაც იჩენს საყვარელს – იმათ ასეთი ცხოვრება მოსწონთ. ჩემმა ცოლმა კი არ მოინდომა თვალის დახუჭვა.
– რატომ? საკმარისი რაოდენობის ფული არ აღმოგაჩნდათ?
– ეგ არაფერ შუაშია. არ მაპატია, ვერ მაპატია. სხვანაირი ხასიათი აღმოაჩნდა. არ ვიცი, შვილი რომ გვყოლოდა, შეიძლება, ასეთი გადაწყვეტილება არც მიეღო. ახლა ძალიან გვიანია ამაზე ლაპარაკი და ვარაუდებით, მომხდარს ვეღარაფერს ვუშველი – ის ჩემთან აღარ დაბრუნდება, გამორიცხულია.
– გინდათ, რომ დაგიბრუნდეთ?
– მე ის მინდა, დრო დავაბრუნო უკან, მაგრამ ეს შეუძლებელია. როგორც გავიგე, უკვე შვილსაც ელოდება. ასეც რომ არ იყოს, პატიება და ჩემთან დარჩენა რომ სდომებოდა, არც წავიდოდა.
– ხომ არ ფიქრობთ, რომ საკმარისად არ უყვარდით?
– პირიქით, ვფიქრობ, სწორედ იმიტომ არ მაპატია, რომ ძალიან ვუყვარდი. როცა ადამიანი შენთვის ბევრს არაფერს წარმოადგენს, მისი საქციელი არც გტკივა, უფრო ადვილად „იკიდებ“. მე ამისი გამოცდილებაც მაქვს – მე ხომ ორ ქალთან არ გამიმართლა. ცოლთან ჩემი ბრალი იყო, იმასთან კი... გახსენებაც აღარ მინდა.
– თქვენ ფიქრობდით იმაზე, რომ ხელსაყრელ შემთხვევაში ცოლს უღალატებდით? ანუ, გონებაში უშვებდით ამას?
– პრინციპში, უნდა ვაღიარო, რომ – კი. რა აზრი აქვს ტყუილს? ვფიქრობდი ღალატზე, თუმცა, თავს იმით ვიმართლებდი, რომ ეს „ის“ არ იქნება, უბრალოდ, ცოტას გავერთობი, მრავალფეროვნებას შევიტან ჩემს ცოტათი მოდუნებულ ცხოვრებაში-მეთქი. მართლა არ მეგონა, რომ ყველაფერი ასე დამთავრდებოდა. ისიც უნდა ვთქვა, რომ ინიციატივა იმისგან წამოვიდა. არ ჰქონდა ისეთი არაფერი, რომ პირველივე დანახვაზე დავფეთებულიყავი, მაგრამ, ვინ მოგეშვა?! კორპორატიულ წვეულებაზე ვიყავით და ცეკვის დროს მკერდით ისე მეხუტებოდა, სუნთქვა მეკვროდა. ამ ფირმაში ახალი გადასული ვიყავი და არ ვიცოდი, რომ ეს ქალბატონი იქ მომუშავე კაცების უმრავლესობასთან ნამყოფი იყო უკვე. მე, როგორც „ახალ ხილს“, ისე დამადგა თვალი და თავგზაც ამირია. ჩვენი პირველი ინტიმური პაემნის შემდეგ სინდისის ქენჯნას ვგრძნობდი. მიუხედავად იმისა, რომ ამ ქალის მიმართ გიჟური ლტოლვა და ვნება გამიჩნდა, საკუთარ თავს პირობა მივეცი, ეს მეტად აღარ განმეორდება-მეთქი.
– რატომ? შეგეშინდათ, რომ ცოლი გაიგებდა?
– ეგეც იყო და, კიდევ, იმას ვხვდებოდი, რომ გაორებული ცხოვრება ჩემი სტილი არ იყო. არ შემიძლია, დიდხანს ვატყუო ადამიანი, მით უმეტეს, ის, რომელთან ერთადაც ერთ ჭერქვეშ ვცხოვრობ. ერთხელ მოვქარე და მორჩა. „აქაც“ და „იქაც“ ყოფნა ჩემი საქმე არ არის-მეთქი ვფიქრობდი, მეგონა, შევძლებდი საკუთარი თავისთვის მიცემული პირობის შესრულებას, მაგრამ თუ ქალმა მოინდომა და მიზანი დაისახა?!. ოთახში თითქმის გახდილი შემომივარდა, კალთაში ჩამიჯდა და ჩამჩურჩულა: დრო გამოძებნე, რამე მოიგონე და ჩემთან მოდი, სადილზე გეპატიჟები. ისეთ კერძს გაგასინჯებ, შენს ცხოვრებაში რომ არ გაგისინჯავსო... ტანში ჟრუნატელმა დამიარა. რაღაც ჰქონდა ისეთი, რითაც ნებისმიერ კაცს გადარევდა და გონებას დაუბინდავდა. თავის გასამართლებლად არ ვამბობ ამას. ვაღიარებ, რომ „გავები“, თანაც – მაგრად. ჩემი ჭკუით, მე ვმართავდი სიტუაციას, სინამდვილეში კი, სათამაშოდ ვიქეცი მის ხელში. სექსისგან ჭეშმარიტად სიამოვნებას იღებდა. წარმოუდგენლად ქალური და ვნებიანი, ისეთ რამეებს აკეთებდა, გადამრია, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ სახლში დაბრუნებული თავს კარგად ვგრძნობდი. ფიქრი და აზრი ორად გამეყო. ჩემი ცოლი რომ შემეკითხებოდა, ხომ კარგად ხარ, რამე პრობლემა ხომ არ არის სამსახურში, რაღაც უცნაურად გამოიყურებიო, – ვღიზიანდებოდი, რადგან თავს უკანასკნელ ნაძირალად ვგრძნობდი და დამნაშავეს სხვაგან ვეძებდი. ხუთი კვირა გაგრძელდა ეს ტანჯვა. მშხამდებოდა ის სიამოვნება, რასაც საყვარელთან ვიღებდი. მე ის ისე მიზიდავდა და მინდოდა, როგორც არც ერთი სხვა ქალი და ეს სურვილი ჩემზე ძლიერი აღმოჩნდა – უკვე ყოველდღე მინდოდა მისი ნახვა, ნარკოტიკივით იყო. მერე კი ვიგრძენი, რომ უკვე ისიც „მეკიდა“, გაიგებდა თუ არა ცოლი ჩემი ღალატის შესახებ. თანაც, ტყუილების მოფიქრებამ დამღალა – არ არის ადვილი თამაში, თუ მსახიობი არ ხარ. ცოლი ნაკლებად მნიშვნელოვანი გახდა ჩემთვის. ეს ასე ხდება, როცა ვნებით ხარ შეპყრობილი და თავში მარტო ერთი რამე გიტრიალებს. დავიწყე ფიქრი იმაზე, ცივილიზებულად როგორ მეთქვა ცოლისთვის, რომ სხვა ქალი მყავდა და დავშორებოდი. დარწმუნებული ვიყავი (ოღონდ, არ ვიცი, რატომ), რომ ნამდვილი სიყვარული ვიპოვე. კრეტინი აღმოვჩნდი და მომეზღო კიდეც. ჩემმა ცოლმა დამასწრო – პირდაპირ მითხრა, ვხვდები, რომ სხვა ქალი გყავს და როდემდე უნდა მატყუო. მოვრჩეთ ეს ფარსი. მეც ვიპოვე ადამიანი, რომელსაც შენზე მეტად ვჭირდები და, მოდი, ორივემ ვუშველოთ საკუთარ თავებსო. იცით, რა დამემართა, როცა ეს მითხრა? მიუხედავად იმისა, რომ გაყრაზე თანახმა ვიყავი და მეგონა, ცოლთან აღარაფერი მაკავშირებდა, გავცოფდი – როგორ თუ უკვე იპოვა ჩემი შემცვლელი-მეთქი. კაცები ქალებზე კი ვამბობთ, ეგოისტები არიანო, მაგრამ, ჩვენ აშკარად უარესები ვართ. გეუბნებით, ვითომ ცოლი აღარ მაინტერესებდა, მაგრამ ჩემში მაინც მესაკუთრემ იმძლავრა და ერთი ამბავი ავუტეხე – ანგელოზად მაჩვენებდი თავს და კახპა ყოფილხარ-მეთქი. ამას რომ ვიხსენებ, საკუთარი თავი მძულს. იცით, რა მეგონა?! რომ ჩემი ცოლი იტირებდა, მოინდომებდა ჩემს შენარჩუნებას, დაემუქრებოდა იმ ქალს, მოაწყობდა ისტერიკას, შემეხვეწებოდა, მოდი, ყველაფერი თავიდან დავიწყოთო... მსგავსი რომ არაფერი მოხდა, ძალიან „გამიტყდა“ – შეურაცხყოფილი დავრჩი.
– თქვენ დარჩით შეურაცხყოფილი? ცოლს თავად უღალატეთ, მასთან ყოფნა აღარ გინდოდათ და იმით დარჩით შეურაცხყოფილი, რომ არ მოგებღაუჭათ? ექნებოდა ამას აზრი?
– არ ვიცი, ალბათ, არ ექნებოდა. ახლა ვარ საღ გონებაზე, თორემ მაშინ ისე მქონდა ტვინი არეული, ვერავინ და ვერაფერი გამაჩერებდა. ცოლს სკანდალით დავშორდი, ოღონდ, სკანდალი მე მოვაწყვე და არა იმან. მერე საყვარელთან გავქანდი, რომ მეთქვა, თავისუფალი კაცი ვარ-მეთქი. სულაც არ აღფრთოვანებულა, პირიქით, გაბრაზდა – შენ ხომ არ გაგიჟდი, ვინ გითხრა, რომ შენზე გათხოვება მინდოდა. შენი მოვლა და სადილების კეთება ჩემს გეგმებში არ შედის. ცოლი როგორ ვერ შეინარჩუნე, სულელი ყოფილხარო. იცით, რა მომივიდა? თუმცა, მერე მოლბა – კარგი, დარჩი, მაგრამ ჩემზე დიდ იმედებს ნუ დაამყარებ. ცუდი დიასახლისი ვარ და შენზე გათხოვებაც არ შედიოდა ჩემს გეგმებშიო. ძალიან მალე დავეშვი ღრუბლებიდან დედამიწაზე. მივხვდი, ერთმანეთთან მხოლოდ და მხოლოდ სექსი გვაკავშირებდა და სხვა არაფერი. სალაპარაკო თემას ვერ ვპოულობდი, თავის ნებაზე დადიოდა აქეთ-იქით და, თუ ვუსაყვედურებდი, დამცინოდა – შენ რა, ცოლი ხომ არ გგონივარ, პრეტენზიებს რომ მიყენებო. ერთი წელიც ვერ „გავქაჩეთ“. ვიღაც ჩემზე პერსპექტიულ და ახალგაზრდა კაცთან დაიწყო ურთიერთობა და მითხრა, დროა, ჩემი ცხოვრებიდან გაქრეო. ასე დავრჩი მარტო. არ მინდოდა, საკუთარ თავთანაც კი მეღიარებინა, რომ საშინელი სისულელე ჩავიდინე. მინდოდა, ყოფილ ცოლთან დამერეკა, მეთხოვა, ეპატიებინა ყველაფერი და დამბრუნებოდა, ანუ, კიდევ ერთი შანსი მოეცა, მაგრამ, მახსენდება, როგორ მომახალა, მეც მყავს სხვა კაციო... ერთი სიტყვით, ყოფილი ცოლის ღალატის წარმოდგენა უფრო მტკენდა გულს, ვიდრე საყვარლის აშკარა უზნეობა. მერე გავიგე, რომ გათხოვილა ჩემი ცოლი. ახლახან კი, როგორც გითხარით, შემხვდა, და საბოლოოდ დამინგრია ცხოვრება. იცით, რა მითხრა? მაშინ მოგატყუე, როცა გითხარი, მეც მყავს ვიღაც მეგობარი მამაკაცი. ისე იყავი იმ ქალზე გაგიჟებული, მაინც ვერ გაგაჩერებდი. ისედაც გამანადგურა შენმა ღალატმა და მუხლებში ვეღარ ჩაგივარდებოდი, რომ ზედ გადაგებიჯებინა და ისე წასულიყავი. ამიტომაც მოგატყუე, რომ გული მაინც მეტკინა შენთვისო... აი, ასე დამემართა ჩემი უჭკუობის წყალობით... ახლა მარტო ვარ და საკუთარი თავი ზოგჯერ საშინლად მძულს...