კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ინტიმური საუბრები

საცოლემ ქორწილის დღეს მიმატოვა
რასაც ახლა მოგიყვებით, შეიძლება, სხვასაც გადახდენია თავს და თბილისში „უცხო ხილი“ აღარ არის, მაგრამ, მე კინაღამ შევეწირე ამ ამბავს. მიუხედავად იმისა, რომ ეკას (ჩემი ყოფილი საცოლის) საქციელის გამო, მთელ ქალაქში „თითით საჩვენებელი“ (უარყოფითი გაგებით) ვიყავი, კარგა ხანს ის მიყვარდა, მასზე ვფიქრობდი, სხვა ქალის სახელის გაგონებაც კი არ მინდოდა.
მე და ეკას ისე გვიყვარდა ერთმანეთი, სულ ერთად დავდიოდით და ჩვენი მეგობრები „სიამის ტყუპებს“ გვეძახდნენ. სამი წელი ვიარეთ ასე აღმა-დაღმა და ბოლოს დაქორწინება გადავწყვიტეთ. არც მანამდე გვიშლიდა ვინმე ხელს, მაგრამ, ჩვენ თვითონ არ ვჩქარობდით – გვინდოდა, მაქსიმალურად გაგვეხანგრძლივებინა შეყვარებულობის პერიოდი. დედაჩემს ძალიან მოსწონდა ეკა. როცა ჩვენთან მოდიოდა, უსაჩუქროდ არასდროს გაუშვია. ჩემს სასიდედროსა და სასიმამროსაც ძალიან ვუყვარდი, ყველგან მანდობდნენ შვილს. მოკლედ, გადავიხადეთ ნიშნობა და ერთ თვეში დავთქვით ქორწილის დღეც. მაგრამ, ამ ერთ თვეში ეკა ისე შეიცვალა, ვეღარ ვცნობდი: თითქოს გამირბოდა, თავს მარიდებდა. აღარ იყო ძველებურად გულწრფელი და მხიარული. რომ ვეკითხებოდი, რა მოგივიდა-მეთქი, მეუბნებოდა, ვნერვიულობ, რომ ვთხოვდებიო.
დადგა ქორწილის დღეც. ჯერ ეკლესიაში უნდა წავსულიყავით, მერე – ხელის მოსაწერად და ბოლოს – რესტორანში, სადაც უზარმაზარი სუფრა იყო გაშლილი. წინასწარ გვქონდა მოლაპარაკებული, ყველა წესი და ტრადიცია დაგვეცვა. ამიტომ, დათქმულ დღესა და საათზე მაყრიონით მივადექი ეკას სახლს, მაგრამ იქ გამეფებულმა სიჩუმემ საგონებელში ჩამაგდო და გული ამიჩქარა. ბინის კარი დაკეტილი დამხვდა. ზარი რამდენჯერმე რომ დავრეკე და კარი არ გამიღეს, ბრახუნი ავტეხე. მხოლოდ ამის შემდეგ, ნელ-ნელა გაიღო კარი და გამოჩნდა ეკას დედა, შეშლილი და ნამტირალევი სახით. როგორ გგონიათ, რას ვიფიქრებდი? მეგონა, ოჯახში ვიღაც მოკვდა ან ეკას დაემართა რამე, შეშინებულმა ვიყვირე, სად არის-მეთქი, გიჟივით შევვარდი ბინაში და მისი ძებნა დავიწყე, დედამისმა კი ხმამაღალი ტირილი მორთო. გაოგნებული მაყრიონი დაბნეული იდგა გაშლილ სუფრასთან და აღარ იცოდნენ, სად წაეღოთ ყვავილები, ტორტი და შამპანურები. ბოლოს ეკას დედამ მიყვირა, დაჯექი, ნუ დარბიხარ, საქმე მაქვს შენთანო. გულმა ცუდი მიგრძნო. დავჯექი და მივაჩერდი საშინლად შეწუხებულ და დაბნეულ ქალს, რომელმაც არ იცოდა, რით დაეწყო საუბარი. ბოლოს ერთი ღრმად ჩაისუნთქა და მოკლედ მითხრა, ეკა სახლში არ არის, წავიდაო. ვერაფრით გავიაზრე ამ სიტყვების მნიშვნელობა. რომ მიხვდა, ლაპარაკს აზრი არ ჰქონდა, ჩემმა ყოფილმა სასიდედრომ პატარა ბარათი გადმომცა, სახე ხელებში ჩარგო და ტირილი დაიწყო. ბარათი აკანკალებული ხელებით გადავშალე და განაჩენივით წავიკითხე ის რამდენიმე ფრაზა, რაც იქ ეწერა:
„თუ შეგიძლია, მაპატიე. ვიცი, რომ საშინლად მოგექეცი, მაგრამ, ასე რომ არ მექნა, მთელი ცხოვრება ტყუილში უნდა გვეცხოვრა, შენ კი ეს არ დაგიმსახურებია. ერთი თვის წინ ციხიდან გამოვიდა ბიჭი, რომელიც ჩემი პირველი სიყვარული იყო. მისი დანახვისთანავე მივხვდი, რომ ისევ ის მიყვარდა და მას გავყევი. დარწმუნებული ვარ, შეგხვდება ცხოვრებაში ჩემზე უფრო ღირსეული ქალი, რომელიც გულწრფელად შეგიყვარებს და შენს სიყვარულსაც დააფასებს. საქორწინო კაბას და ყველა სამკაულს ყუთში ჩაწყობილს ვტოვებ. მაპატიე. ეკა“.
მერე აღარ მახსოვს, რა მოხდა. რამდენიმე თვე დამჭირდა გონზე მოსასვლელად. მთელი ქალაქი ჩემზე ლაპარაკობდა და ისეთი დეპრესია დამეწყო, სახლიდან გარეთ არ გამოვდიოდი. მერე ჩემმა უახლოესმა ძმაკაცმა, რომელიც იტალიაში ცხოვრობდა (იტალიელი გოგო ჰყავდა ცოლად), თავისთან დამპატიჟა და რამდენიმე თვე იქ გავატარე. შედარებით გამომჯობინებული დავბრუნდი თბილისში, ახალი სამსახური ვიშოვე და, რომ იტყვიან, თავით გადავეშვი საქმეში. ქალებისკენ გახედვაც აღარ მინდოდა.
ამასობაში გავიდა ორი წელიწადი. ერთ დღესაც, ჩემს მობილურზე ზარი გაისმა. უცნობი ნომერი იყო. ჩავრთე და კინაღამ გული გამიჩერდა – ეკა იყო. ტიროდა და მეხვეწებოდა, შემხვდი, თორემ თავს მოვიკლავო. შევხვდი, რადგან, გამოგიტყდებით, ეს ორი წელი მაინც მასზე ვფიქრობდი და მენატრებოდა. დაახლოებით ერთი წლის ბავშვით იყო მოსული. ტირილით მითხრა, საბედისწერო შეცდომა დავუშვი, შენ რომ არ გამოგყევი ცოლად. ჩემს ქმარს საშინელი ხასიათი აღმოაჩნდა, მასთან უბედური ვარ, დავრწმუნდი, რომ არ მიყვარს და ისევ შენთან მინდა ყოფნაო. ისე ამიჩუყდა გული, დამავიწყდა, რა გადავიტანე მის გამო და ვუთხარი, გაეყარე შენს ქმარს და გამომყევი ცოლად-მეთქი. უარი თქვა – რომ გავეყარო, მაინც არ მოგვასვენებს, თან, უჩემოდ მთლად გაუბედურდება. დილიდან საღამომდე ან სვამს ან კაზინოში ზის. მშობლებმა მასზე ხელი აიღეს და, მეც რომ მივატოვო, მთლად დაიღუპებაო. მოკლედ, საყვარლობა შემომთავაზა. თქვენ წარმოიდგინეთ, დავთანხმდი. დაახლოებით წელიწად-ნახევრის შემდეგ, ეკამ მეორე შვილი გააჩინა. ვიცოდი, რომ ქმართანაც ჰქონდა ურთიერთობა, ამიტომ, ვერ გავარკვიე, ვისი იყო ბავშვი, თუმცა, თვითონ მიმტკიცებდა, შენიაო, დნმ-ის გაკეთებას კი ვერ ვთხოვდი – ჩემი ჭკუით, შეურაცხყოფის მიყენება არ მინდოდა. ასე გავატარეთ სამი წელი. მერე ეკამ მითხრა, ასეთი გაორებული ცხოვრება აღარ შემიძლია, უნდა დავშორდეთო. მერე, ჩემი შვილი-მეთქი? ირონიულად ჩაეცინა და მითხრა, მე თვითონაც არ ვიცი, რომლის შვილია. ჩემს ქმარს, ცხადია, თავისი ჰგონია. შენ თუ შენს შვილად მიგაჩნია, შეგიძლია, იზრუნო მასზე, ოღონდ, ისე, რომ ჩემმა ქმარმა არ გაიგოსო.
ეკას ამ საქციელმა მეორედ ჩამაგდო დეპრესიაში. ამ მდგომარეობიდან კი გამომიყვანა სრულიად შემთხვევით გაცნობილმა ქალმა, რომელთან ერთადაც უკვე ორი წელია, ვცხოვრობ. გადასარევად ვგრძნობთ თავს ერთად, მაგრამ დაქორწინებას ჯერჯერობით არ ვაპირებთ. თბილისში ხომ ყველამ ყველაზე ყველაფერი იცის. ამიტომ, ჩემი რომანის ამბავი ეკამაც გაიგო და ისევ დაიწყო ჩემთან რეკვა და ხვეწნა – შემხვდიო, მაგრამ ამჯერად გულს ვერ მიჩუყებს. მეყო, რაც დამტანჯა, დამამცირა და ამირია ცხოვრება.
გეგა, 35 წლის.

დედაჩემს მშობლებმა პირველი შვილი გაუყიდეს
ჩემი ოჯახის საშინელი საიდუმლო უნდა გაგიმხილოთ. ვიცი, რომ ცუდად ვიქცევი, მაგრამ, მაინც გადავწყვიტე, მოგწეროთ.
ძალიან ბედნიერი ბავშვობა მქონდა, რადგან ჩემს მშობლებს ძალიან უყვარდათ ერთმანეთი და მეც თან მყვებოდნენ. პატარაობისას ვერ ვხვდებოდი და ვერ ვატყობდი, მაგრამ, რომ წამოვიზარდე, ძალიან ხშირად ვამჩნევდი დედას უცნაურ სევდას. ხანდახან ცრემლიც დამინახავს მის თვალზე. რომ ვეკითხებოდი, რატომ ხარ ასეთი მოწყენილი-მეთქი, მაშინვე გამიღიმებდა და მეუბნებოდა, მოგეჩვენაო. სკოლას რომ ვამთავრებდი, გავიგე, რომ მამაჩემამდე დედას ჰყოლია ქმარი, რომელსაც სკოლის დამთავრებამდე გაჰყოლია, მაგრამ, რამდენიმე თვეში წამოსულა მისგან, რადგან საშინელი ნარკომანი და სადისტი ყოფილა. ამ ამბავმა ჩემზე ძალიან იმოქმედა. დედა ძალზე მეცოდებოდა, მეგონა, ეს მამამ არ იცოდა და მეშინოდა, რომ გაიგოს, ვაითუ მიგვატოვოს-მეთქი. მაგრამ, ერთ საღამოს შემთხვევით მოვკარი ყური მათ საუბარს და მივხვდი, რომ მამაჩემმა ყველაფერი იცოდა და, პირიქით, იქით ამშვიდებდა დედას, ამდენი წელი გავიდა და რით ვერ დაგიმტკიცე, რომ ამ ისტორიას ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვსო. დედამ ტირილი დაიწყო და უპასუხა, შენ რომ გგონია, არც ისეთი კარგი ვარ, მაგრამ ძალიან მადლობელი ვარ, რომ ასე გიყვარვარო. ამ სიტყვებმა რაღაცნაირად დამადარაჯა: მივხვდი, რომ დედას რაღაც ისეთი საიდუმლო ჰქონდა, რასაც ვერავის უმხელდა და ამით ძალიან იტანჯებოდა.
საერთოდ, დედაჩემი ძალიან წყნარი და უკონფლიქტო ქალია, მაგრამ ერთხელ რაღაც უსიამოვნება მოუხდა თავის რძალთან (ძმის ცოლთან), რაზეც ისე ინერვიულა, რომ ერთი კვირა ლოგინიდან ვერ ადგა. ისე გადავირიე, ვერ მოვითმინე, დედის ჩუმად დავურეკე ბიცოლაჩემს და ძალიან მკაცრად ველაპარაკე. მან ჯერ საშინელი სიტყვებით გაგვლანძღა ორივე, მერე მითხრა, რა უფლება აქვს დედაშენს, მე რომ მორალს მიკითხვას, ყოველ შემთხვევაში, შვილი მაინც არ გამიყიდია. ჭკვიანად იყავით ორივე, თორემ, ყველაფერს მამაშენს მოვუყვები და გავაგებინებ, რას წარმოადგენს მისი ცოლი, ანგელოზი რომ ჰგონიაო.
კინაღამ ინფარქტი მივიღე. დედის მხარესთან დიდი სიახლოვე არ გვქონდა (თვითონ დედაჩემს ეჭირა მათგან თავი შორს), ამიტომ, ვერ გავბედე, ბებიაჩემთან ჩავსულიყავი რაიონში და ყველაფერი გამომეკითხა. ვერც დედას ვუბედავდი რამის კითხვას, რადგან, არ მინდოდა, ტკივილი მიმეყენებინა. მხოლოდ ბიცოლაჩემის სიტყვების შემდეგ მივხვდი, რატომ იყო ხოლმე დედა სევდიანი და რას ნიშნავდა ის სიტყვები, რაც იმ საღამოს მამას უთხრა.
ძალიან დიდხანს ვემზადე იმისთვის, რომ ეს ყველაფერი გამერკვია, რადგან ასე ცხოვრება აღარ შემეძლო, მაგრამ, ისეთი სიტუაცია შეიქმნა, ამის გაკეთება აღარ დამჭირდა. ერთ დღეს, როცა მამა რამდენიმე დღით იყო წასული მივლინებაში, დედამ დამსვა და თავისი საიდუმლო გამიმხილა. თურმე, ბიცოლაჩემს დაურეკავს და უთქვამს, შენს შვილს ვუთხარი, ვინც ხარ სინამდვილეში და ახლა შენი ქმრის ნახვას ვაპირებო. თავისი აღსარება დედამ ასე დაიწყო:
– მე სახლიდან წასვლას ვაპირებ და ეს მანამ უნდა მოხდეს, სანამ მამაშენი მივლინებიდან დაბრუნდება. მე მისი ღირსი არ ვარ, რადგან, ამდენი წელია, ვატყუებ. იმაში, რაც მოხდა, მე დამნაშავე არ ვარ, მაგრამ, მაინც ვიდანაშაულებ თავს იმის გამო, რომ სიმტკიცე ვერ გამოვიჩინე და მერე მაინც არ ვეცადე, მომეძებნა ჩემი შვილი. შენ იცი, რომ სკოლის დამთავრებამდე გავყევი ჩემს თანასოფლელ ბიჭს, რომელსაც რამდენიმე თვეში გავეყარე და სახლში დავბრუნდი, მაგრამ, ხუთი თვის ფეხმძიმე ვიყავი და აბორტი არ გამიკეთეს. ჩემს მშობლებს არ უნდოდათ, იმ ნაძირალასგან შვილი გამეჩინა, მაგრამ, რადგან აბორტზე არც ერთი ექიმი არ დამთანხმდა, ჩემი შვილი დაბადებისთანავე გააშვილეს ვიღაც უცნობ ადამიანზე და, თურმე, ფულიც გამოართვეს. ძალიან მძიმე მშობიარობა მქონდა (მით უმეტეს, რომ სახლში მამშობიარეს), რამდენიმე დღე უგონოდ ვიყავი და ძლივს გადამარჩინეს. გონს რომ მოვედი, მითხრეს, ბავშვი მკვდარი დაიბადაო. ძალიან განვიცადე, მაგრამ, ახალგაზრდა ვიყავი, რაღაცნაირად, გადავიტანე ეს ტკივილი. მერე მამაჩემმა თბილისში წამომიყვანა, ბინა მიქირავა, კერძო მასწავლებელი ამიყვანა და იმავე წელს მოვეწყვე უნივერსიტეტში. გარეგნობით კარგი გოგო ვიყავი და ბევრი თაყვანისმცემელი მყავდა, მაგრამ, არავის ვიკარებდი, ყველა ბიჭი ნაძირალა და სადისტი მეგონა. მხოლოდ სწავლაზე ვიყავი გადართული. უნივერსიტეტს რომ ვამთავრებდი, მაშინ გავიცანი მამაშენი და მივხვდი, რომ ეს იყო ის ბიჭი, ვისთანაც ბედნიერი ვიქნებოდი. ჩვენ ძალიან შეგვიყვარდა ერთმანეთი და, როდესაც მან ცოლობა მთხოვა, ყველაფერი ვუამბე, რაც თავს გადამხდა, მაგრამ მან მითხრა, ამას ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვსო.
შენ რომ გამიჩნდი, იმ ზაფხულს ჩემს მშობლებთან წაგვიყვანა მამაშენმა. თვითონ ყოველ მეორე დღეს ჩამოდიოდა ხოლმე. სწორედ მაშინ გავიგე ერთი ჭორიკანა მეზობლისგან, რაც გამიკეთეს ჩემმა მშობლებმა. ისე განვიცადე ეს ამბავი და ისე ცუდად გავხდი, მთელი თვე საავადმყოფოში ვიწექი და ექიმებს უკვე ხელი ჰქონდათ ჩაქნეული ჩემს გადარჩენაზე, მაგრამ, მოხდა სასწაული და, როგორც იტყვიან, გამოვძვერი. მაგრამ, სიმხდალე გამოვიჩინე და მამაშენს სიმართლე ვერ ვუთხარი. იმას ეგონა, რომ რაღაცამ მომწამლა. იმ დღის შემდეგ სულ მინდოდა, რომ ბავშვი მომეძებნა, დედაჩემს კატეგორიულად მოვთხოვე კიდეც, რომ გაემხილა, ვის მისცა ჩემი შვილი, მაგრამ ვერაფრით გამოვტეხე. მამა კი ისედაც ცუდად იყო – ახალი გადატანილი ჰქონდა ინფარქტი, ვიფიქრე, მე არ გავხდე მისი სიკვდილის მიზეზი-მეთქი და არაფერი მიკითხავს. ამიტომ აღარ მაქვს ჩემს მშობლებთან ნორმალური ურთიერთობა. ვერც მათ ვაპატიებ იმას, რაც გამიკეთეს და ვერც საკუთარ თავს. ახლახან კი ერთი ჩვენი ნათესავისგან გავიგე, მგონი, მივაგენი შენს შვილსო. ამიტომ, მასთან უნდა ჩავიდე. ამ ყველაფერის თქმა კი მამაშენისთვის არ შემიძლია. ზუსტად ვიცი, რომ შენს უფროს დას საკუთარი შვილივით მიიღებს, მაგრამ, ტყუილს არ მაპატიებს და ვერც გავამტყუნებ. შენ უკვე დიდი გოგო ხარ. ჯერჯერობით, სანამ ჩემს შვილს ვიპოვი, მამასთან უნდა იყო – ასეა საჭირო. მერე კი სიტუაცია გვიჩვენებს, როგორ მოვიქცეთო.
მე და დედამ ბევრი ვიტირეთ, დიდხანს ვამშვიდეთ ერთმანეთი, ბოლოს ძლივს დავითანხმე, რომ თვითონ სახლში დარჩენილიყო და მე წავსულიყავი იმ ნათესავთან, მე მომეძებნა ჩემი და, ამეხსნა ყველაფერი ჯერ მისთვის, მერე კი – მამაჩემისთვის.
ორ დღეში იმ ნათესავთან მივემგზავრები. არ ვიცი, როგორ დამთავრდება ჩემი „მოგზაურობა“, მაგრამ, იმედი მაქვს, ჩემი დაც გაუგებს დედას და მამაჩემიც, რომელსაც ასე ძალიან უყვარს თავისი ცოლი.
მაკა, 22 წლის.

ჩემი ყოფილი შეყვარებული ჩემს ცოლს მეჯვარედ წამოჰყვა
მყავდა შეყვარებული, რომელსაც ხუთი წლის წინ დავშორდი და მას მერე ერთმანეთი აღარ გვინახავს. მე სამი წელი უცხოეთში ვიყავი სასწავლებლად წასული და, როცა ჩამოვედი, თეო არც მომიკითხავს – მის შესახებ არაფერი აღარ მაინტერესებდა, მიუხედავად იმისა, რომ ოდესღაც მის გარეშე სიცოცხლე ვერ წარმომედგინა. ქუჩაშიც კი არ შევხვედრივართ ერთმანეთს, არც საერთო მეგობრები გვყავდა და ასე ამოვშალე მისი სახელი და სახე ჩემი ცხოვრებიდან.
თბილისში რომ დავბრუნდი, რამდენიმე ხნის შემდეგ გავიცანი ნუკი. თეოს შემდეგ გოგოებთან ურთიერთობისას უკვე ვფრთხილობდი – სანამ კარგად არ გავიცნობდი, სერიოზულ სამომავლო გეგმებზე არც კი ვფიქრობდი. ოჯახში უკვე შეწუხებული ვიყავი ჩემებისგან, უფრო სწორად, აკლებული – ცოლი როდის მოგყავსო. ამიტომ, ნუკის შესახებ საერთოდ არაფერი მითქვამს – დაკითხვების ნერვები არ მქონდა. თან, ვფიქრობდი, იქნებ, აღმოჩნდეს, რომ ერთმანეთი არ გვიყვარს და დავშორდეთ, რატომ უნდა გახდეს ჩვენი ურთიერთობა ყველას განხილვისა და ჭორაობის საგანი-მეთქი. ნუკისაც ვთხოვე, საერთოდ არავისთვის ეთქვა ჩვენი შეხვედრების შესახებ, სანამ თვითონ არ გავერკვეოდით გრძნობებში ბოლომდე. ნუკის ეს იდეა მოეწონა. ქალების ამბავი ხომ მოგეხსენებათ – ყველაფერს უკუღმა აღიქვამენ. რომ მეგონა, ეწყინება, ჩვენი ურთიერთობის დამალვა (თუ დაფარვა) რომ ვთხოვო-მეთქი, პირიქით მოხდა – აღტაცებულმა მითხრა, ჩვენი შეხვედრები ასე უფრო რომანტიკულიაო. საერთოდ, ნუკიში მისმა არაორდინარულობამ მომხიბლა. ძალიან მეოცნებე და პოეტური გოგო აღმოჩნდა, თან, სხვა გოგოებივით, ყველაფერზე არ იბუტებოდა, ყველაფერში მიგებდა (ასევე, მეც) და არც თავისი პრეტენზიებითა და ჭირვეულობით მჭამდა. მოკლედ, ეს ის გოგო აღმოჩნდა, რომელთან ერთადაც სიამოვნებით ვიცხოვრებდი ღრმა სიბერემდე, უფრო მეტიც – რომლის გარეშეც გამიჭირდებოდა ცხოვრება. ჩემს გრძნობებში რომ დავრწმუნდი, ეს ყველაფერი სიტყვა-სიტყვით მასაც გავუმეორე და ხელი ვთხოვე. ნუკიმაც იგივე მიპასუხა და თანხმობა მითხრა ცოლად გამოყოლაზე. გადავწყვიტეთ, რომ დიდი ქორწილი არ გვინდოდა: ხელს მოვაწერდით, ჯვარს დავიწერდით, მაქსიმუმ ოცკაციან სუფრას გავაკეთებდით და საქორწინო მოგზაურობაში წავიდოდით.
ყველა წესი პატიოსნად შევასრულეთ: ერთმანეთის მშობლები გავიცანით, ნიშნობაც მოვაწყვეთ, რომელზეც მხოლოდ ჩვენი ოჯახები იყვნენ და ჯვრისწერის დღეც დავთქვით. მე ერთი კვირით ადრე მინდოდა, ჯვარი დაგვეწერა და ხელი მოგვეწერა, მაგრამ ნუკიმ მთხოვა, ჩემი დაქალი, რომელიც მეჯვარედ მომყვება, გერმანიიდან ჩამოსვლას ვერ მოასწრებსო და ამიტომ მეც დავთანხმდი, ერთი კვირით გადაგვედო ჯვრისწერა და ხელის მოწერა.
ქორწინების სახლში კი ისეთი სიურპრიზი დამხვდა, რასაც ცხოვრებაში ვერასდროს წარმოვიდგენდი: ნუკის მეჯვარე, რომლის გერმანიიდან ჩამოსვლის გამოც გადავდეთ ყველაფერი, თეო აღმოჩნდა. რა თქმა უნდა, ნუკიმ არაფერი იცოდა ჩემი და თეოს ადრინდელი ნაცნობობისა და ურთიერთობის შესახებ. უბრალოდ, სიტუაციამ არ მოიტანა, თორემ, რა თქმა უნდა, ნუკის ადრევე ვეტყოდი ყველაფერს, მაგრამ ახლა თქმა არაფრით გამოვიდოდა. ამიტომ, როგორღაც მოვახერხე და თეოს ჩუმად ვთხოვე, ხმა არ ამოიღო წარსულზე-მეთქი. კი შემპირდა, არაფერს ვიტყვიო, მაგრამ, რა ვიცი, როდის რა წამოუვლით ქალებს თავში. იქნებ, ერთ დღესაც, ტვინი გადაუტრიალდეს და დაკარგული სიყვარულის დაბრუნება მოუნდეს?!
კახა, 28 წლის.

რედაქციაში შემოსული უამრავი
წერილიდან ამოვარჩიეთ საუკეთესო ამბები და ვთავაზობთ მკითხველს.
„ინტიმური საუბრებისთვის“ SMS-ები შეგიძლიათ გამოგზავნოთ ტელეფონის ნომერზე: 597 33-08-81.
ელექტრონული ფოსტით: tbiliselebi2001@yahoo.com
ან მოიტანოთ რედაქციაში
წერილის სახით.

скачать dle 11.3