კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა კავშირი აქვს ბეთანიის ფრესკაზე გამოსახულ სუმბატ ორბელს ჰნევანქის სამონასტრო კომპლექსთან

საქართველოს დღევანდელ საზღვრებს მიღმა არაერთი ისტორიული და რელიგიური მნიშვნელობის ქართული ნაგებობა მოხვდა. ერთ-ერთი მათგანია ჰნევანქის სამონასტრო კომპლექსი, რომელიც მრავალი საუკუნის წინ, დღევანდელი ჩრდილოეთ სომხეთის ტერიტორიაზე აიგო. რუბრიკაში – საქართველოს საკუთრება, ჩვენ სომხეთში ვიმოგზაურებთ და შევიტყობთ, თუ ვის მიერ და როდის იქნა აგებული ეს სამონასტრო კომპლექსი. ჩვენი რესპონდენტია საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ატრიბუცია-მონიტორინგის სამსახურის უფროსი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი გიორგი გაგოშიძე.

გიორგი გაგოშიძე: ჰნევანქის სამონასტრო კომპლექსი, – ასე ეწოდება მონასტრის ნანგრევებს, რომელიც მდებარეობს დღევანდელ ჩრდილოეთ სომხეთში, ლორეს პროვინციაში, ქალაქ თუმანიანიდან ქალაქ სტეფანავანამდე მიმავალ გზაზე. ეს არის ძორაგეტის, იგივე მდინარე ბერდუჯის ხეობა. ვახუშტი ბატონიშვილი ამ მონასტერს ასე მოიხსენიებს: „არს მონასტერი ძელი ჭეშმარიტისა, შვენიერი ბერდუჯის მდინარესა ზედა... აქა არს მაღალსა კლდესა შინა ქვაბნი მრავალნი, და მას ქვაბსა შინა მდებარეობენ წიგნნი მრავალნი ძუელნი, არამედ კაცთა აუსვლელობით უხმარ არიან”. მართლაც, ამ მონასტრის ჩრდილოეთით, მდინარის მარცხენა ციცაბო ნაპირზე, ზოლად მიუყვება კლდე, რომელიც ბუნებრივად ისეა განლაგებული, თითქოს უზარმაზარი მესერი შემოუვლიათ ამ ტერიტორიისთვისო. კლდეში მრავლად მოჩანს გამოქვაბულები.
საინტერესოა, რომ ვახუშტის ტექსტში აღნიშნული „ძელი ჭეშმარიტი” ნიშნავს იმ ჯვარს, რომელზედაც აწამეს მაცხოვარი. ეს კი მიგვანიშნებს, რომ ჰნევანქის სამონასტრო კომპლექსი მისი სახელობისაა.
– რას ნიშნავს ჰნევანქი ქართულად?
– ჰნევანქი სომხურად ბერძენთა, ანუ ამ შემთხვევაში, მართლმადიდებელთა მონასტერს ნიშნავს. როგორც ჩანს, ეს მონასტერი დაარსებიდანვე ქართველებს ეკუთვნოდა.
ჰნევანქის კომპლექსში შედის მთავარი გუმბათოვანი ტაძარი, მის ჩრდილოეთით მდებარე მცირე სამლოცველო, სატრაპეზო, ეპისკოპოსის ორსართულიანი სასახლე და გალავნის ნაშთები.
– როდის აიგო ჰნევანქის სამონასტრო კომპლექსი?
– არ არის ცნობილი, თუ ვის მიერაა დაარსებული ჰნევანქის სამონასტრო კომპლექსი, მაგრამ ვიცით, რომ მასში მდებარე მთავარი გუმბათოვანი ტაძარი მერვე-მეცხრე საუკუნეებშია აგებული. გეგმარებით იგი ტრიკონქის ტიპის ეკლესიაა, ანუ მისი გეგმა ჯვრისებრი ფორმისაა. ეკლესიის ოთხი მკლავიდან – სამხრეთის, აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთის მკლავები ნახევარწრიული ფორმისაა, ხოლო დასავლეთისა – წაგრძელებული სწორკუთხედია.
სომხური საისტორიო წყაროების მიხედვით, მეათე საუკუნის მიწურულს, ან მეთერთმეტე საუკუნის დამდეგს, ციხესიმაგრე გაგის მმართველმა – დემეტრემ მიატოვა მამა-პაპური რჯული, მოინათლა ქართულად (მართლმადიდებლურად) და თავისი შვილი – გიორგი დასვა ჰნევანქში ეპისკოპოსად. გიორგი პირველი ეპისკოპოსია ჰნევანქისა და ჩვენ ვიცით, რომ ეს ქართული ეპარქია მეთერთმეტე-მეცამეტე საუკუნეებში ფუნქციონირებდა და იგი ლორეს ქართულ მრევლს მწყემსავდა. გიორგი ჰნევანქელი (ჰინვანელი) მთავარეპისკოპოსი მოხსენებულია ამ მონასტრის მახლობლად მდებარე სოფელ კურტანში აღმოჩენილ მეთერთმეტე საუკუნის ქართულ წარწერაში. მასში საუბარია მთავარმოწამე, სავარაუდოდ, დემეტრეს ეკლესიის მშენებლობაზე გიორგი მთავარეპისკოპოსის მიერ. მეცამეტე საუკუნის შემდეგ უკვე დაკარგულია ინფორმაცია ამ საეპისკოპოსოს ფუნქციონირების შესახებ.
– ამის შემდეგ რა ხდება?
– ეკლესიის გუმბათის ყელს, რომელიც შორიდანვე იპყრობს მნახველის ყურადღებას თავისი შემკულობით, მთელ პერიმეტრზე აქვს ქართული ასომთავრული წარწერა, რომელიც 1154 წლითაა დათარიღებული. ამ წარწერაში მოხსენიებულია სუმბატ ორბელი, ძე ივანე ორბელისა.
– ვინ იყო იგი?
– ორბელები საქართველოს ერთ-ერთ დიდ ფეოდალურ საგვარეულოს წარმოადგენდა მეთორმეტე-მეცამეტე საუკუნეებში. დასაწყისში ისინი ფლობდნენ ორბეთის ციხეს, რომელიც ალგეთის ხეობაში მდებარეობდა და სწორედ ამ ციხის დასახელებიდან მომდინარეობს მათი გვარიც. ივანე ორბელი დაწინაურდა დავით აღმაშენებლის მეფობის დროს. მის სახელთანაა დაკავშირებული 1110 წელს ქალაქ სამშვილდის თურქთაგან გათავისუფლება. შემდეგ ორბელები განსაკუთრებით დაწინაურდნენ დემეტრე პირველის, დავით აღმაშენებლის ძის მეფობის დროს. ივანე ორბელის შვილს – სუმბატ ორბელს, რომელიც ჰნევანქის წარწერაშია მოხსენიებული, მანდატურთუხუცესისა და ამირსპასალარის თანამდებობებიც ეჭირა. ცნობისთვის, ეს ის სუმბატ ორბელია, რომლის ფრესკაც დღემდეა შემორჩენილი ბეთანიის ეკლესიის სამხრეთ კედელზე. მას ხელთ ეკლესიის მოდელი უპყრია, რაც იმას მიანიშნებს, რომ სწორედ ისაა ბეთანიის ეკლესიის ამშენებელი. სუმბატის შვილი, ივანე, რომელიც პაპის სახელს ატარებდა, განსაკუთრებით დაწინაურდა სამეფო კარზე. მისი ქალიშვილი მისთხოვდა დემნა უფლისწულს, რომელიც დემეტრე პირველის შვილიშვილი და დავით მეხუთის შვილი იყო. დავითის მოკლევადიანი მეფობის შემდგომ გამეფდა თამარ მეფის მამა – გიორგი მესამე. ძალაუფლების ხელში ჩაგდების მიზნით, 1777-1778 წლებში ივანე ორბელის წაქეზებით, დემნა უფლისწული აჯანყდა. აჯანყებულების უკანასკნელი თავშესაფარი ლორეს ციხე იყო. გიორგი მესამის ალყა რამდენიმე თვეს გაგრძელდა. დემნა უფლისწული ალყაშემორტყმული ციხიდან საბლით ჩამოეშვა, ბიძას ეახლა და პატიება სთხოვა.
– შეუნდო გიორგი მესამემ ძმისშვილს?
– გიორგიმ დემნა უფლისწულს თვალები დასთხარა და დაასაჭურისა, ხოლო ორბელების გვარს სასტიკად გაუსწორდა. ივანე ორბელიც დააბრმავა, რის შემდეგაც სიკვდილით დასაჯა. დანარჩენი ორბელები სამშობლოდან გადაასახლა.
– დავუბრუნდეთ ჰნევანქს.
– სუმბატ ორბელი, ანუ სიკვდილით დასჯილი ივანე ორბელის მამა, ჰნევანქის ეკლესიის მეორედ აღმშენებელი და განმაახლებელია. მის დროს შეკეთდა ტაძრის გუმბათი, გამოიცვალა ეკლესიის ფასადთა პერანგის ნაწილი და სავარაუდოდ, აშენდა სხვა სამონასტრო ნაგებობებიც.
ორბელების ადგილს მალე, გიორგი მესამისა და განსაკუთრებით, თამარ მეფის კარზე, იკავებენ ორბელების ყოფილი ვასალები – მხარგრძელები. ჰნევანქსაც ატყვია მხარგრძელების აღმშენებლობის კვალი. მეცამეტე საუკუნის პირველ ნახევარში გუმბათიან ეკლესიას სამხრეთიდან მიადგეს დიდი კარიბჭე, რომლის სამხრეთ ფასადზე, ვრცელ ქართულ ასომთავრულ წარწერაში მოხსენებულია ვინმე მხარგრძელი და ასევე, თევდორე მთავარეპისკოპოსი.
– რა მდგომარეობაშია დღეს ეს სამონასტრო კომპლექსი?
– მეცხრამეტე-მეოცე საუკუნის მკვლევრების მიერ ეკლესიის დასავლეთით, ფიქსირებულია რამდენიმე ქართულწარწერიანი საფლავის ქვა. რომლებშიც მოხსენებულია ვინმე საბა ნათლულაისძე, იოსებ და კირილე კალონაპეს ძეები, ზეზვა და სხვა. თუმცა, დღეს მხოლოდ ერთ საფლავს და რამდენიმე ქართულწარწერიანი საფლავის ნამტვრევს მივაგენი. 2009 წელს ჰნევანქის სამონასტრო კომპლექსს ჩაუტარდა რესტავრაცია, აღადგინეს გუმბათი და გადახურეს სამხრეთი, აღმოსავლეთი და ჩრდილოეთი მკლავები. დასავლეთ მკლავი ჯერ თაღ-კამარის გარეშეა დატოვებული. სავარაუდოდ, რესტავრაცია უნდა გაგრძელდეს. კარგი იქნება, თუ სომხური მხარე ამ სამუშაოებში ქართველ სპეციალისტებსაც ჩართავს.

скачать dle 11.3