რატომ ცხოვრობს აკაკი გოგიჩაიშვილი უმისამართოდ და ვინ ვერ შეიტყუა ის კანიონში
„ბიზნეს კურიერის” ავტორი, აკაკი გოგიჩაიშვილი, ახალი სატელევიზიო სეზონის სამზადისში თბილისს შემორჩა და კუთვნილ შვებულებას სამსახურში ატარებს. თბილისურ სიცხეს იქ შეაფარა თავი, სადაც მისი მიგნება კომპასის გარეშე უჭირთ, რადგან, კერძო სახლი, რომელზეც დიდხანს ოცნებობდა, უმისამართოდ დატოვა, მაგრამ ეს ადგილი მისთვის სრულ ნირვანად იქცა – იქ არც ექსტრემში ჩართვას აიძულებენ და არც ბევრ საუბარს სთხოვენ – ეს ის „პუნქტებია”, რაც აკაკი გოგიჩაიშვილის ცხოვრების მშვიდ სტილს ყველაზე მეტად არღვევს და რაც მის ოჯახური საჩივრის წიგნში ყველაზე ხშირად „ხვდება”...
აკაკი გოგიჩაიშვილი: ერთი თვეა, რაც „ბიზნეს კურიერიც” შვებულებაშია და მეც, თუმცა, არდადეგებს მაინც ერთად ვატარებთ. პარალელურად, ვმუშაობ თოქ-შოუს ტიპის ახალ გადაცემაზე, თუმცა, დეტალებს ჯერ ვერ გავამხელ, რადგან ბოლომდე ჩამოყალიბებული არ ვართ. მთელი დღეების განმავლობაში სამსახურში ვარ – ახალ სატელევიზიო სეზონს ბევრი სიახლე სჭირდება, თუმცა, ეს იმდენად სპეციფიკური გადაცემაა, მასში სიახლის შეტანა იოლი ნამდვილად არაა. ბოლო პერიოდში მედიაინდუსტრია უფრო გასართობი ხასიათის გახდა. მაყურებელს აღარ უნდა მძიმე თემები, ან, ეს თემები ისე უნდა შეფუთო, რომ, წამალივით „გადააყლაპო“, ეს კი საკმაოდ რთულია. ბოლო პერიოდში სულ ვცდილობთ, რაც შეიძლება მეტი მსუბუქი თემები „შევაპაროთ”, ზოგჯერ არაპროფილურიც კი, იმ მიზნით, რომ მაყურებელს მთავარი, ბიზნესთან დაკავშირებული თემები ვაყურებინოთ. მაყურებელი, ცოტა არ იყოს გაზარმაცდა – ამ „ყუთისგან მხოლოდ” გართობა და დასვენება უნდა, ამიტომაც ვართ ორ წყალს შუა და საზრუნავი საკმაოდ ბევრი გვაქვს. თუმცა, მე მომწონს სირთულეები – მაინც საბჭოთა ყაიდის ტიპი ვარ, რომელმაც სულ უნდა გადალახოს წინააღმდეგობები, გაიმარჯვოს და მისთვის ესაა ცხოვრების მუღამი.
– ცხოვრებაშიც ასეთი ხართ თუ ეს მარტო საქმეს ეხება?
– არა მხოლოდ საქმეს, მაგრამ, საბოლოო ჯამში, მთელი ცხოვრება მაინც საქმე გამოდის, რადგან, დილიდან საღამომდე ყველაფერი საქმეს უკავშირდება, ღამით გვძინავს და ეგ არის. მე საკმაოდ ექსპერიმენტატორი ადამიანი ვარ, 27 წლის ვიყავი, როდესაც პირველად ვიფიქრე, ჟურნალისტი ხომ არ გავხდე-მეთქი და, „ხარისხიანმა” გეოლოგმა, ვისაც პერსპექტიულ მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ, საკუთარ თავზე ჩავატარე ექსპერიმენტი – სულ სხვა მიმართულებით წავედი. არ ვიცი, რამ გადამაწყვეტინა პროფესიული არჩევნის ასეთი ცვლილება, მაგრამ, რაღაც მომენტში მივხვდი, რომ ეს არ იყო ჩემი საქმე. როცა მთაში მივდიოდი, სადაც საძილე ტომარაში მეძინა, ყოველთვის თან მქონდა ჩემი საპარსი, ოდეკოლონი. ვცდილობდი, დამეცვა ჰიგიენის ნორმები იქ, სადაც ამის არანაირი პირობა არ გვქონდა და აბაზანის მაგივრობას მთის მდინარე გვიწევდა, რაც დიდ დისკომფორტს მიქმნიდა. სულ მეუბნებოდნენ, შენ რანაირი გეოლოგი ხარო (იცინის). როცა ჟურნალისტიკაში წავედი, ფაქტობრივად, თავიდან დავიწყე ცხოვრება. ამ სფეროში არავინ მყოლია, რომ მოკლე გზებით მევლო. საინფორმაციო სამსახურში ჩემ გვერდით 19-20 წლის გოგო-ბიჭები მუშაობდნენ, მე კი შტატგარეშე კორესპონდენტი ვიყავი, თუმცა ეს დისკომფორტს არ მიქმნიდა. მერე, ნელ-ნელა, მეც გავიზარდე, წავედი ამერიკაში, ერთ-ერთ პრესტიჟულ – დიუკის უნივერსიტეტში ვისწავლე და ჩამოვედი დიპლომით, რომ ვინმეს არ ეთქვა: აი, შენ ჟურნალისტი არ ხარო. (იცინის).
– ახლა, გადაცემის ავტორის ამპლუაში, მკაცრი შეფი ხართ?
– მე ძალიან კატეგორიული და მომთხოვნი ვარ როგორც საკუთარი თავის, ისე სხვების მიმართ. თუ ვხედავ, რომ ადამიანი საქმეს „ახალტურებს“, ან ისეთი გულით არ ეკიდება, როგორც უნდა იყოს, ეს ჩემზე ძალიან ცუდად მოქმედებს და სასტიკი ვხდები (იცინის). თუმცა, ის ადამიანები, ვისთან ერთადაც უკვე ექვსი წელია, ვმუშაობ, უკვე შეჩვეულები არიან ჩემს ხასიათს. მეც უკვე ვისწავლე, როგორ უნდა დააბრუნო ჩხუბის მერე სიტუაცია ძველ კალაპოტში. თუ ვხედავ, რომ ადამიანი საკუთარი ქმედებაზე პასუხისმგებლობას გრძნობს, არც ბოდიშის მოხდა მერიდება და არც იმის თქმა, რომ გაცხარება ზედმეტი მომივიდა. მე და ნინოსაც ბევრი კონფლიქტი გვქონია, რაც ძირითადად თანამშრომლების გამო ხდებოდა – როცა ვიღაცას ვეჩხუბები, ნინო ყოველთვის ცდილობს ხოლმე მათ დაცვას. ნინო ისე მუშაობს, როგორც სხვები, ის გადაცემის პროდიუსერია და არანაირად არ ეხება გადაღებებზე სიარული, თუმცა, თავადაც არ ზოგავს თავს და ახლაც კი გადაღებაზეა.
– ბოლო დროს თბილისში ჭორაობენ, აკაკი გოგიჩაიშვილი ცოლს გაშორდაო.
– არა, რას ამბობთ, ეს არაა სიმართლე, ერთადერთი არასასიამოვნო, რაც მოხდა ჩვენს ცხოვრებაში, ისაა, რომ ბავშვს ველოდებოდით, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს ცუდად დასრულდა. სხვა პრობლემა ჩვენს ოჯახში არ არსებობს, ყველაფერი რიგზეა. პირიქით, ახლა უკვე ბევრს ვფიქრობთ იმაზე, რომ ბავშვი ვიშვილოთ. ამის გაკეთება დიდი ხანია, გვინდა. ქორწინებიდან ორი წელი შვილი არ გვიჩნდებოდა, მაშინ ნინომ აღთქმა დადო: თუ ბავშვი გვეყოლება, მერე სხვა ბავშვსაც ავიყვან და გავზრდიო, მაგრამ, ეს საკმაოდ რთული პროცესი ყოფილა – ექვსი წელია, რაც ბავშვის აყვანის მსურველთა რიგში ვართ და, მგონი, ჯერ კიდევ ექვსასორმოცდამეათეები ვართ. თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ წელიწადში 20-30 ბავშვს აშვილებენ, მგონი, 80 წლის ასაკში მოგვიწევს რიგი, მაგრამ, არა უშავს, მე ისე მიყვარს ბავშვები, მოცდა ნამდვილად შეიძლება.
– ამბობენ, რომ მზრუნველი მამა ხართ.
– დიახ, შემიძლია, ბავშვს მოვუარო, ვაჭამო, დავბანო, ჩავაცვა და ეს თავიდანვე ასე იყო. როცა ჩვენი შვილი პატარა იყო, საფენებიც კი გამომიცვლია მისთვის. საერთოდ, ძალიან ორგანიზებული ადამიანი ვარ ყველაფერში, მათ შორის – სახლის საქმეებში, მიყვარს ყველაფრის წინასწარ დაგეგმვა. ოჯახის ბიუჯეტს მე რომ არ ვგეგმავდე, ნინო ისეთი უყაირათოა, მძიმე დღეში აღმოვჩნდებოდით – საერთოდ არ იცის ფულის ყადრი, ას ლარს ისე დახარჯავს, ვერ გაიგებს. მე ხელმომჭირნე ვარ, ყველაფერს ვითვლი, ვიწერ. მე ოჯახის ეკონომიკა მაბარია, ნინოს – ხარჯვითი ნაწილი (იცინის).
– სახლში არ ხართ ისე ძნელად ასატანი, როგორც სამსახურში?
– ერთადერთი პრეტენზია, რაც ნინოს აქვს ჩემ მიმართ, ისაა, რომ სახლში ცოტას ვლაპარაკობ. რასაც ვლაპარაკობ, იმის 90 პროცენტი ეხება საქმეს და ეს ხდება სამსახურში, დანარჩენ დროს კი, ფაქტობრივად, არ ვსაუბრობ, ვდუმვარ. ნინო კი ჰიპერაქტიური ადამიანია და ხშირად გამოსდის ხოლმე მონოლოგები. თავიდან ამაზე ბევრს წუწუნებდა, მერე მიხვდა, რომ ასეთი ტიპი ვარ, დამანება თავი და ჩემს გამოსწორებას აღარ ცდილობს. მეც ნინოსავით ჰიპერაქტიური რომ ვიყო, გიჟების ოჯახი გვექნებოდა.
– თვითონ არ დააგდო ტემპი?
– არა, პირიქით, მგონი, უმატა. ჩემი დუმილის კომპენსაციას დაქალთან დარეკვითა და მასთან დიდხანს საუბრებით ახდენს, ან სტუმრებს იღებს სახლში – ეს პროცესი ძალიან უყვარს. მე დიდი მასპინძელი არ ვარ, მიყვარს სტუმრები, მაგრამ, ზომიერების დაცვით. ნინო და ბავშვი კი გიჟდებიან სტუმრებზე, მუდმივად ამ ამბავში არიან.
– ცხელ აგვისტოს სად ატარებთ?
– ძირითადად თბილისში, თუმცა, რამდენჯერმე ბილეთები „მოგვიკითხეს” და ბათუმში ორდღიანი გასვლა მოვახერხეთ, მაგრამ, ეს დასვენება არ ყოფილა. ჩვენ ძალიან გვშველის ის, რომ გვაქვს საკუთარი სახლი და აუზი, თან, არც აგვისტოა ისე ცხელი. სახლი ძალიან კარგ ადგილას, დიღმის საცდელი მეურნეობის ტერიტორიაზე ავაშენეთ. ეს იყო ჩვენი ოცნების სახლი, სადაც ყველაფერი ისე გავაკეთეთ, როგორც ვფიქრობდით. სახლში სრული ნირვანა გვაქვს, ყველაზე კარგი კი ისაა, რომ სახლს მისამართი არ აქვს და, თუ ადამიანმა ძალიან არ მოინდომა, მოგნება გაუჭირდება (იცინის).
– ცხოვრების ბომონდური წესი გაქვთ?
– არა, პირიქით, ვფიქრობ, ძალიან მოსაწყენი ცხოვრების წესი გვაქვს. იმის მიუხედავად, რომ, დღე არ გავა, მოსაწვევი არ მოგვივიდეს, ძალიან იშვიათად გადავწყვეტ ხოლმე სადმე წასვლას. ნინო ამ მხრივაც ისეთი აქტიურია, მგონი, ჩემ მაგივრადაც დადის. თუმცა, მარტო წასვლა არასდროს უხარია და სულ მეუბნება, ქვრივი ხომ არ ვარ, მარტო წავიდეო. ხან მიყოლიებს, ხან – ვერა, მაგრამ, რა ვქნა, ასეთი მოსაწყენი და ჩაკეტილი ტიპი ვარ. ხმაურიან თავყრილობებს მირჩევნია, ვიკითხო, ვუყურო საინტერესო გადაცემებს, ინტერნეტში მოვძებნო საჩემო რამე. ჩვენი სახლის წინ ჯერჯერობით ტრიალი ეზოა და გეგმაში გვაქვს, რომ კიტრი, პომიდორი დავთესოთ და პატარა მეურნეობა გავაკეთოთ. მიწა თუ გაქვს და არაფერი მოგყავს, ეს, მგონი, დანაშაულია. კარგი ჯიშების მოძიება ჩვენთვის პრობლემა არ არის, იმდენი ხალხი გვირეკავს, კურდღელი სად ვიყიდოთ და ბოცვერიო, ერთი კარგი ეზოს გაკეთება არ გაგვიჭირდება. კურდღელი, ქათამი, ცხვარი თუ გინდათ, დამირეკეთ, არ მოგერიდოთ (იცინის).
– თქვენ თქვენი ექსტრემი არ გაქვთ?
– არა, ძველ ცხოვრებაში რაც მქონდა ექსტრემი, იქვე დარჩა – იმდენი ვიარე მთებსა და კლდეებზე, ახლა ეს სურვილი აღარ მიჩნდება. სამაგიეროდ, ნინოსა და ბავშვს უყვართ აქეთ-იქით ხეტიალი. აქამდე სულ ასე იყო – ზაფხულობით ზღვაზე მივდიოდით ხოლმე, „გაკვალული გზით.” ახლა გამომიცხადა, რომ ახალი რაღაცეების მოძებნა უნდა – თუ დრო გამოუჩნდა, სურს, წავიდეს და ნახოს მარტვილის კანიონი, მერე სვანეთში ავიდეს, მე კი ეს არ მინდა და, არ ვიცი, როგორ შევჯერდებით გეგმებში. მე ზაფხულის ადამიანი ვარ, მიყვარს სიცხე, ზღვა, ნინო კი ისე გიჟდება თხილამურებზე, ზაფხულში იწყებს თხილამურების ყიდვასა და სამზადისს, ბავშვიც თავის ჭკუაზე ჰყავს გადაყვანილი – ზაფხულში საუბრობენ, როგორ ჩამოსრიალდებიან მთიდან. არ იცით, რა ცუდ დღეში ვარ, ზამთარში ძალით რომ წამათრევენ ხოლმე გუდაურში – ვზივარ იქ დათრგუნული და მოწყენილი. ისე „მჩაგრავენ” ცოლი და შვილი, მგონი, მამაკაცთა დაცვის საზოგადოება მაქვს მოსაძებნი (იცინის).