როგორ ცხოვრობენ პლანეტის ყველაზე მდიდარი ადამიანები
ასი წლის წინათ, ყველა მდიდარი ამერიკელი და უბრალოდ, მდიდარი ადამიანი პლანეტის სხვადასხვა კუთხეში თითქმის, ერთნაირად ცხოვრობდა. მათ ჰყავდათ მსგავსი ავტომობილები, ჰქონდათ ერთნაირი სახლები – მარმარილოს სვეტებით, უზარმაზარი ბუხრებით, დაუსრულებელი კიბეებითა და უამრავი მოსამსახურით. თუმცა, დროთა განმავლობაში ყველაზე მდიდართა გემოვნება შეიცვალა და თანამედროვე მილიარდერები სწორედ თავიანთი საცხოვრებელი აპარტამენტების მრავალფეროვნებით გამოირჩევიან ერთმანეთისგან.
მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ადამიანი – უორენ ბაფეტი, რომელსაც იცნობენ თიკუნით „ომაჰელ ორაკული” და მისი პირადი კაპიტალი 50 მილიარდ ამერიკულ დოლარს აჭარბებს, 1958 წელს, 31 500 დოლარად ნაყიდ სახლში ცხოვრობს. მისი ფართობი 557 კვადრატული მეტრია და მასში 5 საძინებელია. სახლში ბაფეტს ყველა პირობა აქვს შექმნილი, თავი კომფორტულად იგრძნოს. ბინაშივე აქვს ხელბურთის სათამაშო დარბაზიც კი, სადაც მეგობრებთან ერთად უყვარს გართობა 80 წლის მილიარდერს.
„მაიკროსოფტის” დამაარსებლისა და პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მილიარდერის, ბილ გეითსის საცხოვრებელს „ჭკვიან სახლს” უწოდებენ, რადგან იგი ტექნიკის უკანასკნელი მიღწევებით არის აღჭურვილი. გეითსის ვილა სიეტლის შემოგარენში, ვაშინგტონის ტბის ნაპირზე დგას. სახლში არის დახურული აუზი წყალქვეშა მუსიკალური სისტემით; ხელოვნური „პლაჟი”, სადაც ჰავაის კუნძულებიდან ჩამოტანილი ქვიშაა; 23 ავტომობილზე განსაზღვრული ავტოფარეხი, სპორტული დარბაზი, საოფისე შენობა და პლანეტარიუმი. გეითსის „ჭკვიანი” სახლის მშენებლობა 7 წელი მიმდინარეობდა და მშენებლობის პროცესს ამერიკაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და ძვირად ღირებული არქიტექტორი, ჯეიმს კატლერი ხელმძღვანელობდა. პროექტის განხორციელებაში მას 30 დიზაინერი, 300 ხელოსანი, 104 ელექტრიკოსი და 4 ლანდშაფტის დიზაინერი ეხმარებოდა. გეითსის სახლის ღირებულება 147,5 მილიონ დოლარს შეადგენს.
უახლესი ტექნოლოგიების გურუდ წოდებული, „ეფლის” დამაარსებელი – სტივ ჯობსი უახლოეს მომავალში ყველაზე კრეატიული სახლის მშენებლობას დაიწყებს. მისი უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი აპარტამენტები კალიფორნიის შტატის ქალაქ ვუდსაიდში მდებარე „ჯეკლინგ ჰაუსის” სასახლის ადგილზე აშენდება, რომლის დანგრევას ჯობსი უახლოეს მომავალში აპირებს. ჯობსის ახალ სახლში იქნება ხუთი საძინებელი, სამი აბაზანა, ავტოფარეხი სამ ავტომობილზე, ღია და დახურული აუზი, სახლი სტუმრებისთვის და საოფისე ფართი.
კომპიუტერულ მაგნატს და მილიარდერ მაიკლ დელს მოკრძალებული ცხოვრების სტილი ხიბლავს. თუმცა, მისი სახლის ფართობი, რომელიც ტეხასის შტატში, ოსტინში მდებარეობს, 3, 066 ათას კვადრატულ მეტრს შეადგენს და ადგილობრივი მცხოვრებნი მას „სასახლეს” უწოდებენ, მაღალი ღობისა და საიმედო დაცვის გამო.
კორპორაცია „ორაკლის” აღმასრულებელმა დირექტორმა და მილიარდერმა ლარი ელისონმა 200 მილიონი დოლარი დახარჯა, რათა ვუდსაიტში (კალიფორნია) იაპონელი იმპერატორების, მეთექვსმეტე საუკუნეში ნაგები – კიოტოს სასახლის ასლი აეშენებინა. გარდა ამისა, 2010 წელს ელისონი კიდევ ერთი ვილის მფლობელი გახდა. 100 ჰექტარზე გაშენებული პორკიუპარ-კრიკის ვილა ელისონმა 42,9 მილიონ დოლარად შეიძინა. ვილის ტერიტორიაზე მდებარეობს გოლფის მოედანი, ღია აუზი, სპა-ცენტრი, სატრენაჟორო დარბაზი, ამფითეატრი, სამი კოტეჯი სტუმრებისთვის და 1 700 კვადრატული მეტრი ფართობის 16-საძინებლიანი აპარტამენტები.
რუსი-ებრაელი მილიარდერი ლევ ლევაევი, რომელიც ალმასების ბიზნესშია ჩართული, 65 მილიონ დოლარად შეფასებულ ექსკლუზიურ და ექსტრავაგანტურ სახლში ცხოვრობს, ლონდონში, რომელსაც „პალადიუმის” სახელით იცნობენ. 17 ათასი კვადრატული მეტრის ფართობის სახლის ერთი კვადრატული მეტრი 3 823 დოლარი ღირს, რაც ორჯერ აღემატება ლონდონის საშუალო დონის ფართის ფასს. სახლი ტყვიაგაუმტარი კარებითა და ფანჯრებით არის აღჭურვილი, აუზი კი მოოქრული ფილებითაა მოპირკეთებული. ლევაევს აქვს ასევე, საკუთარი 50-ადგილიანი კინოთეატრი და საპარიკმახერო.
ინდოელი მეტალურგიის მაგნატი, ლაკშმი მიტალი ლონდონში, კენსინგტონში მდებარე ფეშენებელური აპარტამენტების მფლობელია. სახლი 120 მილიონ დოლარად არის შეფასებული და ბრუნეის სულთნის სასახლის მეზობლად მდებარეობს. სახლში განთავსებულია 12 საძინებელი, თურქული აბანო, 20 ავტომობილზე გათვლილი ავტოფარეხი. მოპირკეთებულია სასახლე, იმავე კარიერიდან ჩამოტანილი მარმარილოთი, საიდანაც ტაჯ-მაჰალი მარაგდებოდა მშენებლობის დროს.
კიდევ ერთი მილიარდერი ინდოეთიდან – მუკეშ ამბანი ფლობს პლანეტის ერთ-ერთ ყველაზე ძვირად ღირებულ სახლს, რომელიც მუმბაიში მდებარეობს. მისი მშენებლობა 2010 წელს დასრულდა. 27-სართულიან სასახლეს ინდოელები „ანტილას” უწოდებენ და მისი მშენებლობა 2 მილიარდი დოლარი დაჯდა. სასახლის ყოველი სართული სხვადასხვა მასალისგან არის ნაგები და მასში განთავსებულია: სამი ტერასა, აუზი, კინოთეატრი, ექვსსართულიანი ავტოფარეხი, ცხრა ლიფტი, ვერტმფრენის დასაჯდომი. სახლის საერთო ფართობი 371 612 კვადრატული მეტრია. ამბანის „ანტილას” ერთადერთი ნაკლია ის, რომ იგი ძალიან ახლოს მდებარეობს მუმბაის ყველაზე ღარიბ უბანთან.
„რენკო გრუპის” მფლობელი მილიარდერი – აირა რენერტი ლონგ-აილენდში 170 მილიონ დოლარად შეფასებულ სახლს ფლობს. სახლში განთავსებულია 29 საძინებელი, ჩოგბურთის კორტები, ბოულინგი და საკუთარი ელექტროსადგური.
დონალდ ტრამპი სამსართულიან ბინაში ცხოვრობს, რომელიც მანჰეტენზე მდებარე „ტრამპთაუერის” ბოლო სართულებზეა განლაგებული. ბინის ღირებულება 50 მილიონი დოლარია და ის მთლიანად მარმარილოთი და ოქროთია მოპირკეთებული. ბინის ერთი სართული მეფე ლუდოვიკო მეთექვსმეტის სტილშია გაკეთებული და ის მთლიანად ტრამპის მეხუთე შვილს, პატარა ბერონს ეკუთვნის.
ჰოლივუდელი რეჟისორი და მილიარდერი, ჯორჯ ლუკასი თავის რანჩოზე „სკაიუოკერში” ცხოვრობს და მუშაობს. რანჩო 5156 აკრზეა გაშენებული და კალიფორნიაში, მერინში მდებარეობს. რანჩოს ემსახურება კერძო სახანძრო სამსახური, რადგან სპეცეფექტების მოყვარული რეჟისორი ხშირად აწყობს ექსპერიმენტებს რანჩოს ტერიტორიაზე.