კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ არ ნიშნავს საპარლამენტო ან ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მხოლოდ საარჩევნო ბარიერის გადალახვა ბიუჯეტიდან მილიონიანი დაფინანსების მიღებას

უკვე თითქმის საბოლოოდ გაირკვა, რომ საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე მხოლოდ ხელისუფლება და რამდენიმე ოპოზიციური პარტია თანამშრომლობენ. შესაბამისად, ისიც, რომ მოთანამშრომლე პოლიტიკურმა სუბიექტებმა პირველ შეთანხმებასაც მიაღწიეს და ის, არც მეტი, არც ნაკლები, დამატებით საბიუჯეტო დაფინანსებას ეხება. კერძოდ, პოლიტიკური პარტია, რომელიც არჩევნებში 5-პროცენტიან ბარიერს გადალახავს, ბიუჯეტიდან დამატებით მილიონ ლარამდე თანხას მიიღებს წინასაარჩევნო ხარჯების დასაფარავად. საინტერესოა, რომ საპარლამენტო არჩევნების ბარიერი – 4, ხოლო ადგილობრივი თვითმმართველობის 3 პროცენტია. ქართული საარჩევნო გარემოს ვნებათაღელვებზე არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ პროგრამების დირექტორი ნინა ხატისკაცი გვესაუბრება.

– ასეთი მნიშვნელოვანია დაფინანსების საკითხი საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაში, თუ, თქვენი აზრით, რატომ აღმოჩნდა ის შეთანხმებისა და მსჯელობის უპირველესი საგანი?
– გავიხსენოთ წინასაარჩევნო პერიოდი, როდესაც ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში მიდიოდა მოლაპარაკება კონკრეტულ საკითხებზე. მაშინ რვა ოპოზიციური პარტია ერთად განიხილავდა საარჩევნო კანონმდებლობაში შესატან ცვლილებებს და ამ ცვლილებებში იყო რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი, რომლებიც მიღწეულ შეთანხმებაში ნამდვილად არ არის გათვალისწინებული. ამით იმის თქმა მინდა, რომ, როდესაც რვა პარტია ერთად იდგა და წინადადებების ერთიანი პაკეტი ჰქონდათ, მაშინ გაცილებით მნიშვნელოვანი საკითხები იყო დაყენებული, ვიდრე ის საკითხებია, რომლებიც დღეს არის შეთანხმებული უმრავლესობასა და რამდენიმე პოლიტიკურ პარტიას შორის. არსებული შეთანხმება, შემიძლია, თამამად ვთქვა, ვერ აგვარებს იმ პრობლემებს, რომლებზეც ამდენი ხანია, ლაპარაკია. ერთ-ერთი ყველაზე გამოკვეთილი თემა, რომელიც ამ შეთანხმების პაკეტშია და თქვენ ახსენეთ, არის დაფინანსების საკითხი. ერთია, რომ სახელმწიფო იმ პარტიებს, რომლებიც საარჩევნო ზღვარს გადალახავენ, გამოუყოფს გარკვეულ თანხას; გარდა ამისა, პარტიის წარმომადგენლებს საარჩევნო დღისთვის გამოეყოფათ თანხა ყოველ უბანსა და ყოველ ოლქში და ორჯერ იზრდება შემოწირულობების ზედა ზღვარი. გახსოვთ, ალბათ, რომ აქამდე მაქსიმალური ზღვარი ფიზიკური პირებისთვის შეადგენდა 30 000 ლარს, იურიდიული პირისთვის კი – 100 000 ლარს. ანუ ლაპარაკია ორი ტიპის დაფინანსებაზე, კერძო შემოწირულობების სახით და სახელმწიფო დაფინანსების სახით.
– მსოფლიოში პარტიების დაფინანსების როგორი პრაქტიკაა?
– მსოფლიოში სახელმწიფო დაფინანსების სხვადასხვა პრაქტიკაა. მე ვერ გეტყვით მზა რეცეპტს, რომ სახელმწიფო აუცილებლად უნდა აფინანსებდეს პოლიტიკურ პარტიებს, ან სახელმწიფო არ უნდა აფინანსებდეს პარტიებს. მსოფლოში მოქმედებს ორივე სახეობის სისტემა. ზოგ ქვეყანაში სახელმწიფო დაფინანსება პარტიების დაფინანსების მნიშვნელოვანი წყაროა, თუმცა ზოგიერთი ქვეყანა საერთოდ არ ცნობს სახელმწიფო დაფინანსებას. ორივე მიდგომას აქვს თავისი მინუსებიც და პლუსებიც. სახელმწიფოსგან დაფინანსების მიღების პლუსი არის ის, რომ პარტიებს, რომლებსაც არ მიუწვდებათ ხელი რესურსებზე, შეექმნათ დაფინანსების გარკვეული წყარო, რითაც, ერთი მხრივ, შეეძლებათ კონკურენტუნარიან გარემოში წინასაარჩევნო კამპანიის ჩატარება და, მეორე მხრივ, არ მიეცემათ მეტი სტიმული, რომ ჩრდილოვანი დაფინანსებით აწარმოონ წინასაარჩევნო კამპანია. თუმცა ამის კონტრარგუმენტი ასეთია: ქვეყანაში, სადაც პოლიტიკური პარტიები მოსახლეობაში არ არიან პოპულარულები, ბევრი გამოკითხვა აჩვენებს, რომ ზოგადად პოლიტიკური პარტიების მიმართ საზოგადოების ნდობა არ არის მაღალი.
– ძალიან საინტერესოა, რომ ძალიან ბევრ ხმას იღებს გამოკითხვებში პოზიცია: არც ერთი პარტია ან არც ერთი პოლიტიკოსი?
– სწორედ იმაზეა ლაპარაკი, რომ პოლიტიკური პარტიებისადმი ნდობა ზოგადად ძალიან დაბალია და ხომ არ იქნება ასეთი დაფინანსება კიდევ უფრო დიდი სტიმული პარტიებისთვის, რომ აღარ ეცადონ, თავი მოაწონონ ამომრჩეველს, რომელსაც ისედაც არ მოსწონს ეს პარტიები და ისინი თვითკმარები გახდნენ იმ დაფინანსებით, რასაც სახელმწიფოსგან მიიღებენ?! ეს კიდევ უფრო ხომ არ გარიყავს პოლიტიკურ სპექტრს საზოგადოებისგან? ჩემი პირადი მოსაზრებით, დღევანდელ საქართველოში პოლიტიკური და სხვადასხვა მიზეზების გათვალისწინებით, როდესაც ერთადერთი, მმართველი პარტიის, გარდა პარტიებს თითქმის არ აქვთ შესაძლებლობა, მიიღონ დაფინანსება შემოწირულობის სახით ბიზნესის ან მოქალაქეების მხრიდან, მიმაჩნია, რომ რაღაც ტიპის დაფინანსება სახელმწიფოსგან უნდა არსებობდეს და შესაძლოა, ეს პირდაპირპროპორციული არ იყოს.
– განვმარტოთ: არ აქვს მნიშვნელობა, რამდენ პროცენტს აიღებს პარტია 5 პროცენტის ზემოთ? მაინც მილიონს მიიღებს ბიუჯეტიდან?
– თუ პარტია არჩევნებში გადალახავს 5-პროცენტიან ბარიერს, მას მისცემენ არა მილიონს, არამედ იმდენს, რამდენსაც ის დახარჯავს წინასაარჩევნო კამპანიისთვის. ამ თანხიდან 300 000 შესაძლოა, იყოს სატელევიზიო რეკლამა, დანარჩენი – სხვა ხარჯები.
– მილიონზე მეტი რომ შემოეხარჯოთ?
– მაინც მხოლოდ მილიონს მიიღებენ. მილიონი არის ზედა ზღვარი. ჩვენთვის აქ პრობლემაა ამ თანხის მიღების ფორმა. მაგალითად, ჩვენ ვიცით, რომ დღეს პარტიების მთავარი პრობლემაა დაფინანსების არარსებობა, სწორედ იმიტომ, რომ, როგორც პარტიები ამბობენ, ფიზიკურ და იურიდიულ პირებს ეშინიათ და არ სწირავენ მათ თანხას. მიჩნდება კითხვა: რა შეიცვლება პარტიების დაფინანსებაში ახალი ცვლილებით? რატომ შესწირავენ მოქალაქეები და ბიზნესმენები ფულს პარტიებს მხოლოდ იმის გამო, რომ ისინი 5-პროცენტიანი ზღვრის გადალახვის შემთხვევაში, ბიუჯეტიდან დაფინანსდებიან?! ამ კითხვაზე ჩვენ მივიღეთ ასეთი პასუხი: პარტიები დაფინანსებას კერძო და იურიდიული პირებისგან კი არ მიიღებენ, არამედ აიღებენ საბანკო კრედიტს. ჩვენ ეს ცოტა უცნაურად მოგვეჩვენა, რადგან ბანკი კერძო სტრუქტურაა და მას სჭირდება გარანტიები.
– რა თქვეს, რას ჩადებენ სესხის გარანტიად?
– მათ თქვეს, რომ მხარდამჭერები და პარტიის წევრები თავიანთ უძრავ ქონებას ჩადებენ გარანტიად. ასეთი რამ ჩემთვის დამაჯერებელი არ არის.
– ძალიან კომიკურიცაა, ჩემი აზრით.
– დიახ და ყველა კითხვაზე, რომლებიც გაგვიჩნდა, დამაჯერებელი პასუხი ვერ მივიღეთ. ასე რომ, ისევ რჩება კითხვის ნიშანი, რადგან პარტიებს, რომლებსაც ზოგადად აქვთ ფულის მოძიების პრობლემა წინასაარჩევნოდ, ისევ რჩებათ ეს პრობლემა. როგორ მოიძიებენ ფულს წინასაარჩევნოდ მხოლოდ იმის გამო, რომ არჩევნების შემდგომ 5-პროცენტიანი ბარიერის გადალახვის შემთხვევაში, ექნებათ ამ თანხის გადახდის შესაძლებლობა?!
– თუ ვერ გადალახეს 5-პროცენტიანი ზღვარი, ესე იგი, პარტიის წევრები დაკარგავენ თავიანთ უძრავ ქონებას პარტიული იპოთეკით დატვირთულს?
– სწორედ ესაა საქმე: თუ ვერ გადალახეს, მაშინ პარტიის ეს წევრები უძრავ ქონებას დაკარგავენ, მაგრამ არის მეორე ვარიანტიც: ისევ მოქმედებს ბიუჯეტიდან იმ პარტიების დაფინანსების სქემა, რომლებსაც გადალახული აქვთ საპარლამენტო და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში საარჩევნო ბარიერი. ისმის კითხვა: შეუძლიათ თუ არა მათ იმ თანხის დახარჯვა წინასაარჩევნო კამპანიისთვის აღებული კრედიტის დასაფარავად, თუ ვერ გადალახავენ 5-პროცენტიან ზღვარს? რეალურად ასეთი აკრძალვა კანონში არ არის და ამიტომ შეიძლება, მივიღოთ ასეთი სურათი. ჩემთვის პირადად ეს საკითხი საკმაოდ ბუნდოვნად დარჩა და იმდენად ბევრი პასუხგაუცემელი კითხვა იყო, რომ ამ ახალ ინიციატივას მეტი რეგულირება უნდა ჰქონდეს.
– როგორც მივხვდი, თავად ის ოპოზიციური პარტიები, რომლებიც მუშაობენ უმრავლეოსობასთან საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე, კმაყოფილი არიან მილიონიანი დაფინანსების პერსპექტივით?
– როდესაც სარედაქციო ჯგუფის შეხვედრას დავესწარით, ჩვენ სამუშაო შეხვედრა გვეგონა, მაგრამ რეალურად ეს იყო რედაქტირება. ისინი სარედაქციო შენიშვნებს იღებდნენ მიღწეულ შეთანხმებაზე და ერთი რამ იყო თვალშისაცემი: პარტიები ყველაზე დიდი ენთუზიაზმით საუბრობდნენ დაფინანსების საკითხზე. იყო ლაპარაკი, რომ, როდესაც წინასაარჩევნოდ პარტია უბანზე იღებს 50 ლარს ერთი დამკვირვებლისთვის, შედის თუ არა ამ თანხაში საშემოსავლო, რადგან მაშინ ეს თანხა ძალიან მცირეა. მომეჩვენა, ეს იყო ვაჭრობა კონკრეტულ დაფინანსებასთან დაკავშირებით, რომ პარტიამ, რაც შეიძლება, მეტი მიიღოს წინაასარჩევნოდ ან არჩევნების პერიოდში სახელმწიფოსგან.
– გავაკეთებ განმარტებას: ლაპარაკია გადასახადების გადამხდელების, ანუ ამომრჩევლების მიერ შევსებული ბიუჯეტიდან თანხის განაწილებაზე.
– სწორედ ესაა საქმე: რეალურად ეს არის თანხა, რომელიც უნდა წავიდეს ამომრჩევლისგან და საკამათოა, რამდენადაა მოწადინებული მოსახლეობა, დამატებითი თანხები გამოუყოს პარტიებს დასაფინანსებლად. მაგრამ იქ მიდიოდა მსჯელობა, თუ რამდენი იქნება დაფინანსება და როგორ განაწილდება, როდის მოხდება გადახდა, ვინ უნდა აანაზღაუროს ბუღალტრის თანხები, ვინც ეს თანხა უნდა დაარიგოს და ასე შემდეგ. თვითონ ეს შეთანხმება ჩემთვის პირადად, არის პარტიებს შორის მიღებული კომერციული გარიგება. როგორც გითხარით, დაფინანსების გარდა, არის მიღწეული კიდევ რამდენიმე შეთანხმება, თუმცა რამდენიმე მთავარი პრობლემა ისევ არ არის მოგვარებული. ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი პარტიების დაფინანსებას ეხება.
ორიოდ სიტყვა მინდა, ვთქვა შემოწირულობებზე: ვერ ვხვდები, რამდენად ეხმიანება ოპოზიციური პარტიების პრობლემებს შემოწირულობების მაქსიმალური ზღვრის გაორმაგება, იმიტომ რომ ჩვენ ვაკეთებდით პარტიების დაფინანსების მონიტორინგს და თითქმის არც ერთ ოპოზიციურ პარტიას არ აქვს მიღებული შემოწირულობა იურიდიული პირებისგან, იგივე სურათია ფიზიკურ პირებთან დაკავშირებითაც. 30 000 ლარის შემოწირულობა ფიზიკური პირისგან მხოლოდ რამდენიმე პარტიას აქვს მიღებული და ასეთია ერთეული შემთხვევები. მე მიკვირს, რატომ გახდა ეს საკითხი ასეთი მნიშვნელოვანი და აქტუალური და როგორ დაეხმარება ის ოპოზიციას თანხების მოზიდვაში: როდესაც აქამდე არსებული შემოწირულობების მიღებაც კი უჭირდათ, გაორმაგება რატომ მისცემს სტიმულს იურიდიულ და ფიზიკურ პირებს, რომ მეტი თანხა შესწირონ ოპოზიციურ პარტიებს?!
– უცხოეთში როგორია შემოწირულობების მაქსიმალური ზღვრები?
– დღევანდელი კანონითაც კი, შემოწირულობების ჩვენთან არსებული ზედა ზღვარი გაცილებით იმაზე დიდია, ვიდრე ნებისმიერ განვითარებულ ქვეყანაში. მაგალითად, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და კანადაში ფიზიკური პირებისგან შემოწირულობების მაქსიმალური ზღვარია 1 000 და 1 600 დოლარი, ჩვენთან კი – 30 000 ლარი. მე ნამდვილად არ ვიცი ყველა ქვეყნის სტატისტიკა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, არათუ პირველ ხუთეულში, მსოფლიოში პირველ ადგილას ვართ ფიზიკური პირებისგან შემოწირულობის ზედა ზღვრის მაჩვენებლით. ექსპერტებისა და საქმეში ჩახედული ადამიანების აზრით, როდესაც ასე იზრდება ხოლმე ფიზიკური პირებისგან შემოწირულობები, არის საშიშროება იმისა, რომ აქ არაგამჭვირვალე თანხები მოხვდეს.
– ფულის გათეთრების საშუალება გახდეს?
– დიახ, ასეც შეიძლება, ითქვას, რადგან ფიზიკური პირები კომპანიებისგან განსხვავებით, არიან ინდივიდები. წინა არჩევნებზე გადავამოწმეთ ეს საკითხი, მივედით იმ ადამიანებთან, რომელთა სახელი და საიდენტიფიკაციო მონაცემები იყო დაფიქსირებული 30 000 ლარის შემომწირველებად. ჩვენ მივადექით ადამიანებს, რომლებიც ცხოვრობენ გარეუბნებში, სოფლებში და ბევრგან გვიპასუხეს, რომ საერთოდ არ იცოდნენ ასეთი რამის შესახებ. ზოგმა მათგანმა თქვა, რომ 30 000 ლარი მათი წლიური ბიუჯეტიც კი არ არის. იმისთვის, რომ ოჯახმა 30 000 ლარი გაიღოს პოლიტიკური პარტიისთვის, მისი შემოსავალი საკმაოდ დიდი უნდა იყოს და ამ ფონზე ამ თანხის გაორმაგება კი ახალი ინიციატივით, კიდევ უფრო უცნაურია.
– ჩამოვაყალიბოთ: პოლიტიკური პარტიები კვლავ მიიღებენ ყოველწლიურად უკვე არსებულ დაფინანსებას ბიუჯეტიდან, იმ ფაქტიდან გამომდინარე, რომ ან საპარლამენტო არჩევნების ბარიერი გადალახეს, ან ადგილობრივი თვითმმართველობის და დამატებით წინასაარჩევნო ხარჯებსაც, მილიონ ლარამდე, აანაზღაურებს ბიუჯეტი, თუ ისინი გადალახავენ 5-პროცენტიან ზღვარს?
– დიახ. დღეს არის ორი ტიპის სახელმწიფო დაფინანსება: ერთი ბიუჯეტიდან პირდაპირ გადარიცხული თანხა პარტიებისთვის, რომლებმაც გადალახეს 4-პროცენტიანი ბარიერი საპარლამენტო არჩევნებში და 3-პროცენტიანი ბარიერი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, ოღონდ ეს დაფინანსება პირდაპირპროპორციულია მიღებული ადგილებისა და მეორე, პარტიები იღებენ დამატებით დაფინანსებას პარტიის განვითარებისთვის, იგულისხმება ტრენინგები, სემინარები და ამ დაფინანსების ოდენობა არ არის მთლად პირდაპირპროპორციული მიღებული ადგილებისა. მიმაჩნია, რომ ერთადერთი რამ უნდა გაკეთებულიყო: პარტიებს ბიუჯეტიდან დაფინანსება უნდა მიეღოთ არა პირდაპირპროპორციულად, როგორც დღეს არის და რეალურად მხოლოდ მმართველი პარტია იღებს მილიონიან დაფინასებას, დანარჩენები – ათეულ ათასიანს და მხოლოდ ორი პარტიის დაფინანსება ადის 100 000-მდე, არამედ ეს პროპორცია ნაკლებად ყოფილიყო ასახული, რომ დაბალი პროცენტის მქონე პარტიებს უფრო მეტი თანხა მიეღოთ პარტიის გასავითარებლად. მაგრამ, როგორც გითხარით, ეს ფორმულა იგივე დარჩა და მას დაემატა წინასაარჩევნო ხარჯებისთვის მილიონ ლარამდე დაფინანსების შესაძლებლობა.
– ყველა დონის არჩევნების წინასაარჩევნო კამპანიის ხარჯი ფინანსდება?
– წინასაარჩევნო კამპანიის დაფინანსება იგულისხმება ყველა არჩევნებზე.
– უცნაური არ არის, რომ საპარლამენტო არჩევნებში გამსვლელია 4 პროცენტი, ადგილობრივში – 3 პროცენტი, მაგრამ მილიონამდე დაფინანსების მიღების პერსპექტივა აქვს მხოლოდ 5 პროცენტის გადამლახავებს?
– საქმეც ის არის, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსა და პარლამენტში მოხვედრის ზღვარი არ ემთხვევა დაფინანსების ზღვარს. შეიძლება, პარტია მოხვდეს პარლამენტში ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოში, მაგრამ ვერ მიიღოს ის მილიონიანი დაფინანსება. ეს საკითხები ერთმანეთთან კავშირში არ არის.

скачать dle 11.3