რა დათვურ სამსახურს უწევს თანამდებობის პირთა ახალგაზრდა ასაკი დასაქმების მსურველ ახალგაზრდებს
დასაქმების პრობლემა, ბუნებრივია, მოსახლეობის ყველა ასაკობრივი ჯგუფისთვისაა აქტუალური. თუმცა ამჯერად, ძირითადად, ახალგაზრდების, უფრო ზუსტად, 15-დან 25 წლამდე ასაკობრივი ჯუფის წარმომადგენლების დასაქმების საკითხს შევეხებით, იმ მარტივი მიზეზით, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც, ალბათ, ახალგაზრდების დასაქმების პერსპექტივაა. რა მდგომარეობაა ამ მხრივ ჩვენს ქვეყანაში; რა ინტენსივობით გაედინებიან ან, საერთოდაც, თუ გაედინებიან ახალგაზრდა კადრები ქვეყნიდან; რა როლს ასრულებს დასაქმებაში ახალგაზრდის განათლების ცენზი, – ამ მნიშვნელოვან და აქტუალურ თემაში ეკონომიკის ექსპერტი იოსებ არჩვაძე გაგვარკვევს.
– დავიწყოთ იმით, თუ როგორია დასაქმების მაჩვენებელი ჩვენს ქვეყანაში 25 წლამდე ახალგაზრდების ასაკობრივ ჯგუფში?
– სტატისტიკა გვეუბნება, რომ ახალგაზრდების დასაქმების დონე რამდენადმე უარესია, ვიდრე საშულოდ დასაქმების დონე ქვეყანაში. უფრო ზუსტად, უმუშევრობის დონე ახალგაზრდებში უფრო მაღალია, ვიდრე საშუალოდ ქვეყანაში და, მით უფრო, მაღალ ასაკობრივ ჯგუფებში. ამას რამდენიმე მიზეზი აქვს: ახალგაზრდას, რომელსაც უნდა შესვლა შრომით ურთიერთობებში, უწევს კონკურენციის გაწევა, მას სჭირდება ნაცნობების წრე, უნარ-ჩვევები და ბევრი წმინდა წყლის ორგანიზაციული, ადმინისტრაციული და ფსიქოლოგიური მომენტის გათვალისწინება, ამიტომ ეს პროცესი შედარებით ნელა მიმდინარეობს ახალგაზრდა ასაკში, სანამ ისინი ალღოს აუღებენ სიტუაციას.
– ეს მიზეზები ზოგადია თუ უბრალოდ ჩვენი ქვეყნის სპეციფიკაა?
– იგივე ვითარებაა სხვა ქვეყნებშიც. მაგალითად, შემიძლია, გითხრათ, რომ ევროკავშირში, რომელიც ჩვენთვის სამაგალითოა – ყოველ შემთხვევაში, პირველი პირების კაბინეტებში ევროკავშირის დროშა ფრიალებს და, ამდენად, ჩვენ არა მხოლოდ დეკლარაციულად უნდა ვესწრაფოდეთ, არამედ რეალურად ვბაძავდეთ ჩვენი ცხოვრების წესით ევროკავშირის ქვეყნებს – უმუშევრობის დონე 9,9 პროცენტია. მათ შორის, 25 წლიდან ასაკობრივ ჯგუფებში უმუშევრობის დონე 8,1 პროცენტია, ხოლო 15-დან 25 წლამდე ახალგაზრდებში კი – 26 პროცენტი. ანუ, დაახლოებით, ორნახევარჯერ მაღალია. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა ესპანეთში, სადაც ახალგაზრდებში უმუშევრობის დონე 44 პროცენტია. შედარებით დაბალია იგივე მაჩვენებელი ნიდერლანდებში – 6,9 პროცენტი და გერმანიაში – 7,7 პროცენტი. საერთოდ, ესპანეთში უმუშევრობის დონე საქართველოსთან შედარებით პროცენტულად მაღალია, თუმცა იქ თვისებრივად განსხვავებული სიტუაციაა. ასევე, უმუშევრობის მაღალი დონეა ახალგაზრდებში საბერძნეთში, სლოვაკეთსა და ლიტვაში. საქართველოში, ზოგადად, უმუშევრობის დონე 16,3 პროცენტია. 35 წელს გადაცილებულთა შორის კი ეს მაჩვენებელი 14 პროცენტზე ნაკლებია, ხოლო ახალგაზრდებში, 15-დან 25 წლამდე, საკმაოდ დიდი – 36,4 პროცენტი. თანაც, უნდა გავითვალისწინოთ, რომ უმუშევრობის დონის განსაზღვრისას, უმუშევართა კატეგორიას არ მიეკუთვნება თვითდასაქმებული, რომელიც საკუთარი შიშისა და რისკის ფასად ეწევა საქმიანობას. თუ მათაც მივიღებთ მხედველობაში, აღმოჩნდება, რომ ერთ დაქირავებით დასაქმებულზე, დაახლოებით, ხუთამდე თვითდასაქმებული მოდის 15-დან 25 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში, შესაბამისად, თუ რეალურად შევხედავთ სიტუაციას, უმუშევრობის დონე 36 პროცენტზე მაღალიც აღმოჩნდება. ამას, ბუნებრივია, ემატება ის, რომ ბევრი ახალგაზრდა ცდილობს, წავიდეს უცხოეთში.
– რას ამბობს სტატისტიკა, რამდენი ახალგაზრდა, 15-დან 25 წლამდე, გადის ქვეყნიდან და უმეტესად რა მიზნით: პროფესიით დასასაქმებლად თუ მუშად? ეს მნიშვნელოვანია, რადგან ახალგაზრდის შემთხვევაში, ალბათობა მეტია იმისა, რომ უკან აღარ დაბრუნდეს.
– სტატისტიკური მონაცემები ზოგადია და არ აკონკრეტებს ასაკობრივ ჯგუფებს. ასეთი გამოკვლევა 2000-იანი წლების დასაწყისში ჩატარდა და ამის შემდეგ, ფაქტობრივად, არ შეცვლილა ვექტორი. ლაპარაკი იყო შედარებით ფართო ასკობრივ ჯგუფზე – 20-დან 50 წლამდე – და ამ ასაკობრივ ჯგუფში გასულთა რაოდენობის ინტენსივობა ორნახევარჯერ მაღალი იყო, ვიდრე შესაბამისი ასაკის მოსახლეობის წილი საერთო რაოდენობაში. მაგალითად, თუ გასული იყო მოსახლეობის 40 პროცენტი, მათ შორის 20-დან 50 წლამდე ასაკის ადამიანების წილი 84 პროცენტს აღწევდა. თუმცა შეიძლება, ითქვას, რომ სიტუაცია გამოსწორებისკენაა. ყოველ შემთხვევაში, ბევრი რამ სიმპტომურია.
– ცნობილია, რომ სახელმწიფო სტრუქტურებში მოთხოვნაა, ძირითადად, 35 წლამდე ასაკის კადრებზე და ეს ბოლო წლების სტაბილური ტენდენციაა. ამან არ მოახდინა გავლენა ახალგაზრდების დასაქმების მაჩვენებელზე?
– ჩავხედოთ სტატისტიკას და გადავხედოთ ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით უმუშევრობის დონეს: დაქირავებით დასაქმებულთა წილი დასაქმებულთა საერთო რაოდენობაში 25 წლამდე ახალგაზრდებში მესამედზე ოდნავ ნაკლებია – 32,3 პროცენტი. ეს მაჩვენებელი ოდნავ ჩამორჩება ქვეყნის საშუალო მაჩვენებელს, მაგრამ მინდა, გითხრათ, რომ 35 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში საკმაოდ მაღალია დაქირავებით დასაქმებულთა წილი დაქირავებით დასაქმებულთა საერთო რაოდენობაში. მაშინ, როდესაც მაღალ ასაკობრივ ჯგუფებში ეს მაჩვენებელი მკვეთრად ეცემა და შემიძლია, გითხრათ, რომ 55 წელს გადაცილებულთა შორის ორი თვითდასაქმებული მოდის ერთ დაქირავებით დასაქმებულზე; 65 წელზე გადაცილებულებში კი ამაზე ლაპარაკიც ზედმეტია: ერთ დაქირავებით დასაქმებულზე შვიდი თვითდასაქმებული მოდის.
– მაგრამ 65 წელს ზემოთ ხომ უფრო უჭირთ ფიზიკური სამუშაოს შესრულება?
– რა თქმა უნდა და ამიტომ შემოსავლების მოცულობაც გაცილებით ნაკლებია. თუ გადავხედავთ ბოლო სამი-ოთხი წლის მონაცემებს, ასეთი სიტუაცია გამოიკვეთება: 2007 წელთან შედარებით 59 წლამდე ასაკის მოქალაქეებს შორის ახალგაზრდებში დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა გაიზარდა.
– კერძო თუ სახელმწიფო სექტორში?
– ეს არ არის გამოკვეთილი, მაგრამ ფაქტია, რომ 24,4 პროცენტითაა გაზრდილი 25 წლამდე ახალგაზრდების დასაქმების მაჩვენებელი ბოლო ოთხ წელიწადში, მაშინ, როდესაც უფროს ასაკობრივ ჯგუფებში დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა შემცირდა. ესე იგი, პროპორციები იზრდება ახალგაზრდების სასარგებლოდ და ეს გამოიხატება იმ ხელფასის ფონდში, რომელსაც ისინი იღებენ. კერძოდ, თუ, საშუალოდ, უფროსი ასაკის ჯგუფის წარმომადგენლების ხელფასი გაიზარდა ერთნახევარჯერ, 25 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში გაიზარდა 2,1-ჯერ. ანუ ამ ასაკობრივ ჯგუფში იზრდება დასაქმებულთა რაოდენობაც და საშუალო ხელფასიც.
– რას მიიჩნევთ ამის მიზეზად?
– ვიცით, რომ ახალგაზრდები უფრო იოლად ითვისებენ პროგრესულ სპეციალობებს, ინფორმაციულ ტექნოლოგიებს, ისინი უფრო აქტიურად არიან ჩართული საბანკო სექტორში, რიგ სხვა, ეპოქის შესაბამის, საქმიანობებში და მათთვის ანაზღაურების სიდიდეც უფრო მაღალია. ანუ ეს პროპორციები თანდათანობით ახალგაზრდობის სასარგებლოდ იზრდება.
– ეს ტენდენციაც ზოგადია?
– განსაკუთრებით საქართველოში შეინიშნება, თუმცა მაინც ზოგადი ტენდენციაა მსოფლიოში, რადგან ცოდნა და ახალი უნარ-ჩვევები ახალგაზრდებს უფრო ეიოლებათ, ვიდრე ძველგაზრდებს. მაგალითად, შარშან საფრანგეთში დიდი გამოსვლები იყო საპენსიო ასაკის ორი წლით გაზრდასთან დაკავშირებით. ყველაზე აქტიურად გამოდიოდნენ ახალგაზრდები. თითქოს პარადოქსია – რატომ ახალგაზრდები, როდესაც მათ პენსიაზე გასვლა ძალიან დიდი ხნის შემდეგ მოუწევთ? მაგრამ, რეალურად, თუ საპენსიო ასაკი გადაიწევს, მაშინ სამუშაო ადგილების გამოთავისუფლების პროცესიც შეჩერდება და იმ ახალგაზრდებს, რომლებიც შრომის ბაზარზე აპირებენ შესვლას, შეუმცირდებათ სამუშაოს მოძებნის შანსი. ამიტომაც გამოხატავდნენ ისინი პროტესტს საპენსიო ასაკის გაზრდის გამო. ჩვენთან ამ მიმართულებით ცოტა ილუზიური დამოკიდებულებაა: თუ არის ახალგაზრდა მინისტრი ან დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ყველა ახალგაზრდას ჰგონია, რომ ჯეკპოტს მოხსნის, როგორც ლატარიაში და ხვალ, რომ დაამთავრებს მაგისტრატურას, შეეძლება, გახდეს მინისტრი თუ არა, დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მაგრამ რეალურად ასეთი მომხიბვლელი და მაღალი ანაზღაურების სამსახურის ადგილები შეზღუდულია. ასე რომ, ორიენტაცია მხოლოდ იმაზე, რომ, თუ კარგად ისწავლი, აუცილებლად სახელმწიფო მინისტრი გახდები, არასწორია. კონკრეტული საქმიანობით და ამ მიმართულებით უნდა შეძლოს ახალგაზრდამ საკუთარი კეთილდღეობის უზრუნველყოფა.
– რაკი „საქსტატი“ ისეთ სქემებს აქვეყნებს, რომლებშიც პირადად მე, ვერაფრით ვერკვევი, სხვა გზას მივმართე: საშუალო ხელფასი გადავამრავლე დასაქმებულთა რაოდენობაზე, მივუმატე პენსიონერთა პენსიების საერთო რაოდენობაც, შემდეგ გავყავი საარსებო მინიმუმზე და ორი მილიონი ადამიანი დამრჩა საარსებო მინიმუმის გარეშე.
– არ უნდა დაგვავიწყდეს რამდენიმე ასეული ათასი შრომითი მიგრანტი, რომლებიც აგზავნიან თანხებს. ერთხელ ამ თანხამ მიაღწია მილიარდ ამერიკულ დოლარს და წელსაც, ალბათ, რეკორდული მაჩვენებელია მოსალოდნელი.
– რატომ?
– ისეთი ტენდენციაა თვეების მიხედვით, რომ, როგორც ჩანს, ჩვენ უკვე მეორედ დავძლევთ ამ მილიარდიან მიჯნას.
– პირველად როდის დავძლიეთ, შევახსენოთ მკითხველს?
– 2008 წელს, ომის შემდეგ, როდესაც ბევრი შრომითი მიგრანტი აპირებდა რუსეთიდან თანხების რეპატრიაციას და თვითონაც სამშობლოში დაბრუნებას. აგვისტოს ომის შემდეგ იმატა გადმორიცხვებმა, თუმცა შემდგომ წლებში დაიკლო, მაგრამ 900 მილიონზე ნაკლები არასდროს ყოფილა.
– ახლა რით იხსნება ფულადი გზავნილების სარეკორდო მაჩვენებელი?
– იმავე რუსეთის ფაქტორის გათვალისწინებით: ჩვენი შრომითი მიგრანტების ნახევარზე მეტი რუსეთზე მოდის და თანაც, რუბლის კურსი გამყარდა ამერიკულ დოლართან მიმართებაში.
– რუსული ვალუტის გამყარებამ ჩვენც გვახეირა?
– შეიძლება, ასეთ ითქვას: თუ კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 32-33 რუბლი იყო, ჩამოვიდა 27-28 რუბლზე და გამოვიდა, რომ ერთი და იმავე ხელფასისა და შემოსავლის პირობებში, დოლარის განზომილებაში თანხა გაიზარდა, რამაც გაზარდა ფულადი გზავნილების ოდენობაც. მსოფლიოში ყველაფერი ერთმანეთთანაა დაკავშირებული.
– ისევ ახალგაზრდების დასაქმებას რომ დავუბრუნდეთ: ტენდენციაა ზრდისკენო, მაგრამ ციფრებით როგორ გამოიხატება ეს ტენდენცია?
– ჩვენ, საერთო ჯამში, გვყავს 618 000 დაქირავებით დასაქმებული და ეს რაოდენობა არ იცვლება. მათ შორის ახალგაზრდები, 15-დან 25 წლამდე, 50 000-ია. მე გითხარით, რომ ეს მაჩვენებელი ბოლო წლებში გაიზარდა თითქმის მეოთხედით და წინა წლებთან შედარებით საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია, მაგრამ რაც შეეხება დინამიკას: 15-დან 25 წლამდე ჩვენ ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობა გვყავს 206 000, ეკონომიკურად არააქტიური – 336 000. ამ ფონზე 50 000 დაქირავებით დასაქმებული არ არის ის მაჩვენებელი, რომელსაც რეალური გარდატეხის შეტანა შეუძლია. 206 000-დან 50 000 მეოთხედზე ნაკლებია, რაც იმას ნიშნავს, რომ დანარჩენი ახალგაზრდები სამსახურის გარეშე რჩებიან, ამიტომ მათთვის საჭიროა ახალი, დამატებითი პირობების შექმნა. ის, რაც ხდებოდა ბრიტანეთში, არა მხოლოდ პოლიტიკური პრობლემების შედეგია, არამედ მეტისმეტი ლიბერალიზმისა და სამსახურის არქონის შედეგიც. როდესაც ადამიანს და განსაკუთრებით ახალგაზრდას, არ აქვს საინტერესო სამსახური ან რეალიზაციის სფერო, ის პირველივე შემხვედრი საქმით დაკავდება. ამიტომ, თუ სამუშაო ადგილები არ არის, ახალგაზრდების ინტერესების შესაბამისად, საქმიანობის ისეთი ფორმები მაინც უნდა მოიძებნოს, რომლებიც მათ ენერგიასა და ინტერესს დააკმაყოფილებს.
– რომ ჭარბი ენერგია აგრესიაში არ გადაეზარდოთ.
– სუბლიმაცია უნდა მოხდეს მათი ენერგიის. ეს პრობლემა არსებობს ნებისმიერ საზოგადოებაში, განურჩევლად განვითარების დონისა და მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობისა.
– სქესთა მიხედვით როგორია დასაქმების მაჩვენებელი ახალგაზრდებს შორის?
– მონაცემები ზოგადია და არ კონკრეტდება ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით. თუმცა მამაკაცებს შედარებით მაღალი ხელფასი აქვთ, ვიდრე ქალებს.
– იმიტომ რომ მამაკაცებს უფრო მაღალი თანამდებობები უჭირავთ?
– მამაკაცებს უფრო მაღალი თანამდებობები აქვთ. ბოლო მონაცემებით, მამაკაცის საშუალო ხელფასია 786 ლარი, ქალების, იმავე პერიოდში – 457 ლარი. ანუ ქალების ხელფასი მამაკაცების ხელფასის 58,1 პროცენტია. სხვათა შორის, ცოტა გაიზარდა, რადგან მახსოვს მხოლოდ 51-52 პროცენტს შეადგენდა. თუმცა საბჭოთა პერიოდში ქალების ხელფასი მამაკაცების ხელფასის 72 პროცენტს შეადგენდა. რაც შეეხება სხვა მონაცემებს: 15-დან 59 წლის ჩათვლით, ეკონომიკურად აქტიური 777 000 ქალია დასაქმებული და – 851 000 მამაკაცი. სულ ეკონომიკურად აქტიური 908 000 ქალი გვყავს და მილიონ 37 ათასი მამაკაცი.
– ქალები ჭარბობენ?
– არა, სამუშაო ძალის მიღმა ქალების რაოდენობაა 728 000 და მხოლოდ 355 000-ია მამაკაცი. ანუ ქალების საერთო რაოდენობა მაინც მეტია. კერძოდ, კაცი გვყავს დაახლოებით მილიონ 400 000-ზე ნაკლები და ქალი მილიონ 600 ათასზე მეტი. ამ ასაკის მოსახლეობის უფრო ზუსტ ციფრს აღწერა მოგვცემს, მაგრამ მის ჩატარებას საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ აპირებენ. უკეთეს შემთხვევაში, 2014 წელს ჩატარდება, თუმცა კარგი იქნებოდა, 2011 ჩატარებულიყო, მაგრამ შესაბამისი სახსრები ვერ მოიძიეს.
– ყველაზე კარგად დასაქმებული რომელი ასაკობრივი ჯგუფია?
– ითვლება, რომ 65 წელს გადაცილებულები, მაგრამ მათი წილი საერთო რაოდენობაში ნაკლებია და ამიტომ ამ მონაცემით ვერ ვიმსჯელებთ. ჩვენთან დაქირავებით დასაქმებულთა წილი ახალგაზრდებში იმავე დონეზეა, რაც საშუალოდ ქვეყანაში, თუმცა უმუშევრობის დონე საკმაოდ მაღალია სწორედ 25 წლამდე ახალგაზრდებში და ის საშუალო მაჩვენებელს სამჯერ აღემატება. საერთოდ, 25 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის წილი 35 პროცენტის დონეზეა, 25 წელს ზემოთ – ორჯერ მეტია, 69 პროცენტის დონეზე. ამის მიზეზი ის არის, რომ ახალგაზრდების დიდი ნაწილი არ მიეკუთვნება სამუშაო ძალას.