შეყანყალებულები
„მოჩქარეს მოუგვიანდესო“
მთლად ისეც არა, როგორც იაპონია, თუმცა, გასულ კვირას დედამიწამ ჩვენც შეგვაყანყალა. მართალია, მიწისძვრის ეპიცენტრი რაჭაში იყო (5,5 მაგნიტუდის სიმძლავრით), მაგრამ ბიძგები ლეჩხუმსა და სვანეთშიც იგრძნობოდა (შედარებით მცირე სიმძლავრის). ჩვეულებისამებრ, დედამიწის რყევას მსხვერპლი და ნგრევა არ მოჰყოლია (როგორც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, მხოლოდ წინა მიწისძვრისგან დაზიანებული სახლები დაინგრა, ისე, რომ შეკეთებაც ვერ მოესწრო და შესაბამისად, თანხებიც დაიზოგა).
ასეა თუ ისე, სეისმოლოგებმა დაგვამშვიდეს, რომ, თუმცა რაჭაში მიწისქვეშა ბიძგები კიდევ რამდენიმე დღეს გაგრძელდებოდა, საშიში მაინც არაფერი იყო. ამის პარალელურად კი, თავადაც გაეშურნენ რაჭისკენ, ბუნებრივია, შესაფერისი ხელსაწყოებით აღჭურვილები. სხვათა შორის, მეტად აქტუალური – რაჭაში სეისმოლოგიური მდგომარეობის შესწავლის – მიზნით!
თუ გავიხსენებთ, რომ, ჯერ ერთი, რაჭა სეისმურად აქტიური რეგიონია და, რაც მთავარია, მიწისძვრებიც არაერთხელ მომხდარა (მათ შორის დამანგრეველ-მსხვერპლიანიც), ისმის კითხვა: ვითომ, ურიგო იქნებოდა, ამ ჩვენს გეოლოგებს თადარიგი წინასწარ დაეჭირათ და რაჭის სეისმოლოგიური მდგომარეობა უკვე შესწავლილი ჰქონოდათ?! თუ, რა თქმა უნდა, თვით ასეთი ექსტრემალური ბუნებრივი მოვლენის შემსწავლელი სპეციალისტებიც კი არ ხელმძღვანელობენ (თუმცა, ამ შემთხვევაში ფრიად უადგილო) პრინციპით: „მოჩქარეს მოუგვიანდესო“.