მე – დაქირავებული მკვლელი
უშიშროების პოლკოვნიკის ჩანაწერების მიხედვით
გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ ¹29-32(554)
ერთი კვირის შემდეგ „ძია“ რომანს ფუნიკულიორზე შევხვდი. მან ხელი ჩამომართვა, გამიღიმა და მკითხა:
– ხომ არ გადაიფიქრე სწავლა, ჩემო კოკი?
– არა, ძია რომან.
– ასეც ვფიქრობდი. მოხარული ვარ, რომ არ შევმცდარვარ. იმედია, ეს ამბავი არავისთვის გითქვამს.
– რა თქმა უნდა, არავისთვის მითქვამს, – დავუდასტურე მე.
ჩემსა და „ძიას“ შორის საუბარი ნაძვნარში მიმდინარეობდა. მოასფალტებულ გზას ფეხით, ნელ-ნელა მივუყვებოდით, რომ ჩვენთვის ხელი არავის შეეშალა.
– ესე იგი, საბოლოო პასუხი დააფიქსირე და თანახმა ხარ, რომ უშიშროების კომიტეტის სპეცსკოლაში ისწავლო? – სრულად მკითხა რომანმა და ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ჩვენი საუბარი იწერებოდა.
– დიახ, საბოლოო პასუხს ვაფიქსირებ: თანახმა ვარ, უშიშროების კომიტეტის სპეცსკოლაში ვისწავლი, – იმავე სტილში მივუგე რომანს და, თუკი მართლა გვიწერდნენ, ყველაფერი მკაფიოდ აღიბეჭდებოდა ფირზე.
რომანმა ხელკავი გამომდო, შემომატრიალა და ჩვენგან ასიოდე მეტრის მოშორებით მდებარე მანქანების სადგომიდან, სადაც რამდენიმე ათეული ავტომობილი იყო გაჩერებული, ხელით ვიღაც მოიხმო. მანქანებს შავი ფერის „ვოლგა“ გამოეყო. სანამ მოგვიახლოვდებოდა, „ძიამ“ მითხრა:
– ახლა შენს უშუალო კურატორს გაგაცნობ, რომელიც შენს მომზადებაზეა პასუხისმგებელი და არ შემარცხვინო.
რომანის ეს შინაურული „არ შემარცხვინო“, ტიპური „კაგებეშნიკური“ სტილი იყო და მას ბრწყინვალედ ფლობდა საბჭოთა უშიშროების მაიორი. „ძია“ პროფესიონალი გადამბირებელი იყო და ხელფასს ამ საქმეებში უხდიდნენ. ამ ყველაფერს მე მოგვიანებით ჩავწვდი, მაშინ, როდესაც ამ სფეროში მუშაობის საკმაო სტაჟი და გამოცდილება დამიგროვდა და თუკი ეს საქმეს სჭირდებოდა, უკვე თავადაც შემეძლო სხვების გადაბირება. მაშინ კი, მართალია მრავალჭირნახული, მაგრამ, ასეთ საქმეებში 18 წლის გამოუცდელი ყმაწვილი ვიყავი და ჩემი შეტყუება ამ იდუმალებით მოცულ სამყაროში „ძიას“ არ გასჭირვებია.
– მეცამეტეში წადი, – უთხრა მძღოლს, როდესაც მეც და რომანიც უკანა სავარძელზე მოვკალათდით.
მეცამეტე ობიექტი კოჯრის ტყეში განლაგებული „კაგებეს“ საიდუმლო-სადაზვერვო სკოლა იყო და მას უზარმაზარი მიწისქვეშა ინფრასტრუქტურა ჰქონდა. მიწის ზემოთ ის ჩვეულებრივი სალოკაციო სადგურით იყო შენიღბული, თავისთავად, საიდუმლო ობიექტად ითვლებოდა და გაძლიერებულად იცავდნენ.
კოჯორში ძალიან მალე ავედით, სალოკაციო სადგურის ტერიტორიაზე უპრობლემოდ შევედით და უზარმაზარი, კომუფლირებული ბუნკერისკენ გავემართეთ, სადაც მართვის პუნქტი იყო განლაგებული. „ვოლგამ“ ბუნკერშიც დაუბრკოლებლად შეაღწია, მართვის პუნქტს გვერდი აუარა, ორასმეტრიანი გვირაბი გაიარა და უზარმაზარ დაჯავშნულ კარს მიადგა. კარი მძიმედ გაიღო, შიგნით შევედით და ჩემ თვალწინ პროჟექტორებით გაჩახჩახებული, უზარმაზარი მიკროქალაქი გადაიშალა. იქ იყო სახლები, სკვერები, შადრევნებითა და ნამდვილი მწვანე გაზონებით. ერთი სიტყვით, ყველაფერი, რაც ნორმალურ, კეთილმოწყობილ დასახლებაში უნდა ყოფილიყო. ერთადერთი, რაც ამ მიწისქვეშა მიკრორაიონს განასხვავებდა მიწისზედა ანალოგისგან, ის იყო, რომ იქ, ქვევით, ცის მაგივრობას უზარმაზარი, ორმოცდაათი მეტრის სიმაღლის ბეტონის კარკასი სწევდა, რომელზეც უმძლავრესი პროჟექტორები იყო დამაგრებული. იქაურობა გრანდიოზულ შთაბეჭდილებას ტოვებდა და თამამად ვაცხადებ, რომ ეს მიკროქალაქი ინჟინრული ხელოვნების ნიმუში იყო და მისი აგება არაერთი ასეული მილიონი დაჯდებოდა. არანაკლებად გავოცდი, როდესაც მიწისქვეშა ქალაქის ერთ-ერთ შენობაში მეტროს სადგური დამხვდა. მე და „ძია“ ჩვეულებრივზე ვიწრო მეტროს ვაგონში ჩავსხედით, ათიოდე წუთი ვიარეთ და ერთ პატარა ბაქანზე გადმოვედით. იქიდან კი ძალიან ეშმაკურად შენიღბული გვირაბებით ვიარეთ და თავი ამოვყავით მეტროსადგურ „ლენინის მოედანზე“.
– გაოცებული ხარ, არა, ჩემო კოკი? – მკითხა „ძიამ“, როდესაც სხვა მგზავრებთან ერთად ზევით ავედით და ქუჩაში აღმოვჩნდით.
– საოცრებაა! – დაუფარავად მივუგე „ძიას“.
– სავსებით გეთანხმები, – მითხრა რომანმა და დაამატა, – აი, აქედან ივლი ხოლმე სასწავლებლად და უკანაც ამავე გზით დაბრუნდები. ჩვენი თანამშრომელი საქმის კურსშია და ის დაგაზღვევს.
– მაგარია, მართლა მაგარია, ძია რომან, – აღფრთოვანებას ვერ ვმალავდი მე, – ამხელა საიდუმლო ობიექტი როგორ ააშენეს ნეტავ?
– ჩვენ უფრო მაგარი რამეები შეგვიძლია, – სიამაყით მითხრა „ძიამ“ და დაამატა: – შენს კურატორზე რას მეტყვი, როგორ მოგეწონა?
– მე მგონი, ცუდი კაცი არ უნდა იყოს, – ვუთხარი მე, – თუმცა, რა ვიცი, ადამიანის ერთი ნახვით შეფასება ძნელია.
რომანმა სიცილით მომიგო:
– არა უშავს, მაგასაც გასწავლიან. ადამიანის ერთი ნახვით გაშიფვრა ჩვენს საქმეებში ერთ-ერთი უმთავრესი საქმეა და იმედია, სხვა რამეებთან ერთად, ამასაც კარგად აითვისებ. ისე კი, იცოდე, რომ ოლეგს მოეწონე და შენზე დიდ იმედებს ამყარებს. პოლკოვნიკმა კი ჰაერზე ლაპარაკი არ იცის და მისი სიტყვა ყოველთვის მართლდება.
„ძია“ საკმაოდ დახვეწილად და გამართულად საუბრობდა, თუმცა შიგადაშიგ „კაგებეშნიკურ“ ტერმინებსაც ურევდა და სიტყვა „გაშიფვრაც“ მათ რიგს მიეკუთვნებოდა.
– ადამიანების ერთი ნახვით გაშიფვრა, ალბათ, მტრების აღმოსაჩენად უნდა ვისწავლო, არა, ძია რომან? – ვკითხე „ძიას“.
– აღმოსაჩენად და დასამარცხებლად. აღმოჩენა ნახევარი საქმეა, მეორე ნახევარი კი მისი დამარცხებაა. საქმე სრულად უნდა გააკეთო. სანახევროდ გაკეთებას, ჯობია, მას საერთოდ არ მოჰკიდო ხელი, – მითხრა რომანმა, – შენ ის ექიმი უნდა გახდე, რომელიც სწორ დიაგნოზს დასვამს და უებარ წამალს გამოწერს, რომელსაც თვითონ დაამზადებს. ამ ყველაფერს კი შენ სპეცსკოლაში შეგასწავლიან. ოლეგი დარწმუნებულია, რომ ყველაფერ ამას საუკეთესოდ აითვისებ.
„ძია“ რომ ამ „კაგებეშნიკური“ დემაგოგიით მიტენიდა თავს, პიონერთა სასახლის კუთხეში ვიდექით. მართალია, ის ხმადაბლა და ზედმეტი ჟესტიკულაციის გარეშე მელაპარაკებოდა, მაგრამ, შინაგანი ემოცია და ანთებული თვალები უფრო მეტ დამაჯერებლობას ჰმატებდა მის სიტყვებს.
– ექიმი სიკეთეა, – განაგრძობდა ჩემს „დაბოლებას“ „ძია“, – ზოგჯერ ის ტკივილს აყენებს პაციენტს, დანას ხმარობს და ორგანოებსაც კი ჰკვეთს ხოლმე, მაგრამ, ამ ყველაფერს ხომ მისდა სასიკეთოდ აკეთებს?! ასე ვართ ჩვენც და საზოგადოებამ, ხალხმა რომ მშვიდად, ჯანმრთელად და ბედნიერად იცხოვროს, ზოგჯერ უკიდურესი, მაგრამ აუცილებელი ზომების მიღება გვიწევს. სიკეთის მსახურება იოლი საქმე არაა და დიდ მოთმინებას, ცოდნასა და ზოგჯერ სისასტიკესაც კი მოითხოვს. აი, ამ ყველაფერს შეგასწავლიან შენ იქ, და ოლეგი დარწმუნებულია, რომ შენ საუკეთესო იქნები ამ საქმეში.
პოლკოვნიკი ოლეგი ორმოცდახუთიოდე წლის ძლიერი მამაკაცი იყო და კოჯრის სპეცსკოლაში კურსანტებზე ზედამხედველობა და მათი შეფასება ევალებოდა. ოლეგის გარეშე ვერც ერთი კურსანტი ვერ მიიღებდა უშიშროებაში მუშაობის ვიზას, რაც იმას ნიშნავდა, რომ „უვიზო“ კურსანტი სიცოცხლესაც უნდა გამოსალმებოდა – მას, უბრალოდ, მოკლავდნენ, გვამს კი გაანადგურებდნენ და იმ უგზო-უკვლოდ დაკარგულთა რიგებს მიამატებდნენ, ვინც მუდმივ ძებნაშია და, რა თქმა უნდა, ვერ პოულობენ. ერთი სიტყვით, ყველა კურსანტის ბედ-იღბალი ოლეგს ებარა, მის კეთილგანწყობას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. სწავლა რომ დავიწყე, სხვებთან შედარებით, უპირატეს მდგომარეობაში აღმოვჩნდი.
ოლეგი საკმაოდ სიტყვაძუნწი კაცი იყო და იშვიათად თუ იტყოდა რამეს. ის აჩრდილივით დადიოდა მიკროქალაქში და ყველაფერს აკვირდებოდა. ხშირად ჩვენს მეცადინეობებს ესწრებოდა და უხმოდ ადევნებდა თვალს სწავლების პროცესს. ძირითადად კი პოლკოვნიკი თავის კაბინეტში იჯდა და კურსანტების მონაცემებს აანალიზებდა. თავისთან ის იშვიათად იბარებდა ვინმეს და, თუკი კურსანტს გამოიძახებდა, რამდენიმე სიტყვით, ძალიან კვალიფიციურად მიუთითებდა ხარვეზებზე, მათი გამოსწორებისკენ მოუწოდებდა და უკან უშვებდა. მე ამ მხრივაც გამიმართლა – ოლეგი სხვებზე ხშირად მიბარებდა კაბინეტში, სხვებზე მეტ დროს მითმობდა და სხვებზე მეტ სიტყვასაც იმეტებდა ჩემთვის. თუკი დანარჩენ კურსანტებს „თქვენობით“ ელაპარაკებოდა, მე „შენობით“ მომმართავდა და მეტყოდა ხოლმე:
– ყოჩაღ, კოკი! შენ არც ამჯერად გაქვს სუსტი მხარეები მეცადინეობაში და გილოცავ...
ერთხელ ოლეგმა თავის კაბინეტში გამომიძახა.
– შემოდი, შემოდი, აი, აქ დაჯექი, – პოლკოვნიკმა სავარძელზე მიმითითა, რომელიც კაბინეტის კუთხეში, პატარა მაგიდასთან იდგა, – ჩაის დალევ თუ ყავას? – მკითხა და გამიღიმა.
– ყავას, – მივუგე გაოცებულმა, რადგან ასეთი რამ პოლკოვნიკის კაბინეტში წარმოუდგენლად მიმაჩნდა. მან კი უფრო მეტად გამაოცა, როდესაც თვითონ მოამზადა ყავა, საკუთარი ხელით მომართვა და მითხრა:
– მიირთვი, მოგეწონება, ნამდვილი ბრაზილიურია.
ყავა მართლაც მშვენიერი იყო და სერგოსთან დალეულს სჯობდა, თუმცა, ილიას ყავასთან ახლოსაც ვერ მივიდოდა:
– ძალიან გემრიელია.
– ახლა კი საქმე, – მითხრა ოლეგმა, ყავა რომ დავლიე, – ერთი კვირაც და, საბჭოთა უშიშროების ერთ-ერთი საუკეთესო ოპერმუშაკი იქნები. სიმართლე რომ გითხრა, შენთან მტრობას არ ვისურვებდი...
სიტყვა „ოპერმუშაკი“ თანამედროვე სპეცაგენტს ნიშნავდა „კაგებეში“, ხოლო პოლკოვნიკის ფრაზა კი საბედისწერო გამოდგა, რადგან ის წლების მერე ამერიკის შეერთებულ შტატებში გაიქცა და მისი ლიკვიდაცია სწორედ მე დამავალეს.
კარგად მახსოვს, ივლისი იწურებოდა, მე და მერი შვილებთან ერთად სოჭში ვისვენებდით სერგო ორჯონიკიძის სახელობის სანატორიუმში. სულ რაღაც სამი დღე იყო გასული, როდესაც ჩვენი ოთახის კარზე კაკუნი გაისმა. მერი ქალაქში იყო წასული სასეირნოდ ბავშვებთან ერთად, მე კი სავარძელში ვიყავი მოკალათებული და ტელევიზორს ვუყურებდი. კარი რომ გავაღე, ზღურბლზე მდგარი მოღიმარი მამაკაცი დავინახე, რომელმაც მითხრა:
– თქვენ შეუკვეთეთ ჩაციებული ანანასის კომპოტი, მარწყვის ტორტის ნაჭრები და ბანანის არაყი?
ეს ფრაზა მეკავშირესთან საკონტაქტო პაროლი იყო და მივუგე:
– მე მხოლოდ ბანანის არაყი შევუკვეთე ანანასის კომპოტი და მარწყვის ტორტი კი – ჩემმა ცოლმა.
პაროლის სწორად წარმოთქმას უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა და რომელიმე ჩვენგანს რომ ერთი ასოც შეშლოდა, კონტაქტი არ შედგებოდა. როგორც ყოველთვის, შეცდომა არც ერთს არ დაგვიშვია და მეკავშირემ მითხრა:
– შეიძლება?
– შემობრძანდით, – მეკავშირე ოთახში შემოვიპატიჟე და სავარძლებში რომ ჩავსხედით, ვკითხე:
– ყავას მიირთმევთ თუ ჩაის?
– არაფერს, გმადლობთ, მალე უნდა წავიდე. მომიგო მეკავშირემ და პირდაპირ საქმეზე გადავიდა, – როგორც კი თქვენი ცოლ-შვილი დაბრუნდება, ელვა დეპეშას მიიღებთ სამსახურში სასწრაფოდ გამოცხადების შესახებ. თვალის ასახვევად, თუკი მეუღლე თქვენს გაცილებას ისურვებს, რკინიგზის სადგურზე მიხვალთ, მშვიდად აიღებთ ბილეთს სოჭი-თბილისის მატარებელზე და გაემგზავრებით, მაგრამ, ადლერში ჩამოხვალთ, იქიდან კი მოსკოვში გადაფრინდებით და დანარჩენს იქ გეტყვიან.
მეკავშირის წასვლიდან ნახევარი საათის შემდეგ ჩემი ცოლ-შვილი დაბრუნდა, ხუთ წუთში კი ელვა-დეპეშა მოვიდა, რომელშიც ეწერა, რომ მეორე დღეს, 16 საათზე სამსახურში უნდა გამოვცხადებულიყავი.
– ფუი, დასვენებას არ გაცლიან, – აღვშფოთდი მე, და საათს დავხედე, – ორი საათია, წავედი სადგურზე, რომ პირველივე მატარებელს გავყვე.
– გაგაცილებ, – მითხრა მერიმ, რომელიც შეგუებული იყო ჩემს ასეთ გამოძახებებს.
– რა საჭიროა, საყვარელო, ცხელა, ტყუილად უნდა გაწვალდე და ბავშვებიც გააწვალო. იმედია, ორ-სამ დღეში დავბრუნდები და დასვენებას ერთად გავაგრძელებთ, – მივუგე მერის, ცოლ-შვილს გამოვემშვიდობე და წავედი.
ოფიციალური ვერსიით, მე მინისტრთა საბჭოსთან არსებული ტურიზმის კომიტეტში ვმუშაობდი თარჯიმან-გიდად და ჩემი მოულოდნელი მივლინებებიც ამით აიხსნებოდა. ზოგჯერ მე მართლაც დავყვებოდი სხვადასხვა უცხოურ დელეგაციას საბჭოთა კავშირის ქალაქებში და მათ გიდობას ვუწევდი; ზოგჯერ უცხოეთში მივყვებოდი საბჭოთა ტურისტულ თუ ოფიციალურ დელეგაციებს, ძირითადად კი, სპეცდავალებებს ვასრულებდი და საბჭოთა ხალხს რომ „მშვიდად, ჯანმრთელად და ბედნიერად“ ეცხოვრა, ძალებს არ ვზოგავდი და უშიშროების სპეცსკოლაში მიღებული ცოდნის სრულ რეალიზაციას ვახდენდი.
რადგან მერი არ გამომყვა, ადლერის აეროპორტში ტაქსით გავემგზავრე, სალაროში ჩემს სახელზე დაჯავშნილი ბილეთი ავიღე, მოსკოვში გადავფრინდი და სამი საათის შემდეგ უკვე სპეცოპერაციების განყოფილების უფროსი, გენერლის ჩინიანი ჭაღარა კაცი პირადად მიტარებდა ინსტრუქტაჟს.
– როგორ იფრინეთ? – მკითხა მან.
– კარგად, ამხანაგო გენერალო, – მივუგე ჭაღარათმიანს.
გენერალმა წითელი საქაღალდიდან სურათები ამოიღო, მომაწოდა და მკითხა:
– ეს კაცი თუ გეცნობათ?
– ეს ხომ ოლეგია, პოლკოვნიკი, ჩემი პირადი კურატორი კოჯრის სპეცსკოლაში, – მშვიდად მივუგე გენერალს, თან ძალიან მაინტერესებდა, რა შუაში იყო ოლეგი.
– მართალია, ეგ არის, – დამიდასტურა გენერალმა და იქვე მკითხა: – რა აზრის ხართ მასზე?
– იმ ერთწლიანი ურთიერთობიდან გამომდინარე, რაც მე მასთან კოჯრის სპეცსკოლაში მქონდა, მხოლოდ და მხოლოდ საუკეთესო აზრის ვარ, – მივუგე გენერალს.
– ისიც სიმპათიით იყო თქვენდამი განწყობილი და ეს მის მოხსენებით ბარათში წერია, რომელიც თქვენს პირად დოსიეს ერთვის, – მითხრა გენერალმა, პაუზა გააკეთა, შემათვალიერა და განაგრძო, – და მაინც, თქვენ პროფესიონალი ხართ და ამ საკითხს სწორედ ამ კუთხით უნდა მიუდგეთ. ეს კი ყოველგვარ სიმპათიებს გამორიცხავს. რას იტყვით ამის შესახებ?
– აბსოლუტურად გეთანხმებით, ამხანაგო გენერალო, პირად სიმპათიებზე წინ ყოველთვის საქმე დგას და მე ამ პოზიციაზე ურყევად ვდგავარ, – მივუგე გენერალს.
– ვიცი, – თავი დააქნია გენერალმა, – სწორედ თქვენი ასეთი ურყევი რწმენისა და პროფესიონალიზმის გამო გავალებთ ამ მისიას და, დარწმუნებული ვარ, წარმატებით გაართმევთ თავს, ისევე, როგორც თქვენდამი მინდობილ სხვა საქმეებს. ახლა კი, უშუალოდ დავალებას რაც შეეხება: თქვენ ამ სუბიექტის ლიკვიდაცია უნდა განახორციელოთ.
გენერლის სიტყვები მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნასავით გაისმა და ძალიან არ მესიამოვნა. თუმცა, წლების განმავლობაში გამომუშავებულმა ჩვევამ, რომ საკუთარი გრძნობები არ გამემჟღავნებინა, თავისი ქნა, არაფერი შევიმჩნიე და მშვიდად ვთქვი:
– გასაგებია.
ჩემი სიმშვიდით შემცბარ გენერალს მხოლოდ წამით ეცვალა სახე, მერე კი საქმიანად მითხრა:
– სამწუხაროდ, პოლკოვნიკი სამშობლოს მოღალატე აღმოჩნდა – ამერიკაში გაიქცა და მტერს შეეკრა. ამისთვის ის სიკვდილით დასჯას იმსახურებს და ამ სამართლიანი განაჩენის აღსრულება თქვენ დაგევალათ. პოლკოვნიკი ამჟამად ნიუ-იორკში, მისთვის სპეციალურად ნაქირავებ „ასობნიაკში“ ცხოვრობს და გამოძიების ფედერალური ბიუროს კარგად მომზადებული თანამშრომლები იცავენ. თქვენ მასთან უნდა შეაღწიოთ და მოკლათ. ამასთანავე, სასურველია, რომ „ეფბეერელები“ უვნებლად გადარჩნენ. თუმცა, თუ საქმეს დასჭირდა, მათი ლიკვიდაციაც დასაშვებია. ოპერაციის შესასრულებლად მაქსიმუმ ერთი კვირა გეძლევა, რადგან გვაქვს ინფორმაცია, რომ მოღალატე პოლკოვნიკის მოწმეთა დაცვის პროგრამაში ჩართვას აპირებდნენ და, თუ დაგვასწრეს, მაშინ ჩვენი მისიის შესრულება ათმაგად გართულდება.
გენერალი კიდევ თხუთმეტიოდე წუთს მესაუბრა, რაღაც დეტალები დავაზუსტეთ, შემდეგ კარამდე მიმაცილა, ხელი მაგრად ჩამომართვა და წარმატება მისურვა.
ნახევარი საათის შემდეგ უკვე „ვნუკოვოს“ აეროპორტში, მოსკოვი-ლონდონის თვითმფრინავში ვიჯექი რესპექტაბელურად გამოწყობილი და დიდი ბრიტანეთის მოქალაქის პასპორტი მედო ჯიბეში. ლონდონიდან ნიუ-იორკში გადავფრინდი და, კენედის სახელობის აეროპორტში რომ დავეშვით, იქაური დროით დილის 6 საათი იყო. სულ რაღაც 18 საათი იყო მას მერე გასული, რაც სოჭიდან წამოვედი და უკვე საგანგებო დავალების შესრულებას შევუდექი, რომლის მიხედვითაც ის კაცი უნდა მომეკლა, ვინც მე ვიზა მომცა უხილავი ფრონტის სამყაროში.
საბაჟო ფორმალობის გავლის შემდეგ, ქალაქში გავედი და კონსპირაციულ ბინას მივაკითხე, სადაც ჩვენი თანამშრომელი გოგონა შემომიერთდა.
– დაღლილი იქნები და გეშიება, – მომიშინაურდა გოგონა, ჩემს პასუხს არ დაელოდა, სენდვიჩები გამომიტანა და მითხრა: – დანაყრდი, ცოტა დაისვენე და დაზვერვაზე გავიდეთ.
სამი საათის შემდეგ მე და ჩემი მეწყვილე ჰიპების ფორმაში გამოწყობილები მივაბიჯებდით ბროდვეიზე, თან იმ სახლს ვსწავლობდით, სადაც ოლეგის „ასობნიაკი“ მდებარეობდა. ჩვენ უამრავი სურათი გადავიღეთ სანთებელაში ჩამონტაჟებული ფოტოაპარატით და ბინაში რომ დავბრუნდით, ფოტოფირი გავამჟღავნეთ, სურათები დავბეჭდეთ და ოპერაციის ტექნოლოგიური დეტალების შემუშავებას შევუდექით. მორიგ დაზვერვაზე უკვე ღამით გავემართეთ, მაგრამ ამჟამად ბინის მძებნელი ახალდაქორწინებული ცოლ-ქმრის სტატუსით და „ასობნიაკს“ მაქსიმალურად მივუახლოვდით. კონსპირაციულ ბინაში რომ დავბრუნდით, უკვე ზუსტად ვიცოდით, რომ მოღალატე პოლკოვნიკს ოთხი ზორბა „ეფბეერელი“ იცავდა, რომლებიც ოცდაოთხ საათში ერთხელ იცვლებოდნენ და ოპერაციის საბოლოო დეტალების დამუშავება დავიწყეთ.
– ბასტა! ყველაფერი დაზუსტებულია და ხვალ საქმეზე მივდივართ, – განვუცხადე ჩემს მეწყვილე გოგონას, როდესაც ბოლო დეტალიც შევათანხმეთ, – ახლა კი დავიძინოთ, ოპერაციის წინ კარგი, ჯანმრთელი ძილი აუცილებელია.
– მე კი ვფიქრობ, რომ ოპერაციის წინ ერთი კარგი, ჯანმრთელი სექსი არ გვაწყენდა, – მომიგო მეწყვილემ და მაცდურად გამიღიმა, – როგორ ფიქრობ, არ უნდა მიჩვენო შენი შესაძლებლობები?
– აქ მე საჟიმაოდ არ ჩამოვსულვარ, ჩემს შესაძლებლობებს კი საქმეში გიჩვენებ. ახლა კი ძილი, ძილი და სხვა არაფერი ძილის გარდა, – მივუგე მეწყვილეს, დავწექი და იმ წამსვე ჩამეძინა.
მე და ჩემს მეწყვილე გოგონას შორის სექსი არ შედგა, ისევე, როგორც სხვა შემთხვევებში, როდესაც ქალთა სქესთან მიწევდა თანამშრომლობა. ჩემი მეწყვილეები რატომღაც ყოველთვის სექსს მთავაზობდნენ, მე კი მათ უარით ვისტუმრებდი. მეწყვილე ქალებს ყოველთვის საქმიან და არა სექსუალურ პარტნიორებად განვიხილავდი და მიმაჩნდა, რომ მათთან სექსი საქმეს ავნებდა. საქმე კი ჩემთვის ყოველთვის უპირველესი იყო, შემთხვევით სექსზე ვერ გავცვლიდი და არც მინდოდა, რადგან მერისთან ურთიერთობა სრულიად მაკმაყოფილებდა და ჩემს ცოლზე წინ არც ერთ ქალს არ დავაყენებდი.
– როგორ გეძინა, ჩემო მეგობარო? – მკითხა მეწყვილე გოგონამ, როდესაც უთენია წამოვდექი საწოლიდან, ის კი უკვე ფეხზე იყო და მსუბუქად ვარჯიშობდა ღია კარის წინ.
– კარგად, გმადლობთ. შენ?
– დიდებულად, – ჩაეცინა გოგონას, – დიდი სექსის შემდეგ როგორც უნდა ვიყო, ისე.
– რა დროს სექსია, სერიოზულ საქმეზე მივდივართ და მოემზადე, – ვუთხარი და სააბაზანოში შევედი.
გოგონას აღარ უცდია ჩემთან ინტიმური კავშირის დამყარება და აღარც მწარე სიტყვა უთქვამს, ის ერთბაშად დასერიოზულდა და გულდასმით მოემზადა სპეცდავალების შესასრულებლად. პირველ ყოვლისა, გარეგნობა შეიცვალა და მაკიაჟი და პარიკი გაიკეთა, შემდეგ მიმზიდველად ჩაიცვა და, რაც მთავარია, დაცვის გასანეიტრალებელი სპეციალური აღჭურვილობები მოხერხებულად მოირგო სხეულზე. ჩემი მხრივ, მეც სათანადოდ ჩავიცვი, აღვიჭურვე და შუადღეზე საქმეზე გავემართეთ.
შემუშავებული გეგმის მიხედვით, მე და ჩემი მეწყვილე საქველმოქმედო ფონდის წარმომადგენლები ვიყავით, რომლებიც ვიეტნამის ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახებისთვის აგროვებდნენ თანხებს. ჩემი მეწყვილე მოწყალების და იყო, მე კი ვიეტნამის ომის ვეტერანი, კონტუზიანი, ხეიბარი ჯარისკაცი. მეწყვილე გოგონას დაცვა უნდა გაენეიტრალებინა, მე კი დაზღვევაზე ვიდექი და „ასობნიაკში“ შესვლის შემდეგ უნდა გვემოქმედა. „ასობნიაკთან“ რომ მივედით, საწყისი პოზიციები დავიკავეთ და ჩემმა მეწყვილემ კარზე ზარი დარეკა. მუხის უზარმაზარი კარი ზორბა სპეცაგენტმა გააღო, რომელიც სამოქალაქო სამოსში იყო გამოწყობილი:
– დიახ, მისის, გისმენთ.
– მისტერ, – გაუღიმა სპეცაგენტს ჩემმა მეწყვილემ, – ჩვენ შემოწირულობებს ვაგროვებთ ომის ვეტერანთა ოჯახებისთვის და იქნებ წყალობა მოიღოთ?
– სამწუხაროდ, მისის, ვერაფრით დაგეხმარებით, – მიუგო სპეცაგენტმა მეწყვილეს და კარის მოხურვა უნდოდა, მაგრამ გოგონამ უთხრა:
– იქნებ დაგვარეკინოთ?
– ვერც ამით დაგეხმარებით, ტელეფონი გამოგვირთეს, – მიუგო სპეცაგენტმა, მაგრამ კარის მოხურვა ვერ მოასწრო, რადგან ჩემმა მეწყვილე გოგონამ მას სწრაფმოქმედი სითხე შეასხა თვალებსა და ცხვირ-პირში და სპეცაგენტი იქვე გაითიშა...
მე და ჩემი მეწყვილე ბინაში შევედით, გათიშული სპეცაგენტი იქვე დავაწვინეთ და ფრთხილად გავემართეთ სხვა ოთახებისკენ.
– ვინ იყვნენ და რა უნდოდათ? – მოგვესმა მეორე სპეცაგენტის ხმა, რომელიც სამზარეულოში იმყოფებოდა, ჩვენგან ზურგშექცევით იჯდა, ვერ გვხედავდა და მადიანად შეექცეოდა საჭმელს.
„გურმანიც“ იქვე მივთიშეთ და სასტუმრო ოთახისკენ ავიღეთ გეზი. იქიდან ხმები გამოდიოდა და აშკარა იყო, რომ იქ მინიმუმ ორი ადამიანი იმყოფებოდა.
– მე მეორე ოთახიდან მოვუვლი, შენ კი აქედან დამაზღვიე, – მითხრა მეწყვილემ და ვიწრო დერეფანს გაუყვა, რომელიც სასტუმრო ოთახს უერთდებოდა. მე იატაკზე დავწექი, მაყუჩიანი პისტოლეტი მოვიმარჯვე, კართან მივხოხდი და სასტუმრო ოთახში შევიხედე, სადაც სამნი ისხდნენ პატარა მრგვალ მაგიდასთან და ბანქოს თამაშობდნენ. მე სიტუაცია შევაფასე, სამწამიანი პაუზა გავაკეთე შემდეგ ოთახში შევვარდი და სახტად დარჩენილ მოთამაშეებს ვუბრძანე:
– ადგილიდან არ დაიძრათ და დამემორჩილეთ, თორემ, ადგილზევე დაგხოცავთ?
მოთამაშეები არ განძრეულან, ამის გაკეთებას არც ჰქონდა აზრი, რადგან სპეცაგენტების პისტოლეტები მოშორებით, მაგიდაზე ელაგა და ვერ მისწვდებოდნენ. მაგრამ, ხელშიც რომ სჭეროდათ, არ გამოადგებოდათ, რადგან სროლას ვერ დამასწრებდნენ, დავხოცავდი და მოღალატე პოლკოვნიკს ტყუილუბრალოდ შესწირავდნენ თავს. ოთახში ჩემი მეწყვილე გოგონაც შემოვიდა, მაგიდას მიუახლოვდა, „ეფბეერის“ სპეცაგენტებს სითხე ასხურა და გათიშა, მე კი ოლეგს ვანიშნე, რომ ამდგარიყო და ტახტზე გადამჯდარიყო. მან უხმოდ და მორჩილად შეასრულა ბრძანება, ტახტზე დაჯდა და ნაღვლიანი თვალებით მომაჩერდა.
– მიცანი? – ვკითხე პოლკოვნიკს.
ოლეგს ჩაეცინა:
– ენამ მიყივლა, როდესაც ვთქვი, შენთან მტრობასა და პირისპირ შეხვედრას არ ვისურვებდი-მეთქი და, აი, შევხვდით კიდეც.
– კი, შევხვდით, – დავუდასტურე პოლკოვნიკს და პისტოლეტი მივუშვირე, რომ მოღალატისთვის გამოტანილი განაჩენი სისრულეში მომეყვანა, მაგრამ მან მითხრა:
– ერთი წუთიც მაცოცხლე, შენთან რაღაც მაქვს პირისპირ სათქმელი და გთხოვ, უარს ნუ მეტყვი. რაც არ უნდა იყოს, შენზე ამაგი მაქვს და ბოლო სურვილი მაინც ამისრულე.
მე მეწყვილეს ვანიშნე, რომ ოთახიდან გასულიყო, მან კი მტკიცედ მითხრა:
– ინსტრუქციით აკრძალულია და არ გავალ.
– ინსტრუქციით ჟიმაობაც აკრძალულია. გადი! – კბილებში გამოვცარი და ისეთი მზერა ვესროლე მეწყვილეს, რომ ის ოთახიდან გავიდა. შემდეგ ოლეგს მივუბრუნდი და ვუთხარი:
– სწრაფად თქვი, რა გინდა, დრო არ ითმენს უნდა წავიდეთ.
– შენთან ერთი სათხოვარი მაქვს, კოკი, და უარს ნუ მეტყვი, – მითხრა ოლეგმა და ტახტიდან წამოდგა, მაგრამ, ვანიშნე, რომ დამჯდარიყო. ის კიდეზე ჩამოჯდა და განაგრძო, – თბილისში 15 წლის ქალიშვილი მყავს – ნატა. ის ერთ მოხუც ქალს მივაბარე აღსაზრდელად. ქალმა არ იცის, ვინ ვარ, ნატა კი არ მიცნობს. ის ერთი ქალისგან შემეძინა, რომელიც მშობიარობას გადაჰყვა. ჩემი გოგონა კი შეგნებულად გადავმალე, რომ არავის სცოდნოდა მისი არსებობის შესახებ და შური არ ეძიათ მასზე. მე დიდი ხანია, ვაპირებდი საბჭოთა კავშირიდან გაქცევას და ნატას არსებობაც იმიტომ დავმალე. იმედი მქონდა, ოდესმე ჩემს გოგონასაც ჩემთან წამოვიყვანდი და ორივე ძალიან ბედნიერად ვიცხოვრებდით, მაგრამ ახლა შენ აქ ხარ და ვიცი, რომ გადარჩენის შანსი არ მაქვს, – ოლეგმა პაუზა გააკეთა, თვალებში ჩამაცქერდა და მკითხა:
– ან, იქნებ, მაქვს გადარჩენის შანსი?
– არანაირი, – მივუგე მტკიცედ, – დააბოლოვე, დრო არ ითმენს, უნდა წავიდეთ.
– რომ მომკლავ, – განაგრძო ოლეგმა და წიგნების თაროსკენ გაიშვირა ხელი, – აი, იმ თაროზე რომ ჩარჩოიანი ბიბლიაა, ის გამოიღე, მეასე გვერდზე გადაშალე და დაშიფრულ წერილს აღმოაჩენ, რომელშიც ზუსტადაა აღნიშნული ის ადგილი, სადაც მე მთელი ცხოვრების განმავლობაში ნაგროვები ფული და ძვირფასეულობა მაქვს შენახული. იქ ბევრი ქონებაა, რამდენიმე ოჯახს ეყოფა. ნახევარი შენია, ნახევარი კი ნატას გადაეცი, როდესაც სრულწლოვანი გახდება და, საერთოდ, გთხოვ, ჩემს გოგონას უპატრონო. თუ არ გინდა, ნუ გამოჩნდები და ისე უპატრონე, ოდესღაც კი ჩემი არსებობის ამბავი მოუყევი და უთხარი, რომ მე ის ძალიან, ძალიან მიყვარდა. შემისრულებ თხოვნას?
– შეგისრულებ, – მივუგე ოლეგს და პისტოლეტი მივუშვირე მოსაკლავად, მან კი ხელით მანიშნა, შეჩერდიო, გამიღიმა და მითხრა:
– კოკი! იცი, კიდევ რას გეტყვი... – პოლკოვნიკმა მოულოდნელად წიხლი მკრა და წონასწორობა დამაკარგვინა, თვითონ კი მაგიდისკენ ისკუპა ვეფხვივით, რომ სპეცაგენტთა პისტოლეტებს დაუფლებოდა, მაგრამ ჩემი იარაღიდან გასროლილმა ტყვიამ მას კეფაში გაუარა, შუბლიდან გამოუვიდა და უსულოდ დაეცა იატაკზე. ბრწყინვალე გასროლა იყო. პოლკოვნიკს რომ დავხედე, გაუნძრევლად იწვა, მკვდარი იყო და საკონტროლო ტყვია აღარ დასჭირვებია. შემდეგ წიგნების თაროდან ბიბლია გადმოვიღე, მეასე გვერდზე გადავშალე, დაშიფრული წერილი ამოვიღე, ჯიბეში შევინახე. მერე მეწყვილეს მოვუხმე და ვუთხარი:
– წავედით.
ჩვენ ძალიან სწრაფად დავტოვეთ იქაურობა და სანამ სამუდამოდ დავშორდებოდით ერთმანეთს, მკითხა:
– რა უნდოდა იმ მოღალატეს?
– დიდი არაფერი. როგორც ძველ ნაცნობს, ერთი პირადული რაღაც მთხოვა.
– უნდა შეუსრულო?
– უეჭველად, – მივუგე გოგონას და თვალი ჩავუკარი, ახლა კი – მშვიდობით. აბა, შენ იცი, თავს გაუფრთხილდი და ჟიმაობას ნუ გადაჰყვები.
გოგონამ უხმოდ ჩამიკრა თვალი, გამიცინა, შემდეგ მარცხენა ხელის შუა თითით უხამსი ჟესტი გააკეთა და წავიდა...
ნიუ-იორკიდან ჯერ ჰავანაში ჩავედი, იქიდან კი მოსკოვში და სულ რაღაც 15 საათი იყო გასული ოლეგის მკვლელობიდან, რომ გენერალს ვუპატაკე:
– ბრძანება შესრულებულია, ამხანაგო გენერალო, განაჩენი აღსრულდა და სამშობლოს მოღალატე ლიკვიდირებულია.
– კარგი ნამუშევარია, ყოჩაღ, კაპიტანო! – შემაქო გენერალმა, – ხელმძღვანელობის ბრძანებით, მორიგი რიგგარეშე ჩინი – კაპიტნის წოდება მოგენიჭა. გილოცავ! ახლა კი შეგიძლია, სოჭში დაბრუნდე და შენს ცოლ-შვილთან ერთად დასვენება განაგრძო...
სოჭში რომ ჩავფრინდი და პანსიონატში მივედი, შუაღამე იყო, ბავშვებს უკვე ეძინათ და მერიც დაწოლილი იყო. რომ დამინახა, კისერზე ჩამომეკიდა და მითხრა:
– ძალიან მომენატრე, საყვარელო, ხუთი დღე არ მინახავხარ და ასე მგონია, საუკუნე გავიდა.
– როგორ ხართ? მეც ძალიან მომენატრეთ. ამერიკის კომპარტიის დელეგაცია იყო ჩამოსული და მთელი საქართველო მოვატარე, შემდეგ მოსკოვში გავყევი მათ და აქ იქიდან ჩამოვფრინდი. ისეთი დაკავებული ვიყავი, ერთი წამი დროც კი არ მქონდა, რომ სახლში შემევლო.
მერის ყოველთვის ასე ვპასუხობდი და ამით არასასურველ კითხვებს ვიცილებდი თავიდან. ჯერ ერთი, რომ სულაც არ მსიამოვნებდა ტყუილების ლაპარაკი და მოტყუებას მერჩივნა, სულ არაფერი მეთქვა. გარდა ამისა, შეიძლება, რამე უმნიშვნელო შეცდომა დამეშვა და მერი დამეეჭვებინა, „დავმწვარიყავი“ და ამით ჩვენს ოჯახურ ბედნიერებას ბზარი შეჰპარვოდა. ამას კი მე ვერასგზით დავუშვებდი, რადგან ჩემი ოჯახი ჩემთვის წმიდათაწმიდაა და, მართალია, მერი აღარ მყავს, მაგრამ შვილები და შვილიშვილები ხომ დამრჩა... თუმცა, ერთხელ კინაღამ „დავიწვი“.
მერი პირველ ბავშვზე იყო ფეხმძიმედ, როდესაც თურქეთში ერთ საქმეზე გამგზავნეს: საზღვარი მთიანი ბილიკებით არალეგალურად გადავკვეთე, საქმე შევასრულე და იმავე გზით დავბრუნდი უკან. ბათუმიდან თბილისში მანქანით ჩამოვედი და შუაღამე სრულდებოდა, სახლში რომ შევდგი ფეხი.
– საიდან მომევლინე, საყვარელო, ასე მოულოდნელად? – გაუხარდა მერის.
– ზეციდან. ნახევარი საათის წინ ჩამოვფრინდი მოსკოვიდან და გეახელი. ძალიან დაღლილი ვარ. ფრანგებს ვუწევდი გიდობას და სიქა გამაძრეს. ისე დამღალეს, რომ სასტუმრო „როსიადან“ გამოვეპარე, – ვიცრუე და სააბაზანოში შესვლას ვაპირებდი, რომ მერიმ მხრებში ჩამავლო ხელი და ლამის წამოიკივლა:
– სასტუმრო „როსიაში“ ცხოვრობდი, კოკი?
– ჰო, საყვარელო, მერე რა, მოხდა?
– კოკი, საყვარელო, ხომ არაფერი შეგემთხვა, ხომ კარგად ხარ? – იმავე ხმით მკითხა მერიმ და, მართალია, არ ვიცოდი, რაში იყო საქმე, მაგრამ მივხვდი, „როსიაში“ რაღაც მოხდა და ვუთხარი:
– სხვებთან შედარებით კარგად ვარ, რატომ მეკითხები?
– სხვებს რა დაემართათ, კოკი, მითხარი, ნურაფერს დამიმალავ.
– არაფერს გიმალავ...
– როგორ არა, კოკი, მიმალავ. ჩემი ყურით მოვისმინე ნახევარი საათის წინ, სასტუმრო „როსიაში“ ისეთი საშინელი ხანძარი მომხდარა, ხალხი ფანჯრებიდან ხტებოდაო, – მითხრა მერიმ და მივხვდი, რომ ეს ინფორმაცია „ამერიკის ხმაში“ მოისმინა, რომელიც იმ პერიოდში აკრძალული იყო და ახშობდნენ.
– ნუ გეშინია, საყვარელო, – ჩამეცინა მე, – იმიტომ არ გითხარი, არაფერი, რომ არ გენერვიულა. აქ ვარ და რამე რომ მომსვლოდა, აქ ხომ არ ვიქნებოდი? ხანძარი რომ დაიწყო, სწორედ იმ დროს გამოვდიოდი სასტუმროდან და გადავრჩი.
– ბევრი ხალხი დაიღუპა?
– არ ვიცი, საყვარელო, ნამდვილად არ ვიცი და აღარ იფიქრო ამ ამბავზე. სადაცაა, უნდა იმშობიარო და შენთვის ნერვიულობა არ შეიძლება, – ვუთხარი მერის, ვაკოცე და სააბაზანოში შევედი, რომ ცოტა სული მომეთქვა და გონება მომეკრიბა.
ამ ამბის შემდეგ, მერისთან ჩემს მივლინებებზე ლაპარაკს გავურბოდი და მხოლოდ ზოგადი ინფორმაციით შემოვიფარგლებოდი. თუმცა, წინასწარ მომზადებული და დამუშავებული ტყუილიც მქონდა და საჭიროების შემთხვევაში, შემეძლო, გამომეყენებინა.
სოჭიდან რომ დავბრუნდი, პირველ ყოვლისა, ჩემ მიერვე მოკლული პოლკოვნიკის თხოვნის შესრულებას შევუდექი. ბიბლიაში ნაპოვნი წერილი ადვილად გავშიფრე, რადგან მასში სასწავლო შიფრი იყო გამოყენებული. წერილში მითითებული იყო კუკიის სასაფლაოს ერთ-ერთი საფლავი – იმ ქალის, ვინც მშობიარობას გადაჰყა, ანუ ნატას დედის. საფლავზე ღამით მივედი, მინიშნებული ადგილი ამოვთხარე და საკმაოდ მოზრდილი რკინის ყუთი ამოვიღე. ყუთი რომ უსაფრთხო ადგილას გავხსენი, მისმა შიგთავსმა თვალი მომჭრა. ძვირფასთვლებიან სამკაულებთან ერთად, ყუთში ხუთი ცალი ორკილოგრამიანი ოქროს ზოდი, 50 ათასი ამერიკული დოლარი და 20 ათასი საბჭოთა მანეთი იყო ჩაწყობილი. მოგვიანებით, ერთ-ერთი არალეგალური საქმის შესრულებისას, მთელი ეს ქონება, გარდა იმ 20 ათასი მანეთისა, შვეიცარიის ბანკში შევინახე, საბჭოთა მანეთები კი ნატას აღზრდა-განათლებას მოვახმარე. მოგვიანებით, ნატამ დანარჩენი ქონებაც მიიღო შვეიცარიის ბანკიდან. დღეს ის უცხოეთში ცხოვრობს ოჯახთან ერთად და საკმაოდ ხშირად ვეკონტაქტებით ერთმანეთს. რა თქმა უნდა, მან არ იცის, რომ მამამისი მე მოვკალი და არც მაშინდელ მთავრობას გაუგია, რომ ნატა, რომელიც მე და მერიმ ოფიციალურად შევიკედლეთ, მოღალატე საბჭოთა პოლკოვნიკის ქალიშვილი იყო. ეს რომ სცოდნოდათ, კარგი დღე არც მე დამადგებოდა, ნატას კი თავის ჭკუაზე აღზრდიდნენ და რაიმე დიდი სიბინძურისთვის გამოიყენებდნენ. ასე ეპყრობოდა საბჭოთა ხელისუფლება მოღალატე ოფიცრების თუ პარტმუშაკების შვილებსა და ცოლებს და არც ნატა იქნებოდა გამონაკლისი.
ნატას სწორედ რომ სულზე მივუსწარი. დედაბერი, რომელიც ნატას მომვლელად აიყვანა პოლკოვნიკმა, თავადვე გამხდარიყო მოსავლელი, ლოგინად იყო ჩავარდნილი და სულს ღაფავდა. ნატა კი თავზე ადგა მას და პატრონობდა.
გაგრძელება შემდეგ ნომერში