სოფლის სკანდალი
ძველ, ტრადიციულ სოფელში უცნაურად ჩაცმული კაცი გამოჩნდა. მას ალისფერი ლაბადა ეცვა და ბაირონივით ბაკენბარდები ჰქონდა. სოფლელებმა გაოცება ვერ მოასწრეს, რომ უცნობის გვამი იმ პირქუში სახლის ეზოს ბოლოში იპოვეს, რომელსაც ადგილობრივები ძრწოლით უვლიდნენ გვერდს. მკვლელი არ გამოჩნდა და ეს ამბავი თითქმის მიივიწყეს. მხოლოდ ორი წლის შემდეგ ყველაფერი თავიდან დაიწყო... დოქტორმა ტუტმა გადაწყვიტა, გაეხსნა ბნელით მოცული საქმე. მან სთხოვა მეგობარს, რომელიც ასეთ საქმეებში ეხმარებოდა და ორივე სოფელ გალში გაემგზავრა. დოქტორს ფანტასტიკური ჭკუა და დიდი გამოცდილება ჰქონდა. მეგობარი კი ღვთისმსახური ჰყავდა – მოძღვარი ბრაუნი. მათ ერთად არაჩვეულებრივად გაართვეს თავი მოწამვლის საქმეს.
– ეს გალი მიყრუებული სოფელია. ცივილიზაციამ იქ ჯერაც ვერ შეაღწია. ექიმიც კი – მკურნალი ჰყავთ. ხვდები, ხომ, რასაც ვგულისხმობ?
მოძღვარმა თავი დაუქნია.
– ტრადიციები, ცრურწმენა. ამ საგრაფოში ოცდარვა წლის ადამიანი, ოცდარვა საუკუნისას ჰგავს.
– ჰო. ასეა, ადმირალიც ჰყავთ. სახლი თევზების ფიტულებით აქვს სავსე. აქაური მღვდელი კონსერვატორია და „მაღალი ეკლესიის“ მიმდევარი. სკანდალი სწორედ მას უკავშირდება. უფრო სწორად, მღვდლის შვილს. მას ქვრივი შეუყვარდა.
მოძღვარმა ბრაუნმა გაიღიმა.
– ეს ყველაფერი არ არის. ხომ გასაგებია, რომ „მაღალი ეკლესიის“ მიმდევარ, კონსერვატორ მღვდელს, ქალწული ენდომებოდა რძლად, მაგრამ სკანდალის მიზეზი მარტო ეს არ იქნება.
დოქტორმა ტუტმა თავი დაუქნია.
– ასეა. მის მალტრავერსი იმ მიყრუებულ სახლში ცხოვრობს, ყველა რომ ერიდება. ერთი წლის წინ ჩამოვიდა და დასახლდა. აქაურებს ძალიან აღიზიანებს. აქაური ყოვლისმცოდნე მისს კარსტეირს-კერიუ ამბობს: – ვერ გავიგეთ, აქ რისთვის არის. ჩვენ მასთან სტუმრად არ დავდივართო. წარმოიდგინეთ, საკმაოდ მიმზიდველია, ლამაზი არ არის, მაგრამ რაღაც აქვს ისეთი, რომ გულგრილს არ დაგტოვებს. ჭკვიანია, მოდურად იცვამს, კარგი გემოვნებაც აქვს და ეტყობა, ცხოვრებამ კარგი გაკვეთილი ჩაუტარა. მე მომწონს ასეთი ქალები.
– ჰოო? და მღვდლის ახალგაზრდა ვაჟს ტვინი აურია? – გაეღიმა მოძღვარს.
– წარმომიდგენია მამის რეაქცია.
– დიახ. თან, ქალი მსახიობია. ესეც დიდი მინუსია მღვდლის თვალში. სკანდალს მეტი არც არაფერი სჭირდება.
– მთავარი არ გითქვამთ, – შენიშნა მოძღვარმა ბრაუნმა.
– სწორედ ახლა ვაპირებდი. მისის მალტრავერსი იმ კაცის ქვრივია, ორი წლის წინ რომ იპოვეს მოკლული. სწორედ იმ სახლის ეზოში ცხოვრობს ახლა მისი ქვრივი. სასამართლო ექსპერტიზის დასკვნაში წერია, რომ ის თავში ბლაგვი საგნის ჩარტყმით მოკლეს. მკვლელობის მიზეზი გაურკვეველია. მე, ალბათ, გვამის ექსჰუმაციას მოვითხოვ.
მოძღვარმა ბრაუნმა თავი დაუქნია.
– არ მეკითხები, ვინ არის დაინტერესებული საქმის ხელახალი გამოძიებით?
– ვიცი და არც მიკვირს. თქვენ უნდა ნახოთ ეს ქალი. ჭეშმარიტი ლედია, მაგრამ – მისტერ მალტრავერსის ქვრივი.
– დიახ. საშინელი დამღაა. მკვლელობის შესახებ დასკვნა აქაურმა ექიმმა დადო?
– დიახ... და ამიტომაც მეპარება ეჭვი. აღწერის მიხედვით, ჭრილობა არ უნდა ყოფილიყო სასიკვდილო. ამის გამო მისტერ მალტრავერსს, რომელიც ასევე მსახიობი იყო, დიდი-დიდი გონება დაეკარგა. გაკვეთა ამას დაადასტურებს. ეჭვი მაქვს, ის მოწამლეს.
– ამას მისი ცოლის მეტი ვინ გააკეთებდა? – ჩაილაპარაკა მოძღვარმა.
– სწორედ ამის გარკვევა მინდა.
მომდევნო ორი-სამი დღის განმავლობაში დოქტორი და მოძღვარი ბრაუნი, სხვადასხვა მიზეზით, ამ ამბის მონაწილეებს ეცნობოდნენ. თავად მღვდლის შვილი, მამა ბრაუნს ლუდხანა „ცისფერი ლომის“ წინ შეხვდა. ძლიერ მოწყენილი იყო, აშკარად რაღაც ღრღნიდა შიგნიდან. მამა ბრაუნმა იცოდა, როგორ უნდა ელაპარაკა ასეთებთან.
– მამაჩემმა პირდაპირ გამომიცხადა, მსახიობს სახლში არ შევუშვებო. აი, ასე. არაფრის გაგონება არ უნდა. მეტისმეტი წმიდანია. მე ვეუბნები, ეს რა პურიტანიზმია-მეთქი, მაგრამ ის ამით ამაყობს. მე თეატრიც მიყვარს. მამაჩემისთვის ესეც საშინელებაა.
როგორც გამოირკვა, სემუელ ჰორნერი ტრაგედიებს წერდა თეატრისთვის და ამაში ფულსაც უხდიდნენ. ნამდვილად არ ჰგავდა სულელ თეატრალს. საკმაოდ საინტერესო წარმოდგენა ჰქონდა შექსპირზე.
მამა ბრაუნი მიხვდა, რომ ეს კაცი ძალიან უბედური იყო. როცა მან გაიღიმა, ამ ღიმილში თავისი მდგომარეობის მთელი ტრაგიზმი გამოავლინა. ინტუიცია არასოდეს ღალატობდა მამა ბრაუნს. ამ კაცს შიგნიდან რაღაც სტანჯავდა. რაღაც იმაზე მეტი, რაც შეიძლება, გამოეწვია მშობლის უკმაყოფილებას მის არასასურველ ქორწინებაზე.
მისის კარსტეირს-კერიუ აშკარად შეეცადა, გაელანძღა ახალგაზრდა დრამატურგი და მამა ბრაუნის თვალში გაეშავებინა. არც ქვრივს დააკლო ხელი. ჭორიკანა სტუმართმოყვარე ნამდვილად აღმოჩნდა, მან პორტვეინი და კექსის ნაჭერი შესთავაზა. ბევრი ილაპარაკა მღვდლის ღირსებებზე და იმაზეც, როგორ კარგად ერკვეოდა ის ძვირფას სასმელებში, როგორი გურმანი იყო... მამა ბრაუნი მისგან ერთ უცნაურ კაცთან წავიდა... დიალოგი არ შედგა, სამაგიეროდ, იყო მონოლოგი.
– ის გაქრა! – ხელებს იქნევდა კაცი, – ვიცი, მოკვდა, მაგრამ მე რა... ცოცხალს რა მეშველება. „შეილოკი“ უნდა დაგვედგა... მორჩა, ჩემი კარიერა... ყველაფერი დამთავრდა... მაგ არამზადას მოსამართლე შელოუ უნდა ეთამაშა... მოკვდა.. მოკვდა... ჰენკონი კი გაუჩინარდა... მოძებნეთ ის, ღვთის მადლით, მამაო... გევედრებით.
ბოლო ეტაპი მღვდლის მონახულება იყო.
მამა ბრაუნმა ჯერ ბანკში შეიარა. მერე თავისი კოლეგა დოქტორი მოინახულა. დოქტორი ტუტი გაკვეთის შედეგებით აღფრთოვანებული იყო.
– ასეც ვიცოდი. ის მოწამლეს. გაჭყიპეს საწამლავით. ახლა უნდა გავიგოთ, ეს ვინ ჩაიდინა.
– მგონი, რაღაცას ვხვდები. აქაურ მღვდელთან გამომყევით. ადმირალს ელაპარაკეთ?
– კი და ის ამბობს, რომ სამუელ ჰორნერი კარგი დრამატურგია და კარგი მსახიობიც. აქაურ თეატრშიც თამაშობს ხოლმე, მაგრამ – აქაურებს ის უფრო აღელვებთ, რომ ის ცუდი შვილია.
– პირიქით. ის კარგი შვილია. რაც ძალიან მაოცებს. თუ რატომ? ამას მღვდელთან ვიზიტის შემდეგ გეტყვით.
მღვდელთან ვიზიტი ხანმოკლე იყო. მას თითქმის არ სურდა თავის გარყვნილ შვილზე ელაპარაკა. მამა ბრაუნმა რწმენის შესახებ ჰკითხა და კმაყოფილებით ჩაიღიმა. გზაში კი დოქტორს მიმართა:
– მე დღეს ბანკში ვიყავი. იქ მითხრეს, რომ აქაური სამწყსო ძალიან ღარიბია და მღვდელს შემოსავალი თითქმის არ აქვს. ის კი, ასე შესანიშნავად ცხოვრობს, ძვირფას ღვინოებს მიირთმევს, დელიკატესებს ჭამს... კარგია, რომ გაკვეთის შედეგები არავინ იცის. გვიან ჩვენ ისევ წავალთ ჰორნერებთან. მარტო მე და თქვენ.
დოქტორმა მამა ბრაუნს შეხედა.
– თქვენ უკვე რაღაც იცით, ხომ ასეა?
მამა ბრაუნმა გაიღიმა...
მღვდლის სამოსში გამოწყობილი მამა ფანჯარასთან იდგა. შვილი კუთხეში სიგარას ეწეოდა.
– მოვედი, რომ რაღაც გითხრათ, – დაიწყო დოქტორმა. ჩვენ მისტერ მალტრავერსის მკვლელობას ვიძიებთ. საქმე ისაა, რომ დარტყმა სასიკვდილო არ ყოფილა.
ამ სიტყვებზე უმცროსი ჰორნერი შეშლილივით წამოხტა.
– როგორ? სასიკვდილო არ ყოფილა? დარწმუნებული ხართ?
– დიახ. ის მოწამლეს. მაგრამ თქვენ ეს რატომ გაღელვებთ?
მაგრამ ახალგაზრდა კაცი მას არ უსმენდა. ის საკუთარ მამას ეცა, მუშტი მაგრად ამოსცხო ყბაში და ძირს დაანარცხა.
– რა ხდება? – გაოცდა დოქტორი ტუტი.
– ახლავე მოგიყვებით. ჯერ პოლიციას გამოვიძახებ, – თქვა მამა ბრაუნმა, – მაშ, ასე, მისტერ მალტრავერსი აქ ორ მსახიობთან ერთად ჩამოვიდა. ადგილობრივ თეატრში „შეილოკი“ უნდა დაედგათ. ფული ჰქონდა. ცოლისთვის სახლის ყიდვას აპირებდა. ესენი მამა-შვილი კი არა, სწორედ ის ორი მსახიობია. ამ ახალგაზრდას თვალი ჰქონდა დადგმული მალტრავერსის ცოლზე. შეუყვარდა ის და ქმრის თავიდან მოშორება გადაწყვიტა. სახლის სანახავად რომ მიდიოდნენ, უკან გაჰყვა და თავში მორის ნაჭერი ჩაარტყა. მაგრამ მან არ იცოდა, რომ მალტრავერსს მანამდე შხამი ჰქონდა დალეული. სამაგიეროდ, მკვლელმა ეს ფაქტი გამოიყენა. აშანტაჟებდა ახალგაზრდას. მოპარულ ფულს კი ხელგაშლით ხარჯავდა. რადგან „შეილოკში“ მას მღვდლის როლი უნად ეთამაშა, ანაფორა მოირგო და აქაურებს თავი ღვთისმსახურად შეასაღა. მას დაავიწყდა, რომ ღვთისმსახურს, თანაც „მაღალი ეკლესიის“ მიმდევარს, სათანადო განათლება სჭირდება. აი, სად ჩაიჭრა... ჩემთან, რა თქმა უნდა. პროტესტანტივით იქცევა, კედელზე კი ჯვარცმა უკიდია... ნახე, რა მარტივია ეს ყველაფერი. საწყალი ქვრივი... ის აქ ქმრის მკვლელის მოსაძებნად ჩამოვიდა... დამეთანხმეთ, დოქტორო.
თარგმნა
ნინო წულუკიძემ