კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ მიირთვეს ბიძინა კვერნაძემ და მისმა მეგობრებმა ბაყაყებიანი ჩაი

„სამყაროს აღქმის შესაძლებლობა ყურით უფრო დიდია, ვიდრე თვალით. შენი უნდა გქონდეს, საკუთარი, მწერლობა იქნება ეს, მხატვრობა თუ მუსიკა. მხოლოდ მაშინ გეძლევა საშუალება, არსებობდე, როგორც ხელოვანი“, – ამბობს ბიძინა კვერნაძე. ერთი წელი გავიდა ამ შესანიშნავი ადამიანის გარდაცვალებიდან. წავიდა, მაგრამ დაგვიტოვა ულამაზესი მელოდიები, მარტო მისი „ვარდები“ რად ღირს. მართლაც, რომ წარმოუდგენელია ფილმი „დათა თუთაშხია“ ამ გენიალური ნაწარმოების გარეშე. რაც მეტს უსმენ, მით უფრო მეტად გინდება მისი მოსმენა. გადაშალეთ მისი დღიურის ფურცლები და დატკბით მისი მონაყოლით, ისევე, როგორც მუსიკით.
ჩამწარებული ბავშვობა
„განუმეორებელია ჩემთვის, ისევე, როგორც ყველასთვის, ბავშვობის შთაბეჭდილებები. ისინი შემდგომში ყალიბდება, როგორც პიროვნების საფუძველი და, რაც მთავარია, ყოველთვის არაჩვეულებრივად გულწრფელია. ბავშვობის წლებს შემდგომშიც დიდი ძალა აქვს, ისეთ დროს ამოგიდგება მხარში, თვითონაც რომ არ მოელი. დავიბადე სიღნაღში 1928 წელს. ძალიან მიყვარს მისი სილამაზე, ხალხის სითბო. მაშინდელი სიღნაღის ინტელიგენციას არაფერი ჰქონდა საერთო სიტყვა „პროვინციასთან“. ზნეობით, ჯიშით და გარეგნობით გამორჩეული ხალხი იყო. რაც შეეხება მასწავლებლებს, მათდამი მადლიერების გრძნობა სიცოცხლის ბოლომდე დამრჩება, მაგრამ სიმართლე გითხრათ, უკან მოხედვისას, მაინც მწარედ მახსენდება ჩემი ბავშვობა, რაც ძვირფასი დედის გარდაცვალებამ გამოიწვია. მას შევუსრულე ის, რომ კომპოზიტორი გავხდი – მნიშვნელობა არ აქვს, როგორი. მამა – ალექსანდრე კვერნაძე წარმოშობით, იმერელი, მაღლაკიდან გახლდათ. ზრდილი, უსპეტაკესი კაცი იყო. უმაღლესი განათლება ხარკოვში ჰქონდა მიღებული. ახალგაზრდობიდან ღრმა მოხუცებულობამდე აფთიაქის გამგედ მუშაობდა. დედა რომ არ მყავდა, მამა, თურმე, ჩემს სამხედრო კარიერაზე ოცნებობდა. დედა – ნინო ალექსანდრეს ასული ნადირაშვილი, კარგი, შეძლებული ოჯახის შვილი გახლდათ. ბაბუა მეცენატი იყო. 1924 წელს, როგორც მენშევიკს, მთელი ოჯახი დაუხვრიტეს. დედა მუსიკის მასწავლებელი იყო. თბილისში ზაქარია ფალიაშვილთან მეცადინეობდა, შემდეგ სწავლა გერმანიაში გააგრძელა. დედა 35 წლისა გარდაიცვალა, როცა მე ხუთი წლის ვიყავი, რამაც დიდი დაღი დაასვა ჩვენს ოჯახს. ადამიანი დედას რომ დაკარგავს, იმას რა მოჰყვება, თქვენ თვითონაც იცით. დედას თურმე სურდა, მუსიკოსი გავმხდარიყავი, მაგრამ მისი გარდაცვალების შემდეგ ჩემს მუსიკალურ განათლებაზე საუბარი აღარ ყოფილა. ხშირად ვფიქრობ, როგორი კარგი ფოტოებია ჩვენი ბაბუების, ბებიების, ნუთუ ასეთი ლამაზები იყვნენ. ფოტოგრაფია იყო ასეთი თუ – რა დახვეწილი, ნაკვეთი სახეები ჰქონდათ, მშვიდი, თითქოს უპრობლემო გამოხედვა. ჩვენი წინაპრების მაგალითით ვიცი, როგორი მეცენატები იყვნენ, ეხმარებოდნენ მომღერლებს, იტალიაში უგზავნიდნენ სტიპენდიას, გერმანიაში ასწავლიდნენ შვილებს, ენები იცოდნენ.“
(ბატონი ბიძინას მეუღლე ნესტან (ნუგეშა) მესხი, კონსერვატორიის საფორტეპიანო კათედრის პროფესორია. ჰყავთ ორი შვილი და სამი შვილიშვილი. ვაჟი – გოგი და მისი მეუღლე მაკა კიტოვანი – თენგიზ კიტოვანის ქალიშვილი, მხატვრები არიან. ქალიშვილი, თამარი ფილოლოგია, სიძე – გაგა კიკნაძე კი – არქიტექტორი. (ავტორი).
კონტრაბასი და ქალბატონი ტერეზა
„1945 წელს, ომის დამთავრების შემდეგ, მეორე კლასში ვიყავი, როდესაც სიღნაღში ჩამოვიდნენ ცნობილი მუსიკოსები მუსიკალური სმენით დაჯილდოებული ახალგაზრდების შესარჩევად. მიზანი იყო სასულე ინსტრუმენტებზე შემსრულებელი კადრების მომზადება. გამოცდა ელემენტარული იყო – რაღაც რიტმს დააკაკუნებდნენ და ვინც სწორად გაიმეორებდა, ჩაირიცხებოდა. მოხდა ისე, რომ მე რაღაც შემეშალა და ჩემმა მეგობარმა, შესანიშნავმა პიროვნებამ, შემდგომში შინაგან საქმეთა სამსახურის გენერალმა, ოთარ ხატიაშვილმა მაჯობა. ამიტომ, ის მიიღეს და მე გარეთ დავრჩი. ამ დროს წვევამდელები ჯარში მიჰყავდათ და აწ გარდაცვლილმა ჩემმა დამ – ლეილამ, ყველა ღონე იხმარა ჩემს გადასარჩენად. შეაწრიალა ხელოვნების სამმართველო – ჩემი ძმაა და უნდა ჩარიცხოთო. შენ ვინღა ხარო, – ჰკითხეს. მე ამისი და ვარო, – ასეთი იყო მისი არგუმენტი. როგორც იქნა, ჩამრიცხეს ინტერნატის „ხანდაზმული ბავშვების“ (ასე ერქვა) განყოფილებაზე, რომელსაც „ბრონი“ ჰქონდა. როდესაც საქმე მიდგა მუსიკალური საკრავების განაწილებაზე, ბავშვებმა (ლაპარაკია 16-17 წლის „ყაჩაღებზე“) დაიტაცეს ლამაზი, პრიალა ინსტრუმენტები, დარჩა მხოლოდ კონტრაბასი, რომელიც მე მერგო. ახალდამთავრებული ომის შემდეგ შიმშილი იყო და კიდევ კარგი, ამ აყუდებულ კონტრაბასზე ჩამოვეკიდებოდი ხოლმე სულის მოსათქმელად. პირველ წელს საერთოდ ვერაფერი გავიგე – ერთდროულად ნოტები, ფორტეპიანო, კონტრაბასი. უკვე თავის დანებებას ვაპირებდი, როდესაც გამოჩნდა ქალბატონი, ვინც ჩემს ბიოგრაფიაში გადამწყვეტი როლი შეასრულა. ეს იყო ტერეზა არონიშიძე. მას ისეთი მაგნიტური ძალა ჰქონდა, ისე მიღვივებდა ინტერესს, რომ ერთ წელიწადში საბავშვო პიესებიდან პირდაპირ შოპენის ეტიუდების დაკვრა დავიწყე. მუშაობისგან ხელები მტკიოდა, პარალელურად, კომპოზიციას ვსწავლობდი ალექსანდრე შავერზაშვილთან და ანდრია ბალანჩივაძესთან. თეორიის კურსს ვეუფლებოდი შალვა ასლანიშვილის ხელმძღვანელობით. (1948 წელს ბიძინა კვერნაძე ფრიადოსნის ნიშნით ჩაირიცხა კონსერვატორიის თეორიულ-საკომპოზიციო ფაკულტეტის პირველ კურსზე. – ავტორი). სტუდენტობა გავატარე ბიძასთან, დედის ძმასთან, ლიტერატორ გიორგი ნადირაშვილთან ახლო ურთიერთობაში. იგი არაჩვეულებრივად განსწავლული, მოაზროვნე, ნამდვილი ინტელიგენტი გახლდათ. მისი მეუღლე, პიანისტი გულნარა ქავთარაძე ჩემი ნაწარმოებების პირველი შემსრულებელი იყო.
ორი ლაწირაკი
„ჩემი შემოქმედების პირველ პერიოდში საკმაოდ დიდი ადგილი ეკავა ხალხურ მუსიკას. ეს განაპირობა იმ გარემოებამაც, რაც სწორედ 1948 წლის დადგენილებას მოჰყვა. ამ კარჩარაზულ ქვეყანას განაგებდნენ პარტიული მუშაკები, რომელთა მოწონება-არმოწონებაზე იყო დამოკიდებული ამა თუ იმ ხელოვანების ბედი. იმათი ყურისთვის ხალხური მასალა შეჩვეული და უსაფრთხო იყო. ვისაც სერიოზულად აქვს გადაწყვეტილი, რომ კომპოზიტორი გახდეს, უნდა იცოდეს, რომ ფოლკლორის ღრმა შესწავლის გარეშე, შეუძლებელია რაიმეს მიღწევა. არ ვიცი, ვისაც როგორ უნდა, ისე გაიგოს, მაგრამ მე უნდა გითხრათ, რომ დიდი, მაღალი კლასის მუსიკას მართლაც ვერაფერი შეედრება. აქ არ არის არაფერი ხილული, შესახები. იგი ადამიანის გულიდან და გონებიდან ამოხეთქილი საოცარი წარმოსახვაა. რომელი კომპოზიტორი მიყვარს? ეს კითხვა ჰორიზონტივითაა, რაც მეტს ჩამოთვლი, უფრო მეტი გახსენდება. მე იმდენი კომპოზიტორი მიყვარს, შოსტაკოვიჩის სიტყვებით რომ ვთქვათ: „ბახიდან – ოფენბახამდე“, რომ უბრალოდ, უხერხულია მათი ჩამოთვლა. არაჩვეულებრივი კოლეგები მყავდა, ნიჭით, პროფესიონალიზმითა და ადამიანობითაც გამორჩეული. დღეს აღარ არიან. საშინელი შეგრძნებაა. ის ხალხი ისეთ ცხოვრებას ეწეოდა, რომ არ აინტერესებდათ საკუთარი თავის წარმოჩენა. ძალიან კარგი წრე გვქონდა. კარგი ახალგაზრდები ვიკრიბებოდით. ხშირად ეს პეტრე გრუზინსკის სახლში ხდებოდა, ყოფილ ლენინის ქუჩაზე. ვქეიფობდით კიდეც, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ იყო ღრეობა. ერთი ხანობა პეტრესთან სულხან ცინცაძე ცხოვრობდა. ერთ ოთახში რომ მოვილხენდით, მერე მეორე ოთახში გავიდოდა და მუშაობდა. იმის თქმა მინდა, რომ ლხინი იყო თუ ნადირობა, არასოდეს ყოფილა საქმისგან მოწყვეტის, უსაქმურობის მიზეზი. დავდიოდით სათევზაოდ. ჩვენი გატაცება თითქმის ყველამ გაიგო თბილისში. ერთხელ ირაკლი აბაშიძე მეხუმრა. რუსთაველზე ვსაუბრობდით მე, რეზო ლაღიძე და პიერ კობახიძე. ირაკლი აბაშიძე მოვიდა. რეზომ ხუმრობით თქვა: მამაჩემიც რომ შემხვდეს ტყეში, იმასაც ვესვრიო. ირაკლიმ მითხრა: კაცო, შენ მოერიდე ამ ხალხს, თორემ ნამდვილად გესვრიან, ისეთი გვარი გაქვსო! ხშირად იყო ჩვენთან ძია ვასო გოძიაშვილი. ჩვენთან მეგობრობდა, ასევე, ვანო მურადელი, რომელიც მოსკოვში ცხოვრობდა. თბილისში ჩამოსვლისთანავე შეგვეხმიანებოდა მე და გია ყანჩელს, ლექსებსაც წერდა და გვიკითხავდა ხოლმე. ნიჭიერთა ათწლედს რომ ვამთავრებდი, რომანსი დავწერე ვაჟას ლექსზე. სხვათა შორის, ზურაბ ანჯაფარიძე დამინახავდა თუ არა, ამ რომანსს მიმღეროდა. ვეხვეწებოდი, დაივიწყე-მეთქი. ეს რომანსი, როგორც ყველა სტუდენტმა თავისი ნამუშევარი, წარვუდგინე მაშინდელ მუსიკალურ ელიტას, პროფესორებს. მისი შესრულება ვთხოვე, მაშინ ყველასთვის ჯერ უცნობ, ზურაბ ანჯაფარიძეს, რომელსაც ვიცნობდი და „ქუჩიდან“ მიყვარდა. ყველა აღფრთოვანებული დარჩა ზურიკოთი, მე ვიღას გავახსენდი. იმ დღიდან დაიწყო მისი კარიერა. შემდეგ, მე და ზურიკო წლების განმავლობაში ერთად ვიყავით. მახსოვს, დიმიტრი კაბალევსკიმ მე და ჩემი მეგობარი, სულხან ნასიძე, ივანოვის დასასვენებელ კომპლექსში მიგვიწვია და 1905 წლის რევოლუციის თემაზე კანტატა დაგვიკვეთა. თავგამოდებით ვიმუშავეთ, მერე მოსკოვში ჩავედით, რომ ნაწარმოები მოესმინათ და ჰონორარიც გადაეხადათ. არ გაინტერესებთ, რა ხალხი უსმენდა ორი ლაწირაკის შემოქმედებას? შოსტაკოვიჩი, კაბალევსკი, ხაჩატურიანი, ხრენიკოვი, შებალინი... ბატონი არამ ხაჩატურიანი თბილისში ხშირად ჩამოდიოდა. მეგზურობას მე და გია ყანჩელი ვუწევდით. მერე ჯანსუღ კახიძე გავიცანით. ხაჩატურიანის „გაიანე“ ჯანომ ჩაწერა. სულ კითხულობდა, რაზე ვმუშაობდი, რას ვაკეთებდი. მსიამოვნებს, როდესაც ცნობილი მხატვრის, თენგიზ მირზაშვილის ნამუშევრებს დავხედავ ხოლმე, სადაც ჩემთან, გიასთან და ჯანოსთან ერთად, ბატონი არამიცაა, რომელიც პარაშუტით მოფრინავს ზემოდან“.
თევზაობა უთევზოდ
„ერთხელ, მდინარე მაშავერაზე რეზო ლაღიძეს „ასისტენტობას“ ვუწევდი. ის ბადეს მარჯვედ ისროდა, მე კი კალათი მეჭირა, რომელშიც დაჭერილ თევზებს ვყრიდი. ეს პროცესი რამდენიმე საათს გაგრძელდა. დანარჩენი ჩვენი მეგობრები ცეცხლს ანთებდნენ და „ნადავლის“ მოსახარშად ემზადებოდნენ. რეზო მდინარის მეორე მხარეს გადავიდა და დამიძახა, შენც გადმოდიო. მე თევზით გავსებული კალათით შუა მდინარემდე რომ მივედი, კოჭში უშველებელი ქვა მომხვდა, სიმწრისგან წავიჩოქე, თავის გადარჩენის მიზნით, კალათი მდინარეში ამოვავლე და რეზოს გავხედე. ერთხანს გაოგნებული მიყურებდა. დაინახა, რომ ცარიელი კალათით შუა მდინარეში ვიდექი, სანაპიროზე კი წყალი დუღდა. მადაზე მოსული ძმაკაცები თევზის მოსახარშად ემზადებოდნენ. წარმოიდგინეთ, რა დღე დამადგებოდა. რეზო მიხვდა, რომ ძალიან შევწუხდი. მთელი დღის ნაშრომი წყალში ჩავუყარე. მერე მითხრა: მაშინ, ეს ჭურჭელი მდინარის წყლით გაავსე, ნამდვილი ჩაი მაშავერას ან ზრამის წყლით დუღდებაო. გადავწყვიტე, ეს დავალება მაინც პირნათლად შემესრულებინა და გულმოდგინედ ავავსე ჭურჭელი. თბილისში რომ ჩამოვედით და ჩაის ასადუღებლად მოვემზადეთ, იქიდან ორი ბაყაყი ამოხტა. ასეთი კურიოზული შემთხვევა ბევრჯერ მქონია ჩემს საყვარელ რეზოსთან“.
სიყრმის მეგობრები
„ყველანაირი რანგის მეგობარი მყავს, არაჩვეულებრივი ადამიანები. ხანდახან სიცოცხლეს მარტო იმიტომ ვნატრობ, რომ ამდენი კარგი ადამიანია და არ ვიცნობ. ხალხთან ურთიერთობა გამდიდრებს. ღმერთმა აცხონოს რეზო ლაღიძე. სად არ დავდიოდით, რას არ გადავაწყდებოდით სოფელში, ტყეში, ღრეში. ეს უსაქმურობა კი არა, სიცოცხლე იყო. მარტო ინსტრუმენტთან ვერაფერს გამოკენკავ, ცხოვრებიდან მოდის ყველაფერი. გამოკეტილი და გამომწყვდეული ვერ იქნები. ქუჩაში ხეტიალი მიყვარს, დილით რომ ავდგები, აუცილებლად ქუჩებში უნდა ვიხეტიალო. მიყვარს შეხვედრები გლეხებთან, აკადემიკოსებთან... არ შემიძლია ადამიანებთან კონტაქტის გარეშე. მე ჩემი თაობის ერთგული კაცი ვარ! მიყვარდა და მიყვარს ჩემი მეგობრები, მათი ნიჭიერება და მუსიკა. ასეთივე იყო ჩემთვის ჯანო ბაგრატიონი. რამდენი მეგობარი დავკარგე და ასე არ უმოქმედია. როცა ვმუშაობ, გამახსენდება ჯანო და გიჟივით წამოვვარდები, ვერ ვეგუები მის არყოფნას. სულ მგონია, რომ წასულია და უნდა ჩამოვიდეს, დარეკოს, გამოჩნდეს. საშინელი შეგრძნებაა, როცა შენ გარშემო ნელ-ნელა ვიწროვდება საყვარელი ადამიანების წრე“.
მუსიკა თეატრისა და კინოსთვის
„თეატრი ყოველთვის მიყვარდა. თეატრი ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი იყო და ახლაც არის. კარგად მახსოვს, ჩემი პირველი თეატრალური ნამუშევარი და არც არასდროს დამავიწყდება. კონსერვატორიის დამთავრებისთანავე მიხეილ თუმანიშვილმა მიმიწვია რუსთაველის თეატრში და შემომთავაზა სპექტაკლის, „ამბავი სიყვარულისა“ მუსიკალური გაფორმება. ძალიან მოვინდომე, დიდი სიამოვნებით ვმუშაობდი. ამ ნამუშევარმა ბევრი რამ მომცა. როდესაც საკუთარი ყურით მოისმენ, რას აკეთებ, როგორ ჟღერს ყოველივე ორკესტრში, მერე შენსასაც მიაგნებ. მქონდა ბედნიერება, მემუშავა მიხეილ თუმანიშვილთან, გიგა ლორთქიფანიძესთან, რობერტ სტურუასთან, თენგიზ აბულაძესთან, რეზო ესაძესთან, ბუბა ხოტივართან, ნიკოლოზ სანიშვილთან და სხვებთან. თეატრსა და კინოში მუსიკა განუყოფელი უნდა იყოს მთლიანი დრამატურგიისგან. ადრე, თუკი სცენარში რაღაც არ ვარგოდა, მას კვეცდნენ, ამდენად, მუსიკაც იკვეცებოდა. სიამოვნებით ვიმუშავებდი ისეთ ჟანრში, როგორიც კომედიაა“.

მასალის მოსამზადებლად გამოყენებულია ეთერ წეროძის წიგნი „ბიძინა კვერნაძე“

скачать dle 11.3