კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვინ დატოვა ქვრივად თამუნა ნიკოლაძემ და ვისთან ერთად მიდის კანარის კუნძულებზე ბექა ელბაქიძე

ბექა ელბაქიძის გადაცემა, მისი აზრი თანამედროვე ქართული კინოსა და თეატრის შესახებ, ამ სფეროში მოღვაწეებისა და უბრალოდ, მოყვარულებისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია. გამონაკლისი არც თამუნა ნიკოლაძეა, რომლის კარიერასაც ბექა პირველი რიგებიდან ადევნებს თვალყურს. მათი ინტერვიუც ძირითადად ამ თემის გარშემო ტრიალებდა.

ინტერვიუ 1. ჟურნალისტია ბექა ელბაქიძე
– ბექა, მოდი, დღეს ჩემი კრიტიკა იყოს. მაინტერესებს რას ფიქრობ ჩემზე?
– ახლა მარტო იმას ვფიქრობ, როგორ ხარ? რამდენი ხანია, არ მინახავხარ, სად დაიკარგა ჩვენი მეგობრობა?
– უბრალოდ, საშინლად მოუცლელი ვარ, იცი შენ ეს. ჩვენი მეგობრობა კი სულ ძალაშია.
– პირველად სცენაზე გნახე სოსო ნემსაძის სპექტაკლში „ჰერტრუდა”. სწორედ აქედან დაიწყო ჩვენი მეგობრობაც. მაგრამ მანამდე მინდა, გაიხსენო შენი პირველი ნაბიჯები სცენაზე. შენ ხომ ძალიან დიდ მსახიობებთან ერთად მოგიწია თამაში.
– თეატრთან ურთიერთობა ჩემი ბავშვობაა. გონზე არ ვიყავი მოსული – დედა, მამა და ბებია-ბაბუა მქონდა, ალბათ, სულ ნათქვამი, როცა ჩემდა უნებურად, აღმოვჩნდი სცენაზე, ბაღიდან – მარჯანიშვილის თეატრში. სამი წლის ვხდებოდი იმ ზაფხულს. მარჯანიშვილის თეატრში მედეა კუჭუხიძე დგამდა სპექტაკლს, მოჩი კამაცუს „შეყვარებულთა თვითმკვლელობა ციურ ბადეთა კუნძულზე”. ორი ბავშვი სჭირდებოდათ და მე და ბატონ თემურ ჩხეიძის შვილი აგვიყვანეს. შერჩევითი ტურები იყო, მსახიობების, რეჟისორების შვილები იყვნენ...
– თემურ ჩხეიძე ახსენე და სწორედ მან მოგცა ბოლო სპექტაკლზე ძალიან საინტერესო შეფასება – მე ვამაყობ, რომ...
– რამდენიმე კვირის წინ ვითამაშეთ იბსენის „თოჯინების სახლი”. ვანო ხუციშვილმა დადგა და სპექტაკლს ესწრებოდა ბატონი თემური. ჩემს ასეთ სერიოზულ და საპასუხისმგებლო სპექტაკლს ბატონი თემური რომ ესწრებოდა, ჩემთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. როგორც ვიცი, მისი შეფასება საკმაოდ კარგი იყო. უთქვამს, რომ საქართველოში არიან ადამიანები, რომლებიც აგრძელებენ ქართული თეატრის კარგ საწყისებსო.
– ალ პაჩინოს ინტერვიუ წავიკითხე, სადაც ის ნაწყენი იყო, რომ „ვენეციელი ვაჭარი” მხოლოდ კინოთი იცის მაყურებელმა და თეატრში ის ნანახი არ აქვსო. ბევრი ადამიანი თამუნა ნიკოლაძეს მხოლოდ სერიალიდან იცნობს. მესმის, რომ კინო ხელოვნების ის სფეროა, რომლის ნახვის საშუალებაც გაცილებით დიდი მასშტაბითაა შესაძლებელი და თან, რჩება. თუმცა, თეატრში გაცილებით მეტი ოფლი შეიძლება, დაღვარო. ალ პაჩინოსი არ იყოს, ჩემთვისაც გულდასაწყვეტია ეს, შენთან მიმართებაში – არ იციან ისეთი სპექტაკლი, როგორიც, მაგალითად, „ივანოვია”.
– დიდი მადლობა, ბექა. მახსოვს „ივანოვზე” რამხელა თაიგული მომართვი. ეს ჟესტი შვიდი წლის შემდეგაც ძალიან სასიამოვნოდ მახსოვს. რაც შეეხება, გულისწყვეტას, რა თქმა უნდა, არსებობს, რადგან ამ პატარა, ჯადოსნური ყუთის მაგიას ვერსად გავურბივართ. მისი დახმარებით მსოფლიო გნახავს. თუშეთში რომ მწყემსია, რომელსაც პატარა ტელევიზორი აქვს და შაბათ-კვირას „შუა ქალაქით” ერთობა, ის ვერ ჩამოვა „თავისუფალ თეატრში”. ის მიცნობს, როგორც ქეთევან ღლონტს და ამაში პრობლემას ვერ ვხედავ. მაგრამ, თუკი ვინმე აქ, თბილისში, იმ ტელევიზორის ჩართვა-გამორთვის შემდეგ, მოინდომებს და თეატრში მოვა, თუნდაც შემოიპაროს და ნახოს, იქ რა ხდება, ეს ძალიან სასიამოვნო იქნება. მე მაგალითად, ძალიან ბევრჯერ შევპარულვარ თეატრში, არ მქონია ბილეთის თხუთმეტი ლარი, მაგრამ სპექტაკლი მინახავს. როცა ამის სურვილი არ გიჩნდება, ეს უკვე პრობლემაა. მხოლოდ სერიალით არ ვცხოვრობ, ხუთშაბათიდან კვირამდე სპექტაკლები მაქვს, თან ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებულ ქალებს ვასახიერებ.
– თეატრსა და კინოში სიარულის კულტურა ევროპაში და ზოგადად მთელ მსოფლიოში დარჩა. ორივეს თავისი ადგილი აქვს, რასაც ვერ ვიტყვი ჩვენზე. ამას მაინც რეჟისორებს ვაბრალებ, რომლებსაც იდეების ნაკლებობა აქვთ და ვერ აკეთებენ იმას, რაც მაყურებელს დააინტერესებს. მაგრამ, ეს ცალკე თემაა. მინდა როლებზე გკითხო. თუნდაც ორი მათგანი რომ გავიხსენოთ: ანა პეტროვნა „ივანოვიდან” და ნორა „თოჯინების სახლიდან”, ორივე საკმაოდ საინტერესო, ფსიქოლოგიური როლია. კარგად გრძნობ ამ როლებში თავს? სტანისლავსკი წერდა, რომ ყველაზე კარგად მსახიობის ოსტატობა სწორედ ფსიქოლოგიურ დრამაში ჩნდებაო.
– ფსიქოლოგიურ დრამას თუ მსახიობი ორჯერ მაინც ითამაშებს, ყველაფერი ჩანს – ფლობს თუ არა კარგად მსახიობის ოსტატობას, რა გრადუსით უნდა გავიდეს სცენაზე, მონაცემთა როგორი მაჩვენებელი აქვს. მიმაჩნია, რომ ეს ჟანრი მსახიობის სულის სარკეა, სადაც ვერანაირად ვერ მოიტყუები. იქ მხოლოდ გულწრფელი და მართალი თვალი მუშაობს. ჟესტიკულაციის ოდნავი გადამეტების უფლება არ გაქვს. ორივე როლი, რომელიც შენ ახსენე...
– ქალები, რომლებიც, ფაქტობრივად, სიგიჟის ზღვარზე არიან.
– კი და თუ მსახიობს არ აქვს გარკვეული ცხოვრებისეული გამოცდილება, ასე მგონია ვერ ითამაშებს. მაინცდამაინც წარსულში ხელების ფათურს არ ვგულისხმობ. იმდენად კარგად უნდა იცნობდე ადამიანს და მის პრობლემებს, რომ ეს შენს თამაშზეც გადმოვიდეს. ნორას თამაშობდე და არ იცნობდე ქალის პრობლემებს საზოგადოებაში, წარმოუდგენელია. როგორც მინიმუმ, ათი ქალის ცხოვრება უნდა გაითავისო, მათ შორის პარალელები გაავლო და შენთვის მისაღები აიღო.
– ქალს ჩავავლე და სწორედ მასზე მინდა გკითხო. თანამედროვე საზოგადოებაში ემანსიპირებული ქალი მოგწონს?
– ამ სპექტაკლიდან თუ ვიმსჯელებთ, ყველაზე ნაკლებად სწორედ ფემინისტური მესიჯები მოდის. პირიქით, მთელი მისი მონდომება ოჯახის შენარჩუნებისკენაა მიმართული. მისი ზეამოცანაა, არ დაანგრიოს ოჯახი. ალბათ, მეც შევძლებდი ცხოვრებას ნორასავით. მაგრამ, ქმრის მორჩილება მონობას უფრო ჰგავს და ამას, ალბათ, ვერ ავიტანდი. არანაირი მორჩილება და მონობა. უნდა იყოს ორი თანასწორი ადამიანი – ნდობით, დამოკიდებულებებით, ურთიერთგაგებითა და სიყვარულით სავსე. პირველ ადგილზე ნდობას ვაყენებ. სადაც უნდობლობა ჩნდება, იქ ყველაფერი დამთავრებულია.
– ემანსიპირებულ ქალებზე შენი აზრი ვერ გავიგე ზუსტად.
– ჩემს გარშემო თუკი ვინმე ქალი არსებობს, დადის, მუშაობს, ცხოვრობს, ყველას პრობლემა ერთი რამ მგონია – ძალიან ბევრს იღებენ საკუთარ თავზე.
– გადაგვარებულ კაცებზე რას იტყვი?
– ეს ცოტა ქალების ბრალიც არის. ქალები ძალიან გავაქტიურდით, მხოლოდ საკუთარი ცხოვრება გვაინტერესებს და მათ აღარ ვაძლევთ აქტიურობის, გვერდში დგომის უფლებას. ჩემ გარშემო ქალების უმრავლესობა იბრძვის, წვალობს, შრომობს ოჯახის გადარჩენისთვის. შვილების სიყვარული ატანინებს ამ ყველაფერს და მეუღლეს იმის უფლებასაც კი არ უტოვებს, მომავალზე მაინც იფიქროს. საფიქრალი ხომ მაინც შეიძლება დაუტოვო?!
– ვიცი, რომ ახლა ფილმზე მუშაობ.
– კი, ამ ზაფხულს ვიმუშავეთ ფილმზე „ისპაჰანი-ბათუმი”, ირანელებისა და ქართველების ერთობლივი ნამუშევარია, რომლის რეჟისორიც ავთო ვარსიმაშვილი გახლავთ. მინდა, ბატონ ავთოს მადლობა ვუთხრა, რადგან ერთ-ერთ მთავარ როლს ვთამაშობ. მე და ერთ ირანელ ბიჭზეა მთელი ფილმი აგებული, ჩვენს სიყვარულზე. ის რეალურად, მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონია კარატეში. ერთმანეთი გვიყვარს და როგორ დამთავრდება სიყვარულის ეს ამბავი, ოქტომბერში გაიგებთ. ჩემი ოცნებაა კარგ, მხატვრულ ფილმში ვითამაშო, სადაც ღრმა, ფსიქოლოგიური როლის შესრულებას შევძლებ. ცოტა ხანს კომედიას შევეშვებოდი, იმიტომ არა, რომ საინტერესოდ არ მიმაჩნია, უბრალოდ, ამ ჟანრმა ჩემი ცხოვრების ძალიან დიდი ნაწილი წაიღო და ახლა მინდა, სხვა რამეს დავუთმო დრო.
– შემაჯამებლად მინდა, ვთქვათ, რა აკლია ქართულ თეატრს?
– ყველა რეჟისორი და მსახიობი გადასულია უგემოვნო, უტაქტო, უიუმორო იუმორზე. ყველა იუმორის ჟანრში მუშაობს, ალბათ, ჰგონიათ ამით მეტ მაყურებელს მიიზიდავენ. მაპატიოს ყველა ხელოვანმა, მაგრამ იქნებ, ისევ კლასიკა დავინახოთ თავიდან. მთავარი სათქმელია, დამანახვე სათქმელი და ყველაფერში გვერდით დაგიდგები.
ინტერვიუ 2. ჟურნალისტია თამუნა ნიკოლაძე
– მართალია, პირდაპირ სცენაზე არა, მაგრამ საკმაოდ დიდი წვლილი გაქვს შეტანილი თანამედროვე თეატრისა და კინოს ცხოვრებაში. შენ მელაპარაკე ახლა მასზე. გააკრიტიკე.
– მთელი წელი მეტს არაფერს ვაკეთებ (იცინიან), მაგრამ ახლა გამოვა ფილმი, სადაც მონაწილეობას ვიღებ და აქეთ გამაკრიტიკონ. თუ მაინც გინდა ამ თემაზე საუბარი, მაშინ ვიტყვი, რომ, სადაც კი მივსულვარ, სათქმელს და ამბავს ვერ ვიგებ. ყოველ პრემიერაზე ახალი იმედებით მივდივარ, მაგრამ ამაოდ. მოფერებებითა და რევერანსებით რომ ვთქვათ – მეპურემ პური უნდა გამოაცხოს. ყველა აკეთებს სხვის საქმეს. პოლიტიკაში, კულტურასა და სოციალურ სფეროში ყველამ თავის საქმე რომ აკეთოს, გაცილებით უკეთესად ვიქნებოდით.
– არ მომწონს, როცა ადამიანებმა თავისი გასაკეთებელი არ იციან და სხვა გზით მიდიან. რა უნდათ მსახიობებს პოლიტიკაში?
– არ ვიცი, რა უნდათ. რაც უფრო მეტი კრიტიკა იქნება ამ სფეროში – თეატრშიც და კინოშიც უკეთესი მდგომარეობა იქნებოდა. დღეს კრიტიკას ლანძღვად იღებენ, არადა ეს ფრანგული სიტყვაა და ნიშნავს განხილვას და არა ლანძღვას. კრიტიკა თავის სიმაღლეზე რომ იდგეს, აღარავინ მისცემს თავს უგემოვნო რამის გაკეთების უფლებას.
– კი, მაგრამ ყველაფერი აკრიტიკო, ესეც საშინელებაა. კარგიც უნდა თქვა.
– დღეს რა პროდუქტიც იდება, ყველაფერი გასაკრიტიკებელია. კინოზე რომ ვისაუბროთ, ჩემს სფეროზე, თითზე ჩამოსათვლელი, სამი-ოთხი ფილმია, რომელიც შედარებით ნორმალურია საერთო ფონზე. მათ გამო, როგორც მაყურებელმა, ვიფიქრე, არ დავქცეულვართ, კიდევ რაღაც გვეშველება-მეთქი. ეს განცდა მქონდა... ფილმებზე: „რენე”, „სამი სახლი”, „ქუჩის დღეები” და ყარაბაღები.
– შენ მას, როგორც მსახიობი, მე კი როგორც პოეტი, ის გაგიცანი. დავდიოდი პოეზიის საღამოებზე, რომელიც შენ ორიგინალურად და საინტერესოდ გქონდა დადგმული. მე და ჩემი მეგობრები ფრიად რომანტიკული განწყობით მოვდიოდით ყოველთვის. აგრძელებ ამ საქმიანობას?
– არა. უკვე დიდი ხანია, ლექსებს აღარ ვწერ. ყველა ადამიანს, ცხოვრების რაღაც ეტაპები აქვს – როცა რაღაცეები მოდის და მერე თავისით მიდის. პოეზიაც ასეთი ეტაპი იყო, გარდამავალი. მერე მივხვდი, რომ არ შეიძლება, ამდენი პოეტი დადიოდეს. თან, არც ვაპირებდი კრებულის გამოცემას ან ამ ყველაფრის გასერიოზულებას. საერთოდ, იმპრესიონისტი ვარ. ფრანგულიდან რომ ვთარგმნოთ ეს სიტყვა, შთაბეჭდილებების ადამიანი ვყოფილვარ. გამომდინარე ჩემი ზოდიაქოს ნიშნიდან, რომლისაც დიდად არ მჯერა, ზუსტად ასეთ პიროვნებად ვისახები. მოკლედ, ასე, წარსულს ჩავაბარე პოეზია. მაგრამ, ახლა ჩემს ცხოვრებაში მნიშვნელოვანი პერიოდი დგას. მართალია, ტელევიზიამ მაინც წამართვა ეს შემოქმედებითობა – ინსტინქტური, იმპულსებზე დამოკიდებული გავხდი, რადგან მაინც სხვა რეჟიმი აქვს. მაინც ვაკეთებ შემოქმედებით რაღაცეებს, სხვანაირად ვერც გავძლებდი. თუმცა, კი წამართვა შემოქმედებისთვის მნიშვნელოვანი დრო.
– კინო ახსენე და იქნებ გვითხრა, რა ფილმზეა საუბარი?
– რუსუდან ჭყონიას ქართულ-ფრანგული ფილმი – „გაიღიმე”. სხვათა შორის, ოთარ იოსელიანმა ის ძალიან კარგად შეაფასა. საფრანგეთში დამონტაჟდა და ბატონმა ოთარმა დაურეკა რეჟისორს კომპლიმენტებით.
– იმედია, პრემიერაზე აღმოვჩნდები და მოგილოცავ ამ წარმატებას.
– რა თქმა უნდა. გარდა ამისა, ვმუშაობ კინოსცენარზე, იბეჭდება ჩემი რომანი, კიდევ ახალ რომანზე ვმუშაობ... მოკლედ, ამ ეტაპზე სულ ეს არის ჩემი საქმე.
– სექტემბრიდან რა სიახლეები გექნებათ, ტელევიზიას ვგულისხმობ.
– ვერაფერს გეტყვი, ჩემო თამარ, გაურკვეველ ნისლში ვარ გახვეული. სეზონის ბოლოს ბურუსში ვეხვევით და სექტემბრიდან რაღაცეები ისევ ნათელი ხდება.
– სამწუხაროდ, მე გიხდი ბოდიშს, მაგრამ თქვენი გადაცემისთვის, გემრიელად არ შემიხედავს. მაგრამ, „იმედზე” შენ იყავი ძალიან მაგარი გადაცემის არაჩვეულებრივი წამყვანი. მახსოვს, ცრემლიც კი მომადგა მისი დახურვის შესახებ რომ გავიგე.
– დღემდე მაქვს ესემესი, რომელიც გადაცემის დახურვასთან დაკავშირებით მომწერე.
– სულ ველოდებოდი ამ გადაცემას. სულ საინტერესო ამბები მოგქონდა ჩვენთვის. რა შეიცვალა შენს ჟურნალისტურ კარიერაში?
– ეს იყო გადაცემა, რომელსაც დიდი რაოდენობით ჰყავდა მაყურებელი. სხვათა შორის, გაგიმხელთ და გეტყვით, რომ ტელე-რადიო ინსტიტუტის გამოკითხვით, 2011 წლის საუკეთესო ჟურნალისტად მაღიარეს. აქამდე აკადემიურ ჩარჩოებში ჩასმული ჟურნალისტი ვიყავი. ერთი წლის განმავლობაში სამი ფორმატის გადაცემაში მოვსინჯე საკუთარი ძალები. ეს იყო შუადღის შოუ – „მზესუმზირა”, მერე – „მზის კინოკლუბი” და ახლა რეალითი შოუში ერთგვარი მასწავლებელიც კი გავხდი. სატელევიზიო დავალებებს ვაძლევ მომავალ წამყვანებსა და ჟურნალისტებს. აკადემიური წამყვანიდან უფრო მკაცრ მასწავლებლად ვიქეცი. მგონი, მაყურებელმაც შეცვალა დამოკიდებულება და მათი აზრი უკვე არაერთგვაროვანია. მათ მიერ შესრულებულ დავალებებს საკმაოდ მკაცრ შეფასებებს ვაძლევ.
– მოდი, დასვენებაზე ვილაპარაკოთ. არ აპირებ სადმე წასვლას?
– არა, თბილისში უნდა მოვკვდე. აქ უნდა ამოვიწვა. გულს გავუხეთქავ მაყურებელს და ვეტყვი, რომ ბოლომდე თბილისში ვრჩები და კალიებთან ერთად აქციას ვაწყობ.
– მთელ ქალაქს კალიების ეშინია, მე – არა. გუშინ უზარმაზარი ბიჭი-კალია მოვკალი. მწვანე ბიჭი იყო, პრინციპში, იმხელა... იატაკზე მივასიკვდილე და როგორც ადამიანი ისე გადავარდა.
– მაინც თეატრალურად მოგიკლავს და დაგიტოვებია მისი გოგო-კალია ქვრივად. არა, თამუნა, აუცილებლად უნდა წავიდე. ყველაფერი ვთქვა?! კანარის კუნძულებზე მივდივარ. ჩემი ესპანელი მეგობრები გვეპატიჟებიან.
– ბოლოს რა ვუსურვოთ ერთმანეთს?
– ჩემი მხრიდან გისურვებ, როგორც მსახიობს, ქართული კინოც და თეატრიც ისეთ დონეზე ავიდეს, შიმშილის გრძნობა აღარ გქონდეთ.
– გისურვებ, ოჯახში, შემოქმედებაში სიხარულს, ხვავს, ბარაქას და ყველაფერ კარგს.

скачать dle 11.3